მთავარი » დღესასწაულები

სადღესასწაულო ქადაგება (21.09.2012)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.09.2012 | 3,098 ნახვა

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაული

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. ჩვენთან არს ღმერთი.

ყველას გილოცავთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა დედამ გადაგაფარათ თავისი კალთა თქვენ და სრულიად საქართველოს. ილია მეორე ყველაფერი იცვლება: დრო, ადამიანი, ბუნება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი ადამიანის ნაბიჯი, აზრი ღვთის წინაშეა და ღმერთი ხედავს გულსა კაცისასა. ბიბლიაში წერია, რომ “ადამიანი ხედავს სახესა კაცისასა და ღმერთი ხედავს გულსა კაცისასა”.

მე მინდა დიდი მწუხარებით ვთქვა, რომ ის ამბები, რომლებიც ვრცელდება ბოლო დღეებში არის დიდი სირცხვილი ჩვენი ერისა და ჩვენი ქვეყნისა. საქმე ისაა, რომ ასეთი რამ ხდება სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ ხელისუფლებას და ხალხს ეს სამარცხვინო მოქმდება არ გამოაქვს საქვეყნოდ, არამედ თვითონ ასწორებენ და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ეს არ განმეორდეს. ჩვენ გამოვთქვით ჩვენი გულისწყრომა, მწუხარება ამასთან დაკავშირებით და მინდა ყველას გითხრათ, მოგმართოთ, რომ ამას ნუ გამოიყენებთ ბოროტად, საქართველოსა და ადამიანების დასამცირებლად. ჩვენ უნდა ვილოცოთ, რომ ღმერთმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.

წმიდა მამები ამბობენ : “ჰე, უფალო მომანიჭე მე განცდაჲ თჳსთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა”. აი, ამ არაჯანსაღი მდგომარეობით სარგებლობენ ზოგიერთნი და უნდათ, რომ არასტაბილური მდგომარეობა შემოიტანონ საქართველოში. ეს ყოვლად დაუშვებელია. ჩვენ დაგვრჩა თითქმის ერთი კვირა პარლამენტის არცევნებამდე და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მშვიდობიანად მივიდეთ არჩევნებამდე. არაფერმა არ უნდა შეუშალოს ამას და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს არჩევნები არ იყოს გაყალბებული, რათა ადამიანებმა გამოთქვან ის აზრი თავისუფლად, რომელიც მათ გააჩნიათ და არავითარ შემთხვევაში შიშის ქვეშ არ უნდა იყოს არც ერთი ადამიანი. როგორც თვითონ ფიქრობს ის რიცხვი უნდა შემოხაზოს.

გუშინ და დღეს ჩემთან იყვნენ სტუდენტები, ზოგიერთი ფიქრობს უნივერსიტეტში ძალით შესვლას და იქ დესტაბილიზაციის, არეულობის შეტანას. მე მამაშვილური სიყვარულით მოგმართავთ: არავითარ შემთხვევაში არეულობა არ უნდა შეიტანოთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ ეს არეულბა ისედაც არ გვაკლია. პირიქით, სტუდენტებმა ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ სუფევდეს ჩვენთან მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.

ყოველმა ადამიანმა პირველ ოქტომბერს თავისუფლად უნდა გამოთქვას თავისი აზრი. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი სტუდენტები მოისმენენ ჩემს მოწოდებას და ყველაფერს გააკეთებენ, რომ არსად არ იყოს არეულობა, სუფევდეს მშვიდობა.

დღეს საღამოს 7 საათზე დიდუბის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარში ჩავატარებ პარაკლისს და იქ იქნება ლოცვა-კურთხევა მიცემული ხალხს, რომ წაიკითხონ ლოცვა, რომელიც იწყება: “მოწყალებისა კარი განგვიღე”… თქვენ ზეპირად იცით ეს ლოცვა. 12 საათზე ვკითხულობთ ჩვენ მას. ამ ლოცვას აქვს ძალიან დიდი ისტორია. როცა მონღოლები შემოიჭრნენ საქართველოში , მათ შექმნეს ქართველებისაგან ჯარი და უნდა წასულიყვნენ ომით სპარსეთზე. ღამე ერთი სპარსელი კაცი შეიპარა მონღოლების მხედართმთავრის კარავში, მოკლა იგი და დაიმალა ტყეში. ელოდებოდა იმას, მონღოლები იფიქრებდნენ რომ ეს მხედართმთავარი ქართველებმა მოკლეს და სპარსეთი გადარჩებოდა. მართლაც ასე მოხდა. მონღოლებმა ნახეს მოკლული მხედართმთავარი და გადაწყვიტეს, რომ ამას მხოლოდ ქართველები მოკლავდნენ. დაიძრა მთელი ჯარი და ყიჟინით, ხმაურით მოდიოდნენ, რომ მოესპოთ ქართელთა ჯარი. ამ დროს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დედა გამოეცხადა იმ სპარსს და უთხრა მას, რატომ გინდა რომ ეს უდანაშაულო ადამიანები დაიხოცნენ. მომყევი მე და უთხარი მონღოლებს, რომ შენ ხარ მკვლელი. მართლაც, გამოვიდა ის შუა ადგილზე და შეჩერდნენ მონღოლები. შენ ვინ ხარ, მე ვარ მკვლელიო. და რატომ გამოხვედი, მე გამომეცხადა ბრწყინვალე ქალბატონი და მიბრძანა გამოვსულიყავი და მე არ მქონდა უფლება, ისეთი ძალა ჰქონდა, ვერ შევძელი უარი მეთქვაო. აი, ასე გადარჩა ქართველთა ჯარი და ჯარი კითხულობდა ამ ლოცვას: “მოწყალებისა კარი განგვიღე”… ახლა ჩვენ წავიკითხავთ რამდენიმეჯერ. საღამოს 7 საათზე დაიწყება ამ ლოცვის კითხვა და გაგრძელდება შუა ღამემდე. ნახეთ თქვენი ლოცვანები და იქ ამოიკითხეთ. ახლა ერთად ვთქვათ:

“მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტეანეთასა”. ამინ!
ეს ისტორია, რომელიც მოგიყევით წერია “ქართლის ცხოვრებაში”. ვისაც გაქვთ ეს დიდებული მატიანე, შეგიძლიათ წაიკითხოთ.

კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა დედამ გადაგაფაროთ თავისი კალთა თქვენ და სრულიად საქართველოს. ამინ! და ყოველთა ქართველთა, რომელნიც იმყოფებიან უცხოეთში.

ჩვენთან არს ღმერთი.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ თქვენ და სრულიად საქართველო. ამინ!

დღეს პატრიარქმა ოქროს ჯვრით დააჯილდოვა მღვდელი ირაკლი ოთხმეზური და დეკანოზის ხარისხში აიყვანა.

სოფიკო აბულაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი