საპატრიარქოსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გარკვეული თანხის გამოყოფის თემა ბოლო პერიოდში აქტუალურობას არ კარგავს. რას გულისხმობს რელიგიური გაერთიანების დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან?
ამ და სხვა საინტერესო საკითხზე გვესაუბრება დავით ჩიკვაიძე (სამართლის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საეკლესიო სამართლის ლექტორი):
“მოგეხსენებათ, რომ რელიგიური ორგანიზაციები ყველა ქვეყანაში თანაარსებობენ სახელმწიფო სტრუქტურების პარალელურად. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რელიგიური გაერთიანებების, ანუ მრევლის წევრები, იმავდროულად, არიან ამა თუ იმ სახელმწიფოს მოქალაქეები. დემოკრატიულ სახელმწიფოებში მიღებულია, რომ ბიუჯეტის დაგეგმარების დროს მაქსიმალურად გაითვალისწინონ მოქალაქეთა მოსაზრებები ბიუჯეტით დასაფინანსებელი პროგრამებისა და ინსტიტუციების შესახებ, რამდენადაც ყოველი სახელმწიფოს ბიუჯეტი იქმნება მოქალაქეთა მიერ გადახდილი გადასახადებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სავსებით დასაშვებია, რომ იმ მოქალაქეებმა, რომლებიც მორწმუნე მრევლი არიან, მოითხოვონ, რომ მათ მიერ გადახდილი გადასახადების ნაწილი მოხმარდეს მათი რელიგიური გაერთიანებების დაფინანსებას. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ, საზოგადოდ, რელიგია საკმაოდ მძლავრი იდეოლოგიაა დღესაც და მას შეუძლია გავლენა მოახდინოს ათასეულობით ადამიანზე. ამის გამო, სახელმწიფოც ერთგვარად დაინტერესებული უნდა იყოს, რომ რელიგიური გაერთიანებები მინიმალურ დონეზე მაინც იქნეს დაფინანსებული, რომ მათ არ მოუწიოთ დაფინანსების ძიება და, უნებურად, არ იქნენ გამოყენებული ადგილსამყოფელი სახელმწიფოს, ან მისი ცალკეული პოლიტიკური თუ სხვა მიმართულების წინააღმდეგ.”
ბრძანეთ, რომ დასაშვებია რელიგიური გაერთიანების დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან. როგორი მიდგომაა ამ საკითხის მიმართ ევროპაში?
რაც გითხარით, იგი სწორედ რომ ევროპის გამოცდილებას ემყარება. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოებს ამ საკითხის მიმართ არ აქვთ ერთგვაროვანი პოზიცია. უფრო ზუსტად კი რომ ვთქვათ, მათი ერთგვაროვანი პოზიცია ისაა, რომ თითოეულ ქვეყანაში რელიგიურ სფეროში სახელმწიფოს ჩარევისა თუ მონაწილეობის საზღვრებს ადგენს ამ ქვეყნის მოსახლეობა. ამდენად, ის სხვადასხვაობა, რასაც ევროპაში ვხვდებით რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების საკითხისადმი მიდგომაში, განპირობებულია ზემოთ ხსენებული გარემოებით. ვხვდებით რელიგიურ გადასახადებს, რომლის დროსაც მრევლი უთითებს, თუ რომელი კონფესიისთვის უნდა იქნეს გამოყენებული თანხა, იქ, სადაც სახელმწიფო რელიგია არსებობს, სახელმწიფო პირდაპირ აფინანსებს რელიგიური ორგანიზაციის ცალკეულ პროექტებს, ასევე, არსებობს სახელმწიფოები, სადაც რელიგიურ ორგანიზაციებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება მიეცემათ მათი მოსახლეობაში პროპორციულობის გათვალისწინებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაფინანსების მრავალნაირი სისტემა არსებობს. ცხადია, ვხვდებით ფორმებს, როდესაც არც ერთი რელიგიური ორგანიზაცია არ ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან და ისინი მთლიანად თვითდაფინანსებაზე არიან.
როგორია ამ მხრივ მდგომარეობა საქართველოში?
იმის მიუხედავად, რომ დოკუმენტურად არსად არის დაფიქსირებული, საქართველოში, ფაქტობრივად, არსებობს სახელმწიფო რელიგია. ეს ჩემი პირადი აზრი არ არის. აღნიშნულ და მსგავს მოსაზრებას ვხვდებით რელიგიის თემატიკაზე გამოცემულ სხვადასხვა ცნობარში და იგი ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობის საერთო ანალიზს. რელიგიური გაერთიანებებიდან მხოლოდ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია სარგებლობს განსაკუთრებული დიპლომატიური, საზოგადოებრივი, საფინანსო და სხვა პრივილეგიებით, რაც სხვა კონფესიებს არ აქვთ.
როგორ გესახებათ ამ საკითხის დარეგულირება?
ის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქის აზრი უნდა გაითვალისწინონ სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირების დროს, მათი აღმსარებლობის მიუხედავად, მგონი ცალსახაა და ამ თემაზე, დარწმუნებული ვარ, არავინ დავობს. რაც შეეხება იმას, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს სხვა რელიგიური გაერთიანებებისათვის დაფინანსებისა თუ სხვა საშეღავათო საკითხის გადაწყვეტა, ეს უნდა მოხდეს საზოგადოების შეთანხმებით და საერთო, კონსენსუსზე დაფუძნებული პოზიციით.
მეორე მხრივ, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ საქართველოს სახელმწიფოსთვის მართლმადიდებელ სარწმუნოებას ჰქონდა, აქვს და ექნება განსაკუთრებული როლი. ეს როლი არ გულისხმობს სხვა კონფესიების დაჩაგვრას, ან მათი კანონიერი უფლებების უგულებელყოფას. ეს ნიშნავს იმას, რომ თუკი მართლმადიდებელ ეკლესიას ექნება ისეთი დამატებითი უფლებები, რაც მათ არ აქვთ, ეს არ გულისხმობს, რომ ისინი იჩაგრებიან. დღეს ინტერნეტის ეპოქაა და წამებში შეიძლება ნებისმიერი ინფორმაციის გადამოწმება. ნებისმიერ მსურველს შეუძლია ინტერნეტში ნახოს, როგორი სტატუსითა და პრივილეგიებით სარგებლობენ ევროპის კავშირში ის რელიგიური ორგანიზაციები, რომლებიც ამ ქვეყნების მთავარ და ძირითად კონფესიას წარმოადგენდნენ საუკუნეების მანძილზე.
თეონა ნოზაძე
