13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიქრისტიანობაღვთისმსახურება - ღმერთთან ურთიერთობის საშუალება

ღვთისმსახურება – ღმერთთან ურთიერთობის საშუალება

სამწუხაროდ, ადამიანები ხშირად ტაძარში ვდგავართ, ლოცვებს ვისმენთ, ღვთისმსახურებას ვუყურებთ, მაგრამ არ ვიცით ამა თუ იმ ღვთისმსახურებაში აღსრულებული ლოცვისა თუ მოქმედების მნიშვნელობა. ეკლესიაში ჩვენი ყოფნა მექანიკურია, ღვთისმსახურება მსახურების სწრაფად დასრულებაზე ვფიქრობთ და შესაბამისად, ჩვენი ტაძარში სიარული უნაყოფოა. რა არის ღვთისმსახურება, რა ცოდნა გაგვაჩნია მართლმადიდებლებს ღმერთის განდიდების საქმეში? გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე გვიმრაძე:

“მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებას 2000 წლოვანი ისტორია გააჩნია, თუმცა მისი საფუძველი ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში იღებს სათავეს. მან განვითარების მრავალი ეტაპი განვლო და დღესაც მიმდინარეობს მისი სრულყოფა. მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, ღვთისმსახურება ღმერთთან ცოცხალი ურთიერთობის საშუალებაა, რომელიც ქრისტეს ეკლესიაში პირველივე დღეებიდან აღესრულებოდა. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, მართლმადიდებლური ღვთისმსახურება გარკვეულწილად ძველი აღთქმის ღვთისმსახურებაზეა დაფუძნებული, შესაბამისად, ღმერთთან ცოცხალი ურთიერთობის საფუძველიც ძველ აღთქმაში უნდა ვეძებოთ. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ძველი აღთქმისეულ ღვთისმსახურებასაც თავდაპირველად ჩამოუყალიბებელი ხასიათი ჰქონდა.

ღვთისმსახურების პირველი გამოვლინება უკვე პირველ ადამიანთანაა დაკავშირებული, სამოთხიდან გამოდევნილი ადამი ხომ პატიებას ღმერთს სთხოვდა, თუმცა უცნობია ამგვარი ღვთისმსახურების ზუსტი იერსახე. ადამის შვილებთან კი ღვთისმსახურების უფრო აშკარა გამოვლინებას ვხვდებით, რასაც მსხვერპლშეწირვის სახე გააჩნია – კაენი და აბელი ხომ თავისი ქონებიდან საუკეთესო ნაწილს ღმერთს შესწირავენ.

მოგვიანებით, ღმერთის შთაგონებით, მოსეს მიერ ებრაელ ხალხს ღვთისმსახურების ზუსტად განსაზღვრული რიტუალები დაუდგინდა. ამავე დროს, მრავალფეროვანი წარმართი ერები ღმერთს თავისი შეგნებით ემსახურებოდნენ. არქეოლოგიური კვლევებიც ადასტურებს, რომ არ არსებობდა ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც ღვთისმსახურების საკუთარი სტილი არ ჰქონოდათ, თუმცა ებრაელთაგან საკმაოდ განსხვავებული. სამწუხაროდ, ძველად ზოგიერთი წარმართული რელიგიის მიმდევრები ღმერთს საკუთარ შვილებს მსხვერპლად სწირავდნენ. მიაჩნდათ, რომ ამ ფორმით ღმერთის წინაშე ვალდებულებას იხდიდნენ და ამის სანაცვლოდ უფლისგან უზრუნველყოფილ ცხოვრებას მოელოდნენ. ქრისტიანობის გავრცელებისთანავე მსხვერპლშეწირვის რაოდენობამ საგრძნობლად იკლო.

საბოლოოდ, კაცობრიობის ისტორიაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ არათუ ყოველ ერში, ტომსა თუ თემში, არამედ ყოველ ადამიანშია ღმერთისკენ სწრაფვისა და შესაბამისად, ღვთისმსახურების სურვილი. ამასთან, ძველი აღთქმის ღვთისმსახურება შემდგომში ქრისტეს მიერ სრულყოფილ სახეს იღებს: “და მიიღო პური, (იესო) ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მათ და თქუა: ესე არს ხორცი ჩემი, თქვენთვის მოცემული; ამას ჰყოფდეთ მოსახსენებლად ჩემდა. ეგრეთვე სასუმელი შემდგომად სერობისა და თქუა: ესე სასუმელი – ახალი სჯული სისხლისა ჩემისაი თქვენთვის დათხეული” (ლუკ.22,19:20).

აღნიშნული სიტყვებით, ქრისტემ ღვთისმსახურების სრულიად ახალი სახეობა დაადგინა, რომელიც თითქმის მთლიანად ცვლის ძველი აღთქმის საღვთისმსახურო მემკვიდრეობას. მისივე სწავლებით ზიარების საიდუმლო მსახურება აუცილებელია ნებისმიერი ცხონების მსურველი ადამიანისთვის: “ამინ, ამინ, გეტყვი თქვენ: უკუეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისაი და სუათ სისხლი, არა გაქუნდეს ცხოვრებაი თავთა შორის თქვენთა, ხოლო რომელი სჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხოვრებაი საუკუნოი, და მე აღვადგინო იგი უკანასკნელსა მას დღესა” (იოან.6,53:54).

ქრისტეს მხრიდან ახალი მსახურების დადგინებას შეერწყა ძველი აღთქმისეული საღვთისმსახურო ელემენტები (რომელსაც ქრისტე თავადაც აღასრულებდა მათე 26:30), შემდგომში წმიდა მამათა მიერ დაემატა სხვადასხვა ლოცვები, საგალობლები და მივიღეთ წირვა-ლოცვის დღევანდელი სახე.

ქრისტიანობაში დღეს ჩვენ უკვე გვაქვს მრავალფეროვანი და ჰარმონიული ღვთისმსახურება. მართლმადიდებლურ ეკლესიაში არც ერთი მოქმედება გაუაზრებლად არ აღესრულება, ამიტომ თუ ვცდილობთ, ვიყოთ ნამდვილი ჭეშმარიტი მორწმუნენი, მისი არსი კარგად უნდა შევითვისოთ. თუ არ გვესმის რას ნიშნავს სახარების გამობრძანება, დიდი გამოსვლა, თითოეული ლოცვა, ჩვენი ღვთისმსახურებაში ჩართულობის ხარისხი დაბალია.

ვინ არის ღვთისმსახური, ღვთისმეტყველი?

ნამდვილი ღვთისმსახური ისაა, ვინც ცოცხალ ღმერთს იცნობს და განიცდის. მაგალითად, მეცნიერების დარგში დაწინაურებულ პიროვნებას, აკადემიკოსს თუ პროფესორს, მინიჭებული სტატუსი კონკრეტულ დარგში არსებული ცოდნისა და დამსახურების გამო გააჩნია. ჩვენ როგორ უნდა გავხდეთ ქრისტიანები, თუ ღმერთის შესახებ არ გვექნება ცოდნა, მასთან ურთიერთობის საკმარისი გამოცდილება? ჩვენ მიერ აღსრულებული თითოეული ღვთისმსახურება ღმერთთან ურთიერთობის ახალი გამოცდილებაა. უნდა ვეცადოთ, ნელ-ნელა ჩავუღმავდეთ მას, არ გავხდეთ ღვთისმსახურების მხოლოდ გარეგნულად აღმსრულებლები, რათა სულიერად არ გამოვიფიტოთ. ტაძარში მოვალეობის მიზნით კი არ უნდა ვიაროთ, არამედ სულიწმიდის მადლის მოსაპოვებლად.

თავად მართლმადიდებელ ეკლესიაში აღსრულებული თითოეული ღვთისმსახურება იმგვარად არის დადგენილი, რომ მასში მონაწილე მორწმუნე არა მარტო გულში ჩამწდომი, ჰარმონიული ლოცვებისა და საგალობლების მოსმენის სურვილით აენთოს, არამედ თავად მსახურების არსი და ადამიანისადმი ღვთის განსაკუთრებული მზრუნველობა და სიყვარული მაქსიმალურად განჭვრიტოს.

მაგალითად, თუ ნათლობის საიდუმლოს ვერ გავაცნობიერებთ, მაშინ ვერც ქრისტეს მოვლინების, ჯვარცმის, აღდგომის მნიშვნელობას ჩავწვდებით, ვერც ნათლობის განმწმენდელ ძალას შევიგრძნობთ, ვერც ღმერთისადმი ჩვენ მიერ მიცემულ პირობას გავითავისებთ და ფაქტობრივად, სიკეთის ნაცვლად უმეტესი სასჯელის ღირსი შევიქმნებით. იგივე უნდა ითქვას ქრისტეს ეკლესიაში აღსრულებულ ნებისმიერ მსახურებაზე, განსაკუთრებით საიდუმლოებებზე.

მამა დიონისე, როგორ უნდა მოვიქცეთ ტაძარში?

ღვთისმსახურებაზე მოსული ადამიანის გონება ხშირად სხვაგან დაჰქრის და ზოგჯერ საკუთარ თავს საუბრის უფლებასაც კი აძლევს. დიდი დანაშაულია, როდესაც ტაძარში მოსული მართლმადიდებელი ქრისტიანი საუბრობს. ღვთისმსახურების დროს ხომ ყველაზე ახლოს ვართ ღმერთთან, ჩვენ კი მას ზურგს ვაქცევთ და სხვასაც ხელს ვუშლით მასთან ურთიერთობაში. დავუკვირდეთ, როგორ ვემზადებით უფროსთან შეხვედრისთვის, ვისზეც ჩვენი სამსახურეობრივი მომავალია დამოკიდებული, ვწესრიგდებით, ლამაზად ვიცვამთ… წინასწარ ვფიქრობთ როგორ მოვაწონოთ თავი, რით ვასიამოვნოთ, როგორ მოვიპოვოთ ნდობა. ტაძარში მისვლისას კი ისე ვკადნიერდებით, რომ ზოგჯერ გარეგნულადაც შეუფერებლად ჩაცმულები მივდივართ. მაგალითად, ძველად ზოგიერთი ბერი საჭიროდ არ მიიჩნევდა სუფთა და მოწესრიგებული ტანსაცმლის ჩაცმას, მაგრამ ღვთისმსახურებისთვის ყველას განსაკუთრებული სამოსი ჰქონდა, რომლითაც ღმერთის წინაშე წარსდგებოდნენ.

უნდა გვახსოვდეს, პირველ რიგში, ღვთისმსახურება, მასში აღვლენილი სადიდებელი, სავედრებელი და სამადლობელი ლოცვები ჩვენ გვჭირდება, რადგან ღმერთს თავისთავად არაფერი აკლია.

მსახურებაზე ყოველი სიტყვა და მოქმედება დიდ სულიერ დატვირთვას ატარებს, ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ეს ყოველივე გავიაზროთ და შესაბამისი განწყობილება შევიქმნათ. თუ ეს ვერ მოვახერხეთ, ღვთისმსახურებაზე დგომა უსარგებლოა.

აქედან გამომდინარე, ტაძარში – ღვთის სახლში შესვლა, ჩვენთვის მადლის საუნჯესთან შეხებას უნდა ნიშნავდეს. მეფესთან საგანგებოდ მოწვეული არც ერთი ადამიანი მასთან პირისპირ წარდგომისას უყურადღებობას, უკრძალველობასა და გულგრილობას არ გამოხატავს, მით უმეტეს, რა ითქმის ყოველი სიკეთის მომნიჭებელ უფალთან მიახლების ჟამს. ქრისტე ხომ გვპირდება კიდეც: “მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ” (მათ.11:28).

თეონა ნოზაძე

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები