13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიქრისტიანობადღესასწაულებისადღესასწაულო ქადაგება (04.03. 2012)

სადღესასწაულო ქადაგება (04.03. 2012)

მართლმადიდებლობის ზეიმი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. ჩვენთან არს ღმერთი!

ილია მეორე ყველას გილოცავთ მარხვის პირველ კვირას. ეს კვირა მუდამ ძნელია,მუდამ მძიმეა, იმიტომ, რომ ადამიანი შეეჩვიოს სულიერ მოღვაწეობას, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ უფალი მოწყალეა და თავისი წყალობით ჩვენს ცოდვებს დაფარავს.

ამ კვირას მართლმადიდებლობის ზეიმი ეწოდება. VII-VIII საუკუნეებში ხატების წინააღმდეგ ბრძოლა არსებობდა. ზოგიერთი სასულიერო პირიც კი ამბობდა, რომ ხატი – ეს კერპია და არ შეიძლება თაყვანი ვცეთ. წმიდა მამები ამბობდნენ, ხატი – ეს არის სარკმელი, რომლის საშუალებითაც ჩვენ პირველ სახეს ვხედავთ. ჩვენ საღებავებს და ფიცარს კი არ ვეამბორებით ან თაყვანს ვცემთ, არამედ ამის საშუალებით პირველ სახეს ვუკავშირდებით.

ბიზანტიის დედოფალმა სამღვდელოების კრება მოიწვია, სადაც გამოცხადებული იყო, რომ ხატს თაყვანი უნდა ეცეს და მას შემდეგ გამოცხადდა მართლმადიდებლობის ზეიმი.

რა არის მართლმადიდებლობა?

მართლმადიდებლობა – ეს ურთულესი საკითხია, მაგრამ უნდა ვთქვათ, ეს ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიაა. ამ შემთხვევაში “კათოლიკური” იგულისხმება როგორც – საყოველთაო.

როცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქად მაკურთხეს, ქართველებმა კი იცოდნენ თუ რას ნიშნავდა “კათალიკოსი”, მაგრამ სხვა ერების წარმომადგენლები ფიქრობდნენ, კათოლიკე ხომ არ ვიყავი.

ქართველი ხალხი სადაც არ უნდა იყოს, ის სულიერად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქზე უნდა იყოს დამოკიდებული.

ამ დღესასწაულს, მართლმადიდებლობის ზეიმს თავისი კავშირი აქვს ჩვენთან.

მსოფლიოს საპატრიარქომ 1990 წელს ოფიციალურად ცნო და აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობა. ამავე წლის 4 მარტს, მართლმადიდებლობის დღესასწაულის დღეს, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა ყოვლადუწმიდესმა დიმიტრიოსმა საზეიმო ვითარებაში გადმოგვცა მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების, და საქართველოს უწმიდესი ეკლესიის მეთაურის საპატრიარქოს ტიტულის ცნობისა და ბოძების სიგელები.

თქვენ იცით, რომ საქართველომ ავტოკეფალია V საუკუნეში მიიღო. ამ პერიოდისთვის საქართველო ანტიოქიას ეკუთვნოდა. დიდი კანონისტის, ვალსამონის მიერ დაწერილია, რომ ანტიოქიის პატრიარქმა პეტრემ და ანტიოქიის ეკლესიის კრებამ საქართველოს ეკლესიას თავისუფლება და ავტოკეფალია მიანიჭეს.

კონსტანტინეპოლის ეკლესია სხვა აზრის იყო. მას მიაჩნდა და დღესაც მიაჩნია, რომ ავტოკეფალია ან მსოფლიო კრებამ უნდა მიანიჭოს, ან მსოფლიო პატრიარქმა და ეს 1500 წელი გრძელდებოდა. ჩვენ არაერთი შეხვედრა გვქონდა მსოფლიო პატრიარქთან, დიმიტრიოსთან. ეს წმინდა ადამიანი გახლდათ. როცა პატრიარქს ირჩევდნენ, არავის წარმოედგინა რომ დიმიტრიოსს აირჩევდნენ, რადგან სინოდში ყველაზე უკანასკნელი იყო. როდესაც აირჩიეს გამოვიდა სიტყვით და სინოდის წევრებს უთხრა: მე აქამდე ვიყავი თქვენი მორჩილი და ახლაც დავრჩები პატრიარქობის დროს.
ამ დიდებული პატრიარქის ლოცვა-კურთხევით არაერთხელ ჩამოვიდა დელეგაცია, თვითონაც ჩამობრძანდა საქართველოში.

მე თავად გახლდით კონსტანტინეპოლში. ძალიან მძიმე მოლაპარაკებები იყო. ბოლოს პატრიარქმა უბრძანა თავის დელეგაციას, რომ აუცილებლად უნდა გამოენახათ საერთო ენა ქართველებთან.

ამის გარდა, კიდევ წმიდა მირონის საკითხი იყო, რომლის შესახებაც კრება გვქონდა, დადგენილება იყო რომ მირონი საქართველოში უნდა მოიხარშოს და იკურთხოს. მირონის კურთხევა – ეს არის ერთ-ერთი ნიშანი ავტოკეფალიისა. იყო შემოთავაზება, საქართველოში სხვა ქვეყნებიდან შემოგვეტანა მირონი, რაზეც მე ვუპასუხე, რომ ჩვენ ვერ წამოვიღებდით მირონს, რადგან საეკლესიო კრების დადგენილებით მხოლოდ საქართველოში უნდა მოხარშულიყო.

გადაღებულია ფირზე, თუ როგორ აწერს პატრიარქი, მთელი სინოდი ხელს, რომ სცნობენ საქართველოს უძველეს ავტოკეფალიას. ასევე პატრიარქის წოდებას.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს. რომ არ ყოფილიყო ავტოკეფალია, ეროვნული არაფერი გვექნებოდა. არც ხელნაწერები, არც ხატწერა და არც ტაძრები.

ღმერთმა დაგლოცოთ, უფალმა დალოცოს და გაამთლიანოს საქართველო. ღმერთმა მოგვცეს ძალა, არა მარტო იმაზე ვიფიქროთ თუ რას გვაძლევს საქართველო, არამედ იმაზე, ჩვენ რას ვაძლევთ საქართველოს, რას აკეთებ საქართველოსთვის.

როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზე და დადგება დრო, უცხოეთში წასული ქართველები დაბრუნდებიან აქ. ასევე აფხაზეთი და სამაჩაბლო დაბრუნდება, იქნება ერთი სამწყსო და უფალი ჩვენი იესო ქრისტე იქნება მწყემსი ამინ!

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი

ქეთი ჭელიძე

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები