“ამბიონის” მკითხველის კითხვები და სასულიერო პირთა პასუხები…
მკითხველის კითხვა: ტაძარში შესვლისას, როგორი თანმიმდევრობით წარმოვთქვათ ლოცვები? როგორ შევთხოვოთ სხვისთვის, საკუთარი თავისთვის, მიცვალებულთათვის? პირველად და შემდგომ რომელ ხატებს უნდა ვეამბოროთ?
მოძღვრის პასუხი:
“ტაძარში შესვლისას უპირველესად უნდა გვქონდეს იმის განცდა, რომ ღვთის სახლში ვართ და ცოცხალ ღმერთთან გვიწევს ურთიერთობა, რომელიც ისმენს ჩვენს გასაჭირს, სათხოვარს და მსწრაფლ გვიგზავნის ზეგარდამო შეწევნას. პირველად, ტაძრის ცენტრში, ანალოგიაზე დაბრძანებულ ხატს უნდა მივეახლოთ და ვემთხვიოთ. შემდგომ ამისა, მოვილოცოთ სხვა ხატები და სიწმინდეები. უდიდესი ძალა აქვს ღვთის წინაშე მადლიერების გამოხატვას იმ სიკეთეებისთვის, რაც გვაქვს. თუ ასე მოვიქცევით, უფალი უხვად დაგვასაჩუქრებს თავისი მადლით და წყალობით. განსაცდელის დროს კი გულწრფელად, ჩვენი სიტყვებით და ლოცვით უნდა მივმართოთ დედა ღვთისმშობელს, სხვადასხვა წმინდანს და ურყევად გვწამდეს სახარების სიტყვები- “ითხოვდეთ და მოგეცეთ თქვენ.” თუ ასე მოვიქცევით, საკუთარ თავზე გამოვცდით მრავალმოწყალე ღმერთის შეწევნას”,- წმ. ექვთიმე ათონელის სახელობის კანონიკური სამართლის ინსტიტუტის წევრი – სქემბერდიაკონი საბა (ნატროშვილი)
