13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიქრისტიანობარატომ აცხობენ ბარბარობას ლობიანს?

რატომ აცხობენ ბარბარობას ლობიანს?

17 დეკემბერს, წმიდა დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს ხსენების დღეს ლობიანებს აცხობენ. რა კავშირიშია ეს ტრადიცია დღესასწაულთან?

ლობიანი დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი: “ქრისტიანობისთვის დღესასწაულებთან დაკავშირებით რიტუალურად რაიმე სახის საზრდოს მომზადება, შეწირვა უცხოა. იშვიათი გამონაკლისი ძველი მსოფლიოს თვალთახედვიდან გამომდინარე, სიმბოლური დატვირთვით გვხვდება: პური, ღვინო, თევზი და წითელი კვერცხი. მათ მნიშვნელობებზე სხვა დროს ვისაუბროთ. საზრდოს შეწირვა წარმართული რელიგიებისთვის იყო დამახასიათებელი. ქართულ წარმართულ პანთეონში აქტიური ადგილი ეკავა მზის ღვთაებას და მის დედას აისს–ბარბალეს. მათდამი პატივსაცემად დღესასწაულზე აცხობდნენ მზის დიკოს ფორმის ღვეზელებს. ღვთაების მდედრობითი სქესისა და სახელთა დიდი მსგავსების გამო, რიგითი მორწმუნეების გარკვეულ ნაწილში მოხდა ორი სუბიექტის გაიგივება–აღრევა. ხაზგასმით ვამბობ, ეს არ იყო საეკლესიო სწავლება. მან ნელ-ნელა ხალხში გავრცელება ჰპოვა. ეს მხოლოდ საქართველოში მოხდა. ამგვარი რენესანსები გაუთვითცნობიერების ნაყოფი იყო. წარმართობის გაღვიძება სულიერი და კულტურული ჩავარდნის ეპოქაში ხდებოდა. გაიგივების გამო წმ. ქალწულმოწამე ბარბარეს დღესასწაულზე აცხობდნენ ბარბალესადმი მიძღვნილ ღვეზელებს.

კალენდარულად ერთი ფაქტორიც მოქმედებდა. ბარბალეს დღესასწული წელიწადში ორჯერ აღინიშნებოდა – მზის ბუდობის წინ, მზის ღვთაების შობამდე. მზის–ლილეს შობას ზეიმობდნენ იულიუსის კალენდრით 25 ივნისსა და 25 დეკემბერს. ვინაიდან ქალწულმოწამე ბარბარეს ხსენება აღინიშნება შობის მარხვაში, ხალხური მოქმედება ქრისტიანულ ჭრილში გატარდა და ღვეზელი სამარხვო მზადდებოდა. მოგვიანებით ამერიკის კონტინენტიდან ახალი კულტურული ჯიშების აქტიურმა პოპულაციამ ჩვენშიც ასახვა პოვა. ღვეზელის შემადგენლობაში ლობიომ დაიმკვიდრა. ლობიანის ცხობა წმ. ბარბარეს დღეს წარმართულია. მეტი განმარტებისთვის: ლობიანის გამოცხობა და მიღება ყოველთვის შეიძლება, მაგრამ წმიდა ბარბარესთან არაფერ კავშირშია.”

შეგახსენებთ, წმიდა დიდმოწამე ბარბარე მართლმადიდებლობისთვის მეოთხე საუკუნის დასაწყისში, მმართველ მარკიანეს დროს ეწამა. ამჟამად მისი წმიდა ნაწილები კიევში, ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარშია დასვენებული და მათგან მრავალი სასწაული აღესრულება.

წმიდა დიდმოწამე ბარბარე ბავშვების მფარველად ითვლება. მას ევედრებიან ყრმათა კურნებისთვის, შვილიერებისა და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისგან დაცვისთვის.

თეონა ნოზაძე

მსგავსი სტატიები

21 COMMENTS

  1. კარგი სტატიააა. არ ვიცოდი ეს ამბავი და ეხლა გავიგე დიდი მადლობა :)

  2. da amerikis kontinentidan lobios chamotanamde ra ingredientit aketebdnen mzis diskos formis gvezelebs?

    • ნიგვზიან ღვეზელებს აცხობდნენ ხოლმე

  3. დღეისობით საქართველოში საკვები რაციონის 70%–ს არა ადგილობრივი კულტურები შეადგენს. ზოგადად ამერიკის კონტინენტის კულტურულმა ჯიშებმა მსოფლიო გადაფარეს. მიზეზი: მათი უხვმოსავლიანობა, იოლი მოსაყვანი, დადებითი შემცველობა, ნოყიერებამ განპირობა ფართო პოპულაცია. თუმც მთიან რეგიონებში დღემდე არსებობს ადგილობრივი რეცეპტის სხვადასხვა ვარიაცები. წარმართული საკულტო წესებიც შემონახულია. სხვადასხვა ფხლოვანები, ქადები და ხორცეული(მაგ. კუბდარი, ყიასნარი) მზის დისკოს ფორმის ცხვებოდა.

  4. ინფორმაცია საინტერესოა, მაგრამ დამაფიქრა ერთმა საკითხმა. მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ, ჩვენი აზროვნება 80%–ით კუჭზე გადის და არა გონებაზე. რატომ? ამ ჟურნალში გამოქვეყნდა ბევრი სულიერი და შემეცნებითი თემა, მაგალითად მარხვის არსზე, რომელიც პირდაპირ მახვილს სცემს ჩვენს რეალურ მსოფმხედველობის ინტერესს: “რაი ვჭამოთ და რაი ვსვათ” და სამყაროს შექმნის თეორია, ასევე ძალიან საჭირო თემა რომელიც თუ არ გვეცოდინა ხშირად ოპონენტებთან(არამორწმუნეებთან) დიალოგში ჩიხში ვვარდებით, რაც მერე თავად ეჭვებსა დაორჭოფობაში გაგდებთ. და ზალიან ბევრი სხვა. ნახვა–წაკითხვის სტატისტიკა “ლობიანისა” სტატიის ბევრად აღემატება სხვებს. გამოდის, რომ სულიერი და შემეცნებითი თემები ნაკლებად გვაინტერესებს! სოს!!!!

  5. სრული უვიცობა. მაგ დეკანოზმა საბჭოთა ათეისტური ეთნოგრაფიის თეზებით ლაპარაკს, ურჩევნია ჯერ კარგად ისწავლოს ბიზანტიური ეკლესიის ლიტურგიკის ისტორია და პრაქტიკა და მერე მოძღვროს ხალხი.

    • სამწუხაროა, მაგრამ დეკანოზს მცდარი წარმოდგენა აქვს აღნიშნულ საკითხზე და მკითხველებიც შეცდომაში შეჰყავს. ვურჩევდი შეისწავლოს ეთნოლოგია, გაეცნოს ქართველი ეთნოლოგების ნაშრომებს, ეკლესიის ლიტურგიკის ისტორიას და მერე გამოიტანოს დასკვნა. ფანტაზიის დონეზე როგორ შეიძლება საუბარი?

      • დედა როგრ შემცდარა!!! სულარ გაითვალისწინა რომ ბიზანტია ლობიოს სამშობლოა. და ლობიანი ბიზანტიელებმა მოიგონეს… :)

        • ლობიოს ისტორიამ მართლა დამაინტერესა. მე აუცილებლად დავაკოპირებ წმ. ბარბარეს ცხოვრების მოკლე შინაარს, ან სრულ ტექსტს, გთხოვთ მომაწოდოთ ინფორმაცია სად შეიძლება მოვიძიო ამა თუ იმ ხილის, თუ ბოსტნეულის ისტორიის შესახებ. წინაწარ გიხდით მადლობას

      • ვინ ეთნოლოგია “არ იცის” ვინ კი, ძალიან ბევრმა ქრისტიანობა. ქრისტეს სწავლებას ათას სისულელეს ამატებენ და ამით წარმართულ წარსულს ამართლებენ. სწორედ ამას უდის კომუნისტური ეპოქის მეცნიერული სუნი და რელიგიისადმი დამოკიდებულება.

    • იქნებ განგვანათლოთ. ცნობისთვის შეგიძლიათ ბერძნულ ენაზე დაწეროთ და მოგვაწოდოთ

  6. სანამ მამაო წაიკითხავს,იქნება თქვენ განმარტოთ ბიზანტიურ და ქართულ წყაროებზე დაყრდნობით

  7. ქრისტიანობაში საკრალური შინაარსი მხოლოდ პურსა და ღვინოს აქვს. ქრისტეს სისხლი და ხორცი. კონკრეტული სიმბოლური დატვირთვით გვევლინება თევზი და ხორბალი- ხსნა და აღდგომა. ეს ორი უკანასკნელი მისტიური დატვირთვისგან თავისუფალია. სხვადასხვა სამსხვერპლოთა ძღვენთა სახეობანი წარმართულ კულტთა ნიშან-თვისებანია. ეს მრავალფეროვნება კი ქრისტიანობის წინარე პერიოდში ეთნიკური ნიშნით აქტიურად გვხვდება. მიუხედავად სიმბოლური ხასიათისა ოფიციალურ ქრისტიანობას ვერ მიეტმანსა და იგი მხოლოდ წარმართულ გადმონაშთებად შეფასდა, რასაც რწმენის მოკლების დროს ეძლეოდა აღორძინება. თუნდაც ცნობილი ბასილას კვერები ან მთიელთა ღვეზელები. თვით ძველ აღთქმისეულმა შესაწირავმა მარმა კრავმა თავისი დატვიღთვა ქრისტიანულ ეპოქაში დაკარგა და მისდი რელიგიური ნიშნით გამოყენება თვინიერ საგნობრივი შესაწირავისა დაკარგა! ქრისტიანობის ზეობის პერიოდებში მსგავსი გამოხატულებანი კატეგორიულად იმხილებოდა, როგორც სრულიად უცხო ქრისტიანობისათვის. ეთნიკური ნიშნის მიუხედავად(ეს საქართველო იქნებოდა თუ საბერძნეთი, რომელიც ჩვენზე მეტად წარმართული იყო.) ამგვარ ქმედებას წარმართულ ელემენტად მოიაზრებდნენ!!!

  8. მე დღეს-დღეისობით ის უფრო მაწუხებს ,რომ ქრისტიანები ბარბარობას ერთმანეთს ეკითხებიან ლობიანი გამოაცხო თუ არა, იმის მაგივრად იკითხონ რა გააკეთა მან ამ დღეს რწმენის მხრივ. და ვაი თუ ლობიანი არ გამოგიცხვიათ, მაშინ „ცუდადაა საქმე“, აუცილებლად შეიტანნენ ეჭვს თქვენს რწმენაში.მთავარია ვიცოდეთ წმინდა ბარბარე ვინ იყო და როგორ უნდა ვილოცოთ მასზე.

  9. ლობიოს ისტორიამ მართლა დამაინტერესა. მე აუცილებლად დავაკოპირებ წმ. ბარბარეს ცხოვრების მოკლე შინაარს, ან სრულ ტექსტს, გთხოვთ მომაწოდოთ ინფორმაცია სად შეიძლება მოვიძიო ამა თუ იმ ხილის, თუ ბოსტნეულის ისტორიის შესახებ. წინაწარ გიხდით მადლობას/

    • აგროინსტიტუტში, ფსიქიატრიულშიც შეიძლება

  10. წმიდა დიდმოწამე ბარბარე და მოწამე იულიანა (+დაახლ. 306)

    4 (17) დეკემბერი

    უსჯულო კეისარ მაქსიმიანეს (IV ს.) დროს ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში ცხოვრობდა ერთი მდიდარი, წარჩინებული გვარიშვილობის კაცი, სახელად დიოსკორე. იყო იგი წარმართი და თაყვანს სცემდა კერპებს. დიოსკორეს ჰყავდა ერთადერთი ქალიშვილი, ბარბარე, რომელსაც თავს ევლებოდა, ანებივრებდა და თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა. ბარბარეს დედა ადრე გარდაეცვალა.

    გაიზარდა ბარბარე და ისე დამშვენდა, ვერავინ შეედრებოდა სილამაზით. დიოსკორეს მიაჩნდა, რომ მდაბიო, უზნეო ადამიანები ღირსნი არ იყვნენ მისი ხილვისა, ამიტომ მაღალი კოშკი ააგო და გოგონა შიგ ჩაკეტა, მიუჩინა ერთგული მსახურები და მოახლეები.

    ცხოვრობდა ბარბარე გოდოლში დამწყვდეული, შვებას ოდენ ბუნების ღვთაებრივი სილამაზის ჭვრეტაში ჰპოვებდა. გრძნობდა იგი, რომ შემქმნელი ამ არაჩვეულებრივი მშვენიერებისა უნდა ყოფილიყო ყოვლისშემძლე არსება, რომელსაც ვერავინ აღემატებპდა სიბრძნით, სიკეთით, სათნოებით და სურდა გაეგო, ვინ იყო დასაბამი და მიზეზი ყოვლისა. გული უკარნახებდა, რომ სამყაროს შემქმნელი უნდა იყოს ერთი და არა მრავალი, როგორც მისი წარმართი აღმზრდელები ასწავლიდნენ.

    ერთხელ, როდესაც მისი არსება მოიცვა განსაკუთრებით ძლიერმა სურვილმა შემოქმედის ხილვისა, იგრძნო, როგორ მოეფინა შეუცნობელი, გონებისა და გულის განმანათლებელი ღვთიური მადლი და ბარბარემ შესძახა: „არა! ერთი უნდა იყოს ღმერთი, ხელთუქმნელი, თავად კი ყოველივეს შემოქმედი“.

    კოშკში დამწყვდეულს სულით და გულით ეწადა, გვერდით ჰყოლოდა ვინმე ჭეშმარიტი გზის მასწავლებელი, მაგრამ მის გარშემო ასეთი არავინ იყო და თავად ღმერთი, რომელიც „შორს როდია თვითოეული ჩვენგანისაგან“ (საქმე 17, 27) გახდა მისი მოძღვარი და დამრიგებელი. ქალწული თანდათან ივსებოდა უფლის მადლით და სულიერად ძლიერდებოდა, მის გულში ერთი სიყვარული ენთო, ჭეშმარიტი სიყვარული – ღვთის სიყვარული, და არ ფიქრობდა არც გათხოვებაზე, არც ძვირფას ჩასაცმელსა და მოსართავზე და საერთოდ მიწიერ კეთილდღეობაზე.

    მაგრამ დიოსკორეს დიდად სურდა ქალიშვილის გათხოვება; ერთხელაც ამ საკითხზე ჩამოუგდო მას საუბარი, შესთავაზა თავის სურვილისამებრ აერჩია მისი ხელის თხოვნის მრავალრიცხოვან მსურველთაგან ვინმე გულისწორი. ქალწულმა კი მკაცრად მიუგო: „არა გიცნობიესა მამაო, რამეთუ არად სახმარ არს ჩემდა სოფელი ესე“.

    ბარბარესაგან მტკიცე უარი რომ მიიღო, მამამ გადაწყვიტა მისთვის შედარებით მეტი თავისუფლება მიეცა, იმ იმედით, რომ უცხო ადამიანებისა და მათი ცხოვრების წესის გაცნობის შემდეგ იგი თვითონ მოინდომებდა გათხოვებას. დიოსკორემ ბრძანა ბარბარესთვის მდიდრული აბანო აეშენებინათ, რომელსაც მზისა და მთვარის თაყვანისცემის ნიშნად ორი სარკმელი ექნებოდა.

    ცოტა ხანში დიოსკორეს საქმის გამო შორს გამგზავრება მოუხდა. თავისუფლად მყოფმა ბარბარემ გაიცნო ქრისტიანი ქალწულები, რომელთაგან გაიგო იესო ქრისტეს სახელი, მისი მოძღვრება, სასწაულები, ჯვარცმა და აღდგომა. გულით მოიწადინა ბარბარემ ქრისტიანი გამხდარიყო და აი, ღვთის ნებით, ალექსანდრიიდან ილიოპოლისში ხუცესი ჩავიდა, რომელიც მან თავისთან მოიწვია, გულახდილად ესაუბრა, გულით აღიარა ქრისტიანული სწავლება და მოინათლა.

    ამის შემდეგ ბარბარე მუდამჟამ მარხვასა და ლოცვაში იყო, მან სიწმიდისა და ქალწულობის აღთქმა დადო და ღმერთს შესწირა თავი.

    ერთხელ ბარბარე ბაღში სეირნობდა, სადაც მამამისის ბრძანებით აბანოს აშენებდნენ. ბარბარე მივიდა, თითით გამოსახა ჯვარი მარმარილოზე და აი, სასწაული! ამოხეთქა იქ წყალმა, რომელმაც შემდგომ მრავალი სნეული განკურნა, მრავალი სასწაული მოახდინა. ჯვარი მარმარილოში ამოკვეთილივით დარჩა, ასევე დარჩა ბარბარეს ნატერფალიც.

    ბარბარემ დაინახა ორი სარკმელი და მშენებნლებს მოსთხოვა მესამეც გაეჭრათ, რათა ადამიანის ნახელავში ღმერთის სამგვამოვნება აღბეჭდილიყო. მაგრამ მათ თავდაპირველად უარი უთხრეს, რადგან ეშინოდათ დიოსკორესი. მაშინ ბარბარემ ასე დაარიგა: „რომელი მე გარქუ, ყავთ ეგრეთ და ოდეს მოვიდეს მამაჲ ჩემი იგი, და ოდეს გკითხას თქუენ რაჲსათვის განაღეთ მესამე სარკუმელი, მიუგეთ და არქუთ მას: ასულმან შენმან ესრეთ ინება ყოფაჲ სარკუმელთა სამთაჲ“. ამის შემდეგ მშენებნლებმა მესამე სარკმელიც გაჭრეს. ბარბარე თავის კოშკში დაბრუნდა. გზად მიმავალმა თვალი მოჰკრა კერპებს, რომლებსაც მამამისი თაყვანს სცემდა. სული წმიდით აღვსილმა ქალწულმა თქვა: „მსგავს თქუნდა იყვნენ მოქმედნი თქუენნი და ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს თქუენი“.

    რამდენიმე დღეში დიოსკორე მოგზაურობიდან დაბრუნდა. როდესაც აბანო მოინახულა, მშენებლებს გულისწყრომით ჰკითხა მიზეზი მესამე სარკმლის გაჭრისა. მათ კი შიშით მიუგეს, რომ ეს ბარბარეს დაჟინებული მოთხოვნით გააკეთეს.

    დიოსკორეს გაუკვირდა და ქალიშვილს სთხოვა აეხსნა, რას გულისხმობდა სამ სარკმელში. მანაც მიუგო: „ორნი არიან ერთისა მისგან და მათგან მოველით ცხოვრებასა, წყალობასა და შენდობასა ცოდვათასა“. „გამოგიცხადო შენ, მამაო და გასწაო სამართალი უსამართლოისაგან და გამოგიყვანო შენ ბნელისაგან ნათლად“. …„ მე მნებავს მოქცევაჲ შენი ჭეშმარიტებად; არა გიცნობიესა, რამეთუ იგი სამნი სარკუმელნი იგი არიან, რომელნი ჰნათობენ ყოველსა სოფელსა“, „ესე სამნი არიან, რომელნი ჰნათობენ ყოველსა სოფელსა“, „ესე სამნი არიან მამაჲ, ძეჲ და სული წმიდაჲ“.

    დიოსკორეს ფერი ეცვალა, განრისხდა, გამძვინვარდა, ეშმაკი შეუჩნდა, ხმალი იშიშვლა და ქალიშვილისთვის თავი უნდოდა მოეკვეთა. ბარბარემ მოასწრო გაქცევა, ილიოპოლი დატოვა და ქალაქის მახლობლად გამოქვაბულს შეეფარა. მამამისი ყველგან დაეძებდა. ბოლოს მიადგა იმ მთას, სადაც ბარბარე იმყოფებოდა.

    დიოსკორემ თმით ჩამოათრია ქალიშვილი მთიდან, ჩაკეტა სახლში და მცველებიც მიუჩინა, რათა არავინ შესულიყო მასთან. თვითონ კი იმ ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მივიდა და გონებადაბინდულმა მოახსენა, რომ მისი ერთადერთი ასული ქრისტიანებმა გადაიბირეს, თავის რჯულზე მოაქციეს და ამდენად ის ღირსი იყო წამებით სიკვდილისა.

    მარკიანემ ბრძანა მასთან მოეყვანათ ბარბარე. როდესაც ბარბარემ შეიტყო, რომ მმართველთან მიჰყავდათ, ღმერთს შესთხოვა შეწევნა.

    მოიყვანეს ბარბარე მარკიანესთან. ქალწულის სილამაზით გაკვირვებულმა მმართველმა სცადა ტკბილი სიტყვით მისი გადაბირება; დაუყვავა და ურჩია მოენანიებინა ღმერთებისაგან განდგომა და მორჩილების ნიშნად მსხვერპლი შეეწირა მათთვის. წინააღმდეგობის შემთხვევაში კი დაემუქრა, რომ იგი უმკაცრესად დაისჯებოდა.

    მიუგო მას ბარბარემ: „არა გიცნობიესა, ჰეი უღმერთოო, რამეთუ მე სჯულსა ზედა ქრისტესა ვარ და ღმერთნი შენნი ვითარცა წინასწარმეტყველმან დავით თქუა: პირ ათქს და არა იტყვიან, თუალ ასხენ და არა ხედვენ. ემსგავსენ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვენ მათ“.

    მარკიანე ამ პასუხმა განარისხა, ბრძანა ქალწულის ცემა ტყავის შოლტებით. ბარბარეს ნაკადულივით სდიოდა სისხლი. მარკიანეს ეგონა, რომ იგი მოკვდა. შემდეგ შეაგდეს საპყრობილეში და მცველები დაუყენეს.

    შუაღამისას გამობრწყინდა ნათელი, საკანი განათდა, ქრისტე ღმერთი ანგელოზებთან ერთად გამოეცხადა წმიდა ასულს, განკურნა მისი ნაგვემი სხეული, მოურჩინა წყლულები და უთხრა: „ბარბარე, მოწამეო ჩემო, რამეთუ დიდად უხარის ცასა და ქუეყანასა დღესასწაული შენი, ხოლო შენ შეძრწუნდები უსჯულოისა მისგან მსაჯულისა, რომელნი განუძლიერებიეს ეშმაკსა. არამედ მე თანა დაგიდგე და გიხსნე შენ ყოვლისაგან ბოროტისა, რომელ შეგემთხუეოდის შენ“.

    სიხარულით აღივსო წმიდა ბარბარე, ჯანმრთელმა და უვნებელმა ილოცა და უფალს მადლობა შესწირა. დილით მარკიანემ ბრძანა ქალწული საკაცით მოყვანა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ბარბარე სიარულს ვერ შესძლებდა. მივიდნენ მსახურები მის წამოსაყვანად და ნახეს, რომ ფეხზე დგას იგი და ლოცულობს. განცვიფრებულებმა ერთხმად შესძახეს: „დიდ არს ღმერთი ქრისტიანეთაჲ და არა არს სხუაჲ ღმერთი უდიდეს მისა, რომელმან განაძლიერა ესე“.

    მარკიანეც ფრიად გაოცებული დარჩა, როდესაც იხილა თავისი ფეხით, სხვის დაუხმარებლად მისკენ მიმავალი ბარბარე. უსჯულო და უგუნურმა მმართველმა ეს სასწაული თავის კერპ-ღმერთთა დიდ მოწყალებას მიაწერა და ურჩია წმიდა ქალწულს, ახლა მაინც შეეწირა მსხვერპლი ღმერთებისათვის, რომელნიც ასე მოწყალედ მოექცნენ მათ მგომებელს და გვემული განკურნეს.

    ეს უგუნური შეგონება რომ მოისმინა, ქალწულმა შეჰნერწყვა მმართველს და უთხრა: „ჰეი, უსჯულოო ბილწო ეშმაკისაო, აჰა, ხარ შენ ბრმა და ღმერთნი შენნი ბრმა არიან, ვითარცა შენ, რომელნი ვერ შემძლებელ არიან ხედვად, არცა შეწევნად მოსავთა მათთა. ვითარ შემძლებელ არიან შეწევნად ჩემდა, რომელნი თავთა თვისთა ვერშემძლებელ არიან შეწევნად, არამედ ქრისტე, რომელი ჯუარს-ეცუა, დაეფლა და აღდგა მესამესა დღესა, ვითარცა თქუეს წიგნთა და ჯუარითა მისითა ცხოველითა განმაძლიერა მე შენ ზედა“.

    მსახურებმა, რომლებმაც ბარბარე სტანჯეს, ამ სიტყვების გაგონებისას ერთხმად შესძახეს: „ჩეუნცა გურწამს იესუ ქრისტე ნაზარეველი, რაჲთა არა არს სხუაჲ ღმერთი მისსა გარეშე“.

    მარკიანემ ბრძანა დაუყოვნებლივ თავები მოეკვეთათ მათთვის. მართლაც, გაიყვანეს იგინი ქალაქგარეთ და სიკვდილით დასაჯეს. ამ მოწამეობრივი აღსასრულით დაიმკვიდრეს მათ ზეციური ცხოვრება საუკუნო.

    შემდეგ მარკიანემ ბრძანა ქალწულის გაშიშვლება და ქალაქში ასე ტარება.

    ღვთის შეწევნით წმ. ბარბარეს გამოეცხადა ანგელოზი, რომელმაც სპეტაკი სამოსით დაფარა მისი წმიდა სხეული. მთელი ქალაქი გამოეფინა შიშველი ქალწულის სანახავად, მაგრამ მისი სიშიშვლე ვერ იხილა.

    მარკიანე მიხვდა, რომ სატანჯველმა არაფერი ავნო ქალწულს, შეეშინდა, რომ ამის მნახველი მრავალი მოქალაქე მოიქცეოდა ქრისტეს სჯულზე, და ამიტომ დიოსკორეს, წმიდა ბარბარეს მამას, უბრძანა, რომ გაეყვანა ქალიშვილი ქალაქგარეთ და თავი მოეკვეთა მისთვის.

    წაიყვანა დიოსკორემ თავისი ასული. როდესაც მიაღწიეს ადგილს, სადაც სიკვდილით უნდა დაესაჯა, წმიდა ქალწულმა შესთხოვა მამას, უკანასკნელად გაეწია ანგარიში ერთადერთი ასულისათვის და მცირე ხნით ლოცვა-ვედრების საშუალება მიეცა. უსჯულო დიოსკორემ სიცილით და კიცხვით მიუგო: „რაჲ ხარ შენ? ანუ ვინ არს ღმერთი შენი? უხმობდ რაიზომ შემძლებელ ხარ, რაჲთა ვიხილო უკუეთუ მოვიდეს დღეს და გიხსნეს შენ ხელთაგან ჩემთა“. მაშინ წმიდა ბარბარემ ზეცისაკენ აღაპყრო ხელები.

    დაასრულა თუ არა ლოცვა, ზეციდან ხმა გაისმა: „მოვედ, წმიდაო ბარბარე, დისა შენისა ივლიანეს თანა სასუფეველსა ცათასა. აჰა, ესერა ანგელოსნი იხარებენ მოწევნასა მათ თანა და ყოველი, რომელი ითხოვე, მიმიცემიეს შენდა და უფროჲსი ამისსა მიგცე შენ“.

    ძლიერ გააკვირვა ამის გაგონებამ დიოსკორე და სხვებიც, ვინც იქ იყვნენ, წმიდა ბარბარე კი სიხარულით აღივსო, თავი მოუდრიკა მახვილს და მამას უთხრა: „აწ აღასრულე ბრძანებული შენდა მიმართ, ჰეი, უღმერთოო“.

    წმ. ბარბარეს წმინდა ნაწილები (კიევი)

    დიოსკორემ დასცა მახვილი და წარკვეთა წმიდა ბარბარეს პატიოსანი თავი. იმავე წამს დაატყდა მას საშინელი ცეცხლი ციდან და ერთიანად დასწვა, ამოვარდა ფიცხელი ქარი და გაფანტა ფერფლი.

    ასევე დაისაჯა მარკიანეც, სასახლეში შესვლისას მეხი დაეცა, მისგან მტვერიც კი აღარ დარჩენილა.

    წამებულის წმიდა სხეული ერთმა ღვთისმოსავმა მოქალაქემ, ვალენტიანემ ჩამოასვენა ილიოპოლში, შესაფერისი პატივით დაკრძალა და შემდეგ იმ ადგილას ეკლესია ააგო.

    დიდმოწამე ბარბარე ღირსი იქმნა იესო ქრისტეს სასუფევლისა დეკემბრის მეოთხე დღეს (ახალი სტილით 17 დეკემბერს).

    დიდმოწამე ბარბარეს წმიდა ნაწილები შემდეგ ილიოპოლიდან კონსტანტინეპოლში გადაასვენეს, სადაც საკმაოდ დიდხანს იმყოფებოდა, ხოლო XI საუკუნის ბოლოს ბიზანტიის იმპერატორ ალექსი კომნენიოსის ქალიშვილმა – ბარბარემ კიეველ თავად მიხეილ სვიატოპოლკთან ქორწინების შემდეგ ისინი კიევის რუსეთში გადაასვენა. ამჟამად წმიდა ნაწილები იმყოფება ქ. კიევში, წმიდა ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარში, ეკვდერის შუაში, შემაღლებულ ადგილას. მის წმიდა ნაწილებთან მრავალი სასწაულია დაკავშირებული.

    წმიდა ბარბარეს განსაკუთრებით ევედრებიან ყრმათა კურნებისათვის, შვილიერებისათვის და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისაგან დაცვისათვის.

    გაზეთი „მადლი“ №24, 1991 წ.
    – See more at: http://www.orthodoxy.ge/tveni/dekemberi/04-barbare.htm#sthash.iK5h8EFn.dpuf

  11. წმიდა დიდმოწამე ბარბარე უსჯულო კეისარ მაქსიმიანე გალერუსის (რომის კეისარი 295 წლიდან, იმპერატორი 305-311 წლებში, იმპერატორ დიოკლეტიანეს სიძე.) დროს იმპერიაში დაიწყო ქრისტიანთა დევნა. ღმრთისმოძულე ხელისუფალმა ჯილდოები აღუთქვა ყველას, ვინც მათ გასცემდა და სამსჯავროზე წარადგენდა. დაიწყო დასმენები. ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში (სირიის ტერიტორია) ცხოვრობდა ერთი მდიდარი, წარჩინებული გვარიშვილობის კაცი, სახელად დიოსკორე. იგი წარმართი იყო და თაყვანს სცემდა კერპებს. დიოსკორეს ჰყავდა ერთადერთი ქალიშვილი, ბარბარე, რომელსაც თავს ევლებოდა, ანებივრებდა და თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა. ბარბარეს დედა ადრე გარდაეცვალა. გაიზარდა ბარბარე და ისე დამშვენდა, ვერავინ შეედრებოდა სილამაზით. დიოსკორეს მიაჩნდა, რომ მდაბიო, უზნეო ადამიანები ღირსნი არ იყვნენ მისი ხილვისა, ამიტომ მაღალი კოშკი (გოდოლი) ააგო, გოგონა შიგ ჩაკეტა და ერთგული მსახურები და მოახლეები მიუჩინა. კოშკში დამწყვდეული ბარბარე შვებას მხოლოდ ბუნების ღვთაებრივი სილამაზის ჭვრეტაში ჰპოვებდა. იგი გრძნობდა, რომ შემქმნელი ამ არაჩვეულებრივი მშვენიერებისა უნდა ყოფილიყო ყოვლისშემძლე არსება, რომელსაც ვერავინ აღემატებოდა სიბრძნით, სიკეთით, და სათნოებით. ღმრთის წყალობით ქალწულს სურვილი გაუჩნდა ჭეშმარიტების პოვნისა და სურდა შეეცნო, ვინ იყო დასაბამი და მიზეზი ყოვლისა, და თუმცა გვერდით არ ჰყავდა ჭეშმარიტი გზის მასწავლებელი, გული უკარნახებდა, რომ სამყაროს შემქმნელი უნდა ყოფილიყო ერთი და არა მრავალი, როგორც მისი წარმართი აღმზრდელები ასწავლიდნენ, რადგან თავად ღმერთი, რომელიც „შორს როდია თვითოეული ჩვენგანისაგან“ (საქმე 17,27) გახდა მისი მოძღვარი და დამრიგებელი. ერთხელ, როცა მისი არსება შემოქმედის ხილვის სურვილმა მოიცვა, იგრძნო, როგორ მოეფინა შეუცნობელი, გონებისა და გულის განმანათლებელი ღვთიური მადლი და ბარბარემ შესძახა: „არა! ერთი უნდა იყოს ღმერთი, ხელთუქმნელი, თავად კი ყოველივეს შემოქმედი“. ქალწული თანდათან ივსებოდა უფლის მადლით და სულიერად ძლიერდებოდა, მის გულში ერთი სიყვარული ენთო, ჭეშმარიტი სიყვარული – უფლის სიყვარული, და არ ფიქრობდა მიწიერ კეთილდღეობაზე, მაგრამ დიოსკორეს ძალიან უნდოდა ქალიშვილის გათხოვება; ამასობაში, წმინდა ბარბარეს მშვენიერების შესახებ ქალაქში ხმა გავრცელდა და უამრავი ჭაბუკი გამოჩნდა მისი ხელისა და გულის მაძიებელი. დიოსკორემ ასულს შესთავაზა, მთხოვნელთა შორის თავად აერჩია გულისსწორი, რაზეც წმინდანმა მკაცრად მიუგო, რომ ის გათხოვებას არ აპირებდა და მკაცრად მიუგო: „არა გიცნობიესა მამაო, რამეთუ არად სახმარ არს ჩემდა სოფელი ესე“. ბარბარესაგან მტკიცე უარი რომ მიიღო, მამამ გადაწყვიტა მისთვის შედარებით მეტი თავისუფლება მიეცა, იმ იმედით, რომ უცხო ადამიანებისა და მათი ცხოვრების წესის გაცნობის შემდეგ იგი თვითონ მოინდომებდა გათხოვებას. დიოსკორემ ბრძანა ბარბარესთვის მდიდრული აბანო აეშენებინათ, რომელსაც მზისა და მთვარის თაყვანისცემის ნიშნად ორი სარკმელი ექნებოდა. ცოტა ხანში დიოსკორეს საქმის გამო შორს გამგზავრება მოუხდა. თავისუფლად მყოფმა ბარბარემ გაიცნო ქრისტიანი ქალწულები, რომელთაგან გაიგო იესო ქრისტეს სახელი, მისი მოძღვრება, სასწაულები, ჯვარცმა და აღდგომა. გულით მოიწადინა ბარბარემ ქრისტიანი გამხდარიყო და აი, ღვთის ნებით, ალექსანდრიიდან ილიოპოლისში ხუცესი ჩავიდა, რომელიც მან თავისთან მოიწვია, გულახდილად ესაუბრა, გულით აღიარა ქრისტიანული სწავლება და მოინათლა. ამის შემდეგ ბარბარე მუდამჟამ მარხვასა და ლოცვაში იყო, მან სიწმიდისა და ქალწულობის აღთქმა დადო და ღმერთს შესწირა თავი. ერთხელ ბარბარე ბაღში სეირნობდა, სადაც მამამისის ბრძანებით აბანოს აშენებდნენ. წმინდანმა აბანოს მარმარილოთი მოპირკეთებულ შესასვლელში თითით ჯვარი გამოსახა, ქვის საფეხურზე კი მისის ტერფის ანაბეჭდი ამოიკვეთა, საიდანაც წყარომ ამოხეთქა და შემდგომში უკვე მრავალი სასწაულებრივი კურნება აღასრულა. დიოსკორეს ბრძანების მიხედვით, აბანოს ორი სარკმელი უნდა ჰქონოდა – მზისა და მთვარის ნიშნად, ბარბარემ კი მშენებლებს მესამე სარკმლის გამოჭრაც სთხოვა, ნიშნად წმინდა სამებისა, რათა ადამიანის ნახელავში ღმერთის სამგვამოვნება აღბეჭდილიყო. მაგრამ მათ თავდაპირველად უარი უთხრეს, რადგან დიოსკორესი ეშინოდათ. მაშინ ბარბარემ ასე დაარიგა: „რომელი მე გარქუ, ყავთ ეგრეთ და ოდეს მოვიდეს მამაჲ ჩემი იგი, და ოდეს გკითხას თქუენ რაჲსათვის განაღეთ მესამე სარკუმელი, მიუგეთ და არქუთ მას: ასულმან შენმან ესრეთ ინება ყოფაჲ სარკუმელთა სამთაჲ“. ამის შემდეგ მშენებლებმა მესამე სარკმელიც გაჭრეს. ბარბარე თავის კოშკში დაბრუნდა. გზად მიმავალმა თვალი მოჰკრა კერპებს, რომლებსაც მამამისი თაყვანს სცემდა. სული წმიდით აღვსილმა ქალწულმა თქვა: „მსგავს თქუნდა იყვნენ მოქმედნი თქუენნი და ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს თქუენი“. რამდენიმე დღეში დიოსკორე მოგზაურობიდან დაბრუნდა. როდესაც აბანო მოინახულა, მშენებლებს გულისწყრომით ჰკითხა მესამე სარკმლის გაჭრის მიზეზი. მათ კი შიშით მიუგეს, რომ ეს ბარბარეს დაჟინებული მოთხოვნით გააკეთეს. დიოსკორეს გაუკვირდა და ქალიშვილს სთხოვა აეხსნა, რას გულისხმობდა სამ სარკმელში. წმინდა ბარბარემ აღიარა მამასთან ჭეშმარიტი სარწმუნოება და შეეცადა დიოსკორეც მოექცია.: „ორნი არიან ერთისა მისგან და მათგან მოველით ცხოვრებასა, წყალობასა და შენდობასა ცოდვათასა. გამოგიცხადო შენ, მამაო და გასწაო სამართალი უსამართლოისაგან და გამოგიყვანო შენ ბნელისაგან ნათლად. …მე მნებავს მოქცევა? შენი ჭეშმარიტებად; არა გიცნობიესა, რამეთუ იგი სამნი სარკუმელნი იგი არიან, რომელნი ჰნათობენ ყოველსა სოფელსა“, ესე სამნი არიან, რომელნი ჰნათობენ ყოველსა სოფელსა, ესე სამნი არიან მამაჲ, ძჱ და სული წმიდაჲ“. დიოსკორეს ფერი ეცვალა, განრისხდა, გამძვინვარდა, ეშმაკი შეუჩნდა, ხმალი იშიშვლა და ქალიშვილს მოსაკლავად გამოეკიდა. ბარბარემ გაქცევა მოასწრო და ქალაქის უახლოეს მთებს შეაფარა თავი. გაქცეულ ბარბარეს, მამაც ფეხდაფეხ მიყვებოდა. ქალწული დიდ მთას მიადგა და რადგან გასაქცევიც არსად ჰქონდა, ილოცა და ღმერთს თავშესაფარი სთხოვა. მოულოდნელად მთა გაიპო და წმინდა ბარბარემაც გამოქვაბულს შეაფარა თავი. დიოსკორე ვერც კი მიხვდა სად გაუჩინარდა მისი ქალიშვილი და დახმარება იქვე მყოფ ორ მწყემსს სთხოვა. ერთი მწყემსი ძალიან კეთილი იყო და არ გასცა ყმაწვილი ქალი, ხოლო მეორემ მდუმარედ უჩვენა გამოქვაბული, რის გამოც უფალმა მყის დასაჯა ბოროტი მწყემსი და ქვის სვეტად აქცია. დიოსკორე გამოქვაბულში შევარდა და დაუნდობლად ცემა ბარბარე, შემდეგ თმით დაითრია და ქვიან გზაზე თრევით წამოიყვანა, დასისხლიანებული ქალწული ბნელ ოთახში ჩაკეტა და აშიმშილებდა. თვითონ კი იმ ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მივიდა და გონებადაბინდულმა მოახსენა, რომ მისი ერთადერთი ასული ქრისტიანებმა გადაიბირეს, თავის რჯულზე მოაქციეს და სიკვდილს იმსახურებდა. მარკიანემ ბრძანა მასთან მოეყვანათ ბარბარე. როდესაც ბარბარემ შეიტყო, რომ მმართველთან მიჰყავდათ, შეწევნა ღმერთს შესთხოვა. ქალწულის სილამაზით გაკვირვებულმა მმართველმა ტკბილი სიტყვით სცადა მისი გადაბირება; დაუყვავა და ურჩია მოენანიებინა ღმერთებისაგან განდგომა და მორჩილების ნიშნად მსხვერპლი შეეწირა მათთვის. წინააღმდეგობის შემთხვევაში კი დაემუქრა, რომ იგი უმკაცრესად დაისჯებოდა. ბარბარემ კი მიუგო მას: „არა გიცნობიესა, უღმერთოო, რამეთუ მე სჯულსა ზედა ქრისტესა ვარ და ღმერთნი შენნი ვითარცა წინასწარმეტყველმან დავით თქუა: პირ ათქს და არა იტყვიან, თუალ ასხენ და არა ხედვენ. ემსგავსენ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვენ მათ“, რადგან თქვენს ღმერთებს ვერცხლისა და ოქროსაგან თვით ადამიანები აკეთებენ. მარკიანე ამ პასუხმა განარისხა, და ბრძანა მისი სასტიკად წამება. ტყავის შოლტებით გვემულ ყრმა მოწამეს ნაკადულივით სდიოდა სისხლი, მაგრამ ყველანაირ წამებას ქრისტესთვის სიცარულით ითმენდა. მარკიანეს ეგონა, რომ იგი მოკვდა. შემდეგ შეაგდეს ბნელ საპყრობილეში და მცველები დაუყენეს. დაუძლურებული ბარბარე მხურვალედ ლოცულობდა „უფალო ღმერთო ჩემო, ნუ დანიტევებ მე“. შუაღამისას გამობრწყინდა ნათელი, საკანი განათდა, ქრისტე ღმერთი ანგელოზებთან ერთად გამოეცხადა წმიდა ასულს, განკურნა მისი ნაგვემი სხეული, მოურჩინა წყლულები და უთხრა: „ბარბარე, მოწამეო ჩემო, რამეთუ დიდად უხარის ცასა და ქუეყანასქ დღესასწაული შენი, ხოლო შენ ნუ შეძრწუნდები უსჯულოჲსა მისგან მსაჯულისა, რომელნი განუძლიერებიეს ეშმაკსა. არამედ მე თანა დაგიდგე და გიხსნე შენ ყოვლისაგან ბოროტისა, რომელ შეგემთხუეოდის შენ“. ჯანმრთელი და უვნებელი ბარბარე სიხარულით აღივსო, ილოცა და უფალს მადლობა შესწირა. დილით მარკიანემ ბრძანა ქალწულის საკაცით მოყვანა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ბარბარე სიარულს ვერ შესძლებდა. მსახურები მის წამოსაყვანად მივიდნენ და ნახეს, რომ იგი ფეხზე დგას და ლოცულობს. განცვიფრებულებმა ერთხმად შესძახეს: „დიდ არს ღმერთი ქრისტიანეთაჲ და არა არს სხუაჲ ღმერთი უდიდეს მისა, რომელმან განაძლიერა ესე“. მარკიანეც ფრიად გაოცებული დარჩა, როდესაც იხილა სასამართლოზე თავისი ფეხით, სხვის დაუხმარებლად მისკენ მიმავალი ბარბარე, ხოლო ხალხი განცვიფრდა მისი მზესავით გაბრწყინვებული სახის ხილვისას. უსჯულო და უგუნურმა მმართველმა ეს სასწაული თავის კერპ-ღმერთთა დიდ მოწყალებას მიაწერა და ურჩია წმიდა ქალწულს, ახლა მაინც შეეწირა მსხვერპლი ღმერთებისათვის, რომელნიც ასე მოწყალედ მოექცნენ მათ მგომებელს და გვემული განკურნეს. ეს უგუნური შეგონება რომ მოისმინა, ქალწულმა შეჰნერწყვა მმართველს და უთხრა: „ჰეი, უსჯულოო ბილწო ეშმაკისაო, აჰა, ხარ შენ ბრმაჲ და ღმერთნი შენნი ბრმა არიან, ვითარცა შენ, რომელნი ვერ შემძლებელ არიან ხედვად, არცა შეწევნად მოსავთა მათთა. ვითარ შემძლებელ არიან შეწევნად ჩემდა, რომელნი თავთა თვისთა ვერშემძლებელ არიან შეწევნად, არამედ ქრისტე, რომელი ჯუარს-ეცუა, დაეფლა და აღდგა მესამესა დღესა, ვითარცა თქუეს წიგნთა და ჯუარითა მისითა ცხოველითა განმაძლიერა მე შენ ზედა“. მსახურებმა, რომლებმაც ბარბარე სტანჯეს, ამ სიტყვების გაგონებისას ერთხმად შესძახეს: „ჩუნცა გურწამს იესუ ქრისტე ნაზარეველი, რადგან არ არის სხუა ღმერთი მის გარდა“. მარკიანემ ბრძანა დაუყოვნებლივ თავები მოეკვეთათ მათთვის. მართლაც, გაიყვანეს იგინი ქალაქგარეთ და სიკვდილით დასაჯეს. ამ მოწამეობრივი აღსასრულით დაიმკვიდრეს მათ ზეციური საუკუნო ცხოვრება. მაშინ გამძვინვარებულმა მარკიანემ კვლავ ბრძანა მისი წამება, მაგრამ ხალხის უზარმაზარი ბრბო მშვიდად ადევნებდა თვალს ამ უმსგავსობას და არ ეწინააღმდეგებოდა. მხოლოდ ერთი, კეთილმსახური დედაკაცი, სახელად იულიანა, რომელიც ხედავდა წმინდა ბარბარეს სასტიკ წამებას, წუხდა და მწარედ ტიროდა. იგი მივიდა მმართველთან და უსამართლობასა და სისასტიკეში დასდო ბრალი. განრისხებულმა მარკიანემ ჰკითხა, თუ რომელ სარწმუნოებას აღიუარებდა. მე ქრისტიანი ვარ – უშიშრად უპასუხა წმინდა იულიანამ. მაშინ მარკიანემ ბრძანა მისი წმინდა ბარბარესთან ერთად წამება. გულმოწყალე უფალმა განამტკიცა თავის წმინდა მოწამენი და მათაც სიხარულით დაითმინეს სასტიკი სატანჯველნი, იხილა რა მათი ვაჟკაცური მჴნეობა და მოთმინება, მარკიანე მეტად განრისხდა და ბრძანა წმინდა იულიანას ბნელ დილეგში ჩაგდება, ხოლო წმინდა ბარბარეს გაშიშვლება და ქალაქში ასე ჩამოტარება. მაგრამ უფალმა არ დაუშვა თავის წმიდა სასძლოს შერცხვენა და წარმოგზავნა ანგელოზი, რომელმაც სპეტაკი სამოსით დაფარა დიდმოწამის სხეული. მთელი ქალაქი გამოეფინა შიშველი ქალწულის სანახავად, მაგრამ მისი სიშიშვლე ვერ იხილა. მარკიანე მიხვდა, რომ სატანჯველმა არაფერი ავნო წმინდა მოწამეებს, და შეეშინდა, რომ ამის მნახველი მრავალი მოქალაქე მოიქცეოდა ქრისტეს სჯულზე. მან წმინდა იულიანას თავის მოკვეთა ერთ-ერთ მეომარს დაავალა, ხოლო წმინდა ბარბარეს დასასჯელად კი მამამისი დიოსკორე გამოიძახა და უბრძანა, რომ გაეყვანა ქალიშვილი ქალაქგარეთ და მისთვის თავი მოეკვეთა. წაიყვანა დიოსკორემ თავისი მხოლოდშობილი ასული და როდესაც მიაღწიეს ადგილს, სადაც სიკვდილით უნდა დაესაჯა, წმიდა ქალწულმა შესთხოვა მამას, უკანასკნელად გაეწია ანგარიში ერთადერთი ასულისათვის და მცირე ხნით ლოცვა-ვედრების საშუალება მიეცა. უსჯულო დიოსკორემ კიცხვით მიუგო: „რაჲ ხარ შენ? ანუ ვინ არს ღმერთი შენი? უხმობდ რაზომ შემძლებელ ხარ, რაჲთა ვიხილო უკუეთუ მოვიდეს დღეს და გიხსნეს შენ ხელთაგან ჩემთა“. მაშინ წმიდა ბარბარემ ზეცისაკენ აღაპყრო ხელები და თქვა: „უფალო, ღმერთო ჩემო, ისმინე ჩემი და როგორც მომეცი მოთმინება და ღირს მყავ წამებისა, ასევე შეიწყნარე ჩემი სული და დაადგინე შენს სათნომყოფელებთან ერთად. უფალო, მოხედე სიმდაბლესა ჩემსა და მადლი მიეცი ჩემი სხეულის ნაწილებს, რომ ყოველმა კაცმა, რომელიც სარწმუნოებით შეხედავს ან შეეხება, მიიღოს მადლი, კურთხევა და ცოდვათა შენდობა, ხოლო თუ ვინმე გასაჭირში იყოს და მე გამიხსენოს ან მოიხსენოს ჩემი წამების ღვაწლი, მიუტევე მათ ყოველგვარი შეცოდებანი, და იხსენ ბოროტისა სნეულებისა და უეცარი, უზიარებელი სიკვდილისაგან. როგორც კი ლოცვა დაასრულა, ზეციდან ხმა გაისმა, რომელიც წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ჰპირდებოდა თხოვნის შესრულებას – „მოვედ, წმიდაო ბარბარე, დისა შენისა იულიანას თანა სასუფეველსა ცათასა. აჰა, ესერა ანგელოსნი იხარებენ მოწევნასა მათ თანა და ყოველი, რომელი ითხოვე, მიმიცემიეს შენდა და უფროჲსი ამისსა მიგცე შენ“. ძლიერ გააკვირვა ამის გაგონებამ დიოსკორე და სხვებიც, ვინც იქ იყვნენ, წმიდა ბარბარე კი სიხარულით აღივსო, თავი მოუდრიკა მახვილს და მამას უთხრა: „აწ აღასრულე ბრძანებული შენდა მიმართ, ჰოჲ, უღმერთოო“. დიოსკორემ დასცა მახვილი და წარკვეთა წმიდა ბარბარეს პატიოსანი თავი. დიოსკორემ და მარკიანემ კი მალევე მიიღეს მართლმსაჯული უფლისაგან კუთვნილი სასჯელი – მეხის დარტყმით დაიწვნენ. 305 – 311 წლებში, იმპერატორ მაქსიმიანეს დროს წამებულ ბარბარეს წმინდა ნეშტი თავდაპირველად ღმრთისმოსავმა ვალენტიანემ დაკრძალა ქალაქ ილიოპოლისში შესაფერისი პატივით და შემდეგ იმ ადგილას ეკლესია ააგო. VI ს-ში წმინდა ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს, სადაც საკმაოდ დიდხანს იმყოფებოდა, ხოლო XI საუკუნის ბოლოს ბიზანტიის იმპერატორ ალექსი კომნენოსის (1081-1118) ქალიშვილმა – ბარბარემ კიევის დიდ მთავართან სვიატოპოლკ II იზიასლავოვიჩთან (წმინდა ნათლისღებით მიხეილი – მიქაელ სვიატოპოლი) ქორწინების შემდეგ ისინი კიევის რუსეთში გადაასვენა. 1108 წელს კნიაზი სვიატოსლავ იზიასლავოვიჩის მიერ ყოფილი დმიტრიევსკის მონასტრის ადგილას წმინდა მიხეილის ოქროსგუმბათოვანი მონასტერი დაფუძნდა, ხოლო 1108-13 წლებში აშენდა ოქროს გუმბათიანი ტაძარი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო კიევის, როგორც მთავარანგენგელოზი მიქაელის მფარველობაში აყვანილი ქალაქისთვის და დიდმოწამე ბარბარეს წმინდა ნაწილებიც მთავარანგელოზის ეკლესიაში დაუბრძანებიათ. ბათო ყაენის შემოსევების დროს წმინდა ნაწილები გადამალეს და მშვიდობიანობის დროს ისევ უკან დააბრუნეს. 1644 წელს კიევის მიტროპოლიტმა პეტრე მოგილამ დიდმოწამის თითის ნაწილი მიართვა პოლონეთის სამეფოს კანცლერს გიორგი ოსოლინსკს, ამავე დროს წმინდანის მარცხენა ხელი, დიდიხნის განმავლობაში იმყოფებოდა რა საბერძნეთში, გადაიტანეს პოლონეთის ქალაქ ლუცკში და დააბრძანეს მონასტრის „ჯვართამაღლების ტაძარში“. 1650 წელს კიევი აიღო ლიტველმა გეტმანმა იანუშ რადზივილმა და წმინდა ბარბარეს თითისა და ნეკნის ნაწილი მიიტაცა. აქედან ერთ-ერთი წილად ხვდა მის ცოლს და მერე კიევის მიტროპოლიტს იოსებ ტუკალკს, მისი სიკვდილის შემდეგ წმინდა ნაწილი მოხვდა ქალაქ ბატურინის წმინდა ნიკოლოზის მონასტერში, სადაც მრავალ სასწაულსა და კურნებას აღასრულებდა. 1656 წელს კიევის მიტეროპოლიტმა სილვესტერმა წმინდა ბარბარეს ნაწილი გადასცა ანტიოქიის პატრიარქს მაკარის. XVIII ს-ის დასაწყისში კიევის მიტროპოლიტმა იოასაფმა (კროკოვსკი) წმინდა დიდ-მოწამე ბარბარეს შეუდგინა დაუჯდომელი საგალობელი, რომელიც დღემდე იგალობება მის წმინდა ნაწილებთან. 1934-36 წლებში წმინდა მიხეილის ოქროსგუმბათოვანი მონასტერი განადგურდა და წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ნაწილები მუზეუმში გადაიტანეს. 1960 წლიდან კი დაბრძანებულია ქ. კიევის წმიდა ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარში, ეკვდერის შუაში, შემაღლებულ ადგილას. ქალწულ-მოწამის წმიდა ნაწილებთან მრავალი კურნება და სასწაულია დაკავშირებული. 1983 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის თხოვნით, უკრაინაში ჩასულ ქართველი სამღვდელოების დელეგაციას კიევის მაშინდელმა მიტროპოლიტმა ფილარეტმა საჩუქრად გადასცა წმინდა ბარბარეს ნეკა თითის ნაწილი. აღნიშნული სიწმინდე ამჟამად დასვენებულია თბილისის ქვემო ბარბარეს სახელობის ეკლესიაში. თუმცა, როგორც წყაროებით დასტურდება, ქართული ეკლესია უძველესი დროიდან ფლობდა ამ წმინდანის ნაწილის, რომელიც სვეტიცხოველის ტაძრის კანკელის მარცხენა მხარეზე არსებულ სანაწილეში ყოფილა დასვენებული. რამოდენიმე წლის წინ საქართველოში ჩამოაბრძანეს დიდმოწამე ბარბარეს ხატი, რომელშიც წმინდა ნაწილი იყო ჩაბრძანებული. ეს ხატი საპატრიარქოს შეწირეს და იქ არის დაცული. წმინდა დიდმოწამე ბარბარე ბავშვების მფარველად ითვლება. მას ევედრებიან ყრმათა კურნებისთვის, შვილიერებისა და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისგან დაცვისთვის. საქართველოში წმინდა ბარბარეს უძველესი დროიდან სცემენ თაყვანს. მარტო თბილისში მისი სახელობის ოთხი ტაძარია, მათგან პირველი მე-8 საუკუნეშია აგებული. წმ. ბარბარეს მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს 4 (17) დეკემბერს. შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა – See more at: http://www.orthodoxy.ge/tveni/dekemberi/barbare.htm#sthash.GRR4CoC2.dpuf

  12. ქართულ მითოლოგიაში მზის განმასახიერებელი ქალღმერთი. ძირითადად თაყვანს სცემდნენ, როგორც ქალის ნაყოფიერების საწყისის მფარველ ღვთაებას. ხალხური წარმოდგენით, ბარბალე განაპირობებს მიწათმოქმედების და მესაქონლეობის პროდუქტების სიუხვეს, ხელს უწყობს როგორც მსხვილი რქოსანი საქონლის და შინაური ფრინველის, ისე ადამიანის განაყოფიერებას. ბარბალესადმი იყო მიძღვნილი სხვადასხვა დღესასწაული, რომელთაგან მთავარი ზამთრის მზებუდობას ემთხვეოდა. ბარბალესადმი მიძღვნილ რიტუალებსა და წეს-ჩვეულებებში გამოიყენებოდა საგნები, რომლებიც მზის სიმბოლოებსს წარმოადგენდნენ. თვით ბარბალეს სახელიც (ცნობილია აგრეთვე მისი სხვა ვარიანტები: საერთო ქართული – ბარბალე/ბარბარე, სვანური – ბარბალი/ბარბარი და მთიულური ბარბალა/ბარბარა) ჰპოვებს ლინგვისტურ პარალელებს წრის, ბორბლის, მოელვარე ალის ქართულ დასახელებებში; ბარბალეს სახელში ვლინდება აგრეთვე ფორმალური და სემანტიკური მსგავსება შუმერულ-აქადურ ეპითეტთან bibbirru – მოელვარე სხივი, ბრწყინვალება. ბარბალეს თაყვანს სცემდნენ, როგორც მკურნალს, რომელიც ადამიანებს თვალს უხელს და განკურნავს თავის ტკივილის, ყვავილის და სხვა დაავადებებისგან. ბარბალეს შეეძლო აგრეთვე ადამიანებზე უბედურებები, გასაჭირი და სიკვდილიც მოეწია.ბარბალეს ეს თვისებები ჰგავს შავი ზღვის პირეთში გავრცელებული ”დედა ღვთაების” კულტს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები