13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარისაზოგადოებასაბავშვო ლიტერატურა სიწრფელითა და სისადავით უნდა გამოირჩეოდეს

საბავშვო ლიტერატურა სიწრფელითა და სისადავით უნდა გამოირჩეოდეს

ნინო ჩხიკვიშვილინინო ჩხიკვიშვილმა პირველი მოთხრობა 1984 წელს ალმანახ “ლიახვის” ფურცლებზე გამოაქვეყნა. პერიოდულ პრესაში სხვადასხვა დროს კრიტიკული სტატიები და რეპორტაჟები აქვს დაბეჭდილი. ავტორია წიგნებისა: “თამაში თამაშის გარეშე”, “ამბავი დიდი სიყვარულისა”, “სარკის რეალობა”. ამჟამად საბავშვო ლიტერატურას იკვლევს. ინტერნეტ-ჟურნალი “ამბიონი” საყმაწვილო მწერლობის დღევანდელი მდგომარეობით დაინტერესდა და ქალბატონ ნინოს სწორედ ამ საკითხზე გაესაუბრა:

– ქალბატონო ნინო, რატომ გადაწყვიტეთ საბავშვო ლიტერატურის კვლევა?

– სულ უბრალო მიზეზის გამო – მეგობარმა, პოეტმა თამარ შაიშმელაშვილმა დამირეკა და ასევე, მეორე პოეტის მარიამ წიკლაურის დანაბარები გადმომცა – იქნებ, რომელიმე საბავშვო მწერალზე, რომელზედაც შენ მოგიხერხდება, წერილი დაწერო და შემდეგ საპატრიარქოს რადიოთი ამ მწერალზე ვისაუბროთო. კი-მეთქი, დავთანხმდი და ჩემს საყვარელ მწერალზე ნინო ბეზარაშვილზე დავწერე პირველი წერილი, შემდეგ, ამ პირველ წერილს მეორე მოჰყვა და ასე აღმოვჩნდი საბავშვო ლიტერატურის წიაღში…

– “აღარ ვოცნებობთ, ჩვენი გონება მხოლოდ ჩვენ მიერ გამოვლილი დღეების შეფასებით არის დაკავებული, იწყება ნამდვილი სიბერე”, – ამბობდა რეზო ინანიშვილი… თქვენი აზრით, რატომ დაავიწყდა ხალხს ოცნება?

– ალბათ იმიტომ, რომ მას, ვისაც ოცნება დაავიწყდა, ის არც არასდროს ყოფილა მეოცნებე და კიდევ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ყოველდღიურმა, დაელმებულმა ყოფითობამ ყველას გადაგვავიწა ის, რითაც გამოირჩევიან ადამიანები ცხოველებისაგან.

– რით გამოირჩევა საბავშვო ლიტერატურა?

– საერთოდ, არ მიყვარს ლიტერატურის ასეთი მკაცრი გამიჯვნა, რადგან კარგი ლიტერატურა საყმაწვილოც კარგია და სადიდოც. ანდა ვაჟა-ფშაველას “შვლის ნუკრის ნაამბობი” მხოლოდ საყმაწვილოა?! ან კიდევ “გულივერის მოგზაურობა”? ქართული ხალხური ზღაპრები რამდენ სიბრძნეს იუნჯებენ? თუმცა რაკი მაინც არსებობს ასეთი დაყოფა ლიტერატურისა, მაშინ ასე ვიტყოდი: საბავშვო ლიტერატურა სიწრფელითა და სისადავით უნდა გამოირჩეოდეს სადიდო ლიტერატურისგან და როცა საყმაწვილო ლიტერატურაში იწყებს მუშაობას მწერალი, ის უკვე დაოსტატებული უნდა იყოს.

– რა პრობლემის წინაშე დგას დღეს საბავშვო ლიტერატურა?

– დღეს ქართული საბავშვო ლიტერატურა ისევე, როგორც საერთოდ ლიტერატურა ერთი დიდი პრობლემის წინაშე დგას: არ უნდა მოწყდეს ფესვებს და არ უნდა დაივიწყოს საკუთარი ენა!

– რა უნდა იყოს საბავშვო მწერლობის დანიშნულება?

– საყმაწვილო ლიტერატურა მოზარდში უნდა აღვივებდეს მოყვასის, უფლისა და ქვეყნის სიყვარულს, რაზედაც დგას ჩვენი მართლმადიდებლური მსოფლმხედველობა. თუ მსგავს გრძნობებს არ აღძრავს ლიტერატურა პატარაში, მაშინ ის ლიტერატურა, ჩემი აზრით, ფუჭია და გასართობი. ასეთი ლიტერატურის კითხვა კი მხოლოდ დროის გასაყვანად და სალაზღანდაროდაა მოწოდებული… და მას არ შეუძლია მოზარდში აღზარდოს მამულიშვილი და კარგი მართლმადიდებელი.

– რა ნაწარმოებების კითხვას ურჩევდით ბავშვებს?

– ვიცი ბევს ირონიულად გაეღიმება, მაგრამ მაინც ვიტყვი: ქართველ ბავშვებს და მათ მშობლებსაც ვურჩევდი, კითხვა დაიწყონ თავიდან, ანუ მიჰყვნენ იაკობ გოგებაშვილს. მერე, კი ბატონო, წაიკითხონ უცხოელი კლასიკოსები და ძალიანაც კარგი იქნება, თუ მსოფლიო კლასიკოსებს დედანში წაიკითხავენ, მაგრამ საამისოდ მათ შემეცნებული უნდა ჰქონდეთ ჯერ მშობლიური ლიტერატურა. დაე, მხოლოდ ამის შემდეგ გაეცნონ უცხოურს.

თათია ნავროზაშვილი

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები