
რა ვქნა როცა თავში საშინელი ფიქრები მომდის ხალხზე, რომლებსაც ვიცნობ? რაღაც ეჭვიანობასავით არის ძალიან გთხოვთ რამე მირჩიოთ.
გვპასუხობს მოძღვარი, დეკანოზი ანდრია კემულარია:
ის, რაზეც თქვენ საუბრობთ, არის კერძო შემთხვევა გულისთქმების შემოტევისა. მათ ბოროტი აღძრავს ადამიანში. ზოგადად კი არათუ ეჭვიანობისმაგვარი, არამედ მკრეხელური აზრებითაც შეუძლია ბოროტს ჩვენი შეძრწუნება, ბილწი გულისთქმებითაც. მრავლად არის შემთხვევები მუსიკის აკვიატებისა. ასე მოსდის ერისკაცსაც და მონოზონსაც.
ბოროტი ცდოლობს მიიქციოს ადამიანის ყურადღება. ამისათვის მიმართავს არა მხოლოდ ცდუნებას იმითი, რაც ჩვენ მოგვწონს, გვსიამოვნებს, არამედ ხშირად შეგვაძრწუნებს, აღგვაშფოთებს იმის წარმოსახვით და აკვიატებით, რასაც ორგანულად ვერ ვიტანთ, არ შეესაბამება ჩვენს ზნეობრივ საზომებს და უცხოა გულისთვისაც. ასეთი გზით უკეთური ცდილობს გააბას საუბარი ადამიანის სულთან და გახადოს მართვადი. ამის საშუალებას მას ხშირად ჩვენ თვითონ ვაძლევთ შეუნანებელი ცოდვებით, დაუდევარი დამოკიდებულებით საკუთარი სულის მდგომარეობისადმი, უჯერო მოშვებით, ვნებებთან უბრძოლველობით. ბოროტი ცდილობს ან აღძრას ჩვენში თანხმობა უკეთური გულისთქმებისადმი, ან კიდევ ისე აგვაფორიაქოს ერთი მხრიდან შემოტევით, რომ ყურადღება მოაკლდეს სულის სხვა ნაკლოვან მხარეებს.
სანამ კონკრეტული აზრი წარმოიშობოდეს ჩვენს გონებაში, უმეტეს შემთხვაში ჩვენს გულში იბადება მისი აღმძვრელი შეგრძნება. ამის შემჩნევას გარკვეული სულიერი გამოცდილება სჭირდება. მუდმივად უნდა ვეცადოთ გონება არ დაეთმოს იმას, რაც მიუღებელია სულიერი სიმრთელის თვალსაზრისით. ამის უპირველესი საშუალება, იარაღი არის ლოცვა. ფსალმუნში ვკითხულობთ ასეთ სიტყვებს: „ყოველი თესლები გარემომადგეს მე, და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდი მათ“ (ფს.117,10). ანუ, დავით მეფე, ფსალმუნთა მთქმელი გვასწავლის, რომ ბოროტთა შემოტევის ჟამს უფლის სახელით შეიძლება მათი მოგერიება. უფლის სახელის ხსენებაში იგულისხმება ლოცვა ღმრთისადმი. ამიტომ მსგავს შემთხვევებში პირველ რიგში უნდა მივმართოთ ლოცვას. მაგრამ ლოცვას, არა როგორც რაღაც შელოცვის ფორმულას, არამედ უნდა ვეცადოთ ყურადღებით ვილოცოთ, ისე, რომ ლოცვა ჩვენი გულის მოძრაობად იქცეს. მეტიც, ღმერთი სწორედ იმისათვის აძლევს ბოროტს ჩვენზე ასეთი ზემოქმედების უფლებას, რომ გვასწავლოს ლოცვა, მისი სახელის სიტკბო, გაგვაძლიეროს მის ყოვლისშემძლეობის და სახიერების რწმენაში, მისდამი სასოებაში. რაც შეიძლება ხშირად ვიმეოროთ იესუს ლოცვა: „უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი„. შეგვიძლია შემოკლებითაც ვთქვათ: „უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე“. ან თუნდაც: „უფალო შემიწყალე“. შეგვიძლია ვიმეოროთ ასევე ძილისწინა ლოცვებში სათქმელი ერთ-ერთი ლოცვა: „უფალო, იესუ ქრისტე, ძეო და სიტყვაო ღმრთისა ცხოველისაო, შემიწყალე მე უღირსი ესე მონაჲ შენი, და განფხვარ გონებისა ჩემისაგან გული-სიტყვაჲ უჯერო და ვნებული, რომელი ეგე კურთეულ-ხარ უკუნითი უკუნისამდე, ამენ“. ან სხვა ლოცვა თუ ფსალმუნის სიტყვა, რომელიც დაგვეხმარება ღმერთთან ყურადღების შეჩერებაში.
არ უნდა შეგვეშინდეს ასეთი გულისთქმების შემოტევისა. ყოველი აზრი არ უნდა მივაწეროთ საკუთარ თავს. როცა ჩვენში ჩვენივე ნების საწინააღმდეგოდ იშვება აზრი, რომელიც მიუღებელია ჩვენთვის, ვიცოდეთ, რომ ბოროტისაგან მოდის და ჩვენს ყურადღებას ითხოვს. მთელი ყურადღებით გადავერთოთ ლოცვაზე და შემოტევა თანდათან შესუსტდება. თუმცა გარკვეულის ხნის შემდეგ კვლავ შემოგვიტევს, როგორც კი მოვდუნდებით, მოვეშვებით. ეს არ არის სასჯელი ღმრთისაგან, არამედ გაკვეთილი საკუთარი უძლურებისა და ღმრთის ჩვენთამი სიყვარულისა.
ამასთან, უნდა დავფიქრდეთ იმაზეც, ხომ არ ვაძლევთ ჩვენ თვითონ ეშმაკს ძალაუფლებას ჩვენს სულზე. ბოროტის ძალა ჩვენზე – ჩვენს ვნებულობაში, ცოდვილობაში და უმეცრებაშია. როცა ძლიერდება შემოტევები, აღვიქვათ ეს, როგორც ეკლესიური ცხოვრების მეტი სიმხურვალით წარმართვისაკენ მოწოდება.
ვილოცოთ მათთვის, ვისთან მიმართებაშიც გვითესავს ბოროტი უკეთურ აზრებს. ეს გულისთქმები არ არიან ჩვენი. აუცილებლად გვმართებს მოთმინება და სულგრძელება. არ ველოდოთ უცებ, ლოცვის პირველი დღეებიდანვე განთავისუფლებას. ღმრთის ნებაა, როდის გვიშველოს, ჩვენი საქმე კი მის მიმართ ვედრება და გულის მის ტახტად შემზადებაა.
წყარო: www.orthodoxy.ge
