21 ივლისი 2024, კვირა
მთავარისაზოგადოებაროგორ გავხდეთ წარმატებული ადამიანები?

როგორ გავხდეთ წარმატებული ადამიანები?

„წარმატებული ადამიანის“ ცნება თითოეულ პიროვნებაში განსხვავებულ ასოციაციებს იწვევს. როგორ შევძლოთ სასურველი მიზნის მიღწევა? წარმატება რა პიროვნულ თვისებებს უნდა ფლობდეს ადამიანი, რომ გარკვეულ დროში დასახული გეგმის განხორცილება შეძლოს? „ამბიონს“ ფსიქოლოგი თინათინ აფხაიძე ესაუბრა:

„წარმატებული ადამიანი გახლავთ პიროვნება, რომელიც საკუთარ ქმედებებზე იღებს პასუხისმგებლობას და სასურველს აღწევს გარვეული ვადებში. ყველა მშობელს სურს, მისი შვილი წარმატებული იყოს, რისთვისაც საჭიროა ბავშვში მიზანდასახულობის თვისების განვითარება. ეს არ გულისხმობს ბავშვის ნებისმიერი სურვილის შესრულებას. თუ მშობლები შექმნიან ისეთ გარემოს, სადაც ბავშვს არჩევანის გაკეთების უფლება ექნება, ეს მისცემს საშუალებას, ჩამოუყალიბდეს წარმოდგენა, რომ მისი სურვილები ფასეულია. არანაკლებ მნიშვნელოვანი თვისებაა გამბედაობა, გადაწყვეტილების მიღების უნარი. ეს თვისება გამოიხატება შექმნილი სიტუაციის გაანალიზებასა და შემდეგ გადაწყვეტილების სწრაფად მიღებაში. წარმატებული ადამიანი სწრაფად აკეთებს გარკვეულ ნაბიჯებს, ქმედებებს და უკუკავშირსაც მალევე იღებს, როგორც თავისი ქმედებების შედეგს. თუ ის აღმოაჩენს, რომ შეცდომა დაუშვა, სწრაფადვე გამოასწორებს და უკვე სხვა მოქმედებების შესრულებაზე გადავა, რომლებიც სასურველ შედეგებამდე მიიყვანს. ბავშვობის ასაკი ხასიათდება მკვეთრად გამოხატული აქტიური მოქმედებებით. დამოუკიდებელი შემოქმედებითი საქმიანობა ბავშვს მოქმედების უნარ-ჩვევებს უვითარებს.

წარმატებული აღზრდის ერთ-ერთი პირობაა საკუთარ თავში დარწმუნებულობა, რაც ამპარტავნების გაღვივებას არ გულისხმობს. ეს თვისება ადამიანში ადრეული ბავშვობიდანვე იდება, იმ პირების მიერ, ვინც ბავშვის გარემოს ქმნის. მთავარია მშობლებს ახსოვდეთ, რომ ბავშვი გარემომცველი სამყაროს შეცნობას იწყებს და გარკვეული საქმიანობის სახეებს ითვისებს. ბავშვისგან საქმის იდეალურად შესრულებას არ უნდა მოვითხოვდეთ. მის ყოველ საქმიანობაში არის ელემენტი, რომელიც შექებას, პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს. ეს გარემოება ბავშვის ცხოვრებაში გადამწყვეტი მომენტია ცხოვრებისეული გზის ფორმირებისთვის.

თანამედროვე პედაგოგიკის მეცნიერებაში შეისწავლეს მშობელთა ქცევის ტიპები, რომლებიც ბავშვებში ცხოვრებისეული მიღწევების მოტივებზე მოქმედებს. გამოირკვა, რომ ოჯახები საიდანაც წარმატებული ადამიანები გამოვიდნენ ორი თავისებურებით ხასითდებოდნენ.

1. წარმატებული ადამიანების გამზრდელ ოჯახებში ისეთი ატმოსფერო იყო, რომ ბავშვის აზრს კითხულობდნენ და პატივს სცემდნენ. ადრეული ასაკიდან მათ ოჯახური საჭიროებების გადაწყვეტილებებში მონაწილეობის მიღებას აჩვევდნენ. მათ ეკითხებოდნენ თუ რას ფიქრობენ, გრძნობენ ამა თუ იმ საკითხზე. ბავშვების შემოთავაზებები დაწვრილებით განიხილებოდა, თუმცა მათი აზრი, რა თქმა უნდა, ყოველ გადაწყვეტილებაზე გავლენას არ ახდენდა, მაგრამ ბავშვებს აჩვევდნენ, რომ მათ აზრსა და შეხედულებას მნიშვნელობა ჰქონდა. მთელი ოჯახი დროს უთმობდა ამა თუ იმ საკითხის შესახებ შეხედულებების მოსმენასა და საერთო გადაწყვეტილების გამოტანას.

თუ ბავშვებს მოვექცევით, როგორც ჭკვიან და მნიშვნელოვან ადამიანებს, ისინიც მართლაც გაგვაკვირვებენ რამდენად გონიერი და მიხვედრილები ყოფილან. ყველაზე მნიშვნელოვანია რჩევისთვის მიმართვის ფაქტი, რაც იმის ნიშანია, რომ ბავშვს პატივს სცემენ. ეს კი მაღლა სწევს საკუთარი თავის მიმართ მის დამოკიდებულებას, საკუთარი თავის რწმენას აძლიერებს.

2. წარმატებული ადამიანების ოჯახებში მიღებული იყო ის, რასაც “პოზიტიურ მოლოდინებს” უწოდებენ.
მშობლები ეუბნებოდნენ იმას, თუ როგორ ძლიერად სჯერათ თავისი შვილების, როგორ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ ისინი განსაკუთრებულ შედეგებს მიაღწევენ.

საკუთარი ბავშვისთვის იმის თქმა, რომ “შენ ამის გაკეთება შეგიძლია”,”შენ ამას შესძლებ” ან “მე მჯერა შენი” მას თქვენ, ანუ მშობლის კურთხევას აძლევთ, ეხმარებით, რომ საკუთარი ძალების ირწმუნოს. ამით შვილს უფრო მეტი მიღწევებისკენ განაწყობთ, ვიდრე ამას თქვენი სიტყვების გარეშე მიაღწევდა. ბავშვები, რომლებიც პოზიტიური მოლოდინების გარემოში იზრდებიან, რასაც არ უნდა აკეთებდნენ ყოველთვის და ყველაფერში უკეთესად მოქმედებენ.

პოზოტიური მოლოდინები განსხვავდება მოთხოვნისგან. ბევრი მშობელი ფიქრობს, რომ ისინი პოზიტიურ მოლოდინებს გამოთქვამენ, მაშინ როცა სინამდვილეში შვილებისგან უბრალოდ გარკვეული სტანდარტების შესრულებას მოითხოვენ. მოთხოვნა ყოველთვის ასოცირდება პირობით სიყვარულთან, იმ ქვეტექსტით, რომ თუ ბავშვი მშობლის მოლოდინებს არ შეესაბამება, მაშინ მისდამი მშობლის სიყვარული და მხარდაჭერა ანულირდება.

ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარ შვილებს განუმარტოთ, რომ მიუხედავად იმისა ცუდად იქცევიან თუ კარგად, თქვენ ისინი გიყვართ, მთლიანად და უპირობოდ.

თუკი ბავშვი გრძნობს, რომ ცუდი საქციელისას, წარუმატებლობის დროს თქვენ შეიძლება სიყვარული მოაკლოთ, მაშინ ის ნერვიული და თავის თავში დაურწმუნებელი იქნება.
წარმატების მიღწევისთვის მნიშვნელოვანია, რომ მშობელი შვილის განათლებას, სწავლას პასუხისმგებლობით მოეკიდოს და მასში მონაწილეობდეს.

ერთ-ერთი შეხედულებით, წარმატებული ადამიანის შემდეგი ნიშნები არსებობს:

1. თვითდისციპლინა. გადაწყვეტილების დაგეგმვა- მიზნის დასახვა და დროის გარკვეულ პერიოდში მისი შესრულება.

ამისთვის ადამიანს უნდა ჰქონდეს ერთი დიდი მიზანი, განსაზღვროს რამდენ ხანში უნდა მისი მიღწევა და ყოველდღიური პატარა ამოცანები დაისახოს ამ დიდი მიზნის მისაღწევად. საჭიროა დადგინდეს, რა არის თქვენთვის პრიორიტეტული, რისი გაკეთებაა საჭირო პირველ რიგში, რა არის მეორეხარისხოვანი და ა.შ.

მიზანი უნდა იყოს რეალური და ადამიანის შესაძლებლობებს უნდა ითვალისწინებდეს, ასევე განთვალისწინებული იყოს გარშემომყოფ ადამიანებზე ამ მიზნის მიღწევის შესაძლო შედეგები ისე, რომ სხვებს ზიანი არ მივაყენოთ. და გადავიდეთ შესრულებაზე, ანუ ყოველი დღე- ნაბიჯით წინ!

2. ნუ შეგეშინდებათ პასუხისმგებლობის!

3. თვითდახვეწა და საკუთარ თავზე, თვისებებზე, ნებისყოფაზე მუშაობა და გამოწრთობა.

ამისთვის სასარგებლოა ასევე იმ სფეროში მეტის გაგება რომელშიც აპირებთ წარმატების მიღწევას: ტრენინგებზე, სემინარებზე, ლექციებზე დასწრება, შესაბამისი ლიტერატურის კითხვა.

4. იყოს საქმის ადამიანი! ეს ნიშნავს ქმედებას, რეალიზებას, ნაბიჯების განხორციელებას.

5. შეეცადეთ გაიცნოთ ის ადამიანები, ვინც თქვენ სფეროშია წარმატებული, გაიგოთ მეტი იმის შესახებ თუ რას აკეთებდნენ იმისთის, რომ ამ მდგომარეობისთვის მიეღწიათ. გაანალიზეთ მათი გამოცდილება.

6. გადაწყვეტილების სწრაფად მიღება. ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცოვრობთ, ჩვენ გარშემო ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება. დღეს წარმატებულად ითვლება ის, ვინც ერთი დღით, ერთი ნაბიჯით, ერთი წამით სხვებზე წინაა.

7. კავშირები. იქონიეთ ძველი და მუდმივად დააყარეთ ახალი საქმიანი კავშირები და კონტაქტები.

8. აიყვანეთ და დაიქირავეთ პარტნიორებად კარგი სპეციალისტები, შეეცადეთ იყოთ წარმატებული ადამიანების გარემოცვაში, რაც სხვაგვარად დაგმუხტავთ.

9. წარუმატებლობის შემთხვევაში გაანალიზეთ თქვენი ნაბიჯები, მიხვდით რატომ მოხდა ასე და რისი გაკეთება შეიძლება მომავალში, რომ უკეთესი შედეგი მიიღოთ.

10. წარმატების მიღწევის წყურვილი. თქვენი მიზნის მიღწევა, წარმატება ისევე უნდა გინდოდეთ, როგორც უდაბნოში მყოფს წყალი სწყურია.

11. გახდით თქვენი გარემოს ფრთაშემსხმელი. შეეცადეთ იყოთ დადებითი სიახლეების მიმწოდებელი, მოერიდეთ ჭორებს და შურს.”

თეონა ნოზაძე

მსგავსი სტატიები

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები