მთავარი » ქრისტიანობა

მართლმადიდებლობის ზეიმი – სადღესასწაულო ქადაგება (09.03.2014)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.03.2014 | 1,865 ნახვა

9 მარტს სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული – მართლმადიდებლობის ზეიმი მიულოცა საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი).

მეუფე დანიელმა დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ეკლესია ამ დღეს ხატთმებრძოლობაზე გამარჯვებასა და ხატთა თაყვანისცემას აღნიშნავს. მეუფე დანიელი მართლმადიდებლობის ზეიმის დღესასწაული VII მსოფლიო საეკლესიო კრების შემდგომ დაწესდა.

“გახსოვთ ეკლესიის ისტორიიდან, რომ VII მსოფლიო საეკლესიო კრება იყო ხატმებრძოლეობის, მწვალებლობის საწინააღდეგოდ. ამ კრებამ კიდევ ერთხელ დაამოწმა, რომ ხატის თაყვანისცემა, ეს არის ღვთისგან დადგენილი ჭეშმარიტი მსახურება იმ წმინდანებისა და უფლისა, რომელნიც გამოსახული არიან ხატებზე. ეს იყო კიდევ ერთი მცდელობა ბოროტი სულისა, რომ ეკლესიაში, რომელშიც ყველაფერი ხდება ღვთის გამოცხადების საფუძველზე, შესულიყო ცვლილება და ადამიანს, თავისი ადამიანური გონებით, ღვთის ნება და ღვთაებრივი სწავლება დაერღია. ეს არ მოხდა. ეკლესიამ ცდომილება ამხილა და ამის შემდგომ დაადგინა დღესასწაული, რომელსაც მართმადიდებლობის ზეიმს ვუწოდებთ.

დღესასწაული გულისხმობს, რომ ღვთისგან მოცემული ჭეშმარიტი სარწმუნოება, ცოდნა ღვთის, სამყაროსა და ადამიანის შესახებ, უფლის დახმარებით, არ იქნება შეცვლილი, არ იქნება შერყვნილი, ვერავითარი ძალა მას ვერ შეცვლის. ყოველთვის დედამიწაზე, ვიდრე მეორე მოსვლამდე, ადამიანებს ექნებათ გეზი, გზა – ღვთისკენ მიმავალი, უცდომელი, რომელიც მიიყვანს ღმერთთან, რომელიც არ იქნება გამრუდებული. ამ ჭეშმარიტ გზას, ჭეშმარიტ სწავლებას და მის სიწმინდეს ეკლესია იცავს. თქვენ გახსოვთ სახარებიდან უფლის სიტყვები: კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას”, – ბრძანა მეუფე დანიელმა.

მიტროპოლიტის თქმით, როცა ბოროტი ძალა გარე საშუალებებით ვერ ერევა ეკლესიას, ცდილობს, მცდარი სწავლება ეკლესიის შიგნით შემოიტანოს.

“ეკლესია ეს არის ღვთისგან დადგენილი ინსტიტუტი, სადაც შეერთებულია ღვთაებრივი და ადამიანური ბუნება. პავლე მოციქული ბრძანებს, რომ ეკლესია არის სხეული ქრისტესი, ხოლო უფალი ჩვენი იესო ქრისტე, თქვენ იცით, რომ არის ღმერთკაცი, არის ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი ადამიანი. ამიტომ ეკლესია ეს არის სწორედ ღმერთისა და ადამიანის ერთობის, მარადიული კავშირის ადგილი. ვინც ეკლესიაში შევა, ის შეერთებულია უფალთან. ამიტომაც პავლე მოციქული ამბობს, რომ ჩვენ ვართ ასონი გვამისანი – ეკლესიის, როგორც ქრისტეს გვამის, სხეულის ნაწილები. ჩვენშიც, ჩვენს ადამიანურ ბუნებას უერთდება ღვთაებრივი ბუნება, როცა ჩვენ ვხდებით ეკლესიის წევრები. სწავლება, რომელსაც მიჰყავს ადამიანი ღმერთთან, თუ იქნება შეცვლილი, მაშინ ავცდებით ღვთისკენ მიმავალ გზას. რასაკვირველია, ბოროტი ძალა, როცა გარე საშუალებებით ეკლესიას ვერ ერევა, ვერ აფერხებს ეკლესიის წევრების ეკლესიიდან მოწყვეტას, ცდილობდა და ცდილობს, მცდარი სწავლება ეკლესიის შიგნით შემოიტანოს და შესაბამისად, გზა-კვალი აურიოს ღვთის მადიდებელ, მორწმუნე ადამიანებს. მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან იცავს თვით უფალი და ეკლესია იმარჯვებს ყოველგვარ ცდომილებაზე. სწორედ ამ ცდომილებაზე გამარჯვების დღესასწაულია მართლამდიდებლობის ზეიმი”, – ბრძანა მეუფე დანიელმა.

მიტროპოლიტის თქმით, ბედნიერია საქართველოს მართლამადიდებელი ეკლესია, რომ მთელი მისი ისტორიის მანძილზე მასში ადგილი არ ჰქონია მწვალებლობას, განხეთქილებას. ეს არის უდიდესი სიმდიდრე ჩვენი ეკლესიისა და ამას სჭირდება გაფრთხილება, ცოდნა ჩვენი ჭეშმარიტი სარწმუნოებისა და განუხრელი დაცვა.

როგორ მეუფე დანიელმა ქადაგებისას აღნიშნა, მისი უწმინდესობა დღეს სწირავს კონტანტინოპოლში, სადაც მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურები და დელეგაციები არიან შეკრებილი.

“ეს არის უდიდესი მოვლენა მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურები ერთად ლოცულობენ. მათი ლოცვა განსაკუთრებით განამტკიცებს მართლმადიდებელ ეკლესიას, მის სამღვდელოებასა და მრევლს.
ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ დღეს კონსტინტინეპოლში ეს წირვა აღსრულდა და მისი უწმინდესობაც მონაწილეობს. მისი ლოცვა განსაკუთრებულად ეხმარება დღეს საქართველოს”, – აღნიშნა მეუფე დანიელმა.

იხილეთ ქადაგება სრულად:


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი