მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (05.02.2017)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.02.2017 | 7,141 ნახვა

5 თებერვალს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საკვირაო წირვის შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა არქიმანდრიტმა შიომ (ლომიძე). არქიმანდრიტმა განმარტა წირვაზე წაკითხული სახარება და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

“ჩვენ ვუახლოვდებით წმინდა, დიდ მარხვას. ეს არის აღდგომის მარხვა და დედა-ეკლესია ამზადებს თავის საყვარელ შვილებს ამ ასპარეზის დასაწყებად. დღეს არის მეზვერისა და ფარისევლის კვირა”.

არქიმანდრიტმა შიომ ისაუბრა ფარისევლობაზე:

“გავიხსენოთ დღევანდელი სახარება, ორი კაცი აღვიდოდა ლოცვად ტაძარში: ერთი ფარისეველი და ერთი – მეზვერე. ფარისევლობა იყო რელიგიურ-პოლიტიკური მიმდევრობა, რომელიც ხასიათდებოდა ღვთის მცნებების პედანტური შესრულებით, სხვის დასანახად. არქიმანდრიტი შიო გარეგნულად ზედმიწევნით ასრულებდნენ ღვთის მცნებებს და შინაარსი დავიწყებული ჰქონდათ. ძირითადი ხასიათი ეს იყო. ისინი გამოირჩეოდნენ სხვებისგან. ჩაცმულობაც სხვანაირი ჰქონდათ. მეზვერე იყო ხარკის ამკრეფი, რომის იმპერიის მიერ დადგინებული. მეზვერე, გარდა იმისა, რომ იმპერიისთვის ხარკს აგროვებდა, თავის ჯიბისთვისაც ზედმეტს ართმევდა.

დადგა ფარისეველი და ილოცვიდა ღვთისა მიმართ – “გმადლობ შენ ღმერთო, რამეთუ არა ვარ ვითარცა სხვანაირი კაცი, ცრუ კაცი და მემრუშე”. დასაწყისში რომ შევხედავთ, თითქოს კარგად იწყებს ლოცვას, იმიტომ რომ მადლობს ღმერთს, ეს ძალიან კარგი საქციელია, მაგრამ ძალიან მალევე გადადის სხვის დამცირებისკენ, განკითხვაში და თავის თავის ქებაში. პავლე მოციქული გვასწავლის, რომ სწავლის ცოდნის მიღების შემდეგ ადამიანი ამპარტავნდება. ადამიანი, რომელიც ღვთის მცნებებს აღასრულებდა გარეგნულად და არ უკვირდებოდა, თუ რისთვის აღასრულებდა. სიმდაბლე, სინანული უნდა მოეპოვებინა, თუ რამეს აკეთებდა, უნდა სცოდნოდა, რომ ეს არის ღვთის შეწევნით და არა თავის თავით გაკეთებული. ეს ადამიანი საკუთარ მდგომარეობას მიაწერს საკუთარ თავს და ივიწყებს ღმერთს. ამიტომ ამაყდება, ხდება ამპარტავანი, განიკითხავს სხვებს, მათზე უპირატესად აყენებს თავის თავს.

ჩვენ როცა წმინდა წერილს ვკითხულობთ, ერთი ძალიან კარგი დამოკიდებულება უნდა შევიძინოთ. ჩვენ საკუთარ თავზე უნდა მივიღოთ ეს შემთხვევა. არიან ადამიანები, რომლებიც წაიკითხავენ ამას, გადახედავენ სხვებს, ოჯახის წევრებს, აი ის, როგორ იქცევა, ჩემი მეგობარი როგორი მყავს, ან ვიღაც ნათესავი და არ ფიქრობს საკუთარ თავზე. ჩაიხედეთ საკუთარ თავში და დაინახეთ, მართლა, თქვენშიც არის ესეთი თვისებები. ხშირად ამბობს ადამიანი, მამაო, კაცი არ მომიკლავს და არ მიმრუშია, გეგონება სხვა ცოდვები არ არის ამის გარდა. ამით ჩვენ ვემსგავსებით ფარისეველს, ვიღაცაზე მეტად ვაყენებთ თავს, რაღაცებს ვასრულებთ. თუ ვინმე რამეს აკეთებს, უნდა იცოდეს, რომ ღვთის შეწევნით აკეთებს და ეს მდგომარეობა უნდა მიაწეროს ღვთის წყალობას და არა საკუთარ ძალისხმევას, არა საკუთარ თავს. ჯერ სხვა განიკითხა, მერე ფარისეველმა ჩამოთვალა თავისი სათნოებები, “ვიმარხავ ორ-გზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა”, ჯერ დაამცირა სხვა, მერე წარმოაჩინა ვითომ თავისი სათნოებები და აი, ამ ლოცვით ღვთის წინაშე გამოვიდა ბრალეული.

არქიმანდრიტმა ისაუბრა მეზვერის თავმდაბლობის შესახებაც:

“მეზვერე შორს იდგა, ზეცაშიც არ იყურებოდა, თავდახრილი იდგა და ამბობდა: “ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას”. განიცდიდა საკუთარ ცოდვებს და სინანულით ევედრებოდა ღმერთს, რომ ეპატიებინა მისი ცოდვები. მეზვერე გამოვიდა გამართლებული. ყველას აქვს რაღაც სათნოება ღვთის შეწევნით და თუ ამ სათნოებას აღასრულებს, ეს არ უნდა მიაწეროს საკუთარ თავს, არ უნდა გაამაყდეს და უნდა იცოდეს, რომ ეს არის ღვთის დახმარებით. არავისზე წინ არ უნდა დააყენოს თავი. ჩაიხედოს საკუთარ ცხოვრებაში, გამოაჩენს უამრავ შეცდომებს, უამრავ ნაკლულოვანებებს, გულწრფელად უნდა აღიაროს მოძღვრის წინაშე, შეინანოს.

ქადაგების დასასრულს არქიმანდრიტმა შიომ განმარტა მარხვის მნიშვნელობა:

“მარხვა დადგინებული ჰქონდა პირველ ადამიანს, ადამს. იმას ჰქონდა სულიერი სრულყოფილებისთვის, რომ ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანი უფრო მეტად წარმატებულიყო მსგავსებისთვის. ჩვენს შემთხვევაში ცოტა სხვანაირადაა, ჩვენ ვართ დაცემული ბუნების მქონე და ღმერთმა ბრძანა: “მისი მოდგმა არა განიდევნების, გარნა ლოცვითა და მარხვითა”. ე.ი. ჩვენ ლოცვა და მარხვა მოცემული გვაქვს მიზნის მიღწევისთვის. თვითმიზანი კი არ არის ლოცვა და მარხვა, ლოცვა და მარხვა უნდა გამოვიყენოთ, რომ მივაღწიოთ მიზანს. “ჩვენი მიზანია დავბრუნდეთ ღმერთთან, ეს ხდება დავინახოთ, შევინანოთ, მოვიძულოთ ცოდვები და შევიყვაროთ ღმერთი”.

მოამზადა ტყებუჩავა ანამ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი