მთავარი » ქრისტიანობა

ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება – სადღესასწაულო ქადაგება (04.12.2014)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.12.2014 | 1,911 ნახვა

4 დეკემბერს სიონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ტაძარში შეკრებილ მრევლს ტრადიციული ქადგებით მიმართა და ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაული მიულოცა.

სიონი

უწმიდესმა დღესასწაულისა და ტაძრის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

“ტაძარი ეს არის კარიბჭე სასუფევლთან. ბედნიერია ის ადამიანი და ოჯახი, რომელიც დგას ამ კარიბჭის წინ, ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც გრძნობს ტაძრის მნიშვნელობას. ტაძარში განსაკუთრებული მადლი ტრიალებს, მადლი სულისა წმინდისა. მე მახსენდება როდესაც ვიწყებდით წმინდა სამების ტაძრის მშენებლობას, როდესაც ჩვენ ტაძრის ასაშენებლად ამოვიღეთ ღრმული, ბევრი ფიქრობდა, რით უნდა ამოვსებულიყო ეს ღრმული, შევძლებდით თუ არა ტაძრის მშენებლობას. ჯერ კიდევ არაფერი არ იყო და ჩვენ უკვე ვგრძნობდით, რომ იმ ადგილზე განსაკუთრებული მადლი ტრიალებდა. მახსენდება ის დღეები, როცა ხალხს წასვლაც კი არ უნდოდა იქიდან. ღმერთმა ამოავსო და აგვიშენა ეს ტაძარი და ამასთან ერთად – ჩვენმა ხალხმა. ეს გახდა წმიდა სამების ტაძარი. საერთოდ რასაც აკეთებს ადამიანი, არის მისი ავტოპორტრეტი, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალა სულისა წმიდისა უხვად არის გადმოსული საქართველოზე. ყოვლადწმინდა სამების ტაძარი უფალმა აგვაშენებინა”, – აღნიშნა უწმინდესმა.

პატრიარქმა ქადაგებისას ასევე გაიხსენა თავისი ბავშვობა, როგორ ემზადებოდნენ მისი მშობლები შაბათ-კვირას ტაძარში წასასვლელად. უწმინდესმა ასევე გაიხსენა ვლადიკავკაზში წმინდა ილია წინასწარმეტყველის ტაძარი და ტაძრის ეზოში დასაფლავებული წარმოშობით ბერძენი წმინდა ანასტასია ანდრეევას საფლავი. უწმინდესის თქმით, იგი სასწაულმოქმედი ადამიანი იყო და 1932 წელს გარდაიცვალა.

უწმიდესმა მრევლს მოუთხრო, თუ როგორ იხილა ერთხელ წირვის შემდეგ მისმა დედამ და ასევე 17 ადამიანმა ანასტასიას საფლავზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მაცხოვრით ხელში.

პატრიარქმა დღევანდელი ქადაგებისას გაჭირვებულ ხალხზეც ისაუბრა. უწმინდესმა აღნიშნა, რომ საპატრიარქოში მასთან ხშირად მიდიან ისეთი ადამიანები, რომლებმაც ბანკში სესხის გამო სახლები დაკარგეს. უწმინდესმა ბანკების ხელმძღვანელებს მიმართა, ზამთარში მაინც ნუ გამოასახლებენ ამ ადამიანებს თავიანთი საცხოვრებლებიდან.

“მინდა გაჭირვებული ხალხის მდგომარეობას შევეხო. ხალხმა ბანკებში სესხები აიღეს და სახლები ჩადეს. ბანკს გამოყავს სახლიდან და უპატრონოდ რჩებიან ამ შუა ზამთარში. მინდა ვთხოვო ყველა ბანკის ხელმძღვანელს, ზამთარში მაინც ნუ გააკეთებენ ამას. მოდიან შემდეგ ეს ხალხი საპატრიარქოში და ამის გამო ტირიან. ვთხოვთ ბანკების ხელმძღვანელებს დაეხმარონ, აპატიონ ან სახლი არ იყოს გაყიდული”, – აღნიშნა უწმინდესმა.

უწმინდესი ქადაგებისას ბოლო პერიოდში მოსახლეობაში გამოვლენილ აგრესიასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ხალხს აგრესია მოედო და მათთვის სიმშვიდე და მოთმინება ითხოვა უფლისგან.

“დღეს აგრესია ძალიან მოედო ხალხს, ახალგაზრდობას. არის მკვლელობა, შეურაცხყოფა. ღმერთმა მოგვცეს ჩვენ მოთმინება და სიმშივდე. ღმერთმა მოგვცეს მადლი ღვთისა უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი. დალოცვილი და გახარებული იყავით. ჩვენთან არს ღმერთი!”- ბრძანა პატრიარქმა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი