13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიქრისტიანობა"ღმერთმა მოგმადლოთ რწმენა!" - დეკანოზი დავით დათუაშვილი

“ღმერთმა მოგმადლოთ რწმენა!” – დეკანოზი დავით დათუაშვილი

დეკანოზი დავით დათუაშვილი (თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი): “მე არ მინდა, რომ შენ მექანიკურად, ან ზედაპირულად მოხვიდე რწმენაში, მაგრამ არც ის მინდა, რომ რწმენის გარეშე დარჩე.

რატომ?

წარმოიდგინე, რომ გარეგნულად მკვიდრად ნაგები და ლამაზი გემით, რომელსაც, შენგან შეუმჩნევლად, ძირიცა და გვერდებიც დაზიანებული აქვს, მიცურავ აღელვებულ, შტორმიან ზღვაში. მამა დავით დათუაშვილი რა თქმა უნდა, შენ გგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება და არც კი ცდილობ, გაერკვე, რა ხდება, თითსაც კი არ ანძრევ გადასარჩენად. პირიქით, უაზროდ და უმიზნოდ ერთობი. არადა გადარჩენა შეიძლება. სულ ახლოს, გვერდით ხსნის ნაპირია – მშვიდი ნავსაყუდელი. განწირულ გემს ტალღები ხან იქით, ხანაც აქეთ ათამაშებს. დაღუპვა თითქმის გარდაუვალია. მხოლოდ შენი გამოფხიზლება, ამოქმედება და გადარჩენის რწმენაა საჭირო.

ვისაც ყური აქვს, ისმინოს!

დაფიქრდი, შვილო! შენ გარშემო სიბილწით, უგუნურებით, ცოდვებით დაცემული წუთისოფლის ზღვაა შენს დასანთქმელად გამზადებული. შენ კი გარეგნულად ლამაზი გემით დაცურავ და გგონია, რომ ყოველთვის ასე იქნება. მაგრამ იცოდე, ძალიან ცდები, შენი ასეთი მდგომარეობა სულიერი კატასტროფით დამთავრდება, განადგურება გარდაუვალია. მაგრამ აქვეა ნაპირი – ხსნის ნაპირი, რომელსაც შენსავით, თავის დროზე, მეც უაზროდ და უზრუნველად დროის მფლანგველმა გავხედე, დავფიქრდი, ავმოქმედდი და მისკენ გავეშურე. ახლა იცი, რა მინდა გითხრა?! არც სხვისი მონაყოლი და არც სხვისგან გაგონილი: ჩემდა გასაკვირად, აღმოვაჩინე უზარმაზარი, საოცარი ნაპირი რწმენის სამყაროსი, სავსე თავისი მოწყალებით, მადლით, სიკეთით, სითბოთი, გულისხმიერებით, ჩემთვის მანამდე უცნობი ადამიანური ურთიერთობებითა და განუზომელი, განუზომელი სიყვარულით.

გონს მოეგე, გამოფხიზლდი, რამდენიმე ნაბიჯზე ეს სამყაროა და შენგან მხოლოდ პირველი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო. გაინტერესებს, როგორი? აი, თუნდაც ასეთი:

ქუჩაში დაინახე პატარა, მშიერი მაწანწალა ბავშვი. ვიდრე ის გთხოვდეს, სადმე თბილი პური ან ფუნთუშა იყიდე და მას, ასევე, უთქმელად მიეცი. ჩახედე ერთი წამით თვალებში და იგრძნობ რაღაც ახალს, გამოუცდელს, თბილს, რომელიც შენში საიდანღაც გადმოიღვრება, ყელში ბურთივით მოგებჯინება და ცრემლი აგიციმციმებს თვალებს. ამ დროს აუცილებლად იგრძნობ საოცარ ნეტარებას, ნეტარებას მოწყალებისა.

შენს მეზობლად ცხოვრობს მოხუცი, სნეული ადამიანი. ისე, რომ არავინ იცოდეს (ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს), წადი ეკლესიაში, აანთე მის სახელზე სანთელი და შენი სიტყვებით ჩუმად შეევედრე უფალს მისი ტანჯვის შემსუბუქებისათვის. ისევ იგრძნობ ახალ, გამოუცდელ ნეტარებას, რომელიც გამოწვეულია სხვისი ტანჯვის გულთან ახლოს მიტანითა და სხვისთვის ლოცვა-ვედრებით. ვიმეორებ: სხვისთვის და არა – შენთვის.

გულზე ხელი დაიდე და მითხარი, რამდენი ხანია გასული მას შემდეგ, რაც შენს მშობელს სიწრფოებითა და სიყვარულით მოეფერე და გულში ჩაიკარი?! ნუ დაკარგავ დროს, ახლავე, ამ წუთში მიდი და ეს გააკეთე. მშობლის თვალები ახალი ნეტარებით აგავსებენ. და ყოველივე ამას მოყვასის სიყვარული ჰქვია.

შვილო, თუ შენ ამ სიტყვების ჭეშმარიტებას იგრძნობ და აღიძვრები ამ სამი მაგალითიდან თუნდაც ერთის შესასრულებლად, ღაღადით გეტყვი, რომ შენში არის რწმენის სანთელი და აუცილებლად გადარჩები. იცოდე, რომ გადარჩენის გზა მხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიისაკენ მიდის და ის იხსნის ადამიანს დაღუპვისაგან. ჭეშმარიტი რწმენა კი იესო ქრისტეშია.

ღმერთმა მოგმადლოს ეს რწმენა! ამინ!”

მსგავსი სტატიები

1 COMMENT

  1. დილამშვიდობის,
    მადლობა სტატიისთვის და იმ თბილი განცდისთვის რაც ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ ვიგრძენი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები