მთავარი » ქრისტიანობა

როგორ უნდა ვილოცოთ?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.01.2015 | 5,699 ნახვა

“როგორიც გვსურს ვიყოთ ლოცვის ჟამს, ისეთი უნდა ვიყოთ ლოცვის წინა პერიოდში. ჩვენი სული ლოცვის დროს აუცილებლად ღებულობს წინარე მდგომარეობის განწყობას და ლოცვის დროს ზეცად აღიტაცება, ანდა ჩაეფლობა მიწიერში იმავე ზრახვებით, რითაც ლოცვამდე იყო გართული”

წმ. ნილოს სინელი

როგორ უნდა ვილოცოთ? “ამბიონი” კუკიის წმ. ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელმსახურს არჩილ ხაჩიძეს ესაუბრა:

“ალბათ, ყველას გვინახავს, თუ როგორ ემსგავსებიან ერთმანეთს ადამიანები, რომელთაც გარკვეული პერიოდის გატარება უწევთ ერთად, მაგალითად, მეგობრები, ჯგუფელები, დები, ძმები, ერთი ოჯახის წევრები. მრევლი ტაძარში ნათქვამია, ხარი ხართან დააბიო… რატომ? იმიტომ, რომ ვისთანაც გაქვს ხშირი ურთიერთობა, იმას ემსგავსები. სახარებაში როგორც წერია: სადაც იყოს საუნჯე თქვენი, იქაც – გული თქვენიო. სადაც რაღაც გეძვირფასება, შენც იქითკენ მიდიხარ. ქართლში ასეთი გამოთქმა არსებობს: ღმერთივით კაციაო. ბუნებრივია, ღმერთად არავინ თვლის და სალოცავად არავინ გახდის თავის მეზობელს, მაგრამ გულისხმობენ განსაკუთრებული დიდსულოვნებით, დიდბუნებოვნებით დაჯილდოებულ ადამიანს და ასეთ, შეიძლება ითქვას, რაღაც დონეზე მკრეხელურ ეპითეტსაც კი უძღვნიან, ანუ აქ რა იგულისხმება? ვთქვათ, გაქვს მხატვართან ურთიერთობა, იცვლება შენში ყველაფერი, ფერს სხვა მნიშვნელობა ენიჭება. შეგვიძლია გავიხსენოთ ჩინელი მხატვრები, ტუშით რომ ხატავდნენ. მარტო შავად ხატავდა რიგითი ჩინელი მხატვარი, არაპროფესიონალი, მაგრამ ამავე დროს 50-60 შავ ფერს არჩევდა. მაგალითად, პოეტისთვის სულ სხვა არის სიტყვა, მუსიკოსისთვის – ბგერა. ასე რომ, რა წრესთანაც გაქვს ურთიერთობა, ემსგავსები კიდეც ნელ-ნელა მას.

ანალოგიურად შეიძლება ვიფიქროთ ამ შემთხვევაშიც. თუ გვაქვს ხშირი ურთიერთობა უფალთან, ნელ-ნელა ჩვენშიც იმატებს ხვედრითი წილი საღვთო მადლისა და ჩვენ, როგორც ჭურჭელი, რომელსაც რაღაც ტევადობა გააჩნია, ვიწყებთ ზრდას. ვიყავით, ვთქვათ, ერთი ლიტრის მოცულობის. ღმერთი კი გვაძლევს საშუალებს, რომ გავხდეთ 10 ლიტრის მოცულობის და ჩვენში უფრო მეტმა რაღაცამ შეძლოს დატევა, არ იყოს ეს ყველაფერი ცარიელი, რადგან სიცარიელეს ვერ გუობს ადამიანი და მიტოვებულ ეკლესიას ეშმაკები ეპატრონებიან. ღმერთმა ყველა ადამიანი, როგორც ღვთის ტაძარი, დაიფაროს ამ ყველაფრისგან.

აქედან გამომდინარე, ლოცვა, როგორც საუბარი ღმერთთან, ეს არის აუცილებელი ატრიბუტი ჩვენი ცხოვრებისა. ლოცვა და მარხვა ის პირველი იარაღაი ჩვენი პიროვნული შინაგანი სულიერი ზრდა-განვითარებისა, რომელიც ღმერთმა ჯერ კიდევ სამოთხეში მოგვცა. რა ევალა ადამს, პირველ ადამიანს, რომელიც ყოველი ჩვენგანის პირველსახეა? ებარა, რომ რაღაც არ შეეჭამა და იგი მთელი დღე ურთიერთობდა ღმერთთან, რომელიც მასთან პირდაპირ მიდიოდა ედემის ბაღში, ანუ იგი, როგორც უცოდველი, დაუბრკოლებლად ურთიერთობდა უფალთან. შეგვიძლია ვთქვათ, ლოცულობდა, ესაუბრებოდა მაცხოვარს ყველანაირი დაბრკოლების გარეშე, რადგან ცოდვები არ ჰქონდა. ჩვენ თუ რაიმე დაბრკოლება გვექმნება ლოცვის დროს, გონება გვეფანტება, ეს არის ცოდვის შედეგი. ადამი რაღაც დონეზე მარხულობდა. არ არსებობს მარხვა, რომელიც არ გახსნილდება. აუცილებლად გახსნილდებოდა ის მარხვაც, რომელის მას ჰქონდა დაწესებული, უბრალოდ ადამმა დროზე-ადრე მიიღო ის, რაც არ უნდა მიეღო. ასე რომ, ეს გახლავთ პირველი იარაღები, რომელიც სამოთხიდანვე მოგვყვება ჩვენ, ადამიანებს ჩვენი სულიერი პიროვნული მთელი არსებით ზრდისა და კულტივაციისათვის, იმისთვის, რომ უფრო მეტად დახვეწილი და უფრო მეტად ადამიანურები ვიყოთ. შეგვიძლია ერთ წერტილამდეც დავიყვანოთ მთელი ქრისტიანობის აზრი, ღმერთი კი ცდილობს, რომ გვაქციოს ადამიანებად. ესაა მთელი ეკლესიის მსახურება, რომ ადამიანმა არ დაკარგოს ადამიანის სახე. არაფერი სხვა არ ავალია კაცს, იყოს ისეთი, როგორიც იგი ღმერთმა გააჩინა. უფალმა კი ყოველი ჩვენგანი გააჩინა კეთილად. რატომ არის ეკლესია წმიდა? იმიტომ, რომ ეკლესიაში შესვლისას, ნათლისღებისას ყოველი ჩვენგანი მთლიანად განწმედილია ყოველგვარი ბიწისაგან, ყველანაირი ცოდვისაგან, რაც კი მას ოდესმე ჩაუდენია და რაც კი მას გადმოეცა ადამისგან, როგორც პირველი შემცოდველისაგან. ყველა ჩვენგანი წმიდად, განოლებული და დადებითი მდგომარეობით შევყავართ ტაძარში უფალს და უკვე ჩვენზეა დამოკიდებული ამ დადებით, ყველანაირი ვალისგან და ცოდვისგან დაცლილ მდგომარეობას საით მხარეზე გავაგრძელებთ. არ არსებობს მორწმუნე, რომ მას ლოცვა არ უყვარდეს.

რაც შეეხება ლოცვების წაკითხვას, ელემენტარულია, რომ ადამიანმა დილა-საღამოს ლოცვები უნდა იკითხოს. ზოგადად, მორწმუნეს თვითონ უნდა უჩნდებოდეს სურვილი, რომ დღე ლოცვებით, უფლის სახელის ხსენებითა და დიდებით შეავსოს. მაგალითად, მადლობა, ღმერთო, რომ საჭმელი მაქვს, მადლობა, რომ სტუმარი მოდის ჩემთან, რომ მეც მიმესვლება ვიღაცასთან სტუმრად, შემიძლია ვუმასპინძლო, მადლობა ღმერთო, რომ ეს საჭმელი დაყვედრებული არაა, ჩემი ნაოფლარია და არა – მოპარული და სხვისი ჯიბიდან ამოღებული. წამი არაა ისეთი, რომ მიზეზი არ გვქონდეს უფლისათვის მადლობის თქმისა. ერთია, რომ პირად, საკუთარი სიტყვებით ლოცვაზე არასოდეს, არც ერთ ეტაპზე არ უნდა თქვას ადამიანმა უარი, მეორე, რომ ელემენტარული ლოცვები ვიკითხოთ. ძალიან კარგია საკუთარი თავის აღსადგენად მთელი დღის განმავლობაში შვიდგზის ლოცვების კითხვა, რასაც უდიდესი მადლი აქვს. ზოგმა შეიძლება ერთი ფასალმუნის კითხვით დაიწყოს და ყველაზე დიდი მკითხველი გახდეს. ზოგმა კი მთელი კანონის კითხვით დაიწყოს და შემდეგ საერთოდ დაანებოს თავი და ძალიან გაუჭირდეს იმ მდგომარეობის აღდგენა და დაბრუნება. ამ მარხვაში კარგია ეფრემ ასურის ლოცვის კითხვა დილა-საღამოს ლოცვების შემდეგ. ასე რომ, ზომიერება და სიფრთხილე არის ერთ-ერთი უმთავრესი საწინდარი ადამიანის ქრისტიანული ცხოვრებისა.

თათია ნავროზაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი