მთავარიქრისტიანობადღესასწაულებისადღესასწაულო ქადაგება (19.08.2011)

სადღესასწაულო ქადაგება (19.08.2011)

ფერისცვალების დღესასწაული

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ფერისცვალებასახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.

ჩვენთან არს ღმერთი!

გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ფერისცვალებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

ეს არის უდიდესი დღესასწაული ათორმეტთაგანი. აქ არის ბევრი რამ ისეთი, რასაც ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. ადამიანი არის გვირგვინი ღვთის ქმნილებისა და მთელი მატერიალური სამყარო ტრიალებს მის გარშემო. ადამიანი არის ხელმძღვანელი ამ უდიდესი მატერიალური ძალისა და ბედნიერია ის, ვისაც გააჩნია დიდი რწმენა და სიყვარული. ამ შემთხვევაში ეს მატერიალური ძალა არ არის საშიში ადამიანისთვის. და თუ ეს მატერიალური ძალა, რომელიც მისცა უფალმა, აღმოჩნდება ურწმუნო ადამიანის კანში, ეს არის საშინელი მოვლენა და კატასტროფით დამთავრდება.

ტროპარში ჩვენ ვკითხულობთ: “მთასა ზედა ფერი იცვალე ქრისტე ღმერთო და უჩვენე მოწაფეთა შენთა დიდება შენი ძალისაებრ მათისა”. მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ წაიყვანა სამი მოწაფე: პეტრე, იაკობი და იოანე მთასა ზედა თაბორსა და მოწაფეთა იხილეს უფალი გაბრწყინებული. მისი სამოსელი იყო ელვარე და მასთან ერთად გამოეცხადა მათ მოსე და ილია და საუბრობდნენ მაცხოვართან. და აი, სწორედ ტროპარში სწერია: “უჩვენე დიდება ძალისაებრ მათისა”. ესე იგი მოწაფეებს მხოლოდ ამის დანახვა შეეძლოთ, უფრო მეტი რომ ეჩვენებინა უფალს, ისინი ვეღარ იცოცხლებდნენ, ამიტომ ვამბობთ ტროპარში, რომ ეს იყო ძალიან მცირე იმ დიდებისა, რომელიც გააჩნდა უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს, როგორც ძესა ღვთისასა.

სახარებაში წერია, რომ ღრუბელი ჩამოვიდა ციდან, შეშინდნენ მოციქულები და ღრუბლიდან მოესმათ ხმა: ესე არს ძე ჩემი საყვარელი, მისი ისმინეთ. პეტრე მოციქული, როგორც უფროსი, როგორც ყველაზე თავდადებული უფლისათვის, ეუბნება უფალს: ვქმენთ ჩვენ სამ ტალავარ, ერთი შენ, ერთი მოსესა და ერთი ილიას. ესე იგი სამი კარავი გავმართოთო: ერთი შენ, ერთი მოსესა და ერთი ილიას. სახარებაში წერია, რომ არ იცოდა რა უნდა ეთქვა და ისე თქვაო. სინამდვილეში იცოდა, იმიტომ, რომ სადაც იქნებოდა კარავი უფლისა, მოსესი და ილიასი, იქ მოციქულებსაც ექნებოდა ადგილი. პეტრე მოციქული ამით ამბობს, რომ მას უნდოდა გაგრძელებულიყო ეს ხილვა.

ჩვენ დღეს შევთხოვთ უფალს, რომ მოგვცეს მადლი, ძალა… ის ძალა და ძლიერი ხედვა, რომლითაც ჩვენ დავინახავთ უფალს, დავინახავთ სიწმიდესა და ეკლესიას. ეკლესია არის კარიბჭე სასუფევლისა.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!

ღმერთმა გაამთლიანოს საქართველო! მე იმედი მაქვს, რომ ეს მალე მოხდება ღვთის ძალით და შეწევნით.

სალომე ლილუაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები