მთავარი » სხვადასხვა

როგორ ვმართოთ ემოციები?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.06.2012 | 22,535 ნახვა

რა არის ემოცია, რატომ არიან ადამიანები ემოციურები და როგორ მოვიქცეთ გადაჭარბებული დადებითი ან უარყოფითი ემოციის შემთხვევაში?

მართა სიხარულიძე (ფსიქოლოგი): ემოცია “სიტყვა “ემოცია” რთული გრძნობების გამოსახატად გამოიყენება. ეს პიროვნების შინაგანი მდგომარეობაა და მიმართულია გარკვეული საგნისაკენ.

ემოცია მრავალფეროვანია, თუმცა შეგვიძლია დადებით და უარყოფით სახეებად დავყოთ. თითოეული ამ სახის ემოციას თავისი დამახასიათებელი გარეგნული გამოხატულება (მიმიკა, ჟესტიკულაცია, მოქმედება) და შინაგანი, ფიზიოლოგიური ცვლილებები ახასიათებს.

პიროვნების ემოციურობა ტემპერამენტზეა დამოკიდებული, თუმცა აქ დიდ როლს ასრულებს მისი აღზრდისა და განვითარების დონე. თუ ადამიანი პიროვნულად სწორადაა ჩამოყალიბებული, ის ფლობს საკუთარ თავს და ემოციურადაც გაწონასწორებულია. ურთიერთობებში წარმოშობილი ბარიერების გადალახვა რთულია. ადამიანებმა უნდა იცოდნენ ფსიქოლოგიური წესები. მათგან უმთავრესია: არ მიაყენო ზიანი სხვას. ამიტომ თავდაპირველად უნდა შეეძლოთ საკუთარი ემოციების მართვა. ხშირად გვესმის: არ უნდა მეყვირა, არ უნდა ავღელვებულიყავი. ეს დასკვნები შემდეგ მოდის, როცა უკვე მომხდარს აანალიზებენ, ამიტომ წინასწარ უნდა განსაზღვრონ საკუთარი რეაქციები”.

რა გავლენას ახდენს დღევანდელი გარემო პირობები ადამიანის ემოციურობაზე?

დღევანდელმა ცხოვრების წესმა მაღალი ემოციური აღგზნებადობა გამოიწვია. თანამედროვე ტექნიკური მიღწევების – ტელევიზორის, კომპიუტერის გადაჭარბებული გამოყენება ემოციურ აშლილობას წარმოშობს. მოწოდებული მასალის სისწრაფე, მრავალფეროვნება და მოჭარბებული უარყოფითი შინაარსის მოვლენები ადამიანზე უარყოფითად მოქმედებს, განსაკუთრებით კი – ბავშვებსა და ასაკოვნებზე. ადამიანი შექმნილია ბუნებრივ დროსთან კავშირში. ამბობენ, დრო დაჩქარებულიაო. რატომ არის ასე, როცა წუთში ისევ 60 წამია? საგულისხმოა, რომ ბუნებრივი დრო კი არ გახლავთ დაჩქარებული, ამ დროში მიმდინარე მოვლენებია მოზღვავებული. შეადარეთ: ერთი საათის განმავლობაში რამდენი სიახლის ნახვა შეგიძლიათ ტელევიზორში, ან კომპიუტერში და როგორც 1 წუთი, ისე გაირბენს ეს დრო. ტვინმა რამდენი რამ უნდა აღიქვას, დაიმახსოვროს, გადაამუშავოს?! ამ ყველაფერს გონებრივი ოპერაციები სჭირდება, რაც დიდ ენერგიას მოითხოვს. აბა, გადით ბუნებაში, ხის ძირას ჩამოჯექით და დატკბით პეიზაჟის ცქერით. ამ დროს იგრძნობთ, რა დიდი დროა 1 საათი, როგორ ნელა მიედინება. თითქოს არაფერი იცვლება ირგვლივ და მიხვდებით, რატომ არ გვაქვს სიმშვიდე, რატომ ვართ აღზნებულნი და მუდამ აფექტის ზღვარზე მყოფნი.
ასე გადაღლილი და დაძაბული ადამიანი ვეღარ აკონტროლებს თავს, შედეგად ფუჭდება ურთიერთობები ოჯახში, საზოგადოებასთან…

რამდენად ადვილია საკუთარი ემოციების ფლობა?

ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვისწავლეთ საკუთარი ემოციების ფლობა. ვიცით, ბავშვები როგორი ემოციურები არიან, შეუნიღბავად გამოხატავენ წყენას, სიხარულს, ბრაზს. ბავშვს უხარია, დარბის, ხმაურით იკლებს გარშემომყოფებს. ამ დროს უფროსი ერევა, აჩერებს. – გეყოფა, მეტისმეტია, – ეუბნება, – დაწყნარდი. ასეთი რჩევებით ბავშვი ხვდება, სად გადის ზღვარი და როდის გაჩერდეს.

ემოციები, განსაკუთრებით უარყოფითი, ხშირად დამაბრკოლებლად იქცევა ხოლმე. მაგ.: შიშის გამო გამოცდას კარგად ვერ ჩააბარებ, ან სადმე ვერ წახვალ. უნდა ვებრძოლოთ თავს და გადავლახოთ ეს დაბრკოლებები. ნებისმიერი ემოცია ჩვენს სასარგებლოდ უნდა მოვმართოთ. შიში გვაჩერებს, ძნელად გადასალახავი სიძნელის წინ სიფრთხილეს გვასწავლის. ამ დროს თავდაცვის ინსტინქტი იღვიძებს. მრისხანება ენერგიასა და ძალას გვმატებს დაბრკოლების გადასალახად, ხოლო სიხარულით თვითკმაყოფილებას განვიცდით.

ჩვენ მიმართული ვართ ემოციური უკიდურესობების წინააღმდეგ. მწუხარებისას სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავვარდეთ. სიხარულისას – არ გავგიჟდეთ. ასეთი რჩევებით გულუხვად მივმართავთ ერთმანეთს, რადგან ვიცით, უმართავი ემოციები ზიანის მომტანია როგორც თვით ადამიანისთვის, ისე გარშემომყოფთათვისაც.

როგორ ვმართოთ ემოციები?

დღევანდელ ფსიქოლოგიაში ვხვდებით შეხედულებებს, რომ ემოციების შეკავება ჯანმრთელობის გაუარესებას იწვევს. ისინი სხვადასხვა მეთოდებს სთავაზობენ ადამიანებს აგრესიის განსაქარვებლად (მაგ.: დაამსხვრიო ჭურჭელი, გახვიდე ბუნებაში და იყვირო ხმამაღლა და ა.შ.), მაგრამ უარყოფითი ემოციებისგან ხომ არ ვართ დაცულნი? ცხოვრების განმავლობაში რამდენჯერაც გაბრაზდები, სად უნდა ეძებო დასამსხვრევი ნივთები?

ღიმილი – ესაა საუკეთესო საშუალება ემოციების სამართავად. გაიღიმე და იგრძნობ, რომ შიგნით სითბო ჩაგეღვრება. ამ ფორმით სხვებზეც საოცარ გავლენას მოახდენ.

მწუხარებას ტირილიც გვიმსუბუქებს. ეს ერთგვარი ემოციური განმუხტვაა. უსიამოვნებები უნდა დავივიწყოთ და არ უნდა გავიხსენოთ.

სიცილიც ერთგვარი თერაპიაა, დაძაბულობას ხსნის. ამ დროს ფილტვები ბოლომდე ივსება ჰაერით, სისხლი ჟანგბადით მარაგდება, გამოიყოფა ენდოფინები – სტრესის საწინააღმდეგო ჰორმონი.

უნდა ვისწავლოთ, რომ ჩვენ ირგვლივ კარგი დავინახოთ. ნუ გავამახვილებთ ყურადღებას ცუდზე.

ასევე, მნიშვნელოვანია მუსიკა. საინტერესო ფაქტია, რომ მწუხარებისას მხიარული მუსიკა უარყოფითად მოქმედებს, წყნარი, ოდნავ სევდიანი კი დამამშვიდებელია.

როგორი თვისებიბით ხასიათდება ემოციური ადამიანი?

დღეს ფსიქოლოგები ადამიანებს ემოციების მიხედვით ასე აჯგუფებენ: გაწონასწორებული, ფეთქებადი, მაღალი აგზნებადობის, მერყევი. არსებობენ ემოციური და არაემოციური ადამიანები. ემოციურობის დონე ტემპერამენტზეა დამოკიდებული. თუ ვიცით, ვინ როგორი ტემპერამენტისაა, გვეცოდინება, ვისთან როგორ ვიურთიერთოთ.

ამასთან, ემოციურობა არაა შემოსაზღვრული. ერთ დღეს შეიძლება ძალიან ემოციური იყო და მეორე დღეს მსგავს შემთხვევაზე რეაქცია არ გქონდეს. ეს მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ასევე ასაკზეც. ახალგაზრდა უფრო ფეთქებადი და ემოციურია. გამოცდილების დაგროვების შემდეგ კი – თავშეკავებული. ემოციურობა ადამიანის განათლების, კულტურის დონიდანაც გამომდინარეობს. საზოგადოება რაც უფრო მაღალი დონისაა, ემოციურად უფრო გაწონასწორებულია. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს საგანმანათლებლო სისტემას, აღზრდას, ოჯახს.

უნდა გვქონდეს ურთიერთობების ფართო წრე. არ უნდა ვიყოთ ჩაკეტილი და შემოსაზღვრული. ეს გვაძლევს საშუალებას, გრძნობები უფრო ფართო წრეში გამოვხატოთ და საკუთარი მეც მრავალფეროვნად განვავითაროთ. უნდა გქონდეს პროფესია, შენი საქმე, ადგილი ცხოვრებაში, საკუთარი პიროვნების რეალიზაციის საშუალება, რომ შენი ემოციები რაღაც სხვა საქმისკენ, მიზნის მისაღწევად მიმართო.

უნდა ფლობდე უნარს, დესტრუქციული, უარყოფითი ემოციებიდან გადაერთო დადებითზე. ამისთვის საჭიროა, გაგაჩნდეს მოქმედების შესაძლებლობა, ფანტაზია, სამოქმედო ასპარეზი და საერთოდ, პიროვნული განვითარების მაღალი დონე. უარყოფითი ემოციები შევაკავოთ, განვმუხტოთ და დადებითი გამოვხატოთ. გვახსოვდეს, ფსიქოლოგიური წესია: ფსიქოლოგიური ზიანი არ მივაყენოთ ერთმანეთს.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • ლაშა says:

    gamarjobat , mainteresebs tu aris raime preparati am emociebis kontrelistvis, dzalian gxtovt mipasuxot am kitxvaze

  • დავითი says:

    გამარჯობათ.ეს თემა ძალიან საინტერესოა.ცხადია ემოციების მართვაზეცაა დიდად დამოკიდებული ომიც და მშვიდობაც სხვადასხვა მასშტაბით. პირადად როცა უარყოფითით ვივსები მეტყველებაზეც აისახება ცხადია.დუმილის საშუალება ყოველთვის არაა.როცა ადამიანის უარყოფითი ემოციას საკუთარ თავზე ვიღებ ე.ი.მაინტერესებს მისი მდგომარეობა, საკუთარი მდგომარეობიდან გამომდინარე როცა თავშეკავებას ვახერხებ.ძალიან გავლენას ახდენს ამ დროს გამიგებს თუ გამომიჭერს ადამიანი.უკაცრავად რომ თავი შეგაწყინეთ.გმადლობთ საინტერესო სტატიისთვის.

  • გამარჯობათ გთოვთ მიპასუხოთ ვარ ემოციური მე დავარქმევდი ფეთქებადი და მერყევი ეხლახანს გავხდი ავად ბრონხების სუსტი ანთებით,(ვარდები ფიქრებში მგონია რო ფილტვები დამეხურება და …… ამ ფიქრების და შიშის შემდეგ ეხლა ბოლო 2 დგეა დამეწყო უჰაერობა ვიზახებ სასწრაფოს მეუბნებიან არაფერი არ გჭირსო ექიმებთან დავდივარ ისინიც იგივე და იხრებიან ნერვოზული გაქვსო თავი ხელში ვერ ამყავს.იქნებ მირჩიოთ რამე დიდი მადლობა…..კარგი იქნება თუ მაილზე მომწერთ.

  • ნინი says:

    ხშირად სხვადასხვა ემოციის დროს ვწითლდები და ეს ძალიან შესამჩნევია ყველასთვის იქნებ რაიმე მირჩიოთ როგორ ვაკონტროლო თავი ასეთ სიტუაციაში წინასწარ მადლობა

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი