მთავარი » საზოგადოება

რა ხდება ქართულ საპატიმროებში?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.09.2012 | 3,939 ნახვა

18 სექტემბერს მასმედიის საშუალებებით გავრცელებულმა კადრებმა, რომელიც ციხეებში პატიმართა წამებისა და არაადამიანურად მოპყრობის ფაქტებს ასახავს, სრულიად საქართველო შეძრა. აღნიშნულმა მოვლენებმა საზოგადოების მწავავე პროტესტი გამოიწვია. ციხე რეალურად რა ხდება საპატიმროებში? “ამბიონს” წმ. დემეტრე თავდადებულის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მამა მალხაზ ყიფიანი ესაუბრა, რომელიც წლების განმავლობაში უშუალოდ შედიოდა საპყრობილეებში და დღესაც აქტიურად ხვდება პატიმრებს.

მამა მალხაზი: “საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატიმროებში არსებული მდგომარეობის შესახებ გარკვეულ ინფორმაციებს ფლობდა და ამ საკითხს თავის ქადაგებებში, ეპისტოლეებში ხშირად ეხმაურებოდა. როცა დღეს ამ სისტემის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ რჩევები არ გაითვალისწინეს, ეს დიდი შეცდომაა. ბოდიში წამალი არ არის. როგორ მოვუბოდიშოთ, ვანუგეშოთ პატიმართა ოჯახის წევრები, რომლებმაც პატიმართა არაადამიანური მოპყრობის რეალური ფაქტები ნახეს?”

რატომ არ ასაჯაროებდნენ ამ ფაქტებს ის სასულიერი პირები, რომელთაც საპყრობილეებში პატიმრებთან ურთიერთობა უწევდათ?

მიუხედავად იმისა, რომ სასულიერი პირებს სისტემატიური ურთიერთობები გვქონდა და გვაქვს პატიმრებთან, გვესმოდა ამ ფაქტების შესახებ, ამის ხმამაღლა საუბარი ჩვენ თვითონვე შეგვიქმნიდა იმ პრობლემებს, რომლის მიზეზითაც ჩვენ აგვიკრძალავდნენ საპყრობილეებში შესვლას. ეს კიდევ უფრო მეტი ლახვარი იქნებოდა თითოეული იმ პატიმრისათვის, რომლებიც ჩვენგან სულიერ ნუგეშს, თანადგომას გრძნობდნენ. იმ მიზეზით არ ვჩუმდებოდით, რომ რომელიმე სასულიერო პირს შეეშინდა იმის თქმა, რასაც ჩვენ პატიმრებისგან ვისმენდით.

სახალხო დამცველის მოხსენებებში არაერთხელ იყო დაფიქსირებული სასულიერო პირთა შეხედულებები. ამასთან, ქადაგებისას, მრევლთან პირადი საუბრებისას ჩვენ საპატიმროებში არსებული მდგომარეობის შესახებ მივუთითებდით. ამავდროულად, პატიმართა პირადი საუბრები სააღმსარებლო თემასაც წარმოადგენს, ანუ საიდუმლოებას პატიმარსა და მოძღვარს შორის.

მოგვიანებით გაუქმდა ციხეებთან არსებული მონიტორინგის ჯგუფები, ალბათ, იმ მიზეზით, რომ ის რაც შიგნით ხდებოდა, არ გასაჯაროებულიყო. შედეგად მივიღეთ ის, რასაც დღეს ვხედავთ…

ადამიანი სიმართლის მოყვარული უნდა იყოს. სასულიერო პირის პრინციპიც არის: “მღვდლის ბაგეებმა დაიცვან სამართალი და მისი პირისგან გამოიძიონ სჯული“. სიმართლის დამალვა არასდროს მიცდია, ჩემს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას ყოველთვის ვგრძნობ, როცა საჭიროა განგაშის ზარი უნდა ატყდეს და სიმართლეც ითქვას.

ამასთან, ვინც ციხეებში არსებული ვითარების შესახებ მეტად ინფორმირებული იყო: სახალხო დამცველის აპარატი, ევროსტრუქტურები… სახელმწიფო თანამშრომლებს რეკომენდაციებს აძლევდნენ, თუმცა მათ ყურადღებას არავინ უგდებდა და ჩვენ ვინ მოგვისმენდა?!

მამაო, რა უკანონობას აწყდებოდით საპატიმროებში?

ციხეში აქვთ წესი, როცა ახალი პატიმარი შედის, სანამ მას კამერაში მოათავსებენ, ჯერ ფიზიკურად კარგად ცემენ, რათა იქაურად “მოინათლოს” და ზედმეტი არაფერი გაბედოს. ორთაჭალის ციხეში იყო შემთხვევა, როცა ციხის თანამშრომელი იმ მიზეზით დაიჭირეს, რომ მან ახალი პატიმარი არ სცემა. მისთვის გაუგებარი იყო, რატომ უნდა გაელახა ის ადამიანი, რომელიც თავისი მდგომარეობით ისედაც მორალურად განადგურებული იყო.
პატიმრის ცემა არაადამიანურობის გამოხატულებაა. პირიქით, ის უნდა ანუგეშო. პატიმარს ციხეში სულიერი გარემო უნდა დახვდეს.

დღეს ჩამოყალიბდა სასჯელაღსრულების სისტემა, რომელიც დაფუძნებულია უზნეობაზე, ამორალურობაზე, სადიზმზე. აქ თანამშრომლებს იმ ნიშნით ღებულობდნენ, რომლითაც დღეს თურმე ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს თავი მოაქვს. ამ სისტემაში მუშაობენ ადამიანები, რომლებიც მუდმივად საპატიმეროებში არიან, იქ ცხოვრობენ, რადგან მათი გარეთ გამოსვლა და უკვე ყოფილი ნაცნობი პატიმრის შეხვედრა სავალალო შედეგით შეიძლება დასრულდეს. დღეს რა ურთიერთობაც პატიმრებსა და ციხის თანამშომლებს შორისაა, ადამიანურ, ზნეობრივ ჩარჩოებში არ ჯდება.

სამწუხაროდ, ციხეებში უამრავი უსამართლობა წლების განმავლობაში ხდებოდა და განგაშის ზარები მანამდე უნდა ატეხილიყო. მაგრამ მსგავსი ფაქტობრივი მასალა, რაც არსებულ მდგომარეობას გამოააშკარავებდა არ არსებობდა.

რა სასჯელი ელის პატიმრების არაადამიანურად მოპყრობაში მონაწილე ადამიანებს?

ერთი ცოდვა მქმნელმა ჩაიდინა, მეორე – მისმა თანამონაწილემ. ეს არის პილატეს როლის გათავისება… ადამიანი სამართლიანობის იდეას უნდა შეეწირო, მსხვერპლადაც გაიღო შენი თავი. როდესაც ხედავ, რამდენიმე პირი როგორ ურტყამს და აუპატიურებს უსუსურ პატიმარს და ამის შესაჩერებლად არაფერს სჩადი, ეს სოდომ-გომორული ცოდვის თანამონაწილეობაა, ადამიანის ფსიქიური და ფსიქოლოგიური დეგრადაციაა.

ამ დროს ეს ადამიანები, ციხის გარეთ გამოდიან და ჩვეულებრივი მოქალაქეების მსგავსად ცხოვრობენ, საზოგადოებასთან აქვთ ურთიერთობა, სუფრასთან სხდებიან, სადღეგრძელოს ამბობენ… მათ ოჯახი ხომ ჰყავთ?! არ ვიცი, ორმაგ სამსახიობო ნიღაბს როგორ ირგებენ. მგლის ნიღაბს იშორებენ, ცხვრის ქურქით იმოსებიან და ვითომც აქ არაფერი, ისე აგრძელებენ ადამიანებთან კონტაქტს.

საზოგადოების ეს დეგრადირებული მასა, არა მარტო სასჯელაღსრულების თანამშომლებში, არამედ, სამწუხაროდ, სხვა სფეროებშიც მრავლადაა.

რამდენად აუცილებელი იყო ამ კადრების ჩვენება ფართო საზოგადოებისთვის?

ვიცით სახარებისეული სწავლება: “არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, არცა საიდუმლო, რომელი არა საცნაურ იყოს.”
ალბათ, ბევრს ეგონა, რომ ამ ძალადობის ამსახველი კადრების ჩვენება არასოდეს მოხდებოდა და მუდმივად დაფარული იქნებოდა. მაგრამ იმისათვის, რომ საზოგადოება გამოფხიზლებულიყო, ამ კარების გასაჯაროება აუცილებელი იყო.

საზოგადოებამ უნდა გაითავისოს, რომ ის, რაც ხდება მისი სახლის გარეთ, მეზობლად თუ ცოტა მოშორებით, ყველას პრობლემაა. როცა არაადამიანურად ეპყრობიან მცირეწლოვან თუ ასაკოვან ადამიანებს, ეს ძალადობა ნებისმიერი ჩვენგანის კარზე აკაკუნებს და მან დღეს კარი უკვე შემოგვიმტვრია. დროულად თვალი არ გავახილეთ და შედეგსაც ვხედავთ.

ჩვენ ირგვლივ ციხიდან გამოსულ ადამიანებს სიცოცხლე თვითმკვლელობითაც დაუსრულებიათ, ზოგი დღესაც დეგრადირებული ფსიქიკით არსებობს…

მამაო, თქვენი აზრით, როგორ შეიძლება არსებული პრობლემის მოგვარება?

ჩემი სურვილია, ამ სისტემაში პატიმრებთან ურთიერთობაში ზნეობრივი და მორალური, სულიერი და ეკლესიის წიაღში მყოფი ადამიანები გამოარჩიონ, რათა მათ პატიმრებთან ადამიანური დამოკიდებულება ჰქონდეთ.
ამას სჭირდება ოჯახში აღზრდა. თუ ადამიანს მშობლის, დედმამიშვილის, ახლობლის სიყვარული გააჩნია, ის იმ პატიმარსაც შეიყვარებს, რომელიც გარკვეული სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზის გამო ოთხ კედელს შუა აღმოჩნდა.

არსებული პრობლემის მოგვარებაში უნდა ჩაერიოს ეკლესია. უნდა გაითვალისწინონ უწმიდესის რჩევები. პატიმრებმა უნდა იგრძნონ, რომ მათზე ზრუნავენ.

როგორ ხდება დღეს საპატიმროებში სასულიერო პირების შესვლა?

საკონსტიტუციო შეთანხმების თანახმად, საპატრიარქოსა და სასჯელაღსრულების სისტემის ურთიერთთანამშრომლობა პატიმართან სასულიერო პირის დაუბრკოლებლივ შესვლას გულისხმობს. ყველა ციხეს ჰყავს მოძღვრები, ისინი აქტიურად არიან ჩართულნი პატიმრების სულიერი ცხოვრების წარმართვაში. გარდა ამისა, ნებისმიერი მოძღვარი, საპატრიარქოში გაცემული საბუთისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემთხვევაში, საპატიმროში შესვლას შეძლებს. თუმცა ეს სასულიერო პირი ამ დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის რაიმე ნიშნით მიუღებელი პიროვნება არ უნდა იყოს. ანუ იქ არსებულ უსამართლობაზე საჯარო რეაგირებას არ უნდა ახდენდეს. ვინც ასეთ ქცევაში შემჩნეულია, მისთვის გარკვეული შეზღუდვებია.

მამაო, რა რჩევებს აძლევდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობას უწმიდესი?

მახსენდება ერთი ისტორია, რომელიც უკავშირდება ავჭალის ციხესთან ახალი ეკლესიის კურთხევას. იმდროინდელი (2006წ) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე ბაჩო ახალია უწმიდესთან შეხვედრაზე გახლდათ მოსული, რომლის თანამონაწილე სხვა სასულიერო პირებთან ერთად მეც გახლდით. უწმიდესმა სთხოვა, რადგან უამრავი პატიმარი გვყავდა, კარგი იქნებოდა მათი საზღვრისპირა მიდამოებში, სოციალურად და გეოპოლიტიკურად დაუცველ ტერიტორიებში ჩასახლება, სოციალურ მუშაკთან მიმაგრება და საზოგადოების, საკუთარი ოჯახისა და სახელმწიფოსათვის სასარგებლო შრომაში ჩართვა. ამავდროულად, ისინი ოჯახებთან ერთად იცხოვრებდნენ და საკუთარი ნიჭის რეალიზებასაც მოახდენდნენ. ბატონმა ბაჩომ კი ბრძანა, რომ ამ პროექტის განხორციელებისთვის ფინანსური რესურსი არ გააჩნდათ, ის მოითხოვდა დიდ დროს, ინფრასტრუქტურის განვითარებას, თანამშრომელთა გადამზადებას … თუმცა როდესაც ქვეყანას 20 000-ზე მეტი პატიმარი ჰყავს, სახელმწიფოს განსაკუთრებული გრანტებით ეხმარებიან, რათა პატიმართა მდგომარეობა ყოველმხრივ სათანადო იყოს.

როდესაც ამ თემაზე საუბარი თითქმის ამოიწურა, პატრიარქმა უთხრა: ბევრი ხმები მომდის, რომ თქვენ პატიმრებს შეურაცხყოფას აყენებთ და ფიზიკურად უსწორდებით. არ შეიძლება ისე მოექცეთ პატიმრებს, რომ ისინი თქვენ კი არ შეურაცხგყოფდნენ, არამედ გაქებდნენო? და ამის შესაძლებლობის ორი მაგალითი მოიყვანა:

ცნობილია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემი გადასახლებაში ციმბირში იყო. საპყრობილეში მას ერთი ებრაელი ბადრაგი დიდ შეურაცხყოფას აყენებდა. პატრიარქმა კი უთხრა: შვილო, ნუ გვიყურებ ისე, რომ ჩვენ, პატიმრებს ღირსება არ გვაქვს და უუფლებო ადამიანები, პრიოვნებები არ ვართ… შენც შეიძლება აღმოჩნდე იმ მდგომარეობაში, როგორც ჩვენ ვიმყოფებით და მაშინ იგრძნობ პატიმრის სულიერ მდგომარეობასა და გაჭირვებას. მართლაც, პატრიარქის სიტყვები ახდა და ერთი თვის შემდეგ, როცა საპყრობილეში ახალი პატიმრების ნაკადი შეიყვანეს, ეს ებრაელი ბადრაგი – ყოფილი ციხის თანამშრომელი ჩვენი უწმიდესი პატრიარქის გვერდით აღმოჩნდა. ახალმა პატიმარმა იფიქრა, რომ მიყენებული შეურაცხყოფისთვის პატიმრები ჩაქოლავდნენ. პატრიარქმა მას კალთა გადააფარა და თავისი ნათქვამი შეახსენა…

ვფიქრობ, ეს იყო წინასწარმეტყველური გაფრთხილება მაშინდელი ან დღევანდელი სასჯელაღსრულების ხელმძღვანელობის მიმართ.

პატრიარქის მეორე მაგალითი რუსეთის ერთ-ერთი ციხის ექიმს ეხებოდა, რომელიც დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა პატიმრებს შორის. მას „Светой врач“ შეარქვეს. ექიმი, როგორც ოჯახის წევრებზე, ისე ზრუნავდა პატიმრებზე. ის ხშირად საკუთარი ხელფასითაც ყიდულობდა პატიმრებისთვის იმ წამლებს, რაც ციხეში არ ჰქონდათ და მათ ანუგეშებდა. ექიმის სულიერი თანადგომით მსჯავრდებულები იკურნებოდნენ.

როდესაც ეს ექიმი გარდაიცვალა, საპყრობილედან გამოსული პატიმრები, პირველ რიგში, მის საფლავზე მიდიოდნენ, სანთელს უნთებდნენ და მის სულს უფალს ავედრებდნენო. პატრიარქის თქმით, ასეთი რამის განხორციელება ჩვენთანაც შეიძლებოდა.

უწმიდესის ამ მაგალითებზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ბაჩო ახალიამ გაჩუმება ამჯობინა.

მეორე დღეს, როცა ავჭალის ციხეში უწმიდესმა ბაჩო ახალიას ხარების ხატი აჩუქა, უთხრა: ბატონო ბაჩანა, ეს ხარების ხატი არის სიხარულის მომგვრელი ადამიანებისთვის და მე გაძლევ კურთხევას, რომ სიხარული მიანიჭო შენს პატიმრებს. ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, პატრიარქის მამა-შვილურ დარიგებას შედეგი არ მოუტანია.

მამაო, საპატიმროებში არსებულ მდგომარეობას დღეს უამრავი ადამიანი აპროტესტებს. როგორ აფასებთ ამ მოვლენას?

საზოგადოების კონსოლიდაცია, ის მუხტი, რაც დღევანდელ რეალობაში შეიმჩენვა, არ უნდა ჩაიფერფლოს. ზნეობრივი ნორმების, ადამიანური ღირებულებების ფეხქვეშ გათელვა საზოგადოებამ არ უნდა მოითმინოს.
დღეს ადამიანებს ღვთის შიში ნაკლებად აქვთ. კანონი უნდა კანონობდეს. დაუსჯელობის სინდრომმა დღევანდელ მდგომარეობამდე მოგვიყვანა.

ვისურვებდი ეს ერთობა, რაც მიმართულია ამ უსამართლობის მიმართ, ბოლომდე იქნეს მიყვანილი. ერთხელ და სამუდამოდ, ქართული საზოგადოება იყოს ადამიანთა ზნეობრივი, მორალური ღირებულებების სადარაჯოზე, არავის შეეძლოს მათი უგულებელყოფა და პიროვნული ავტორიტეტის გათელვა, ადამიანის დაკნინება.

თითოეულ ქართველს უნდა ეამაყებოდეს, რომ არის იმ ერის, ხალხის შვილი, სადაც ადამიანური ღირებულებები და უფლებები დაცულია.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • ნინო says:

    მადლობა ასეთი კარგი სტატიისთვის

  • მიშკა says:

    საღოლ თეო კარგი სტატიაა.მაგარი ხარ.

  • რა ბედნიერები ვიკნებოდიტ კარტველები რომ უტსმინდესი რასატს ამბობს ვუჯერებდეტ.სირტსხვილი გიგი უგულავას,რომელიტს დიდი ხანი უტსმინდესის გვერდიტ იკო და ადამიანის სიკვარული ვერ ისტავლა.სხვებზე რაგა უნდა ვტკვა.ნატკვამია: კარგ მტკმელს კარგი გამგონე უნდაო.გმერტმა დიდხანს ატსოტსხლოს უტსმინდესი.მისი ლოტსვა არ მოაკლოს უპალმა სრულიად საკარტველოს.
    სტატია დზალიან კარგია და დროული.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი