13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარისაზოგადოებაახალი თაობის აღზრდაროგორ დავარეგულიროთ შვილებს შორის ურთიერთობა?

როგორ დავარეგულიროთ შვილებს შორის ურთიერთობა?

როგორ მოემზადოს ოჯახი ახალი წევრის – ახალშობილის მისაღებად? ბავშვებს შორის ურთიერთობების შესახებ “ამბიონს” გაბრაზებული ბავშვები სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის საკოორდინაციო ცენტრის ფსიქოლოგი ნატალია მჭედლიშვილი ესაუბრა:

„მშობლებმა კარგად უნდა გააცნობიერონ, რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ოჯახში ახალი წევრის შემომატება. უმცროსი ბავშვის ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდიდან უნდა დაიწყონ უფროსი შვილის მომზადება. ბევრი უნდა ესაუბრონ ბავშვს ამ თემაზე, აუხსნან, რას ნიშნავს დის ან ძმის ყოლა, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის დედმამიშვილის არსებობა. სასურველია, თუ ბავშვს კონკრეტული მაგალითების მეშვეობით გავაგებინებთ ამას. მაგალითად, მოუყვანენ მშობლები საკუთარ და-ძმებს, მათ ურთიერთობას. ამითი ბავშვს მისცემენ საშუალებას გაიაზროს, თუ რა სახის ცვლილებები ელის მის ცხოვრებას და ვინაა მისთვის ეს პატარა არსება.

როგორ უნდა დავარეგულიროთ ურთიერთობა შვილებში, რომ მათ შორის ეჭვიანობას, კონფლიქტებს, მეტოქეობას ადგილი არ ჰქონდეს?

არის შემთხვევები, როდესაც მშობლები ერთ შვილს უფრო გამოარჩევენ და მის კეთილდღეობაზე უფრო მეტად ზრუნავენ. ეს მეორე ბავშვის გაღიზიანებას ან დათრგუნვას იწვევს. ამიტომ, სასურველია, თუ ორივე მშობელი შეეცდება, ყურადღება თანაბრად გადაანაწილოს შვილებზე. ბავშვებს მცირე ასაკიდან უნდა ვასწავლოთ ერთმანეთზე ზრუნვა, ერთმანეთისთვის სათამაშოებისა და ტკბილეულის თანაბრად განაწილება. კარგი იქნება, თუ მშობლები წაახალისებენ იმ შვილს, რომელიც დას ან ძმას დაუთმობს და ამითი გამოხატავს სიყვარულს მის მიმართ. ასეთი საქციელის დროს ხშირად შეაქეთ ბავშვი.

რა ფორმის დასჯაა მიღებული მშობლის მიერ შვილების მიმართ, როცა ისინი ერთმანეთში კინკლაობენ?

ბავშვების დასჯა ამ დროს ძალიან საფრთხილოა. შესაძლოა რომელიმე მათგანმა დაჩაგრულად იგრძნოს თავი. სასურველია, თუ მშობელი გაარკვევს, რის გამო ჩხუბობენ ბავშვები და აუხსნის, რომ მათი ურთიერთობის გაფუჭების ფასად არ ღირს ჩხუბი. გაბრაზებული ბავშვებიშეეცადეთ, სხვა რამეზე გადაატანინოთ ბავშვებს ყურადღება და რომელიმე მათგანის დასჯით (თუნდაც მტყუანი იყოს ბავშვი) არ წაახალისოთ ერთმანეთში კინკლაობა.

როგორ გაანაწილოს მშობელმა დრო და ყურადღება თანაბრად ყველა შვილზე, რომ რომელიმე მათგანმა თავი ზედმეტად დაჩაგრულად არ იგრძნოს?

ამისათვის საჭიროა ბავშვების ოჯახურ საქმიანობებში ჩართვა. თუ უმცროსი ბავშვი ძალიან პატარაა და მშობელს უწევს მთელი ყურადღების მასზე გადატანა, მაშინ სასურველია უფროსი შვილის (მისი შესაძლებლობების მიხევით) ჩართვა პატარა ძმის ან დის მოვლაში. მაგალითად, დაავალეთ ბავშვს, გაართოს თავისი დაიკო ან ძამიკო სათამაშოს ჩხაკუნით, მოიტანოს რაიმე ნივთი, რომელიც უმცროსი ბავშვის მოვლისთვისაა აუცილებელი ან ტანსაცმელი მეორე ოთახიდან.

იმ შემთხვევაში, თუ ბავშვებს შორის მცირე ასაკობრივი სხვაობაა, მშობელი შეძლებს ერთად ეთამაშოს მათ, წაუკითხოს ზღაპრები და ესაუბროს შვილებისთვის საინტერესო და საჭირო საკითხებზე.

რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვები პატარაობის ასაკიდანვე მივაჩვიოთ ერთმანეთზე მზრუნველობას?

პატარაობიდანვე ბავშვებისთვის ერთმანეთზე ზრუნვის სწავლება ბევრად გაგვიადვილებს მშობლებს მათთან ურთიერთობას. ჩვენი შვილები ნაკლებს იჩხუბებენ, ნაკლებს იკინკლავებენ და ერთმანეთის დახმარებას უფრო ეფექტურად შეძლებენ. მომავალში როცა გაიზრდებიან და სრულწლოვნები გახდებიან, მათი ურთიერთობა ბევრად უფრო საღი და სიყვარულით სავსე იქნება. ერთმანეთზე ზრუნვით ბავშვები ერთმანეთის გაფრთხილებასა და სიყვარულს სწავლობენ.

თეონა ნოზაძე

მსგავსი სტატიები

1 COMMENT

  1. პრობლემური და ინდივიდუალური საკითხია. გასათვალისწინებელი რჩევებია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები