“მეღვინეობას დღეს განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია…”
საფერავი – უნიკალური ქართული ვაზის ჯიში წმიდა საღვინე ვაზის ჯიშების ჯგუფს მიეკუთვნება. ამ ჯიშის ბიოლოგიური თავისებურებები და ნიშნები საფერავის უძველეს ჯიშზე მიანიშნებენ.
საფერავი – ეს არის მუქი შეფერილობის, ძლიერი, ტანინიანი, სხეულიანი ღვინო, მკვეთრი არომატებით.
საფერავი საქართველოს ადგილობრივი კერიდან წარმოიშვა. ყველაზე მაღალი ღირსების სუფრის ღვინოს განსაკუთრებით შიდა კახეთში იძლევა.
მისგან მზადდება ცნობილი ღვინოები: “საფერავი”, “ქინძმარაული”, “ყვარელი”, “მუკუზანი”. ყველგან ძლიერი ჯიშური არომატი და შემადგენელი ნაწილების ჰარმონიულობა ახლავს.
გიორგი სამანიშვილი (ენოლოგი):”საფერავი წარმოშობით სამხრეთ საქართველოდანაა. ყველაზე მეტად კახეთშია გავრცელებული, სადაც საუკეთესო შედეგს იძლევა, თუმცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშიც სცადეს.…
გავრცელებულია საფერავი მრგვალმარცვალა და ბუდეშორისებრი, ანუ გრძელმარცვალა – ერთი ჯიშიდან წამოსული ორი სახეობა. ერთმანეთისგან მხოლოდ მარცვლის ფორმით განსხვავდება. სიტყვა “საფერავი” ფერის მიმცემს გულისხმობს.
საფერავი არის ჯიში, რომელსაც მაღალი შაქრიანობა შეუძლია დააგროვოს, შეინარჩუნოს მჟავიანობა. გამოირჩევა საღებავის სიუხვით, ანუ საფერავი, შემფერავი ნივთიერებებით, შესაბამისად, მისგან მუქი შეფერილობის ღვინო დგება. აქვს ძალიან კარგი, დიდი რაოდენიბით და ადვილად ექსტრაგირებადი ტანინები. სწორედ ტანინები განასხვავებენ ღვინოს სხვა ჯიშებისაგან.
საფერავისგან შეიძლება დავამზადოთ ძლიერი, მაღალმჟავიანი, მაღალი ალკოჰოლის შემცველი, მუქი შეფერილობისა და კარგი ტანიანიანი ღვინო.
ტანინებთან და საღებავებთან ერთად საფერავს თავისი ჯიშური, გამორჩეული არომატები გააჩნია,რომლითაც ყოველთვის იცნობა და მის უნიკალურობასაც განაპირობებს.
ძირითადად ქლიავისა და ღოღნოშოს არომატი აქვს, გარკვეულ რეგიონებში -შავი მოცხარისა და კენკრის, ზოგან გვხვდება მაყვლისა და ცივ რეგიონებში ანწლის არომატებიც კი ახასიათებს.
ყველა ცნობილი წითელი ღვინო საფერავისგან მზადდება. თვითონ საფერავად მშრალი წითელი ღვინოები კეთდება ამის გარდა – ადგილობრივი წარმოშობის დასახელების რამდენიმე ისეთი ცნობილი ღვინო როგორიც არის “მუკუზანი”, “ნაფარეული”, მშრალი წითელი ღვინო “ყვარელი”. ყველაზე ცნობილი ნახევრად ტკბილი ღვინოები: “ქინძმარაული” და “ახაშენი”, ორივე მზადდება საფერავის ჯიშისგან. ასევე, კარგი ხარისხის მშრალი მაღალი ხარისხის ღვინო.
საფერავი ხორციან კერძებს ყველაზე კარგად ეხამება, მაგ.: ღორის მწვადს. დავარგებული, ასაკიანი საფერავი – ხბოს მწვადს, ან საქონლის სტეიკს, ასევე, დავარგებულ, მარილიან გუდის ყველს, ხინკალს გაცილებით მეტად უხდება, ვიდრე არაყი.
საფერავი მსოფლიო მასშტაბის ჯიში გახლავთ. დიდი ქვეყანა რომ იყოს საქართველო და საფერავის ჯიში – მეტად გაშენებული, მსოფლიოში სახელგანთქმულ 10 საუკეთესო ჯიშის გვერდით მოხვდებოდა ჩვენი სამშობლო, რაც დღეს ცნობილია.
ჯერჯერობით ყველამ არ იცის საფერავის შესახებ.
საქართველოს მეღვინეობის იმიჯი, ჩემი აზრით, მიღებული უნდა იყოს საფერავზე.
ზოგადად, ქართულ მეღვინეობას საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ძალიან გაუჭირდა, მოძლიერდა 90 –იანი წლების ბოლოს, შემდეგ რუსეთის ემბარგოს გამო დიდი ფინანსური დარტყმა მიიღო და დღეს განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. არის დიდი მოთხოვნილება, მაგრამ ფინანსების ნაკლებობაა ამ დარგში. მწარმოებლებს უჭირთ ვენახის მოშენება, მარნებში ინვესტიციები ძალიან ჭირს, რის გამოც ფერხდება. ფინანსური საშუალების შემთხვევაში, ალბათ, ძალიან დიდ ნახტომს გააკეთებდა“.
ქეთი ჭელიძე
