მთავარისაზოგადოებაროგორ დგინდება ვარგისია თუ არა წყალი სასმელად?

როგორ დგინდება ვარგისია თუ არა წყალი სასმელად?

“ჯანმო-ს უკანასკნელი მონაცემებით, დღეს არაინფექციურ დაავადებათა 70 პროცენტი წყალში სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებათა არასწორი თანაფარდობითაა გამოწვეული, წყალი რასაც, სამწუხაროდ, ყურადღებას არავინ აქცევს…”

თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილბდეს სასმელი წყალი, რა მნიშვნელობა აქვს წყალს ადამიანის ორგანიზმისთვის და რამდენად აკმაყოფილებს თბილისის წყალი სანიტარულ და ჰიგიენურ ნორმებს? “ამბიონს” სანიტარიისა და ჰიგიენის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, მანანა გრძელიშვილი ესაუბრა.

რა არის სასმელი წყლის დაბინძურების მიზეზი?

ქვეყნის მოსახლეობის კეთილხარისხოვანი სასმელი წყლით მომარაგება კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება. წყალსადენების, ინდივიდუალური ჭების, ბუნებრივი წყაროების და მცირე სიმძლავრის სოფლის ტიპის წყალსადენების სანიტარიულ-ჰიგიენური და ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, სასმელი წყალი არ იქლორება, ან ეს პროცესი დარღვეულია, აღნიშნულს ხელს უწყობს: წყალმომარაგების წყაროების, განსაკუთრებით ზედაპირულის, ინტენსიური დაბინძურება;
წყალმომზადების მოძველებული ტექნოლოგიები, რომლებიც არასაკმარისად ეფექტიანია რიგი ქიმიური და ბიოლოგიური დამაბინძურებელების მიმართ; წყალმომზადების ნაგებობების ექსპლუატაციის ტექნოლოგიური პირობების დარღვევა; გამანაწილებელ ქსელში წყლების მეორადი დაბინძურება. სოფლის მოსახლეობის უმეტესობა ვერ იღებს ნორმატიული ხარისხის სასმელ წყალს.

რა დაავადება შეიძლება გამოიწვიოს სასმელად უვარგისი წყლის მიღებამ?

წყალს აქვს ეპიდემიოლოგიური მნიშვნელობა. ჯანმო-ს ექსპერტების მიერ დადგენილია, რომ დაავადებების 80% დაკავშირებულია უხარისხო სასმელ წყალთან და წყალმომარაგების სანიტარიულ-ჰიგინური ნორმების დარღვევებთან. მონაცემები წყლით გადაცემული დაავადებების გავრცელების შესახებ მსოფლიოში ასეთია: მალარია 800 მილიონი, ტრაქომა – 500 მილიონი, შისტოსტომოზი – 200 მილიონი, გასტროენტერიტები – 400 მილიონი ადამიანი. ამასთანავე, გასტროენტერიტებით ყოველწლიურად კვდება 4 მილიონი ბავშვი და 18 მილიონი მოზრდილი ადამიანი, მთლიანობაში დაახლოებით 2 მილიარდი ადამიანის, ანუ კაცობრიობის ნახევარის დაავადებები წყალთან არის დაკავშირებული.

წყლის ფაქტორით გადაცემული დაავადებები შესაძლებელია დაიყოს რამოდენიმე ძირითად ჯგუფად:

– ბაქტერიული ბუნების ნაწლავური ინფექციები: ქოლერა, მუცლის ტიფი, პარატიფი A და B, დიზენტარია, სხვადასხვა ენტერიტები და ენტეროკოლიტები.

– გარდა ამისა, წყალი უნდა იყოს ეპიდემიურად უსაფრთხო ანუ არ უნდა შეიცავდეს პათოგენურ უმარტივესებს, ბაქტერიებს, ვირუსებს, ჭიის კვერცხებს.

ჯანმ-ოს მონაცემებით ყოველწლიურად მარტო 5 მლნ. ბავშვი იღუპება წყლისმიერი დაავადებებისგან. მაგ., ქოლერა, მუცლის ტიფი, დიზენტერია, პარატიფები, ტულარემია, ბოტკინის დაავადება, ამებიაზი მალარია და სხვა ამ დაავადებების გამომწვევები სიცოცხლის უნარიანობას ინარჩუნებენ წყალში და შემდეგ ხვდებიან ადამიანის ორგანიზმში.

უპირველეს ყოვლისა, სასმელ წყალში ფტორის ნაკლებობით გამოწვეულია კარიესი. ფტორის რაოდენობა ჩვენს სასმელ წყალში ნულიდან 0,1 მგ/ლ-მდეა, როცა ნორმაში უნდა იყოს 0,7 მგ/ლ, ფაქტობრივად, მთელი საქართველო კარიესის ენდემიური კერაა, ამ მხრივ გამოვყოფდი ერთადერთ გორის რაიონის, სადაც სასმელ წყალში ფტორის რაოდენობა დაახლოებით 0,5 მგ/ლ-ია.

საქართველო ამ მხრივ ნამდვილად გამორჩეულია, ჩვენ გვაქვს ძალიან რბილი წყლები – დასავლეთ საქართველოში, მინერალიზაციით 100-200 მგ/ლ-ზე და გვაქვს კახეთის რეგიონის წყლები – ძალიან მაღალი მინერალიზაციით 2-2,5 გრ/ლ-ზე, როდესაც დასაშვები არის 1000-1500 მგ/ლ-ზე, მაღალი მინერალიზაციისა და მომატებული სიხისტის წყლები გვხვდება დედოფლისწყაროში, თეთრწყაროში და სხვა.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება წყალში სიხისტის განმსაზღვრელ ბიოლოგიურად აქტიური კალციუმისა და მაგნიუმის მარილების, როგორც ოპტიმალურ, ისე მინიმალურად აუცილებელ რაოდენობით შემცველობას. სადღეისოდ ქვეყანაში მოქმედი „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით“ ნორმირებულია კალციუმისა და მაგნიუმის მაქსიმალურად დასაშვები დონეები, ხოლო ამ ელემენტების ფიზიოლოგიური სრულფასოვნების ნორმები შეადგენს კალციუმისთვის – 25-130 მგ/ლ, ხოლო მაგნიუმისთვის – 5-65 მგ/ლ.

მაღალ მინერალიზებული წყლების სასმელად ხანგრძლივად მოხმარებისას ვითარდება თირკმელ-კენჭოვანი დაავადებები, სხვადასხვა სახის მარილების დაგროვებით გამოწვეული პათოლოგიები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ჰიპერტენზია, ნაადრევი მშობიარობა, ხშირი აბორტები.
დაბალი მინერალიზაციის მქონე წყლის გამოყენებისას კი განსაკუთრებით აღსანიშნავია კალიუმისა და ნატრიუმის დეფიციტით მიმდინარე დაავადებები, ამ ელემენტების დეფიციტი, უპირველეს ყოვლისა, ნეგატიურად კარდიო-ვასკულარულ სისტემაზე აისახება.

თბილისის მოსახლეობა წყლის გემოსა და დაბინძურების გამო ხშირად გამოთქვამს უკმაყოფილებას. რამდენად აკმაყოფილებს თბილისის წყალი სანიტარულ და ჰიგიენურ ნორმებს?

საქართველოში ყველაზე კარგ წყალს სწორედ თბილისი მოიხმარს, ეს საშუალო მინერალიზაციისა და საშუალო სიხისტის წყალია, რომლის მინერალიზაცია 300-400 მგ/ლ-ია. ქ. თბილისსა და მის შემოგარენში სასმელი წყლის მოპოვებას გაწმენდასა და განაწილებას ახორციელებს კერძო კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ”, რომელიც უზრუნველყოფს 21 მ3/წმ მაღალი ხარისხის სასმელი წყლის მიწოდებას 24 საათის განმავლობაში. ემსახურება დაახლოებით 400 ათას მომხმარებელს.

თბილისის წყალმომარაგების სისტემა იყენებს ზედაპირული და გრუნტის წყლების რესურსების კომბინაციას, გრუნტის წყლების წყაროების შეფარდება ზედაპირული წყლის წყაროებთან არის 60% 40%- თან. გრუნტის წყლების აღება ხდება უმთავრესად მდ. არაგვის აუზში, ხოლო ორი დიდი წყალსაცავი – ჟინვალი და თბილისი ზღვა წყალმომარაგების ზედაპირული წყაროებია.

ქალაქის წყალმომარაგება გადის წარმოების ოთხივე ეტაპს, გასაფილტრ ობიექტებზე პირველადი გაწმენდიდან დისტრიბუციამდე. თბილისის წყალმომარაგების სისტემაში შედის წყლის გამწმენდი ორი ნაგებობა სამგორში და ღრმაღელეში, სადაც ხდება როგორც მექანიკური გაწმენდა, ისე შემდგომი დაქლორვა და რეგულარულად ხორციელდება წყლის ხარისხის კონტროლი.

თბილისის სასმელი წყლის მდგომარეობა, დაბეჯითებით მინდა გითხრათ რომ დამაკმაყოფილებელია, იგი აბსოლუტურად უსაფრთხოა, წყლის სათავე ნაგებობებში მისი დამუშავება ხდება უმაღლეს დონეზე, წყალი მოწმდება ყოველ საათში, ერთადერთი, რაც თბილისის წყალმომარაგებაში პრობლემურია არის ქსელები, წყლის ხარისხთან დაკავშირებულ პრეტენზიათა უმრავლესობა სწორედ გაუმართავ ქსელებს უკავშირდება. დღეისათვის მათი ნაწილი გამოცვლილია, ასე რომ, თუ მილებმა არ უღალატა, წყალი თბილისში ნამდვილად კარგია.

რა მდგომარეობაა ამ მხრივ რეგიონებში?

რაც შეეხება რეგიონებს, სოფლებს, სადაც ჭებისა და წყაროს წყლებს მოიხმარენ, იქ კონტროლოს აწარმოებს ნაწილობრივ გაერთაინებული წყალმომარაგების კომპანიის სერვის ცენტრები და ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოები.

როგორ დგინდება ვარგისია თუ არა წყალი სასმელად?

სასმელი წყალი უნდა იყოს უსაფრთხო და უვნებელი. იგი შეუცვლელი საკვები პროდუქტია და ადამიანიც იმ კონკრეტულ წყალს მოიხმარს, რომელიც მას მიეწოდება, ქალაქად ცენტრალიზებული წყალმომარაგების სახით, სოფლად კი რომელიმე კონკრეტული წყაროს ან ჭის წყალს სვამს, ანუ ადამიანი იმ წყალს მოიხმარს, რომელიც მის გარშემოა და მას ვერაფრით ცვლის.

წყალს მთელი რიგი მახასიათებლები გააჩნია, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედებენ, ისინი რამდენიმე ჯგუფად არის დაყოფილი, წყალი ეს არის: ორგანოლეპტიკური, ქიმიური და მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები. ორგანოლეპტიკურია ის მახასიათებლები, რომლებსაც ადამიანი გრძნობათა ორგანოების მეშვეობთ აღიქვამს – წყლის ფერი, სუნი, გემო, ტემპერატურა, სიმღვრივე, გამჭვირვალობა. ესენი, პირველ რიგში, გვამცნობენ თუ რამდენად სანდოა, მოხმარების თვალსაზრისით, ესა თუ ის წყალი, ხომ არ განიცადა მან გარკვეული ცვლილებანი და სხვა. ამ მახასიათებლების შეცვლამ შესაძლოა წყალმომარაგების წყარო საერთოდ გამოუსადეგარიც კი გახადოს. ქიმიური მაჩვენებლები – თავის მხრივ, რამდენიმე ჯგუფად იყოფა.

I ჯგუფში ის ქიმიური ნივთიერებანი შედიან, რომლებიც ბუნებრივად ხვდებიან წყალში. წყალი სუფთა H2O როდია, იგი უნივერსალური გამხსნელია და მასში შესაძლოა იყოს რკინა, იოდი, თუთია და მენდელეევის სისტემის ნებისმიერი ქიმიურ ელემენტი. კონკრეტული წყალმომარაგების წყაროს ფორმირებისას, ნიადაგის გარკვეულ ფენებში გავლისას იგი სხვადასხვა ელემენტთა შემცველი ხდება, ეს მიკრო და მაკროელემენტების საკმაოდ ფართო სპექტრია, რომელსაც წყალი ბუნებრივად შეიცავს.

II ჯგუფს შეადგენს ის ელემენტები, რომლებიც წყალში ადამიანის საქმიანობის შედეგად ხვდებიან, ეს ე.წ. ანთროპოგენური დამაბინძურებლები: ფაბრიკებისა და ქარხნების ნახმარი წყალი, სოფლად პესტიციდები, სასუქები, ინსექტიციდები, სარეცხი საშუალებები, ფხვნილები, სადეზინფექციო საშუალებები, ანუ ყველა ნივთიერება, რომელსაც ადამიანი ყოფა-ცხოვრებაში იყენებს.

მესამე ჯგუფია – ხარისხის გასაუმჯობესებლად წყლის დამუშავებისას ხელოვნურად დამატებული რეაგენტები, მაგალითად, საყოველთაოდ ცნობილია, რომ გაუსნებოვნების მიზნით შეიძლება გამოყენებული იქნეს ქლორი, ოზონი, დამუშავებისთვის – სხვადასხვა ნივთიერება, მათ შორის პოლიმერები. ყველა მათგანი წყალს ემატება ადამიანისთვის უსაფრთხო კონცენტრაციით.

მიკრობიოლოგიური, ბაქტერიოლოგიური მაჩვენებლები – წყალი შესაძლოა შეიცავდეს წყლისმიერი ინფექციური დაავადებების გამომწვევ სხვადასხვა სახის ვირუსს, მიკრობსა და ბაქტერიას.

რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის ორგანიზმისთვის წყლის მიღებას?

წყლიდან ორგანიზმში ხვდება მისი ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი მინერალური ნივთიერებების 25%, მაკროელემენტები: ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი და მაგნიუმი, ელემენტები, რომლებიც შეადგენენ სხეულის მასის 99%-ს და განსაზღვრავენ ორგანიზმის საერთო მდგომარეობას. ისინი აქტიურად მონაწილეობენ სასიცოცხლო და პლასტიკურ პროცესებში, ქსოვილებისა და განსაკუთრებით ძვლოვანი ქსოვილების შენებაში, უზრუნველყოფენ ნორმალურ ოსმოსურ წნევას ბიოლოგიურ სითხეებსა და უჯრედებში, არეგულირებენ ფერმენტების მოქმედებას, ფუძე-მჟავურ წონასწორობასა და წყალ-მინერალურ ცვლას, უნარჩუნებენ ორგანიზმს ჰომეოსტაზს და განსაზღვრავენ ორგანიზმის იმუნურ რეაქტიულობას.

შეუცვლელია წყლის გზით ორგანიზმში მოხვედრილი ჰიდროკარბონატების როლი ორგანიზმისთვის, რამეთუ ისინი მოქმედებენ კუჭის სეკრეციაზე და ამცირებენ კუჭის წვენის მჟავიანობას.

კალციუმი და მაგნიუმი, ნატრიუმი და კალიუმი, ქლორიდები და სულფატები, აგრეთვე სხადასხვა მიკროელემენტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ორგანიზმის მეტაბოლიზმის სტატუსის შენარჩუნებაში.

ამრიგად, წყლის ერთ-ერთი მთავარი ღირსება ორგანიზმის ნორმალური ფუნქიონირებისთვის საჭირო ქიმიურ ნივთიერებებით მომარაგებაა, სწორედ ამიტომ არის წყალში მათი როლი საკმაოდ დიდი. ჯანმო-ს უკანასკნელი მონაცემებით, დღეს არაინფექციურ დაავადებათა 70 პროცენტი წყალში სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებათა არასწორი თანაფარდობითაა გამოწვეული, რასაც სამწუხაროდ ყურადღებას არავინ აქცევს.

ერთია, როცა ინფექციური დაავადება ვითარდება წყლის მეშვეობით, იგი ყოველთვის მცირე დროში ვლინდება და დიდი რაოდენობით ადამიანებსაც აავადებს, რაც შეეხება ქიმიურ ნივთიერებებით გამოწვეულ არაინფექციურ დაავადებებს, იგი იმდენად ნელა ვითარდება, იმდენადაა დროში გაწელილი, რომ ინფექციურის დარად ადვილად აღმოსაჩენი და შესამჩნევი არ არის.

თეონა ნოზაძე

1 COMMENT

  1. ამდენი სიტყვების რახარუხს დაგეწერათ როგორ უნდა დავადგინოთ მაგალითად ჭის წყალი ვარგისია თუ არა. ამდენი აბდაუბდისა და ქიმიური სიღრმისეული განვრცობის ნაცვლად კონკრეტულზე გელაპარაკათ აჯობებდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები