19 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიქრისტიანობაჯვართამაღლება - სადღესასწაულო ქადაგება (27.09.2014)

ჯვართამაღლება – სადღესასწაულო ქადაგება (27.09.2014)

27 სექტემებრს სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.

პატრიარქი სამებაში 27.09.2014

უწმიდესმა მრევლს ქადაგებით მიმართა.

“დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი”. ვერავითარი ადამიანის გონება ვერ ახსნის იმ მოვლენებს, რომლებიც ხდება ჩვენს გარშემო. ვერავითარი ადამიანი ვერ გაიგებს სად არის, როდის იწყება სიხარული და როდის მთავრდება იგი. სიხარული და მწუხარება ტყუპი ძმებივით ერთად არიან. ინდური ფილოსოფია ამბობს, რომ ჰოი, სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარებისა. ჰოი, მწუხარებავ, შენ საწიყისი ხარ სიხარულისა. როდის იწყება სიხარული და როდის მთავრდება იგი, ან როდის იწყება მწუხარება და როდის მთავრდება იგი, ეს უფლის ნებაა. და აი, დღეს ორი თარიღია, ჯვართამაღლება – დიდი სიხარულის და ზეიმის დღესასწაული, და მწუხარება, როცა დაეცა სოხუმი, დაეცა აფხაზეთი. ჩვენ რა შეგვიძლია ვთქვათ დღეს, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ დღეს ვლოცულობდით ყველასთვის, არა მარტო ქართველებისთვის, არამედ აფხაზებისთვის, ყველასთვის ვინც დაეცა აფხაზეთის ომში”, – აღნიშნა ილია მეორემ.

როგორც პატრიარქმა ქადაგებისას აღნიშნა, ქართველებსა და აფხაზებს შორის ომი არ იყო. ქართველები და აფხაზები მსხვერპლი იყვნენ.

“ჩვენ არ უნდა განვიკითხოთ ვინმე აფხაზეთიდან. ეს არ იყო ომი ქართველებსა და აფხაზებს შორის. ქართველები და აფხაზები მსხვერპლი იყვნენ და ჩვენ ამიტომ ვლოცულობთ ორივესთვის. მე დარწმუნებული ვარ, დადგება ის დრო, როცა ერთი ძეგლი აშენდება დაცემული აფხაზებისთვის და ქართველებისთვის” – აღნიშნა უწმიდესმა.

ილია მეორემ აფხაზეთში დაღუპული ჟიული შარტავაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ჟიული შარტავა აფხაზეთის და მთლიანად საქართველოს უდიდესი გმირია.

“მე არ შემიძლია დღეს არ გავიხსენო ჟიული შარტავა, რომელიც მსხვერპლად შეეწირა. წინა დღეს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა და სხვებმა ინახულეს იგი. ჟიული შარტავას მაღლა აუწევია ხელები და უთქვამს, ღმერთო, ისევ მე დამსაჯე და საქართველო გადაარჩინეო, და მართლაც ეს მოხდა. ჟიული შარტავა არის უდიდესი პიროვნება, უდიდესი გმირი აფხაზეთისა და მთლიანად საქართველოს”, – ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა ქადაგებისას ბრძანა, რომ ჯვარი უფლისა, ეს არის უდიდესი ძალა, რომელიც იცავს ადამიანს, იცავს ერს.

“და აი, დღეს, ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ძლიერებითა ჯვარისათა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო, ჯვარის ძალით გაამთლიანოს საქართველო. შემთხვევით არაფერი არ ხდება, შემთხვევით არ არის ის, რომ ეს მოხდა ჯვართამაღლების დღეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯვარი უფლისა გადაარჩენს საქართველოს და ჯვარი უფლისა გაამთლიანებს საქართველოს”, – ბრძანა უწმინდესმა.

დღევანდელ წირვაზე იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მოადგილეებთან ერთად, გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმა ჯაიანი და აფხაზეთის მთავრობის სხვა წარმომადგენლები. ასევე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი სომხიშვილი. წირვას დაესწრო ქართული ჯარის ნაწილი.

წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა სოხუმის დაცემის დროს გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხადა.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები