მთავარი » ქრისტიანობა

როგორია ჭეშმარიტი აღსარება – არქიმანდრიტი ნექტარიოს ანტონოპულოსი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.07.2021 | 665 ნახვა

აღსარებისა და სინანულის შესახებ მრავალი მცდარი შეხედულება არსებობს. მაგალითად, ბევრი თვლის, რომ აღსარება რაღაც საუბრის მსგავსია, სადაც ჩვენი ცოდვები უნდა განვიხილოთ. მაგრამ მაშინ რაღა საერთო ექნება მას სინანულთან? თუკი შევეცდებით, გაანალიზებას იმისა, თუ რა მიზნით მივდივართ აღსარებაზე, გამოირკვევა, რომ ერთნი დანაშაულის გრძნობის შესამსუბუქებლად მიისწრაფიან მისკენ, სხვებს ღვთის „სასჯელის“ წინაშე შიში უბიძგებს, ზოგიერთები კი არა საკუთრივ მონანიებისთვის მიდიან აღსარებაზე, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ ეზიარონ. ეს ყოველივე მეტისმეტად შორსაა, ან სულაც არაფერი აქვს საერთო მონანიებასა და აღსარებასთან.

აღსარება, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სულის განწმედაა საწამლავისაგან. თუ საწამლავი ადამიანის ორგანიზმში მოხვდება, გადარჩენის ერთადერთი იმედი მაშინვე მისგან გათავისუფლებაა. ასევეა აღსარებაც: ჩვენგან უნდა განვდევნოთ ცოდვის საწამლავი, სხვაგვარად განწირულნი ვიქნებით დასაღუპად. სხვა მაგალითის მოყვანაც შეიძლება: როგორც ავადმყოფი უჩვენებს თავის წყლულებს ექიმს, აღწერს საკუთარ ტკივილებს და არაფერს მალავს, ასევე უნდა მოვიქცეთ აღსარებაზე. უნდა გავაშიშვლოთ ჩვენი სული და თვალსაჩინო გავხადოთ მისი ჭრილობები. თუ ასე არ მოვიქცევით, მაშინ აღსარებიდან ისე წავალთ, რომ განკურნებას ვერ მივიღებთ. სულიერი წყლულები გაიზრდება, ხრწნა და ლპობა გაძლიერდება და სნეულება ძირფესვიანად შეარყევს ჩვენს სულს და სიკვდილამდე მიგვიყვანს. (იგულისხმება ცოდვილის სულიერი სიკვდილი, რასაც ცხონების გზაზე შეიძლება შეუქცევადი ხასიათი ჰქონდეს).

აქედან თვალნათელია, რომ უფალს კი არ სჭირდება ჩვენი აღსარება, არამედ ჩვენ თავადვე ვსაჭიროებთ მას. არ უნდა გვეგონოს, რომ აღსარების თქმით, თითქოსდა ღმერთს რაღაც სამსახურს ვუწევთ. სინამდვილეში ეს ასე არაა. უფალი, როგორც მზრუნველი მამა, მოთმინებით, უსაზღვრო სიყვარულით ელის ჩვენს მოქცევას. ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ თუ დასავლეთის ქრისტიანულ აღმსარებლობებში, რომლებიც ფორმალურ და კანონიკურ ხასიათს ატარებს, სულიერი მოძღვარი და მონანული ერთმანეთისგან რაღაც შირმით არიან განცალკევებულნი, მართლმადიდებელ ეკლესიაში აღსარება სულიერ მოძღვართან უშუალო ურთიერთობის პირობებში ხორციელდება. უნდა ითქვას, რომ მრავალი ადამიანი აღსარებას ამბობს გარემოებების მიხედვით, ანუ აღსარებას აბარებს პირველივე შემხვედრ მღვდელს, ამიტომ მას ყოველთვის სხვადასხვა მღვდელთან უწევს საკუთარი ცოდვების აღიარება. ასეთ აღსარებას სრულყოფილი ხასიათი არა აქვს, მსგავსად იმისა, თუ ყოველ ჯერზე შევიცვლით ექიმს, სხეულის მკურნალობა სრულფასოვანი ვერ იქნება. ჩვენი სულიერი მოძღვარი ერთადერთია, ვინც იცის „დაავადების ისტორია“, ჩვენი უწინდელი ცოდვები, „სნეულების“ მიმდინარეობის თავისებურებები – მას ერთადერთს შეუძლია ეფექტური დახმარების გაწევა.

ზოგიერთებმა მოირგეს ე.წ. „ორი კარი“, ანუ მათ მუდმივად ჰყავთ ერთი სულიერი მოძღვარი, მაგრამ როცა რაიმე მძიმე ცოდვას ჩაიდენენ, სირცხვილის გამო საკუთარ მოძღვართან აღსარებას გაურბიან და სხვასთან მიდიან. ეს ბავშვური საქციელია და საიდუმლოს დაცინვას წარმოადგენს, რაც ცხადყოფს, თუ რამდენად შორს ვართ ჭეშმარიტი სინანულისაგან. აუცილებელია ერთი სულიერი მოძღვრის ყოლა, ვინაიდან სასუფევლისაკენ მიმავალი გზა ასე ბევრად უფრო უსაფრთხო იქნება. რა თქმა უნდა, არსებობს სიტუაციები, როცა იძულებულნი ვხდებით, შევიცვალოთ მოძღვარი. მაგრამ ამ საკითხს ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ, შინაგანი მიზეზების ყურადღებით გამოწვლილვის შემდეგ.

მოამზადა ნათია თარაშვილმა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 51(259), 2003 წ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი