18 ივლისი 2024, ხუთშაბათი
მთავარიქრისტიანობაროდის არის სასიკეთო დუმილი?

როდის არის სასიკეთო დუმილი?

რა შემთხვევაშია დუმილი ადამიანის სულისათვის სასარგებლო? გვესაუბრება წმ. დემეტრე თავდადებულის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მამა მალხაზ ყიფიანი: დუმილი “ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ენას, რომელიც ხშირად წარმოთქვამს იმას, რისი დაფარვაც უმჯობესი იქნებოდა. იაკობ მოციქული გვმოძღვრავს, რომ თუ რომელიმე თქვენგანს თავი ღვთისმოსავი ჰგონია და ლაგამს არ ამოსდებს ენას, ფუჭია მისი ღვთისმოსაობა.

ბევრი საუბრისას ცოდვას ვერ აიცდენ და ვინც დუმილს ამჯობინებს, იგი გონიერია. ენა ყოველთვის გონების კარნახს უნდა ემორჩილებოდეს, რადგან გონიერებას მოკლებული სიტყვები ჩვენვე ბასრ ეკლებად გვექცევა. ამიტომ უნდა დავეუფლოთ საკუთარ ენას, რომ არ გავამრავლოთ სიტყვები და აქედან გამომდინარე, – ცოდვები. მდუმარე ადამიანი კი სიტყვიერი ცოდვებისგან დაცულია, თუმცა ისიც გვსმენია, ადამიანი შეიძლება ბევრს საუბრობდეს და ნაკლებად სცოდავდეს და პირიქით, შეიძლება მდუმარე იყოს და მუდმივად სხვათა განკითხვასა და სხვა მრავალ ცოდვაში იმყოფებოდეს.

მდუმარებისკენ სწრაფვა დამახასიათებელი იყო ყველა დიდი მოაზროვნე ადამიანისთვის. აღარაფერს ვამბობ იმ ღვთივსულიერ წმიდა ადამიანებზე, რომელნიც ღრმად შეიგრძნობდნენ ხალხური სიბრძნის ჭეშმარიტებას, რომ “დუმილი ოქროა”. მაგრამ, ამავდროულად, დუმილით შესაძლებელი ყოფილა ღმერთის გაცემაც.

როდესაც უფალი იერუსალიმში შედის დიდებით და მთელი ერი გამოსულია უფლის თაყვანისსაცემად, ებრაელი ფარისევლები ეუბნებიან მაცხოვარს, რომ გაკიცხეს და გააჩუმეს ისინი, რადგან თავიანთ სიყვარულს უფლისადმი ხმამაღლა გამოხატავდნენ და ამბობდნენ: “კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა, მეუფე ისრაჱლისაჲ!” მაშინ უფალი ეუბნება მათ: “ესენი რომ დადუმდნენ, ქვები იღაღადებენ”, რითაც გამოხატავს თავის დამოკიდებულებას იმის მიმართ, რომ ადამიანმა ჭეშმარიტების დასამოწმებლად დუმილი კი არ უნდა ამჯობინოს, არამედ თავისი სარწმუნოება ბაგეებითაც კი უნდა გამოხატოს, როცა ამის აუცილებლობაა.

წმიდა ამბროსი გვმოძღვრავს, რომ თუკი ჩვენ პასუხს ვაგებთ უქმად მეტყველებისთვის, წინდახედულნი უნდა ვიყოთ, რომ არ მოგვიხდეს პასუხისგება უქმად მდუმარებისთვისაც. წმ. ნიკოლოზ სერბი ამბობს: “მდუმარეა ყველა დიდი სტიქია, ყველაზე მეტად მდუმარე კი ღმერთია, მხოლოდ პატარა ქმნილებები არიან მრავლისმეტყველნი და განა გასაკვირია, რომ დიადი სულები სდუმან?”
თუ საკუთარ თავში მრავლისმეტყველების ცოდვას ვამჩნევთ, მისი აღმოფხვრისთვის ღმერთს უნდა ვევედროთ ჩვენი და ფსალმუნის სიტყვებითაც: “დასდევ, უფალო, საცო პირსა ჩემსა და კარი ძნელი – ბაგეთა ჩემთა”, ამინ!

ღირსი იოანე სინელის სწავლებით, პირუტყვივით მდუმარე კი არ უნდა იყო, როცა დუმილი საჭირო არ არის და ამით სხვებს შფოთვასა და სიმწარეს მოუტან. და ნურც მაშინ დაიგვიანებ, როცა სისწრაფეს გიბრძანებენ და ნურც დააყოვნებ, სხვაგვარად ცოფიანსა და მეამბოხეზე უარესი საქმის მოქმედი იქნები.

თეონა ნოზაძე

მსგავსი სტატიები

2 COMMENTS

  1. ძალიან ვისიამოვნე ამ სტატიის წაკითხვით. ცოფი და მრისხანება ნამდვილად აბრმავებს ადამიანს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები