მთავარი » კულტურა

რევაზ ინანიშვილი – “ფიროსმანი”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.09.2015 | 2,338 ნახვა

მდიდარს ოქრო აქვს –
ჩვენ კი თვითონ ვართ ოქრო ბიჭები…
რობერტ ბერნსი

– ფიროსმანმა რომ სმას უმატა, – ჰყვება ერთი თვალებგაბრწყინებული კაცი, – მეგობარმა მხატვრებმა გადაწყვიტეს, რამე უნდა ვუშველოთ, თორემ დაიღუპებაო. ფული შეაგროვეს, ღვინის სარდაფი უყიდეს მთელი უძრავი-მოძრავით, ჩააბარეს და დაანამუსეს: ფიროსმანი ივაჭრე, თან ხატე, და თუ დალევა მოგინდეს, სხვაგან ნუ წახვალ, ისევ აქ დალიეო. ფიროსმანი ყველაფერზე დათანხმდა. ასეთი კაცი იყო – მაღალი, ხმელ-ხმელი, პირქუში, ბოხხმიანი, და მაინც დამყოლი. ბავშვს რომ ეთქვა: – არაფრის მაქნისი არა ხარ, არაფერს არ წარმოადგენ ამ ქვეყნისთვისო, – თავზე მოფერებით გადაუსვამდა ხელს, ჩაეღიმებოდა და ასე მიუგებდა: – მართალი ხარ, მეც ბევრჯერ მიფიქრია ამაზეო. მეგობარ მხატვრებთან ხომ შემოპარული კაცივით იქცეოდა. თუ რა თქმა უნდა, ჟინის ჭია არ ჰყავდა შემჯდარი.

არავინ არ იცის მისი დახლის ამბავი. სარდაფი ყოველთვის სავსე იყო მუშტრით, აურაცხელი ღვინო-არაყი ისმებოდა, სარდაფის პატრონს კი, ისევ „ხუდოჟნიკ ნიკალას“ რომ ეძახდნენ, ყოველთვის ერთი მუხლებთან გამობერილი „დიაგანალის“ შარვალი და სატინის ხალათი ეცვა, ყოველთვის დაბრეცილი ჩექმებით დადიოდა.
– ეს კია – შაბათ საღამოს, როცა სხვა დუქნების შემოსავალი ერთიათად მატულობდა, ფიროსმანი სულ არ ვაჭრობდა. მაშინ ის მხრებში მოჭმუჭნულ პიჯაკს შემოიცვამდა, ჩექმებს ვაქსით გააპრიალებინებდა, თმას დაივარცხნიდა, ულვაშებს დაიპეწავდა და გოლოვინის პროსპექტზე გავიდოდა. მიდიოდა ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, მძიმედ, ხველებ-ხველებით, ხან ამას დაუძახებდა სიცოცხლესა და გამარჯვებას, ხან იმას. თუ რაღაც საინტერესო რამ იყო – ქართულ თეატრში ან ოპერაში შეუხვევდა…

იმ შემოდგომას ერთი ფრანგი მოცეკვავე ქალი ჩამოვიდა, მარგარიტა ერქვა. ცეკვით ხომ ცეკვავდა, ლამაზი იყო – მთელი თბილისი გადარია. ფიროსმანი ეს გაფცქვნილი თავადები და თავქარიანი სტუდენტები უკანასკნელ ხონჯრებსაც კი აგირავებდნენ, ოღონდ იმ ქალისთვის ერთხელ მაინც მოეკრათ თვალი. თეატრის წინ ზედახორა ჰქონდათ გამართული. იყო ხორხოცი, ბილწსიტყვაობა, ჟინიანი ხვიხვინი და ათასი სხვა ოხრობა.
აბა, ფიროსმანი რაღა დღეში ჩავარდებოდა – ლამაზი რამის გულისთვის ეშმაკსაც კი რომ მიჰყიდდა სულს! ტყავი გაიძრო, ვიღაც სპეკულანტი ააშენა და პარტერის პირველ რიგში გამოიჭიმა.
ზის და ელოდება.
აიხადა ფარდა. გამოჩნდა ის დედოფალასავით თვალებფოფინა მარგარიტა. დარბაზმა იქუხა, ვიღაც-ვიღაცები დასაბმელები გახდნენ. ფიროსმანი კი ზის და მარტო ის ემჩნევა, რომ წელში იმართება და სახე ებადრება თანდათან. ასე ამაღლებული, სახეგაბრწყინებული იჯდა პირველ განყოფილებაზე, ანტრაქტზე, მეორე განყოფილების დაწყებისას… მერე უცებ წამოდგა, უკან გაიყოლა უამრავი დამცინავი თვალი და გარეთ გავარდა. თავისი ღვინის სარდაფი, მთელი უძრავ-მოძრავით, ვიღაც სომხის მიკიტანს მიაჩეჩა, სურათები იყო თუ იარაღები, ისიც ზედ მიაყოლა, აღებული ფულით მებაღეებს და საყვავილეებს ჩამოუარა, რაც კი თბილისში შემოდგომურა ყვავილები იყო, მთლიანად იყიდა, ათი ეტლი დააზვინინა და სასტუმრო „პალას-ოტელს“ მიაყენა.

წარმოდგენის შემდეგ ბანკეტი ჰქონდათ. მარგარიტას იქ შეჰგვიანებოდა და სასტუმროში გათენებისას დაბრუნდა. ყვავილებით სავსე ეტლები სასტუმროს წინ ასე, ორ მწკრივად იდგნენ.
– მეჩვენება თუ რა არისო, – შიშით შეჩერდა მარგარიტა, მაგრამ ამ დროს ქართულ ქულაჯაში გამოწყობილი ბიჭი წარუდგა წინ, ერთი დიდი ხავერდოვანი შავი ვარდი მიართვა და თავაზიანად მოახსენა:
– ამ ვარდს და ამ ყვავილებს მხატვარი ფიროსმანი გიძღვნით თქვენო.
მარგარიტა არაერთი ევროპელი თავიგლეჯია ვაჟკაცის დარდიმანდობის მიზეზი ყოფილა, მაგრამ ასეთ რამეს მაინც პირველად ხედავდა.
– მხატვარი? თვითონ მხატვარი სად არისო.
ამაზეც უბრალოდ, თავაზიანად მოახსენეს: აქ, ჩვენთან, მტკვრის პირას, ბაღია. ბაღში დიდი ხეები დგას და დიდი მთვარე იცის. ფიროსმანი ახლა იქა ზის და თქვენს სადღეგრძელოს სვამსო.
ამან მთლად გადარია მარგარიტა: წავალ და მე თვითონ ვნახავო. მაგრამ ვიღაც დარბაისელებმა უდროობა მოიმიზეზეს, ვიღაცებმა ხვალინდელი დღე შეახსენეს, თვითონაც იფიქრა – ვაითუ დაღლილ-დაქანცულს ცუდი შთაბეჭდილება დაეტოვებინა მხატვარზე, რომელიც უთუოდ დიდი გემოვნების პატრონი ჩანდა. დანაღვლიანდა, განმარტოვდა და მერე თვალცრემლიანმა იმ ქართულქულაჯიან ბიჭს თავისი სურნელოვანი სადარბაზო ბარათი გაატანა „ბატონ ფიროსმანთან“: ნაშუადღევისათვის, დიდის მოწიწებით, თავისთან იწვევდა.
ფიროსმანი ცას შესწვდა სიხარულით. ვინც კი აიარ-ჩამოიარა, ყველა სუფრაზე მიიპატიჟა, ხელადები დააჯარებინა, დამკვრელების კიდევ ერთი დასტა დაისვა და ქეიფი განაახლა.
ეს დალოცვილი სასმელი უგემურად არასოდეს არ სჩვენებია, მაგრამ იმ დღეს მთლად გაახელა. ფიალას ფიალაზე ცლიდა, ტიროდა, იცინოდა, ყველაფერი ელამაზებოდა, ყველაფრის გულში ჩახუტება უნდოდა, ყველაფერზე მტლად დადებას ეპირებოდა.

გათენდა. ამოვიდა მზე.
– გეყოფა, ნაშუადღევს სხვაგან ხარ წასასვლელიო! – რამდენჯერმე შეახსენეს მეგობრებმა, მაგრამ ფიროსმანმა ნაშუადღევამდე ვერ იმყოფინა ვერც ღვინო, ვერც იეთიმ გურჯის ლექსი და ვერც ძმაბიჭების „ალავერდი-იახშიოლ“…
გვიან ღამით წამოდგა. ქამარი გაისწორა, პიჯაკს მკლავი გაუყარა, საყველაწმინდო დალია, ულვაშები ხელის ზურგით გადაიპეწა და ეტლი „პალას-ოტელისაკენ“ დააძვრევინა.
იქ შემდეგი მოახსენეს:
– ქალბატონი მარგარიტა ნაშუადღევიდან ვიღაცას ელოდა, ნერვიულობდა, წუხდა, სხვა არავინ მიუღია… ხოლო ცხრა საათზე პეტერბურგს გაემგზავრა თავის თეატრთან ერთადო.
ფიროსმანმა ეტლამდე ძლივს მიათრია მოწყვეტილი ფეხები, ზედ აბობღდა, ისევ ორთაჭალისკენ დაახვევინა, იქ ბალახებზე წაიქცა, ხელადა ჩაიხუტა და გაქვავდა.
მედუდუკეებმა გუმანით იგრძნეს, რა ცეცხლიც მოსდებოდა მათ საყვარელ მხატვარს, – ვაიმე, ვაიმეო, – გააქნიეს თავები სინანულით, ერთმანეთს გადახედეს და დამწვრისა დაუკრეს:
„კარგი იყო, არ მენახე თავიდან“ და სხვა…

აი, მეგობარო, როგორ ლამაზად ავსებს თავისი დიდი მხატვრის უცნობ ბიოგრაფიას ჩვენი ჭკვიანი ხალხი. შენ, ვიცი, რასაც მეტყვი: ფიროსმანისთვის ღვინის სარდაფი არავის არ უყიდიაო, ფიროსმანს ფრანგი მარგარიტასთვის ეტლებით ყვავილები არ მიუძღვნიაო, შავი ვარდი რაღაა, ეს რაღამ მოაგონათო… რამ მოაგონათ მთლიანად ეს ამბავი – წადი და თუ ამ ქვეყანაზე თითო თლაშო არყის ფასად დახატული, ბავშვის თვალებივით მეტყველი სურათები შეგხვდეს სადმე – ამას ეს სურათები გეტყვიან მხოლოდ…


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი