მთავარი » კულტურა

რემბრანდტი – მარად ცოცხალი “ნაღვლიანი გენია”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.03.2012 | 10,576 ნახვა

“ნაღვლიანი გენია” – ასე უწოდა ლერმონტოვმა ჰოლანდიელ ფერმწერს, გრავიურისა და ნახატის ოსტატს, რემბრანდტ ჰარმენსვან რეინს (1606-1669 წწ.). იგი დაიბადა ჰოლანდიაში, ევროპის ქალაქ ლეიდენში, მეწისქვილის ოჯახში. რემბრანდტი ლათინური სკოლის დამთავრების შემდეგ, მშობელთა სურვილისამებრ, ლეიდენის უნივერსიტეტში დადიოდა, სადაც მხოლოდ ერთი წელი დაჰყო. მალე ლათინურს ზურგი აქცია, მხატვარი უნდა გამოვიდეო. განათლებას მისი შემოქმედების მხატვრული მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ ინტელექტუალურმა, სულიერმა სიმდიდრემ გავლენა იქონია მისი მხატვრობის ადამიანურ, სულიერ მხარეზე.

სამას წელზე მეტი გავიდა რემბრანდტის გარდაცვალებიდან, მაგრამ დიდი ხელოვანის შემოქმედება სამმა საუკუნემ ვერ გააუფერულა, არავითარი უცხოობის განცდას არ იწვევს. მისი ნამუშევრები ჟანრული მრავალფეროვნებით გამოირჩევა: რელიგიური, მითოლოგიური, ისტორიული სცენები. არ გვხვდება ტიპური ყოფითი ჟანრი, მაგრამ მისი რელიგიური სურათები ხშირად ამ ჟანრის წყობით იგებიან. 30-იანი წლების ნამუშევრებში ჯერ კიდევ არ ჩანს რემბრანდტის მხატვრული გენია. მხატვარი ეძებს საკუთარ თავს. ამ პერიოდში რელიგიურ-ბიბლიურ თუ სახარებისეულ სიუჟეტებზე მრავალი კომპოზიცია შექმნა. მას იზიდავს ქრისტიანული სიუჟეტის ადამიანურ-ემოციური მხარე, მაგრამ გამომხატველობით ხერხებს ჯერ ვერ ფლობს. მის ერთ-ერთ ადრეულ ნამუშევარში “ტაძრიდან განდევნა” ვხედავთ მთლიანად გადაჭედილ ფორმატს, სახის ნიღბებს, ვიდრე რეალურ ემოციას, პრაქტიკულად, ჰაერისა და შუქ-ჩრდილის გარეშე. ყველა ის ღირსება, რაც მას მომავალში აქვს, ჯერ არ ჩანს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, არ კმარა ემოციური ჟესტების გამოსახვა.

კომპოზიცია თანდათან იხვეწება. მომდევნო პერიოდის ნამუშევრებში უკვე მკაფიოდ ჩანს მისი მთავარი კომპოზიციური იარაღი. შემკვრელი აქცენტია შუქ-ჩრდილით ვარირება, მთავარისა და მეორის გამოყოფა. ამის საუკეთესო მაგალითია “სიმეონი ტაძარში”. განლაგება იდეალურია, გამომეტყველება – ზუსტი.

ჯვარიდან გარდამოხსნა ბიბლიის თემა იმდენად ძლიერი იყო, რომ თვით რემბრანდტმაც ვერ აუარა გვერდი. ვან რეინი ეკუთვნის შემოქმედთა იმ ბირთვს, რომელიც კაცობრიობას კი არ ამშვიდებს და აძინებს, არამედ აფხიზლებს, აღვიძებს. ასეთი მღელვარე ბუნების ფერმწერს უსათუოდ მიიზიდავდა დრამა ღმერთკაცისა, რომელიც ამდენ სიკეთეს ქადაგებს და ასე შეუბრალებლად აცვამენ ჯვარს. მას უძღვნა “ჯვარიდან გარდამოხსნა”. მზიური შუქი ეცემა შუაში აღმართულ სისხლიან ჯვარსა და მაცხოვრის უსიცოცხლო სახეს. ოთხ კაცს უჭირავს მისი სხეული. მუქ ფონზე რამდენიმე ფიგურა ჩანს, ესენი მოწაფეები არიან. შუქის მთელი ნაკადი მაცხოვრის გვამსა და თეთრ სუდარაზეა, რომლის ბოლოც ჯვარზე ასულ კაცს უჭირავს. მძაფრი ჟესტიკულაცია თეატრალურ ეფექტს იძლევა. შუქ-ჩრდილი უზარმაზარ როლს თამაშობს. შექმნილია სულიერი ცხოვრების განცდით სავსე ემოციური ატმოსფერო. ფორმა არის მკვრივი და ხელშესახები.

ჯვარიდან გარდამოხსნა ლეიდენელი დიდოსტატი სასწაულს ემსგავსება. მისი შემოქმედებითი გზა მთავრდება ისევ შედევრით, რომელიც გვაოცებს თავისი სიღრმით, სულიერი წვის განცდით. ოსტატი ისეთ ციურ შუქს იძლევა, რომ კაცს სურს, სურათის მიღმა გაიხედოს, გაიგოს, საიდან მოდის ეს სინათლე. ცისა და მიწის ჰარმონია ხელშესახებია. მისი ცხოვრების ყველაზე ტრაგიკულ პერიოდში შეიქმნა “უძღები შვილის დაბრუნება” (ლუკა 15.18-19.21). უძღები შვილი სურათში შემოდის. ფაქტობრივად, გარემო საერთოდ არ ჩანს საგნობრივ ფორმაში. მოხუცი, უსინათლო მამა და მავედრებელი, მუხლებზე დაცემული შვილი, რომელიც ინანიებს ცოდვებს მამისა და ღვთის წინაშე. უძღები შვილის მამა კეთილშობილია და მიმტევებელი. რემბრანდტის ოსტატობა, უბრალო საგანი აქციოს უძვირფასეს ფერწერულ ზედაპირად, უმაღლეს დონეს ამ შედევრში აღწევს. ფორმები იწერება ზოგადად, მაგრამ უაღრესად ზუსტად სახვითი თვალსაზრისით. უძღები შვილი დამცირებულია, მამამისის სახით კი აღიარებულია ადამიანის სიდიადე. მამა ადამიანობისა და შემწყნარებლობის ნიმუშია.

მოაზროვნე რემბრანდტმა უდიდესი მემკვიდრეობა დაგვიტოვა ერმიტაჟის, ლონდონის, ვენისა და სხვათა საგანძურებში. მისი შემოქმედებიდან აღსანიშნავია: პორტრეტები, “სამსონის დაბრმავება”, “იაკობის მსხვერპლშეწირვა”, “ექიმ ტულპის გაკვეთილი”, “ღამის მზირი”, “წმინდა ოჯახი” და სხვ.

მოამზადა სოფიკო აბულაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი