წინასწარმეტყველ სამუელის ხსენება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.
ჩვენთან არს ღმერთი.
დიდხარ შენ უფალი და საკვირველ არიან საქმენი შენი.
კურთხევას დიდი ძალა აქვს, კურთხევით დიდი ღვთის მადლი გადმოდის ადამიანზე და პიროვნება იცვლება თავისი სულით, გონებით, გულით… ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა არის, რატომ არის და როგორ უნდა შევხვდეთ კურთხევას.
ზოგიერთ ჰგონია, რომ როდესაც მოძღვარი აკურთხებს და მას ხელზე ემთხვევა, ეს მოძღვრის პატივისცემაა, სინამდვილეში კი ეს არის ღვთის დიდი მადლის გადმოსვლა. თუ რწმენით და თავმდაბლობით იღებთ ლოცვა-კურთხევას, მას მოაქვს საოცარი შედეგი. ხანდახან ვფიქრობთ, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, ვინც აკურთხებს ან ვისაც აკურთხებენ. სინამდივლეში ეს არის წყალობა ღვთისა, ღვთის სიყვარულის გადმოფრქვევა. რა თქმა უნდა, იმასაც მნიშვნელობა აქვს ადამიანზე ეს მადლი ვისი საშუალებით გადმოეფრქვევა.
დღეს არის ხსნება წმიდისა წინასწარმეტყველისა სამუელისა. ის გახლდათ ისრაელის წინასწარმეტყველი, თანამედროვე მეფისა საულისა და დავითისა. სამუელს ღვთისაგან ჰქონდა დავალებული, რომ ეკურთხა საული – ისრაელის პირველი მეფე და ასევე ის იყო მაკურთხებელი დავით წინასწარმეტყველისა, საულის შემდეგ.
ამას ვამბობ იმიტომ, რომ ყველამ ვთხოვოთ წმიდა სამუელს, სთხოვოს უფალს, რათა გარდამოვიდეს ჩვენზედა მადლი და ძალა სულისა წმიდისა. თუ გულით ვითხოვთ ამას და ღია გვექნება გულის კარი, უფალი შემოვა და მადლი დაისადგურებს ჩვენს გულებში.
ღმერთმა გაკურთხოთ და მოგცეთ მადლი სულისა წმიდისა.
მინდა გთხოვოთ ყველას, თქვენს სახლებში აუცილებლდ იქონიეთ ნაკურთხი წყალი და დილა-საღამოს ასხურეთ თქვენი თავი, შვილები, მთელი სახლი, ეზოც. წინათ იყო ასეთი წესი, რომ ყოველ თვე ეკურთხებოდა სახლი და იქ მცხოვრები ადამიანები. ახლა იშვიათად ვაკეთებთ ამას, მაგრამ თუ ყოველ თვე ეკურთხება სახლი, ძალიან კარგი იქნება.
დღეს ვაკურთხებთ შემდეგ გვარებს: ნიკოლაიშვილები, ლელაშვილები, ზაზაშვილები, ჭეიშვილები, ყველაშვილები, ოგბაიძეები…
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, გაგამრავლოთ და ღმერთმა მოგცეთ მადლი სულისა წმიდისა, უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ!
დღეს საღამოს 7 საათზე ახალგაზრდულ ცენტრში შეხვედრა გვექნება, იქ განვიხილავთ ტერენტი გრანელის ნაწარმოებებს. ტერენტი გრანელი მრავალტანჯული პოეტია, დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ მას და მისი ლოცვა შეგვეწევა ჩვენ.
ჩვენთან არს ღმერთი!
თეონა ნოზაძე
