24 ივლისი 2024, ოთხშაბათი
მთავარიქრისტიანობასაეკლესიო ზარების შესახებ

საეკლესიო ზარების შესახებ

„…ყოველთა ესმოდიან რეკა
მისი დღითა და ღამითა და აღიძვროდიან
დიდებისმეტყველებად წმიდისა სახელისა შენისა“
(დიდი კურთხევანი)

ზარები მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმსახურებების ერთ-ერთი განუყრელი ატრიბუტია. ზარის კურთხევის წესში ნათქვამია: „რაჲთა ყოველთა ესმოდიან რეკა მისი დღითა და ღამითა და აღიძვროდიან დიდებისმეტყველებად წმიდისა სახელისა შენისა“. საეკლესიო ზარების რეკვა იმისთვის გამოიყენება, რომ:

1 – ღვთისმსახურებაზე მოსასვლელად მოუწოდონ მორწმუნეებს;

2 – გამოხატონ ეკლესიისა და მისი ღვთისმსახურების საზეიმო განწყობა;

3 – აუწყონ ტაძრის გარეთ მყოფ ადამიანებს ღვთისმსახურებათა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილების აღსრულების დრო.

გარდა ამისა, ზარების რეკვით ადამიანებს შეკრებაზე მოუწოდებდნენ რაიმე განსაკუთრებული შემთხვევების დროს. ზარის რეკვით მიუთითებდნენ გზას ავდრობისას გზააბნეულ მოგზაურებს. ზარების რეკვით აუწყებდნენ ხალხს რაიმე საშიშროების ანდა უბედურების შესახებ, მაგალითად, ხანძრისა. სამშობლოსათვის ტრაგიკულ დღეებში ზარების რეკვით მოუწოდებდნენ ერს მამულის დასაცავად. ზარების რეკვით აუწყებდნენ ხალხს გამარჯვებას და ესალმებოდნენ გამარჯვებული ლაშქრის დაბრუნებას ბრძოლის ველიდან და სხვა. ასე, რომ ზარების რეკვა ბევრ რამეში თანამდევი მოვლენა იყო ჩვენი მართლმადიდებელი ერის ცხოვრებისა.

ზარებს საგანგებო კოშკში ჰკიდებენ, რომელიც სამრეკლოდ იწოდება და

რომელსაც ეკლესიის შესასვლელთან ან მის სიახლოვეს აგებენ (ილუსტრაციები სამრეკლოსა და ზარების შესახებ იხ. გვ. 301).
მაგრამ, როგორც ცნობილია, ზარების გამოყენება ქრისტიანობის დამკვიდრებისთანავე არ დაუწყიათ. ძველი აღთქმის ეკლესიაში – იერუსალიმის ტაძარში – მორწმუნეებს ზარების რეკვით კი არ მოუწოდებდნენ ღვთისმსახურებაზე, არამედ – საყვირთა დაცემით.

პირველ საუკუნეებში, როცა ქრისტიანობა სასტიკად იდევნებოდა წარმართების მიერ, ქრისტიანებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა ღიად მოეწოდებინათ მორწმუნეებისათვის სალოცავად, ღვთისმსახურებაზე. იმ დროს ქრისტიანებს ფარულად მოუწოდებდნენ ღვთისმსახურებაზე დასასწრებად. ჩვეულებრივ, ამას დიაკონთა მეშვეობით აკეთებდნენ, ანდა საგანგებო მაცნეთა დახმარებით, ზოგჯერ კი ღვთისმსახურების დამთავრების შემდეგ ეპისკოპოსი თავად აუწყებდა მორწმუნეებს მორიგი ღვთისმსახურების აღსრულების დროსა და ადგილს.

დევნულებათა დასრულების შემდეგ (IV საუკუნიდან) მორწმუნეთა მოწოდება ღვთისმსახურებაზე სხვადასხვა საშუალებებით დაიწყეს. ყველაზე გავრცელებული საშუალება ამისთვის ჩამოყალიბდა IV-V საუკუნეებში, როცა მორწმუნეებს სარეკელებით (კანკურებით) მოუწოდებდნენ ღვთისმსახურებაზე. ბოლოს დამკვიდრდა ღვთისმსახურებაზე მორწმუნეთა მოწოდების ყველაზე სრულყოფილი საშუალება – ზარის რეკვა.

როგორც ცნობილია, პირველად ზარები დასავლეთ ევროპაში გამოჩნდა. არსებობს გადმოცემა, რომლის მიხედვითაც ზარის გამოგონება მიეწერება ნოლანის ეპისკოპოსს წმინდა პავლინეს (IV საუკუნის დასასრული, ან V საუკუნის დასაწყისი). ერთ-ერთი გადმოცემით, წმინდა პავლინემ სიზმარში ზარის მაგვარი ყვავილები (ბუსკანტურები) იხილა, რომლებიც სასიამოვნო ხმას გამოსცემდნენ. ამის შემდეგ ეპისკოპოსმა უბრძანა ამ ყვავილის მოყვანილობის ლითონის ზარი ჩამოესხათ. მაგრამ ისიც ცნობილია, რომ თავად პავლინეს არ შემოუღია ეკლესიის პრაქტიკაში ზარები, – მათ არც თვითონ მღვდელმთავარი არ მოიხსენიებს თავის ნაწერებში, არც მისი თანამედროვე საეკლესიო მწერლები არ ახსენებენ. მხოლოდ VII საუკუნის დასაწყისში რომის პაპმა საბინიანემ (წმინდა გრიგოლ დიალოღონის მემკვიდრემ) შეავსო ქრისტიანული შინაარსით ზარები და ისინი მსახურების ძირითად ნაწილად აქცია. ამ დროიდან მოყოლებული ზარების რეკვას ხშირად იყენებდნენ ქრისტიანები საეკლესიო მსახურებაში და VIII-IX საუკუნეებში ზარები მტკიცედ დამკვიდრდა ეკლესიის ცხოვრებაში.

აღმოსავლეთის ეკლესიაში ზარების გამოყენება IX საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყეს, მას შემდეგ, რაც 865 წელს ვენეციელმა დოჟმა – ურსუსმა საჩუქრად გაუგზავნა ბიზანტიის იმპერატორს მიხეილს 12 დიდი ზარი. ეს ზარები აია (წმინდა) სოფიას ტაძართან დაჰკიდეს კოშკში. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ბერძნებში ზარების გამოყენება საყოველთაოდ არ გავრცელებულა.

საეკლესიო ტერმინოლოგიაში ზარს სხვაგვარად ეწოდება „კამპანა“ (ლათ. campana), რომის იმპერიის კამპანიის პროვინციის სახელწოდების მიხედვით, სადაც პირველად ჩამოასხეს სპილენძის ზარები. თავიდან ზარები მომცრო ზომისა იყო, წონით რამდენიმე ასეული ფუთი, და ტაძრებშიც ისინი მხოლოდ 2 ან 3 ცალი ეკიდა. მსოფლიოში ყველაზე დიდი ზარი ამჟამადაც „მეფე-ზარია“, რომელიც დღეს მოსკოვში, ივანე დიდის სამრეკლოსთან დგას კვარცხლბეკზე. მას ანალოგი არა აქვს მსოფლიოში წონის მხრივაც, ზომის მხრივაც და მხატვრული ჩამოსხმის თვალსაზრისითაც. მეფე-ზარი ჩამოასხეს რუსმა ოსტატებმა (მამა-შვილმა) – ივანე და მიხეილ მატორინებმა, 1733-1735 წწ. მასალად მათ გამოიყენეს ასევე გიგანტიზარი, რომელიც 1654 წ. ჩამოესხა ზარის ოსტატს ალექსანდრე გრიგორიევს და იწონიდა 131 ტონას. ამ მასალას
მამა-შვილმა კიდევ 82 ტონა სხმული დაუმატა და ახალი ვეება ზარი ჩამოასხეს. მეფე-ზარის დიამეტრი 6 მ. და 60 სმ-ია.

მაგრამ ამ საოცარი ზარის სამრეკლოზე ატანა და დაკიდება ვერ მოასწრეს: 1737 წელს მოსკოვში საშინელი ხანძარი იყო. მეფე-ზარი იმ დროს ჯერ კიდევ საჩამომსხმელო ორმოში იყო მოთავსებული, გარშემო და ზემოდან ხის კონსტრუქციებით გარშემორტყმული, და როცა ცეცხლი ამ ხის ხარაჩოებს მოედო და მის ჩასაქრობად დიდძალი წყალი დაასხეს, გახურებული ზარი ბევრგან დასკდა ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობისაგან და რამდენიმე მცირე და მოზრდილი ბზარები გაუჩნდა, და ერთ მხარეს მოზრდილი ნაწილი, დაახლოებით 11500 კილოგრამის წონისა მოსკდა, ჩამოტყდა.

ხანძრის შემდეგ მეფე-ზარი მთელი საუკუნის განმავლობაში იდო ორმოში. 1836 წელს იგი ამოიღეს და ქვის კვარცხლბეკზე დადვეს, რომელზეც დღემდე დგას. ქვემოთ მას მიადვეს ჩამომტყდარი ნაწილი. აი, ასეთია მსოფლიოში უდიდესი მეფე-ზარის ისტორია, რომელსაც არასოდეს არ დაურეკავს.
დღეს, მოსკოვში, ივანე დიდის სამრეკლოზე დაკიდული „მიძინების“ ზარი უდიდესია მსოფლიოში (მისი წონა 65.5 ტონაა). მისი დარეკვით დასაბამი ეძლეოდა მოსკოვის ყველა ტაძრის ზარების რეკვას ბრწყინვალე აღდგომის დიდ ღამეს. ზარის დამრტყმელ ნაწილს ენა ეწოდება. იგი ზარის შიგნითაა მოქცეული და მოძრავია.

ერთი საეკლესიო ზარის რეკვის ხმა არის ამაღლებული, საზეიმო, ხოლო თუკი რამდენიმე, ერთმანეთთან ხმაშეწყობილ ზარს ჩამოჰკრავენ, მაშინ კიდევ უფრო დიდებული კეთილხმოვანება ახარებს მორწმუნეთა გულს. ზარების მძლავრი რეკვა ჩვენს შინაგან გრძნობაზე მოქმედებს და გამოაღვიძებს ჩვენს სულებს სულიერი ძილისაგან.

მართლმადიდებელმა ერებმა ძალზე შეიყვარეს საეკლესიო ზარების რეკვა და თავიანთი ყველა საზეიმო თუ სამწუხარო მოვლენა მას დაუკავშირეს. ამიტომ მართლმადიდებლური ზარების რეკვა ემსახურება არამარტო ღვთისმსახურების დაწყების უწყებას, არამედ სიხარულის, მწუხარებისა და საზეიმო განწყობის გამოხატვასაც.

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე

მსგავსი სტატიები

1 COMMENT

  1. პერიოდულას ჩემს ოთახში მესნის ზარის ეჟვნის ხმა რას ნიშნავს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები