13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარისხვადასხვაღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა

2 ივნისს გამოფენების ცენტრ “ექსპო ჯორჯიას” ტერიტორიაზე, მე-11 პავილიონში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-4 საერთაშორისო გამოფენა ჩატარდა.

ღვინოპავილიონში 38 საგამოფენო სტენდზე წარმოდგენილი იყო 60 სხვადასხვა ორგანიზაცია შემდეგი მომსახურებითა და პროდუქტით: ღვინო, შუშხუნა ღვინოები, სპირტიანი სასმელები, საწარმოო დანადგარები, შესაფუთი ტექნოლოგიები, ინგრედიენტები, დანამატები, სასუქები, ვაზისა და ვენახის მოვლის ტექნიკა, ნერგები, აქსესუარები და სხვა.

გამოფენას სტუმრობდა პროფესიონალ ვიზიტორთა ჯგუფი სხვადასხვა ქვეყნებიდან – ექსპორტიორები, იმპორტიორები, დილერები, მეცალეები, ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტები, სავაჭრო ასოციაციები და ა.შ.

გამოფენაზე მისულ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა, დაეგემოვნებინა ქართული და ევროპული ღვინოები, მონაწილეობა მიეღო სხვადასხვა სახის მოყვარულთა დეგუსტაციაში, გაცნობოდა ღვინის ტურებს საქართველოში და დაეთვალიერებინა ქართული ხელნაკეთობის მრავალფეროვნება.

ყველიგამოფენაზე მისულ სტუმრებს აგრეთვე შეეძლოთ დაეგემოვნებინათ ფოკის მონასტრის 10 სახეობის ყველი.

ფოკის წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი დაარსდა 1992 წლის 23 ივლისს ჯავახეთში, ნინოწმინდის რაიონის სოფელ ფოკაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მიერ. სოფელი ფოკა მდებარეობს ფარავნის ტბასთან, ალპურ ზონაში, 2100 მეტრ სიმაღლეზე. გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ ადგილას შემოვიდა წმიდა ნინო საქართველოში და გამოჰყვა ტბიდან გამომავალ მდინარე ფარავანს მცხეთისკენ. XI საუკუნეში ამ ადგილას ააგეს წმ. ნინოს სახელობის ბაზილიკა, რომელიც მონასტრის მიერ რესტავრირდა 2005 წელს.

დედა რებეკა ხოსიტაშვილი: “ჯავახეთში ოდითგანვე მისდევდნენ მესაქონლეობასა და მიწათმოქმედებას. შავმიწა ნიადაგი და ალპური ბალახი საუკეთესო პირობებს ქმნის შესაბამისი დარგების განვითარებისთვის.ყველი XVII საუკუნიდან რეგიონში გამოჩნდნენ კათოლიკე მისიონერები, რომელთაც ქადაგებასთან ერთად ევროპული ყველის ტრადიცია შემოიტანეს. აღმოჩნდა, რომ ჯავახეთში წარმოებული ყველი არაფრით ჩამოუვარდება საუკეთესო ფრანგულ ყველს. ამისთვის საჭირო გახდა ყველის წარმოებისას შესაბამისი სტანდარტების დაცვა.

მონასტერმა დაარსების დღიდან დაიწყო ფიქრი და მუშაობა ადგილობრივი, ევროპული ტიპის ყველის შესაქმნელად. რძის ხარისხის, სეზონის, კლიმატური პირობებისა და სხვა მრავალი პარამეტრის მრავალწლიანი გამოცდის შედეგად მონასტერმა შეძლო მიეგნო მეთოდისთვის, რომლის საშუალებითაც გააკეთა გენიალური ყველი – ჯავახური ცისფერი კეთილშობილი ობით.

მონასტერში ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა წარმოებული ყველის ასორტიმენტის გაზრდისა და სტანდარტიზაციისთვის. დღეისთვის წარმოდგენილია ათი დასახელების ყველი, რომელთა მომზადებასაც განსხვავებული დრო და სეზონი ესაჭიროება. 1 ივლისს გაიხსნება მაღაზია მონასტრის ტერიტორიაზე, სადაც შესაძლებელი იქნება ყველის დეგუსტაცია და ყიდვა.

მონასტრისთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს არა მხოლოდ წარმოებული პროდუქციით, არამედ იმ რეგიონით, სადაც ურთულეს პირობებში მიმდინარეობს შრომა, მშენებლობა და განვითარება. გვსურს, ხალხი ჩაერთოს ჯავახეთის განვითარებისა და აღორძინების საქმეში”.

შეგახსენებთ, გამოფენის ორგანიზატორი გახლავთ გამოფენების ცენტრი “ექსპო ჯორჯია”. ოფიციალური მხარდამჭერები არიან: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო და მისი ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის პროგრამა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და თბილისის მერია, ქართული ღვინის ასოციაცია და ღვინის კლუბი, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-4 საერთაშორისო გამოფენა 4 ივნისამდე გაგრძელდება.

ქეთი ჭელიძე

მსგავსი სტატიები

5 COMMENTS

  1. ძალიან საინტერესოა (და რაც მთავარია გემრიელია) ფოკის დედათა მონასტრის სხვადასხვა სახეობის ყველი: ღვინოში დაობებული, ლუდში დაობებული, სტაფილოს წვენში შენახული, პიტნაში და ა.შ. სამწუხაროდ გამოფენა მხოლოდ მოსაწვევებითაა. თუ საშუალება გაქვთ აუცილებლად ეწვიეთ.

  2. გირჩევთ ეწვიოთ გამოფენების ცენტრ ” ექსპო ჯორჯიას” არ ინანებთ :)

  3. ნინი დღეს მოსაწვევებით იყო მხოლოდ და მემგონი დანარჩენი დღეებიც ეგრე იქნება.

  4. ღვინო და ყველი შესანიშნავი შეხამებაა. “ექსპო ჯორჯიაში” საუცხოო ყველის და ხარისხიანი ღვინის დაგემოვნება გრძელდება…

  5. მმმმ..უგემრიელესი იყო ყველაფერიი…))განსაკუტრებით აბულის ყველი მომეწონა..)) საუკეთესო ხარისხის ღვინოებზე აღარაფერს ვამბობ.))

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები