მთავარი » ქრისტიანობა

საეკლესიო გალობა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.03.2022 | 901 ნახვა

„…უგალობდით უფალსა ყოველი ქუეყანაჲ“
(ფსალმ. 95, 1)

ლოცვითი გრძნობების გადმოცემის ყველაზე ძველი, ყველაზე ბუნებრივი, და ამასთანავე ყველაზე კეთილშობილი საშუალება არის, უეჭველად, ადამიანის სიტყვა. სიტყვა, პირველ ყოვლისა, იმისთვის მოეცა ადამიანს, რომ მან ღმერთი განადიდოს. ჩვენ ეკლესიაში დავდივართ, რომელიც თავად მაცხოვრის მიერ არის წოდებული „სახლ სალოცველ“-ოდ (იხ. ლუკ. 19, 46). აქ, სამლოცველო სახლში, ადამიანს ესაჭიროება დიდი ყურადღება, გულისყურის მოკრება, საკუთარ თავში ჩაღრმავება და სულის ამაღლება ღმერთთან. და რა განაწყობს ყველაზე მეტად მლოცველ ადამიანს ამისთვის? – რა თქმა უნდა, კეთილხმოვანი გალობა, როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს.

რელიგიური თვალსაზრისით, გალობის უნარი მხოლოდ გონიერი არსებების – ანგელოზებისა და ადამიანების დამახასიათებელი თვისებაა. გალობა, ისევე როგორც მეტყველება, ანგელოზებსაც და ადამიანებსაც ემსახურება ღვთის თაყვანისცემის ამაღლებული გრძნობების გამოხატვაში. ჯერ კიდევ ძველი აღთქმის დროში სწამდათ, რომ ანგელოზებიცა და ადამიანებიც ერთსა და იმავე საგალობლებს გალობენ. განსაკუთრებულად გამორჩეულსა და კეთილხმოვან გალობას ძველთაგანვე „ანგელოზებრ“ გალობას უწოდებდნენ („გალობა“ – ბერძ. odi). საღვთო წერილში, წმინდა და მართალ ადამიანთა გამოცხადებებში ანგელოზები წარმოდგენილნი არიან კრებულად, დაყოფილ დასებად, ანუ გუნდებად, რომლებიც სადიდებელს უგალობენ ყოვლადწმიდა სამებას – შემოქმედ ღმერთს. წინასწარმეტყველმა ესაიამ სერაბიმნი იხილა, რომლებიც გარს ერტყმოდნენ ღმერთის საყდარს და ერთმანეთს კეთილხმოვანი გალობით მოუწოდებდნენ:

„…წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ…“ (ეს. 6, 3). ახალი აღთქმის საიდუმლოთმხილველი იოანე ღვთისმეტყველი თავისი გამოცხადების სხვადასხვა ადგილას არაერთგზის ახსენებს ნეტარი ზეციური მკვიდრების გალობას. და აკი პირველი ქრისტიანული საგალობელიც ანგელოზებმა მოიტანეს ამქვეყნად შობის წმინდა ღამეს, როცა ისინი – „…სიმრავლე ერთა ცისათაჲ, აქებდეს ღმერთსა და იტყოდეს: დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ“ (ლუკ. 2, 13-14).

უძველესი დროის ეკლესიაში და ღვთისმსახურებათა დროს მუსიკა არ იყო-იყო გალობა. ძველაღთქმისეული გალობები, როგორც დავითის ფსალმუნებიდან, ისევე ძველი აღთქმის სხვა წიგნებიდან, გამოიყენებოდა ქრისტიანულ ღვთისმსახურებაშიც მოციქულთა დროიდან.

თვით უფალმა იესო ქრისტემ თავის მოწაფეებთან ერთად, საიდუმლო სერობა ფსალმუნთა გალობით დაასრულა: „და გალობაჲ წართქუეს, და განვიდეს მთასა მას ზეთისხილთასა“ (მათ. 26, 30). ამით მაცხოვარმა ქრისტიანულ ეკლესიაში ფსალმუნთგალობას მიანიჭა თავისი უზენაესი კურთხევა. საეკლესიო ისტორიიდან ჩვენ ვიგებთ, რომ ქრისტიანები პირველ საუკუნეებში იკრიბებოდნენ აკლდამებში და იქ გალობდნენ ფსალმუნებს მოწამეებისა და ყველა წმინდანის პატივად. 322 წელს კონსტანტინოპოლში მოციქულთა ლუკას, ანდრიასა და ტიმოთეს წმ. სხეულთა გადმოსვენებისას იგალობეს ფსალმუნები (სოზომ. წიგნი, 5119; სოკრატ. წიგნი, 31, 18; ევს. 6623).
განსაკუთრებით პატივისცემით ექცეოდნენ ამ წმინდა წიგნს (ფსალმუნებს) და თვლიდნენ მას აუცილებლად ღვთისმსახურების დროს (გრიგოლ ნოსელი – სიტყვა ამაღლების დღესასწ.).

აქედან უნდა დავასკვნათ, რომ სხვა დროსაც, ყოველთვის, თვით უფალი იესო ქრისტე და მისი მოციქულები ყოველდღე „წართქვამდნენ გალობას“ და თვით განკაცებული ღმერთი ასწავლიდა თავის მოწაფეებს საღვთო გალობას! ქრისტეს მოციქულები, გამოხატავდნენ რა თავიანთ ლოცვით გრძნობებს,
„…ილოცვიდეს და უგალობდეს ღმერთსა…“ (საქმ. 16, 25).

ღვთისმსახურების გარეშეც, ჩვეულებრივი ცხოვრებისეული სიხარულის გამოსახატავად, მოციქული იაკობი გვირჩევს: „…მოლხინე თუ ვინმე არს, გალობდინ“ (იაკ. 5, 13).
განავრცობდნენ რა ქრისტეს მოძღვრებას და ამკვიდრებდნენ რა ეკლესიას, მოციქულები ძალზე ზრუნავდნენ საღვთისმსახურო გალობაზეც. „…რაჟამს შეჰკრბეთ ერთბამად, კაცადკაცადსა თქუენსა ფსალმუნი აქუს…“ (1 კორ. 14, 26), ანუ როდესაც ერთად შეიკრიბებით, ფსალმუნნი იგალობეთო. მოციქულთა დადგინებებშიც უკვე დაკანონებულია საღვთისმსახურო გალობის აუცილებლობა და თვით წესიც კი: „…ორი საკითხავის შემდეგ… დაე, იგალობონ დავითის ფსალმუნები, ხოლო ერმა ხმამაღლა გაიმეოროს მუხლთა დაბოლოებანი!“ (წიგნი II, თავი 57).

დევნულებათა ეპოქის დასრულების შემდეგ ქრისტიანული ღვთისმსახურება, რომელიც ახლა უკვე თავისუფლად აღესრულებოდა, უფრო მრავალფე- როვანი ხდება, უფრო საზეიმო და დარბაისლური. ბუნებრივია, რომ საეკლესიო გალობაშიც აისახა ეს ცვლილება. ის, რაც ადრე საყოველთაოდ, ერთობლივად სრულდებოდა ყველა მორწმუნისა და მღვდელმსახურის მიერ, ახლა მხოლოდ საგანგებოდ განსწავლულ მგალობლებს ევალებოდათ. იქმნებოდა ცალკეული გუნდები, ანუ დასები მარჯვენა და მარცხენა კლიროსისათვის. გალობისათვის საჭირო გახდა წიგნების შედგენა – საგალობელთა რაოდენობა გამუდმებით იზრდებოდა, – ყველაფრის ზეპირად ცოდნა და გალობა უკვე შეუძლებელი იყო. თვით გალობამაც დაკარგა უწინდელი სისადავე, უფრო დახვეწილი და მრავალფეროვანი გახდა. ეს დახვეწილობა, საკმარისად ზომიერი პირველ ხანებში, დროთა განმავლობაში სულ უფრო რთულდებოდა, და ამასთანავე, საერო თავისუფლების ელფერსა და თვით თეატრალურობასაც კი იძენდა.
საეკლესიო მსახურებაში ნელ-ნელა აღწევდა ისეთი მელოდიებიც, რომელთა მოსმენაც მანამდე მხოლოდ თეატრებსა და სახალხო სანახაობებზე თუ შეიძლებოდა. იკარგებოდა მოციქულთადროინდელი სიმკაცრე და კეთილკრძალული სიწმინდე. ეკლესიის მამები მკაცრად საყვედურობდნენ ამის გამო საეკლესიო მგალობლებს. წმინდა კლიმენტი ალექსანდრიელი წერდა: „მუსიკას ზნეჩვეულებათა შემკობისა და გაკეთილშობილებისათვის უნდა მივმართოთ ხოლმე… სულის დამთრგუნველი, უკიდურესი, შეუკავებელი და ვნებიანი მუსიკა უნდა უარყოფილ იქნას… მელოდიები ისეთი უნდა შევარჩიოთ, რომლებიც განმსჭვალულნი იქნებიან უვნებობითა და კეთილკრძალულებით…“.

წმინდა ისიდორე პელუსიელი წერდა: „ისინი (მგალობლები) არ შეიგრძნობენ კრძალულებას ღვთაებრივ საგალობელთაგან, არამედ ვნებების აღსაძვრელად იყენებენ გალობის სიტკბოებას“.

ხოლო წმინდა იოანე ოქროპირი საეკლესიო კათედრიდან ამხელს მოურიდებელ, კადნიერ მგალობელს: „ჰოი, საწყალობელო გლახაკო! შენდა ჯერ იყო თრთოლვითა და მოწიწებით გაგემეორებინა ანგელოზთამიერი გალობა… შენი გონება კი თეატრალური სცენებითაა დაბნელებული, და რაც იქ ხდება, შენ ეკლესიაში გადმოგაქვს“.

დროთა განმავლობაში ეკლესიის მამათა შეხედულებები საღვთისმსახურო გალობის შესახებ, სამარადჟამოდ იქნა დამტკიცებული კანონიკურად: VI მსოფლიო საეკლესიო კრების (კონსტანტინოპოლი, 680-681 წწ.) 75-ე კანონი განგვიწესებს: „გვსურს, რომ, რომელნიც ეკლესიაში ლოცვისა და გალობისათვის იკრიბებიან, ნუ ხმაურობენ უწესოდ და თავს ნუ აიძულებენ არაბუნებრივად გაჰკიოდნენ, და ნურც შემოიტანენ (გალობაში) ისეთ რაიმეს, რაც არ შეეფერება და არ შეესაბამება ეკლესიას, არამედ დიდი მოკრძალებითა და ლმობიერებით იგალობონ ლოცვები და ამას შესწირავდნენ ფარულ საქმეთა მხედველ ღმერთს, რამეთუ ღვთის სიტყვა უბრძანებდა ისრაელის ძეთ „…მოშიშ იქმნენით…“-ო (ლევ. 15, 31). იმავე დროისათვის, უკვე საბოლოოდ ჩამოყალიბდა ეკლესიის მიმართება მუსიკალური საკრავებისადმიც (ლირები, ორღანოები),14 რომლებსაც ზოგან

იყენებდნენ ღვთისმსახურებათა დროს. ჯერ კიდევ წმინდა მოწამე იუსტინეს (†166 წ.) წიგნში „მგალობელი“, ნათქვამია, რომ „…ღმერთისადმი გალობა უსულო საკრავებით… დაუშვებელია“. ამ დროიდან მოყოლებული აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიებში, ისევე როგორც დასავლეთისაშიც – VIII საუკუნემდე, საღვთისმსახურო გალობა მკაცრად ვოკალური იყო ყველგან.

„გალობად მადლი წინამძღვრობს კაცსა“, – ღაღადებს ერთი საეკლესიო საგალობელი. ამის შესაბამისად გალობის ნიჭიც ღმერთისაგან მომადლებულ განსაკუთრებულ უნარად მიიჩნევა. საეკლესიო საგალობლების შემდგენლები იყვნენ ის გამორჩეული ადამიანები, რომელთაც სიბრძნით, კეთილმსახურებითა და ცხოვრების სიწმინდით გაიბრწყინეს. ესენი არიან:
წმინდა მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი, ანტიოქიის ეპისკოპოსი, რომელმაც გადმოცემით ანტიფონური გალობა შემოიღო ეკლესიაში.

წმინდა კლიმენტი ალექსანდრიელი – მრავალი ჰიმნისა და საგალობელის შემქმნელი, რომლებმაც საეკლესიო გალობის ხასიათი განსაზღვრეს.

წმინდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი – ავტორი წიგნისა „მგალობელი“, რომელშიც თავმოყრილია მისი დროისთვის არსებული ჰიმნები და მოცემულია საგალობლების შესრულების წესი.

წმინდა მღვდელმთავარი ათანასე ალექსანდრიელი, რომელმაც შემოიღო საღვთისმსახურო საკითხავების გალობითი წართქმით კითხვა. გალობა ალექსანდრიის ეკლესიაში მისი მღვდელმთავრობისას საოცარ შთაბეჭდილებას ახდენდა მსმენელებზე თავისი კეთილწესიერებით, სიმწყობრითა და კეთილხმოვანებით, რაც იმავდროულად გულითადობითა და უბრალოებითაც იყო განმსჭვალული. ამ გალობის მოსმენისას ნეტარი ავგუსტინე ტიროდა ხოლმე. იგი წერდა: „გალობის გულისშემძვრელი ხმები განაკვირვებდა ჩემს სმენას, ხოლო მისით ღაღადებული ჭეშმარიტება ჩემს გულში აღწევდა და კეთილსურნელებას აღძრავდა“.

წმინდა ეფრემ ასური – მრავალი საგალობელისა და ჰანგის შემდგენელი, ბერძნული კავისებრი სანოტო ნიშნების (მუსიკალური ბგერების – ჰანგების აღნიშვნათა) შემომღები.

წმინდა იოანე ოქროპირი – კონსტანტინოპოლის პატრიარქი, რომელმაც ბევრი იღვაწა სიტყვითაც და საქმითაც საეკლესიო გალობის კეთილად მოწყობისათვის; მან პირველმა ჩამოაყალიბა მგალობლების ნამდვილი გუნდი მეფის სასახლის კარის მუსიკოსის ხელმძღვანელობით; ეს საეკლესიო გუნდი მუდმივად მონაწილეობდა საღვთო ლიტურგიების აღსრულებაში და ღამისთევის ლოცვებში.

ღირსი რომანოზ ტკბილად მგალობელი, დიაკონი, კონდაკების შემოქმედი (მას ეკუთვნის ათასამდე კონდაკი, მათ შორის „ქალწული დღეს…“, „ლოცვათა შინა დაუძინარი…“, „სულო ჩემო…“ და მრავალი სხვა, რომლებიც დღესაც იგალობება ეკლესიაში).
წმინდა იოანე დამასკელი – მისი როლი საეკლესიო გალობის ისტორიაში ცალკე გადმოცემას იმსახურებს. მან შეადგინა მრავალი საეკლესიო საგალობელი, და რვახმა (ოქტოიხოსი) შემოიღო ჩვენს ეკლესიაში – ყოველდღიური საღვთისმსახურო გალობის ძირითადი კანონი (იგულისხმება გალობათა რვა ხმაზე განწყობა-განაწილება).

დასავლეთის ეკლესიაში დიდად დაშვრნენ საეკლესიო გალობის მოწყობა-დამკვიდრების საქმეში წმინდა მამები:

წმ. მღვდელმთავარი ამბროსი მედიოლანელი – მისი ღვაწლის ძეგლად შემორჩენილია ამ წმინდა მამის მიერ შედგენილი წიგნი „ანტიფონარიუსი“, რომელშიც ნოტებზე იყო გადატანილი მის მიერ შედგენილი ჰიმნები („ჰიმნი“ – ბერძ. imnos – „სადიდებელი სიმღერა, გალობა“) – საგალობლები (მათ შორის„ შენ გაქებთ, ღმერთო“).

წმ. მღვდელმთავარი გრიგოლ დიალოღონი – რომელმაც რომში მგალობელთა სკოლა მოაწყო. ამ სკოლამ 300 წელი იარსება და მასში მოწიწებით ინახავდნენ მისი საეკლესიო წესდებულების დედანს და შოლტს უწესოების ჩამდენი მგალობლების დასასჯელად.

ეკლესიის ისტორიაში უამრავია იმის მაგალითები და დადასტურებანი, რომ საეკლესიო გალობა ღმერთის სათნო საქმეა და რომ მისი ჯეროვანი სახით გამომყენებელი ადამიანები ღმერთის განსაკუთრებული მფარველობით სარგებლობენ, უპირატესად – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეოხებით. ასე, მაგალითად, წმინდა რომანოზ ტკბილად მგალობელმა გალობისა და საგალობელთა შექმნის ნიჭი თვით ღვთის დედისაგან მიიღო საკვირველ გამოცხადებაში, როცა ღვთისმშობელმა მას გრაგნილი გადასცა. მსგავსი გამოცხადების ღირსი გახდა XIV საუკუნის ათონელი მგალობელიც – იოანე კუკუზელი, სიზმრისეულ გამოცხადებაში ღვთისმშობელმა მას უთხრა: „იგალობე და ნუ დადუმდები, მე არ განგეშორები შენ“. გადმოცემით, ღვთის დედა გამოეცხადა მრავალი საგალობელის შემქმნელს, ღირს კოზმა მაიუმელს, „უპატიოსნესის…“ შემოქმედს და სიხარულით აუწყა: „ჩემთვის საამონი არიან ისინი, რომელნიც სულიერ საგალობლებს გალობენ, მაგრამ მე არასდროს არ ვყოფილვარ მათთან ისე ახლოს, როგორც ამ შენი ახალი საგალობლის გალობისას ვარ!“

ქრისტიანული ისტორიის ოცი საუკუნის გასვლის შემდეგაც საეკლესიო გალობა, რომელშიც ღვთივსულიერადაა შერწყმული ტკბილი გალობა და ლოცვის ჭეშმარიტი სიტყვები, კვლავაც იმავე მადლმოსილი ძალით ზემოქმედებს ადამიანებზე, როგორც უწინ ზემოქმედებდა: ყოველივე მიწიურზე აღამაღლებს სულს, შეგვარიგებს ჩვენ ღმერთთანაც, საკუთარ თავთანაც და მოყვასთანაც, ძალებს გვმატებს, შეგვაძლებინებს ჩვენი უძლურებების დაძლევას, გვიმსუბუქებს მწუხარებას და იმ შთაგონებულ მდგომარეობაში მოვყავართ, რომელიც ეგზომ ნაცნობია ყოველი მართლმადიდებელი, ტაძარში მლოცველი ქრისტიანისათვის.
ქრისტეს ეკლესიის ისტორიის მთელს მანძილზე ყოველთვის იქმნებოდა ახალი საეკლესიო საგალობლები. და მარად ახსოვს რა წმინდა ფსალმუნთმგალობელის ღვთივსულიერი სიტყვები – „უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა…“ (ფსალმ. 97, 1), – ეკლესია არც ახლა უკრძალავს თავის შვილებს ახალი საგალობლების შექმნას.

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი