მთავარი » საზოგადოება

რის განხორციელებას გეგმას “დანაშაულის პრევენციის ცენტრი” 2014 წელს?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.04.2014 | 2,195 ნახვა

“იგეგმება ახალი ოფისების გახსნა და სოციალური მუშაკების დამატება,
რომლებიც რეგიონებში ადგილზე გაუწევენ მომსახურებას ყოფილ პატიმრებს”

რა სახის მომსახურებას სთავაზობს „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებულ პირებს და რისი განხორციელებაა დაგეგმილი 2014 წელს? „ამბიონს“ ამ თემაზე ვრცლად ციხე ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ნიკოლოზ ხარებავა ესაუბრა:

„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. პროგრამა ხორციელდება 2012 წლის დეკემბრის თვიდან. პროგრამაში ყოფილი პატიმრების ჩართულობა ნებაყოფლობითია, მათი ჩართვის შემდეგ მათთან ინდივიდუალურად მუშაობს ცენტრის სოციალური მუშაკი. პროგრამაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ ყოფილ პატიმარს, არ არის შეზღუდვა ასაკთან დაკავშირებით.

დანაშაულის პრევენციის ცენტრის ოფისი მდებარეობს თბილისში, ამიტომ სოციალური მუშაკები პროგრამის ფარგლებში ძირითადად მუშაობენ თბილისში. საჭიროების შემთხვევაში ვიზიტები ხორციელდება რეგიონებშიც.

პროგრამაში ჩართვის შემდეგ სოციალური მუშაკი აკეთებს ყოფილი პატიმრის სრულ ბიოფსიქოსოციალურ შეფასებასა და დასკვნა/რეკომენდაციას. შეფასების პროცესის დასრულების შემდეგ, დგება ინდივიდუალური მომსახურების გეგმა და შეფასების შედეგად გამოკვეთილი საჭიროებებიდან გამომდინარე ხდება ბენეფიციარებისთვის მომსახურებების მიწოდება.

ცენტრი, პროგრამაში ჩართული ყოფილი პატიმრებისთვის, ახორციელებს სხვადასხვა ტრენინგებს, რომელიც ხელს უწყობს მათი სოციალური უნარების განვითარებას, პროფესიულ სწავლებას, ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. თითოეულ ბენეფიციარს, მათი საჭიროებებიდან გამომდინარე უტარდება შესაბამისი ტრენინგი. მაგ.: საკუთარი რესურსების შეფასება და მომავლის დაგეგმვა, ცხოვრების ჯანსაღი წესი, ქალის ჯანმრთელობა დღეს და ა.შ.

ბენეფიციართა საჭიროებებზე ორიენტირებული მომსახურებების შექმნის მიზნით 2013 წლის აპრილის თვეში იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა საგრანტო კონკურსი, რომელმაც გამოავლინა ოთხი გამარჯვებული საგრანტო პროექტი. ორი პროექტი მიმართულია ყოფილი მსჯავრდებულების ფსიქოლოგიურ და სოციალურ მომსახურებაზე, ხოლო ორი – დასაქმების ხელშეწყობაზე.

ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული მომსახურების საგრანტო პროექტი – გრანტის ფარგლებში 105 ყოფილი პატიმარი ისარგებლებს ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული მომსახურებით. პროგრამას ახორციელებს „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი GCRT.“

სოციალური უნარების განვითარების საგრანტო პროექტი – 250 ყოფილი პატიმარი გაივლის სოციალური უნარების განვითარების ტრენინგ კურს, ტრენინგების პირველი ეტაპი დასრულდა, ჩართული იყო 32 ყოფილი პატიმარი. მალე დაიწყება ტრენინგების მეორე ეტაპი. პროგრამას ახორციელებს „ფსიქო-კონსულტანტთა ასოციაცია“.

მცირე ბიზნესის განვითარების საგრანტო პროექტი – შესაბამისი კრიტერიუმებით შერჩეული 30 ყოფილი პატიმარი გაივლის 3 დღიან ტრენინგს, სადაც ბენეფიციარები ისწავლიან ბიზნეს გეგმის შედგენასა და მიკრო ბიზნესის მართვისთვის აუცილებელ საბაზისო უნარებს. ტრენინგების გავლის შემდეგ წარადგენენ ბიზნესპროექტებს, თითო პროექტი დაფინანსდება 4 000 ლარით, სულ 5 საუკეთესო იდეა მიიღებს დაფინანსებას. 30 ყოფილმა პატიმარმა გაიარა ტრენინგ კურსი და წარმოადგინეს ბიზნესპროექტები. აპრილის თქვეში ბიზნეს იდეებს განიხილავს სპეციალური კომისია და შეარჩევს 5 საუკეთესოს. პროგრამას ახორციელებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“.

სტაჟირებისა და დასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროექტი – შესაბამისი კრიტერიუმებით შერჩეული 20 ყოფილი პატიმარი ჩართულია ტრენინგებში, სწავლობს საბაზისო საკითხებს რომელიც ეხება სამსახურის მოძიებას, CV-ის შექმნას, მოტივაციური წერილის დაწერას, გასაუბრების ტექნიკებს და ასე შემდეგ. ასევე ჩატარდა ინდივიდუალური გასაუბრებები ბენეფიციარებთან, რომელიც მიზნად ისახავს მათი უნარების ადექვატურად შეფასებასა და სტაჟირებისთვის აუცილებელი დაწესებულების მოძიებას. პროექტის ფარგლებში 20 ბენეფიციარმა სხვადასხვა ორგანიზაციაში დაიწყო 3 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა. პროგრამას ახორციელებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“.

პროგრამის ფარგლებში ყოფილი პატიმრებისთვის ხორციელდება სხვადასხვა აქტივობები:

• ინგლისურის სწავლება ყოფილი მსჯავრდებულებისთვის და ასევე მათი შვილებისთვის;
• ფილმის ჩვენება ყოფილი მსჯავრდებულებისთვის დანაშაულის პრევეცნიის ცენტრში;
• ერთჯერადი კინოჩვენება კინოთეატრ რუსთაველში;
• მოხუცთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ სოლიდარობის აქციაში მონაწილეობა;
• საფეხბურთო კლუბ „თბილისის დინამოს“ თამაშებზე დასწრება ბორის ბაიჭაძის დინამო არენაზე;
• ეროვნული საფეხბურთო და რაგბის ნაკრების თამაშებზე დასწრება;
• შექმნილია საფეხბურთო გუნდი, სადაც დანაშაულის პრევენციის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად თამაშობენ ყოფილი მსჯავრდებულები. გუნდი მონაწილეობას იღებს მოყვარულთა ლიგაში;
• ხშირია ვიზიტები არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში; ეწყობა იმ ბავშვებთან შეხვედრები, რომლებიც ტოვებენ დაწესებულებას. ინფორმაცია მიეწოდებად ზოგადად, დანაშაულის პრევენციის ცენტრის პროგრამების შესახებ. სისტემატურად ეწყობა ფილმის ჩვენებები. გაიმართა საფეხბურთო მატჩი არასრულწლოვნებსა და ცენტრის თანამშრომლებს შორის, აღნიშნული აქტივობები ბავშვებს ინტეგრაციაში ეხმარება.

მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესში.

გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის ფინანსური დახმარებით რესოციალიზაცია- რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართული არასრულწლოვანი ყოფილი პატიმრებისთვის შემუშავდა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სხეულზე გაკეთებული ტატუირებების მოცილებას. UNICEF-თან 2013 წლის დეკემბრის თვეში გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში დაახლოებით 30 არასრულწლოვანი ყოფილი პატიმარი შეძლებს ტატუს მოცილებას. პროექტი გაგრძელდება 2014 წლის ოქტომბრის თვემდე. პროცესი ხელს შეუწყობს არასრულწლოვნების ჩართულობას საზოგადოებაში, მომზადებას მათ დასაქმებისთვის, ექნებათ ნაკლები დისკომფორტი, იქნებიან უფრო მეტად სოციალიზირებულები. ამ მიმართულებით ცენტრი გეგმავს სრუწლოვან ყოფილ პატიმრებზეც გააკეთოს მსგავსი პროექტი.“

რამდენად ეფექტურია და რეალურად, რამდენად ეწყობა ხელი ამ პროგრამით ყოფილი მსაჯვრებულების საზოგადოებაში სრულუფლებიან წევრებად დაბრუნებას?

პროგრამის დაწყებიდან დღემდე ცენტრში ფიქსირდება 800-ზე მეტი მომართვა, აქედან განმეორებითი დანაშაული არის მხოლოდ 9, რაც არის 1,1%, ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რაც მიუთითებს პროგრამის წარმატებასა და ეფექტიანობაზე. ასევე, 2013 წელს 20 ბენეფიციარს მოუგვარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემა. რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა 2014 – 2015 წელს არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით შესაძლებელი იქნება, 300-ზე მეტ ყოფილ პატიმარს ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით გაეწიოთ დახმარება. ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებით 3 ყოფილ პატიმარს გაუკეთდა ოპერაცია, ამ მიმართულებით ვეხმარებით ყოფილ პატიმრებს სხვადასხვა უწყებებთან ურთიერთობაში. 10 ყოფილ პატიმარს, თითოეულს 150 ლარის ფარგლებში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ დაუფინანსა მედიკამენტები.

პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებიდან, რომლებთანაც აქტიურად მუშაობს სოციალური მუშაკი, დასაქმებულია 80-ზე მეტი ყოფილი პატიმარი. მაგ.: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სკანირების სამსახურში; თბილისის იუსტიციის სახლის დასუფთავების სამსახურში; სამშენებლო კომპანიაში და ა.შ.

პროგრამაში ჩართვის შემდეგ ყოფილ პატიმრებს მოუგვარდათ ფსიქოლოგიური პრობლემები, ინტეგრირდნენ საზოგადოებაში, აღნიშნავენ რომ, პროგრამამ მათზე
დადებითად იმოქმედა. ეს არის ერთ-ერთი ყოფილი პატიმრის სიტყვები, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

შოთა ბ. : „თქვენი პროგრამა დამეხმარა ადამიანების რწმენის დაბრუნებაში. დავიჯერე, რომ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ და ზრუნავენ სხვებზე ამ შემთხვევაში პატიმრებზე. თქვენგან ყოველთვის ვგრძნობდი გვერდზე ყოფნას, მხარდაჭერას. როდესაც ციხიდან გამოვედი, მეგონა, რომ მომიწევდა ისევ იქ დაბრუნება, რადგან გამოსავალს ვერაფერში ვერ ვხედავდი. მაგრამ მას შემდეგ რაც ჩავერთე თქვენს პროგრამაში ეს აზრები გამიქრა და ამისთვის მადლიერი ვარ.
თქვენ დამეხმარეთ გამოჯანმრთელებაში. თქვენი დახმარებით გამიკეთდა ოპერაცია, დამიფინანსეს მედიკამენტები, მომიგვარდა სხვადასხვა პრობლემები, დავმშვიდდი ფსიქოლოგიურად. ამ ყველაფრისთვის დიდ მადლობას ვუხდი რეაბილიტაცია- რესოციალიზაციის პროგრამას.“

ხდება თუ არა პროგრამის ფარგლებში ყოფილი პატიმრებისთვის პროფესიული უნარების განვითარება?

საგანმანათლებლო მომსახურებების შექმნის მიზნით 2013 წლის ივნისის თვეში გამოცხადდა ტენდერი პროფესიული კურსების შესყიდვაზე. ტენდერში გაიმარჯვა განათლების სამინისტროს ორმა პროფესიულმა კოლეჯმა, „მერმისმა“ და „სპექტრმა“ და თსუ-ის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრმა. ჯამში მოხდა 18 დასახელების, როგორც სახელობო, ისე – არასახელობო კურსების შეძენა. ჯამში 72 ყოფილი პატიმარი ჩაერთო პროფესიული გადამზადების კურსებში. აქედან, 24-მა წარმატებით გაიარა სრული კურსი და მიიღო ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი. სასწავლო კურსები ყოფილ მსჯავრდებულებს აძლევთ შესაძლებლობას დაეუფლონ საჭირო უნარებს და შეძლონ დასაქმება, გახდნენ კონკურენტუნარიანები სამუშაო ბაზარზე.

რამდენად აქტიურად ერთვებიან თავად ყოფილი პატიმრები აღნიშნულ პროგრამაში?

ყოფილ პატიმრებთან მუშობა იწყება გათავისუფლებამდე 1-3 თვით ადრე. რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის დაწყებიდან დღემდე დანაშაულის პრევენციის ცენტრის სოციალური მუშაკები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შეხვდნენ 1400-ზე მეტ მსჯავრდებულს. დანაშაულის პრევენციის ცენტრში ფიქსირდება 800- ზე მეტი ბენეფიციარის მომართვა, აქედან 114 ქალია. ყოფილ მსჯავრდებულებთან მუდმივ რეჟიმში აქტიურად მუშაობენ ცენტრის სოციალური მუშაკები. პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს გაეწიათ სხვადასხვა მომსახურება, მათ შორის რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში განსაკუთრებით აქტიურად ჩაერთო 470 ყოფილი პატიმარი.

ხშირია სატელეფონო ზარები პროგრამის ცხელ ხაზზე, ყოფილ მსჯავრდებულებს აქვთ კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, თვის განმავლობაში საშუალოდ ფიქსირდება 25-30 ზარი. ცხელი ხაზის ნომერი: 2 145 145

იგეგმება თუ არა პროგრამის უფრო მასშტაბური სახით განხორციელება და რაიმე სიახლე?

მიმდინარე წელს იგეგმება ახალი ოფისების გახსნა და სოციალური მუშაკების დამატება, რომლებიც რეგიონებში ადგილზე გაუწევენ მომსახურებას ყოფილ პატიმრებს.

2014 წელს ასევე დაგეგმილია ახალი საგრანტო კონკურსების გამოცხადება, რომელიც ძირითადად მიმართული იქნება ყოფილი პატიმრების დასაქმების ხელშეწყობაზე.

სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში შექმნილი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ჯგუფის ფარგლებში დაგეგმილია სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცება. სტრატეგიასთან და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით მინდინარეობს შეხვედრები სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, შემუშავდა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია, რომელიც 2014 წლის აპრილის თვეში საბოლოო სახეს მიიღებს და დასამტკიცებლად წარედგინება რესოციალიზაცია-რეაბილტაციის სამუშაო ჯგუფს.

პროფესიული განათლების მიმართულებით, განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, 2014 წელს იგეგმება ხელობის/პროფესიის შემსწავლელი კურსების შეთავაზება ყოფილი პატიმრებისთის. კურსებს სრულად დააფინანსებს განათლების სამინისტრო. ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, 2014 წელს, განათლების სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროებს შორის ხელი მოეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს.

დაგეგმილია რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით კვლევის კომპონენტის განვითარება, რაც გულისხმობს, როგორც ბენეფიციარების საჭიროებების კვლევას, ასევე სხვადასხვა მომსახურების მომწოდებელი ორგანიზაციების შესაძლებლობების ანალიზს. კვლევა მოგვცემს შესაძლებლობას სწორად დავგეგმოთ სარეაბილიტაციო პროგრამები ყოფილი პატიმრებისთვის.

ასევე, დაგეგმილია სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაძლიერება და საზოგადოების ინფორმირების ზრდა.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი