მთავარიქრისტიანობაროგორ ვისწავლოთ თავმდაბლობა?

როგორ ვისწავლოთ თავმდაბლობა?

“უფალს სურს, რომ ადამიანი გამუდმებით უხმობდეს მას თავმდაბლად: “ვინ ვარ მე, უფალო ღმერთო ჩემო, რომ შენ ინებე მიწაზე მოსვლა, ხორცშესხმა და ჯვარცმა ჩემთვის, რათა აღმადგინო მე ხრწნილებისა და სიკვდილისაგან და გამხადო შენი დიდებისა და ღვთაებრიობის თანამოზიარე და მემკვიდრე?” მამა დიონისე გვიმრაძე როცა ამგვარი თავმდაბლობით განიმსჭვალები და იაზროვნებ, უფალი მყისვე მოვა შენთან, სული სიმართლისა დამკვიდრდება შენს გულში. რა არის ღვთისათვის იმგვარად სათნო და სასურველი, როგორც შემუსვრილი და მორჩილი გული და თვითდამდაბლებული ფიქრი?! ასეთ თვითშემმუსვრელ სულში დაივანებს და მკვიდრობს უფალი,”- წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი.

რა არის და რაში გამოიხატება კეთილგონივრული თავმდაბლობა, როგორ მივაღწიოთ ამ მდგომარეობას? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი დიონისე (გვიმრაძე).

მამა დიონისე: “თავმდაბლობა ენით გამოუთქმელი მდგომარეობაა. მას ისევე ვერ გადმოვცემთ, როგორც ჩვენში არსებულ სხვა ნებისმიერ განცდას. მაგალითად, წმიდა იოანე სინელი მიიჩნევს, რომ თავმდაბლობას ისევე ვერ გამოვხატავთ, როგორც თაფლის გემოს. იგი ამბობს: “თავმდაბლობა ენით გამოუთქმელი მადლია, რომელიც მხოლოდ იმათთვის არის ცნობილი, ვისაც ის მოუპოვებია”. თუკი მის გადმოცემას მაინც შევეცდებით, მაშინ საცერით ქარის ამწონს დავემსგავსებით.

ნუ დაგვავიწყდება, რასაც ბიბლია გვმოძღვრავს: “მდაბალთა მოსცის მადლი”, ანუ თავმდაბლობა მადლისმიერ მდგომარეობას აღნიშნავს. მადლი კი პირად განცდას საჭიროებს.

რაც შეეხება თავმდაბლობის გამოხატულებას, ეს ორგვარად შეგვიძლია დავყოთ: გარეგნულ და შინაგანად. გარეგნული შემდეგში შეიძლება გამოვლინდეს: ადამიანის ქმედებაში, საუბარში, სიარულსა თუ გამომეტყველებაში. ამგვარ გამოხატულებებს გამოცდილი თვალი ადვილად ამჩნევს. მაგალითად, ვერავინ წარმოვიდგენთ, რომ თავმდაბალი ადამიანი ხშირად მრისხანებდეს, ყვიროდეს, ჩხუბობდეს, კამათობდეს და აგრესიულად მოქმედებდეს. არამედ, ყველანი ვფიქრობთ, რომ ამგვარი პიროვნება უნდა იყოს მშვიდი, თავაზიანი, მოკრძალებული, დამთბობი, თბილი და მოსიყვარულე.

ხოლო შინაგანი გამოხატულებები გულის ფარულ მოძრაობებს გულისხმობს, რასაც თუ გარეგნული გამოხატულება არ მოჰყვა, გამოცდილი და სულიერი თვალიც კი ძნელად შეამჩნევს. ამას, უპირველესად, თავად კაცი უნდა ხედავდეს თავის თავში. წმიდა იოანე სინელი თავმდაბლობისთვის დამახასიათებელ შინაგან მდგომარეობას სამ საფეხურად ანაწევრებს: “პირველი – ყოველგვარი ლანძღვა-შეურაცხყოფის სიხარულით ტვირთვა და დათმენა; მეორე – გულისწყრომის სრული მოკვდინება, გულშემუსვრილება და ყველაფერში საკუთარი თავის დამნაშავედ მიჩნევა; ხოლო მესამე – საკუთარი სათნოებებისადმი სრული უნდობლობა – ურწმუნოება და სარწმუნოებით სწავლის მიღების გამუდმებული წყურვილი”.

მამაო, თვით უფალია ხომ თავმდაბლობის მაგალითი?

როგორც ყოველგვარ სათნოებაში, ასევე თავმდაბლობაშიც, უპირველესად, მაცხოვრის მაგალითით უნდა ვიწინამძღვროთ: “ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა” (მათ11:29). მართალია, მის ცხოვრებას უშუალოდ ვერ ვჭვრეტთ, მაგრამ მოციქულებმა გადმოგვცეს მისი განვლილი გზა სახარებაში. ხოლო როდესაც სახარებას ვკითხულობთ, ჩვენ წინაშე მაცხოვრის სიმდაბლე წარმოჩინდება: სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისას, სასწაულთა აღსრულების შემდეგ ეშმაკის მსახურად წოდებისას, მრავალგვარი ცილისწამებისას, მოწაფეთათვის ფეხთბანვისას, მეძავებთან და ცოდვილებთან სიახლოვისას. დაბოლოს, – ჯვარზე, როგორც ყველაზე დიდი სიმდაბლის გამოხატულება.

სწორედ ამიტომ იესო ქრისტე ცდილობს, რომ მისმა მიმდევრებმაც სიღრმისეულად გაითავისონ თავმდაბლობის არსი, იგი ამბობს: “რომელსა უნებს თქუენ შორის წინაყოფაი, იყოს იგი თქუენდა მონა, ვითარცა ძე კაცისაი არა მოვიდა, რაითამცა იმსახურა, არამედ მსახურებად და მიცემად სული თვისი სახსრად მრავალთათვის” (მათ.20:27-28): ასევე, “რომელმაც დაიმდაბლოს თავი, იგი ამაღლდეს” (მათ.23:12).

წმიდანები აღიარებდნენ საკუთარ უღირსებას ღვთის წინაშე, როგორ ახერხებდნენ ისინი სიმდაბლის მოპოვებასა და შენარჩუნებას?

წმიდანები, თავს სარკეში უყურებენ და კარგად ხედავენ. ჩვენ დაბინდულ მინას ვუყურებთ და იქიდანაც ხან მინის მიღმა აღმოვჩნდებით, ხან ვერაფერს ვარკვევთ და ხანაც ზოგჯერ ჩვენი სახე აირეკლება ხოლმე. ამიტომ თუ კი ჩვენ უღირსობის განცდა პერიოდულად გვაქვს, ეს ისევე ბუნებრივია, როგორც წმიდანთათვის – მუდმივი უღირსობისა. ეს სარკე სულიერი მოშურნეობა, მცნებათა აღსრულება და გულისხმიერი ლოცვაა.

როდის არის საკუთარი თავისადმი საყვედური სასარგებლო და როგორ მოვიქცეთ, როცა გვაქებენ?

საკუთარი თავისადმი საყვედური და კრიტიკა ყოველთვის სასარგებლოა, ამას დრო და ადგილი არ უნდა განაპირობებდეს. მთავარია, ამგვარი საყვედური უიმედობის საფუძველი არ გახდეს, რადგან ამით უფალს ყველაზე მეტად დავშორდებით.
რაც შეეხება ქების დროს ჩვენს ქცევას, ამაზე წმიდა მამები ერთმნიშვნელოვნად გვმოძღვრავენ: “გავიხსენოთ საკუთარი უღირსება, ცოდვები და უძლურება, რითაც მოვახერხებთ სულის ამპარტავნებისაგან დაცვას”.

როგორ ვაღიაროთ თავმდაბლად ცოდვები?

ცოდვების თავმდაბლად აღიარების აუცილებელი პირობა, ცოდვის აღსრულების შემდეგ მისგან მიყენებული ზიანის დანახვაა. თუ კი ვერ ვხედავთ ცოდვის მომასწავებელ შედეგებს, მაშინ მათ აღიარებას მექანიკური სახე მიეცემა. ხოლო იმისათვის, რომ მისი შედეგები დავინახოთ, მცნებათა აღსრულების მეტი სურვილი და შემართება უნდა შევიძინოთ: “უკუეთუ მცნებანი ჩემნი დაიმარხნეთ, ჰგიეთ სიყუარულსა ზედა ჩემსა” (იოან.15:10). ვისაც სიყვარული უგრძვნია, მას ცოდვის შედეგად მიღებული ჭრილობაც დიდ ტკივილად ქცევია.

რომელ ცოდვებთან საბრძოლველად დაგვეხმარება თავმდაბლობა?

თავმდაბლობა, ზოგადად, თავის თავში, თითქმის ყველა სათნოებას მოიცავს, ამიტომ ნათელია, რომ ყველა ცოდვას ეწინააღმდეგება. ხოლო უპირატესად – ამპარტავნებას, რადგან წმიდა წერილიც ხომ აპირისპირებს ამ ორ სულიერ მდგომარეობას: “ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი”. გარდა ამისა, ისიც ნათელია, რომ ამპარტავნებაა შემდგომში ჩვენი დაცემის მიზეზი, როგორც უფალი გვასწავლის: “რომელმაც აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს” (მათ.23:12). შესაბამისად, თუკი სიმდაბლე ამპარტავნებას თრგუნავს, მაშინ თავმდაბლობა ყოველგვარი დაცემისაგან იცავს ადამიანს.

მამა დიონისე, როგორ ვისწავლოთ თავმდაბლობა?

რადგან თავმდაბლობა გარკვეული სულიერი მდგომარეობაა, მის მიღწევას შესაბამისი სულიერი ცოდნა და გამოცდილება სჭირდება.

მოკლედ თუ გადმოვცემთ, სიმდაბლის სწავლების პირველი და უმთავრესი საშუალება, საკუთარი თავის დანახვაა. აბა, წარმოვიდგინოთ, თუ ჩვენს თავს ვერ შევიცნობთ და თან დამდაბლება გვსურს, როგორ მოვახერხებთ, როდესაც თავმდაბლობა, თავად სიტყვაც მიგვანიშნებს, თავის მდაბიოდ წარმოდგენაა. უფალიც ხომ ამას გვასწავლის: “ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა” (მათ.5:3). ეს სულის იმგვარი მდგომარეობაა, როდესაც ნებისმიერი ზნეობრივი სიმაღლის მიუხედავად, თავი მაინც არარაობად მიგვაჩნია. ამგვარ წარმოდგენას კი ჩვენში არსებული რეალური სულიერი პრობლემები – ცოდვები და ვნებები უნდა გვიქმნიდეს. მათი დანახვის გზა ქრისტეს მცნებების შინაგანი აღსრულების მცდელობაშია. ამ დროს, ვხედავთ, რომ ყველა მცნებას ვერ ვასრულებთ და ნელ-ნელა საკუთარ თავზე არსებული პირვანდელი შეხედულება გვეცვლება. სადღაა ის ღირსეული და სრულფასოვანი ადამიანი? მასში თითქოსდა მიძინებული და მანამდე დაფარული სულის იარები წარმოჩინდება. ამგვარ პროცესს დასასრული აღარ უჩანს, რაც საკუთარი პიროვნებისაგან შექმნილი კერპის მტკივნეულ მსხვრევას იწვევს. ეს ტკივილიც უფრო მეტად ძლიერდება და შეიძლება აუტანელი სახეც მიიღოს, თუ საქმეში სულის ცოდვილობის განცდასთან ერთად უძლურების აღიარებაც არ ჩაერთო. აი, გადამწყვეტი ეტაპი – ან ამ პრობლემების გადაწყვეტაში უფალს მივენდობით, რომელიც გვაფრთხილებს: “თვინიერ ჩემსა არარაი ძალგიძს ყოფად არცა ერთი” (იოან.15:5) და ჩნდება ჭეშმარიტი სიმდაბლის ნიშნები; ან ჯიუტად მხოლოდ საკუთარ ძალებზე მინდობით ვცდილობთ პრობლემების მოგვარებას, რაც არაფრით არ გამოგვდის და დამღუპველ სასოწარკვეთილებას მივეცემით; ან, საბოლოოდ, უარს ვამბობთ ამ ბრძოლაზე და გავურბივართ ჯერ საკუთარ თავსა და შემდეგ – ღმერთს.

ასე რომ, ამოცანა თეორიულად მარტივია, ხოლო განსახორციელებლად – თითქოსდა მტკივნეული და რთული. თუმცა ქრისტე გვანუგეშებს: “მოვედით ჩემდა, ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ” (მათ.11:28).

თეონა ნოზაძე

5 COMMENTS

  1. გაიხარეთ მამაო დიონისე.ღმერთმა მოგვმადლოს სიმშვიდე და გულის სიმდაბლე.

  2. დიდი მადლობა, ძალიან კარგი სტატიაა

  3. “ამბიონი”-ჩვენი სულის საზრდოა!! მადლობა..:*******

  4. გაიხარეეთ. გმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.დიდი მადლობა

  5. დიდი მადლობა,პირადად მე უკვე განვიცადე ასეთი რამ.. ტკივილი შიშის სახით თითქოსდა უიმედობა და შიში მატყდებოდა თავზე მაგრამ უფალი ჩვენთანაა და უმალ ლოცვებს მივმართავდი.ასეა როდესაც ადამიანი ჯერ სხვანაირად აზროვნებ და შენი თავის იმედზე ხარ და შემდეგ როცა ხედავ შენს უძლურებას და ცოდვებს , გსურს გამოსწორდე , თავი დაიმდაბლო და უფალს მიენდო.. რაღაც რაღაცეები შეიძლება არ მოხდეს ისე როგორც გვინდა თავიდან მაგრამ საბოლოოდ უფალი მაინც შეგვეწევა . ღმერთმა დალოცოს ყველა , ყველას მშვიდობა მოგვცეს , გვატაროს თავის გზის და თვითონ გადაწყვიტოს თუ რა იქნება ჩვენთვის კარგი და რა არა…მივენდოთ უფალს .

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები