მთავარი » დღესასწაულები

სადღესასწაულო ქადაგება (12.07.2012)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.07.2012 | 2,533 ნახვა

პეტრე-პავლობის დღესასწაული

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია ll
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. ჩვენთან არს ღმერთი.

პეტრე-პავლე ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – პეტრე-პავლობას. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ლოცვითა წმიდანთა, მოციქულთა – პეტრესი და პავლესი, ღმერთმა მოანიჭოს სოფელსა მშვიდობა, სულთა ჩვენთა დიდი წყალობა და ცხონება.

თქვენ კარგად იცით ამ წმიდანთა ცხოვრება. პეტრე მოციქული მებადური გახლდათ, თევზს იჭერდა და ამით არსებობდა. პავლე მოციქული იყო განათლებული, მას ჰქონდა მაღალი წოდება… ფაქტობრივად, ეს ორი პიროვნება ერთმანეთის მტრები იყვნენ. ორივე ეძიებდა ჭეშმარიტებას, მაგრამ ერთი მათგანი ცდებოდა, სავლე – როგორც ერქვა პავლეს, ქრისტიანების მდევნელი იყო. უფალმა სასწაულებრივად მოაქცია სავლე, რადგან იგი ხედავდა, რომ სავლე – მომავალი დიდი მოღვაწე და მქადაგებელი იქნებოდა.
პეტრე ჯვარს აცვეს, პავლეს თავი მოჰკვეთეს. რატომ მოხდა ეს? იმიტომ რომ ორივემ იწამა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, როგორც ძე ღვთისა, როგორც მესია, რომელსაც მთელი ისრაელი ელოდებოდა.

მსურს, ორიოდე სიტყვა ვთქვა ადამიანების დამოკიდებულებაზე. პეტრე და პავლე მტრები იყვნენ და ძმები გახდნენ. ჩვენს ცხოვრებაშიც ხდება ასეთი შემთხვევები. ხშირია, როცა ადამიანი ვერ უგებს მეორეს, მისი გონება დახშულია, სულ სხვადასხვანაირად მსჯელობენ და ფიქრობენ. არის შემთხვევა, როდესაც ადამიანი ლაპარაკობს და წინასწარ გრძნობს რომ ამბობს არა სიმართლეს, არამედ სიყალბეს. ვისაც ელაპარაკება, ისიც ხედავს, რომ ის სიმართლე არაა, მაგრამ თქმა არ შეუძლია, იმიტომ რომ შეპყრობილია შიშისაგან.

ჩვენ რთული პერიოდი გველოდება საქართველოში. ოქტომბრის თვეში საპარლამენტო არჩევნებზე ყველა უნდა გავიდეს და ხმა მისცეს. დგება ის დრო, როდესაც ადამიანმა ადამიანს შეიძლება შეურაცხყოფაც კი მიაყენოს. დგება დრო, როდესაც ტალახი უნდა შეასხან ერთმანეთს. მე თქვენდამი დიდი პატივისცემით, მინდა ვთხოვო ერთ მხარესაც და მეორესაც, რომ არავითარ შემთხვევაში შეურაცხყოფა არ მიაყენოთ ერთმანეთს, არ უნდა გაბედოთ, არ უნდა იკადროთ ისეთი სიტყვების თქმა, რომლისაც შემდეგ შეგრცხვებათ. თქვენ შეგიძლიათ ბევრი ილაპარაკოთ თქვენს პროგრამაზე, კონცეფციაზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ტალახი არ უნდა შევასხათ ერთმანეთს. უნდა გაიგოს მთელმა მსოფლიომ, რომ ჩვენ ვართ დიდი კულტურის ქვეყანა და ვისწრაფით დემოკრატიისაკენ. მე იმედი მაქვს, ღმერთი მომადლებს საქართველოს მშვიდობას და სულთა ჩვენთა დიდსა წყალობას.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ. უფალმა ინებოს, რომ აღსრულდეს ნება ღვთისა.

მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ეკლესია არის ჩვენი დედა, როგორც დედას არ ემატება ცუდი არც ერთი შვილისთვის, ისეა ეკლესიაც. ჩვენ ძალიან ხშირად გვსაყვედურობენ, რომ არ ვართ ერთ ან მეორე მხარეს. ჩვენ არავის მხარეს არ ვართ, ჩვენ ჩვენი ერის მხარეს ვდგავართ. ჩვენი ერი, ის დემოკრატია თუ რესპუბლიკელი, ავაზაკია თუ მკვლელი, ყველანი ჩვენი შვილები არიან, ყველას უნდა დავეხმაროთ. ასეთია მისია და დანიშნულება ეკლესიისა.

ღმერთმა დაგლოცოთ. ღმერთმა მოგვცეს ჩვენ ყველას გონება საღი, გული ღია და მოსიყვარულე.
ჩვენთან არს ღმერთი.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი