მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (04.11.2012)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.11.2012 | 1,918 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. ამინ!
ჩვენთან არს ღმერთი!

ფსალმუნებში ჩვენ ვკითხულობთ: “უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.” ხშირად, როცა ერის ძალაზე ვლაპარაკობთ, მხოლოდ ფიზიკურ ძალაზე ვფიქრობთ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მეტად სასიხარულოა, დღეს და წინა კვირასაც ჩვენი ჯარისკაცები რომ ჩვენთან ერთად ლოცულობენ, ისინი ჩვენი სისხლი და ხორცი არიან. ილია მეორე თქვენი აქ ყოფნა კი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენმა ერმა შეიყვარა ჩვენი ჯარი. თქვენ იცით, რომ წარსულში დედები გმირად ზრდიდნენ თავის შვილებს და ეს ტრადიცია უნდა გაგრძელდეს.

რა თქმა უნდა, ფიზიკური ძალა აუცილებელია, მაგრამ ყველაზე ძვირფასი სულიერი ძალაა, რაც ადამიანს საღ გონებას, სიყვარულს, თავმდაბლობას, სახვის უნარსა და განცდას თვისთა ცოდვათას აძლევს. როგორც ამბობს ეფრემ ასური: “მე, უფალო, მომანიჭე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა”.

მინდა ორიოდე სიტყვით გითხრათ, რაშია ჩვენი ძალა. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ერი რჩეულია, ამით აიხსნება ის, რომ საქართველოში იყო ჩამოტანილი კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა და მრავალი სხვა სასწაული მოხდა, მაგრამ ჩვენ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ვისაც მეტს აძლევს უფალი, მისგან მეტსაც ითხოვს, და რას ითხოვს ჩვენგან უფალი? უპირველეს ყოვლისა, ჭეშმარიტ რწმენას, სიყვარულს, იმედს, თავმდაბლობასა და კეთილ საქმეებს, – მხოლოდ ამას თხოულობს უფალი. ადამიანი უნდა ხედავდეს სხვა ადამიანის გაჭირვებას. მადლობა უფალს, რომ ქართველი ხალხი თანდათან ადის ამ სრულყოფის კიბეზე და მე დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი სასუფეველშიც ავა.

ჩვენმა დიდმა წინაპარმა ილია ჭავჭავაძემ, წმიდა ილია მართალმა თქვა: “მამული, ენა, სარწმუნოება.” მან ეს სამი რამ დაასახელა, როგორც უდიდესი სიწმინდე. მე კი განვმარტე: “ღმერთი, სამშობლო და ადამიანი,” რაც გახლავთ უდიდესი საუნჯე, რომელსაც ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ.

პირველი არის ღმერთი, სარწმუნოება. უნდა გვესმოდეს, რომ გზა ღვთისაკენ იოლი არაა. ეს გახლავთ ვიწრო გზა მრავალი განსაცდელით. მაგრამ ადამიანი, რომელიც დაადგება ამ გზას, ბოლომდე უნდა განვლოს. როცა დაეცემა, უნდა მოუწოდოს უფალს და სთხოვოს:

“დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო”.

სარწმუნოება არის უდიდესი ძალა ადამიანისთვის. ყველას თავისი გზა აქვს, რომელმაც რწმენამდე მიიყვანა. მრავალი ადამიანია, რომელიც განსაცდელით, ან მწუხარებით მოვიდა, ზოგისგან ღმერთმა წაიყვანა შვილები, რომლებმაც ღვთის წინაშე აღავლინეს ლოცვა და დედ-მამა ეკლესიაში მიიყვანეს, ზოგი გადავარდა აღმოსავლურ ფილოსოფიაში, ინდუიზმი, ბუდიზმი შეისწავლა, მაგრამ ვერ დაკმაყოფილდა და ამის შემდეგ მოვიდა ეკლესიაში. ასე რომ, ყველას თავისი გზა აქვს, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც აღზრდილნი არიან მორწმუნე ოჯახებში. ურთულესი საკითხია, თუ როგორ მივდივართ ღმერთთან, ან როგორ მოდის უფალი ჩვენთან.

მე არაერთხელ მითქვამს, ეპისტოლეებშიც მიხსენებია: ერთი ადამიანი რჩებოდა ხოლმე წირვის შემდეგ და უყურებდა მაცხოვრის ხატს. მღვდელმა ჰკითხა: რატომ რჩები, ლოცულობო? არაო. ხატის დამწერლობას სწავლობო? არაო. მაშ, რატომ უყურებო? – ის მიყურებს მე, მე მას ვუყურებ და ერთად კარგად ვართო. ე.ი. მაცხოვარი უყურებდა იმ ადამიანს, ის ადამიანი უყურებდა მაცხოვარს და ორივენი ერთად კარგად იყვნენ. აი, ასეთი გზით დაამყარა კავშირი იმ ადამიანმა ღმერთთან.

ყველაფერში არის კვალი უფლისა. მაგალითად, ავიღოთ ხე, ან ნებისმიერი მცენარე. როგორი ფაქიზი და საიდუმლოებით მოცულია. თქვენ ვერ ნახავთ ორ ერთნაირ ფოთოლს ხეზე, უფალი ყველაფერს შლის მხოლობით რიცხვში.

მეორე არის სამშობლო – უდიდესი საუნჯე, უდიდესი ძალა. ვინც მოწყვეტილია სამშობლოს, ის სუსტია, ეცემა, ხილული და უხილავი მტერი თრგუნავს მას.

ამიტომ ჩვენ უნდა გავიგოთ, რამდენად ძვირფასია ჩვენთვის სამშობლო. ეს ჩვენი წინაპრებია, ჩვენი ფესვები. როგორც მცენარე საზრდოობს ფესვებისაგან, ისე ჩვენ – წინაპრებისაგან. არსებობს სულთა კავშირი, მაგალითად: გარდაგეცვალა ვინმე ახლობელი. ის ხშირადაა შენთან, გეხმარება და ლოცულობს შენთვის, მაგრამ შენც უნდა ილოცო იმისთვის.
ასე რომ, სამშობლო დიდი საიდუმლოებითაა მოცული და ჩვენ უნდა გვესმოდეს ეს.

მესამე არის ადამიანი – უდიდესი საუნჯე. იგი ერთხელ მოდის დედამიწაზე და მან უნდა მიაღწიოს მსგავსებას ღვთისას. ადამიანი უნდა იყოს მკვიდრი სასუფევლისა.

და რა უნდა აკეთოს ადამიანმა დედამიწაზე, რომ გახდეს მკვიდრი სასუფევლისა? უპირველეს ყოვლისა, – რწმენა და კეთილი საქმენი. ერთი წმიდა მამა ანტონი დიდი ეკითხება უფალს: უფალო, რა ვაკეთო? და მოესმა ხმა: “ილოცე და იშრომე,” – ეს არის ადამიანის დანიშნულება. ყოველ ადამიანს ხელის გულზე უნდა ვატარებდეთ და ერთმანეთის სიმძიმე უნდა ვიტვირთოთ, როგორც ამბობს პავლე მოციქული. და ასე აღვასრულოთ სჯული ქრისტესი.

ასე რომ, დაიმახსოვრეთ, ადამიანისთვის უდიდესი საუნჯეა “ღმერთი, სამშობლო და ადამიანი.” სწორედ ამოტომ, გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, ძალიან ღრმად ჩასწვდით ამ საკითხს. ეს უნდა დაწეროთ რვეულში და ის რვეულები გადმომცეთ მე. დავავალებთ სასულიერო პირებს და რომელიც კარგი იქნება, წაიკითხავენ ტელევიზიითა და რადიოთი.
გილოცავთ ყაზანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს. ეს უდიდესი სასწაულთმოქმედი ხატი გახლავთ. მისი მფარველობა არ მოგაკლოთ უფალმა თქვენ და საქართველოს. დალოცვილი და გახარებული იყავით. ჩვენთან არს ღმერთი!

ქადაგების ბოლოს პატრიარქმა ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და დეკანოზის ხარისხში აიყვანა მღვდელი გიორგი გაფრინდაშვილი. დალოცა გვარები.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი