მთავარიქრისტიანობა"რამეთუ შენი არს სუფევაჲ და ძალი და დიდებაჲ საუკუნეთა მიმართ. ამენ" -...

“რამეთუ შენი არს სუფევაჲ და ძალი და დიდებაჲ საუკუნეთა მიმართ. ამენ” – მამაო ჩვენო

დიდებისმეტყველება (ასამაღლებელი):

იესო ქრისტეს ეს სახარებისეული სიტყვები საუფლო ლოცვის ლიტურგიკულ პრაქტიკაში, ტრადიციული ასამაღლებლის ფორმით არის ჩანაცვლებული და ასეთი სახე აქვს: „რამეთუ შენი არს სუფევაჲ და ძალი და დიდებაჲ – მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ“.

ტექსტის აზრობრივი განმარტება შემდეგია: ლოცვის დიდებისმეტყველებაში (ასამაღლებელში) ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს სრულ რწმენას ღმერთის ძალის ყოვლისშემძლეობაში და მის ხელმწიფებაში, შეუმუსრველობასა და დიდებაში, რომელიც მთელ სამყაროზე ვრცელდება. ჩვენი ეს რწმენა იმას ეფუძნება, რომ შენ, ჩვენს ღმერთს – მამას და ძეს და სულს წმინდას – გეკუთვნის მეუფება და ძალა და სამარადისო დიდება, ანუ გეკუთვნის ხელმწიფება მთელს სამყაროზე (სხვა სიტყვებით – მეუფება, მეფობა, მფლობელობა), ძლიერება (სხვა სიტყვებით – ძალა) და თაყვანისცემა და პატივისცემა (სხვა სიტყვებით – დიდება), აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე (ანუ ყველა საუკუნეში, სამარადისოდ). ლოცვა მთავრდება სიტყვა „ამენ“-ის წარმოთქმით. ეს სიტყვა ებრაულია და ნიშნავს:

„ჭეშმარიტად ასეა“, „იყოს ასე“. ამ სიტყვას, ჩვეულებრივ, ლოცვების წაკითხვის შემდეგ წარმოთქვამდნენ ებრაელები სინაგოგებში (შესაკრებლებში), და ეს ჩვეულება – ამ სიტყვით დაესრულებინათ ლოცვები – ქრისტიანობაშიც გადმოვიდა. ცხოვრების რა შემთხვევებში იკითხება საუფლო ლოცვა? „მამაო ჩვენო“-ს ცხოვრების ყველა შემთხვევაში უნდა წარმოვთქვათ ხოლმე – განსაცდელშიც და სიხარულშიც, სახლშიც და გზაშიც, ნებისმიერი საქმის, განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანის – აღსრულების წინ.

ეს ლოცვა წარმოითქმება როგორც ჩვენი დამცველი ვედრება ბოროტისაგან მომდინარესი ბოროტ, ურწმუნო ადამიანთაგანაც და ზებუნებრივ ძალთაგანაც; როგორც სავედრებელი ლოცვა და როგორც ღმერთის განმადიდებელი და მაქებელი ლოცვა.

ამიტომ, ამ ლოცვის წარმოთქმის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია საკუთარი, პირადი სათხოვარითაც მივმართოთ ღმერთს და ვთხოვოთ ჩვენი საჭიროებებისა და სურვილების შესრულება.

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები