13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიქრისტიანობასაკვირაო ქადაგება (08.01.2012)

საკვირაო ქადაგება (08.01.2012)

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

ჩვენთან არს ღმერთი!

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს არის დღესასწაული ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა, რომელსაც კრება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა ეწოდება. ე.ი. ყველაფერი, რაც ცნობილია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შესახებ, დღეს ვიხსენიებთ. ღვთისმშობელი დედა ის წმიდათა წმიდა ჭურჭელია, რომელმაც მოსდრიკა ცანი და ამ მოდრეკილი ციდან გადმოვიდა უფლი ჩვენი იესო ქრისტე. დღესვეა დღესასწაული ილია მართლისა, მეფე დავით წინასწარმეტყველისა და იაკობ მოციქულისა. მათი ლოცვა-კურთხევა შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ამინ!

1951 წელი კავკასიის ხალხების რეპრესიათა უკანასკნელი ტალღა იყო. მას შემდეგ გავიდა 60 წელი. 1951 წლის 24 დეკემბრის ღამეს ათასობით ოჯახის კარზე გაისმა საბედისწერო კაკუნი. უშიშროების თანამშრომლები უცერემონიოდ იჭრებოდნენ ბინებში და იწყებდნენ ჩხრეკას. ერთ ღამეში საქართველოდან გაასახლეს 12 000 კაცი, განურჩევლად ასაკისა და სქესისა. საშინელი მოგზაურობა 13 დღე გაგრძელდა. საქონლის გადასაზიდ ვაგონში შეყრილმა ხალხმა არც კი იცოდა, საით მიჰყავდა ბედისწერას. შეიარაღებული პირქუში ჯარისკაცებისათვის კითხვის დასმას აზრი არ ჰქონდა. მათი ერთადერთი მოვალეობა ვაგონის კარების გარედან გადარაზვა და უხეშობა იყო.

შობის დღეს, 7 იანვარს მატარებელი ყაზახეთში, ყიზილყუმის უდაბნოში აღმოჩნდა. ხალხს კი იმ დღიდან მიენიჭა სპეცგადასახლებულის სტატუსი ყოველგვარი უფლებებისა დ მომავლის გარეშე. ყველა ვერ უძლებდა ურთულეს პირობებში არსებობას. ზოგი ჭკუიდან შეიშალა, ზოგი მძიმე სენით დაავადდა. იხოცებოდნენ მოხუცები და ბავშვები. 4 წელი გავიდა ამ საშინელებაში. სტალინის გარდაცვალების შემდეგ შესაძლებელი გახდა მათი სამშობლოში ჩამოსვლა. ხალხი კვლავ უბრუნდებოდა მშობლიურ კერას. ზოგის ცხოვრება სხვა გზით წარიმართა და უცხო მიწაზე გაიდგა ფესვები. სამშობლოში დაბრუნებულნი, მიუხედავად მათი ცხოვრების ურთულესი ხანისა, მადლიერებით იხსენებდნენ ყაზახ ხალხს, რომელთაც დიდი დახმარება გაუწიეს იმ ტრაგიკულ წლებში.

მახსოვს, ეს ტრაგიკული დღეები იმდენად მძიმე იყო, რომ ქართული ოჯახები ეუბნებოდნენ ქისტებს, ჩეჩნებს, რომ იშვილებდნენ მათ შვილებს, რათა გადაერჩინათ გადასახლებისაგან. არა მარტო ქისტები და ჩეჩნები, ქართველებიც ბევრი გადაასახლეს. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ეს ადამიანები. ღმერთი იყოს მათი მფარველი და ღმერთმა ნათელში ამყოფოს ის მართლმადიდებელი ქრისტიანები, რომლებიც გადაასახლეს.

ჩვენთან არს ღმერთი! დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამა ზეციერმა!

მოამზადა ირინა ბეგლარაშვილმა

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები