25 ივლისი 2024, ხუთშაბათი
მთავარიქრისტიანობასაკვირაო ქადაგება (01.05.2011)

საკვირაო ქადაგება (01.05.2011)

კვირაცხოვლობა

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. ჩვენთან არს ღმერთი!

ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!

სამრეკლოდღეს კვირაა, კვირაცხოვლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს დღე თითქმის თანასწორია აღდგომისა. ბერძნულად „ანთიბასხა” ეწოდება, ე.ი. პასექის მსგავსი, ისეთივე, როგორიც არის აღდგომა. დღეს უნდა ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ რა არის კვირაცხოვლობა. კვირაცხოვლობა გაცოცხლება, განახლებაა. ადამიანი თავისი ცხოვრების მანძილზე ყოველთვის განიცდის ამ განახლებას. ასე რომ არ იყოს, მას გაუჭირდებოდა მიწიერი ცხოვრება. უფალი ამით უადვილებს ადამიანს, ცხოვრება განვლოს და გახდეს სასუფეველის მკვიდრი.ყოველთვის ხდება პიროვნების განახლება, როცა აღსარებას აბარებს მოძღვარს. ლოცვაში წერია :“აჰა, უფალი ჩვენი, იესო ქრისტე უხილავად დგას და ისმენს შენს სიტყვებს“, ე.ი. ხდება შეხვედრა უფალთან. ადამიანი როდესაც ღებულობს წმიდა ზიარებას, სახლში ლოცულობს, ესაც განახლებაა, შეხვედრაა უფალთან. მაცხოვარმა ბრძანა ამაღლების წინ: აჰა ესე რა, მე თქვენ თანა ვარ, ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, სადაც ორნი ან სამნი ჩემი სახელით არიან, მე მათ შორის ვარო. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ დღესაც, ამჟამად, ამ წუთს, ჩვენთანაა და თაყვანს ვცემთ მას. განახლებისათვის საჭიროა მხოლოდ რწმენა ჭეშმარიტი, მართლმადიდებლური,სიყვარული და სასოება. ეს სამი სათნოება თუ გვექნება, ჩვენ გავხდებით მკვიდრნი სასუფევლისა. აი, ეს განახლება და უფალთან შეხვედრა იქნება უფრო ხშირი, უფრო ძლიერი.

დღეს არის ხსენება წმიდისა მოციქულისა თომასი. ძალიან ხშირად ამბობენ, რომ თომა ურწმუნოა: “ურწმუნო ხარ, როგორც თომა“, – ეს სწორი არ არის. როცა მოციქულები ეუბნებიან უფალს: ნუ წახვალ, იქ სიკვდილი გელოდება შენო, ამაზე თომა პასუხობს: “წავიდეთ და ჩვენც მოვკვდეთ მასთან ერთად!“ ასეთი თავდადებული სიყვარული ჰქონდა თომა მოციქულს უფლისადმი. მოციქულებმა როდესაც უთხრეს მას, რომ მათ იხილეს უფალი, თომას, რა თქმა უნდა, გული დაწყდა, დაიჯერა ეს, მაგრამ თითქოს აიძულებს უფალს და ამბობს: სანამ მე არ ვიხილავ ამ სამჭვალთა და ხელს არ შევახებ, არ ვიწამებო, ე.ი. ამით თომა მოციქული გრძნობს, რომ უფალი უხილავია, მაგრამ იქვეა, ისმენს თომას სიტყვებს და გაითვალისწინებს მის უძლურებას. სახარებაში წერია, რომ რვა დღის შემდეგ უფალი გამოეცხადა ისევ მოწაფეებს და შევიდა ოთახში “კართა ხშულთა“ და მიმართა თომა მოციქულს : “მშიდობა შენთანა“. შემდეგ კი ეუბნება: მოჰყავ ხელი შენი, მოჰყავ თითნი შენნი და შემახე მე და ნუ იქნები ურწმუნო,არამედ გრწმენინ! უფალი გრძნობს, რომ თომა ადრეც მორწმუნე იყო. მოციქული ეცემა მუხლებზე და მხოლოდ ამის თქმა შეძლო:“უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი.“ ასე მოხდა შეხვედრა თომასა და მაცხოვარს შორის.

შევთხოვ უფალს, რომ გაითვალისწინოს ჩვენი უძლურებანი. ყოველი ჩვენგანი ვართ ქმნილება ღვთისა. მაცხოვარმა, ჩვენმა შემოქმედმა უკეთესად იცის, რა გვჭირდება, როგორ მოგვაქციოს და ჩვენ ვევედრებით უფალს, რომ არც ერთი ადამიანი დედამიწაზე არ დარჩეს ურწმუნო, ყველა მივიდეს ღმერთთან და თქვას:“უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი.“

გილოცავთ კვირაცხოვლობას და მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი,“ მამისა და სულისა წმიდისა“ იყოს თქვენთან და საქართველოსთან. ამინ!

დალოცვილი და გახარებული იყავით.
ჩვენთან არს ღმერთი!

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი

თამარ საბანაძე

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები