მთავარი » ქრისტიანობა

რა შეიძლება აბრკოლებდეს ქორწინებას

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.05.2021 | 863 ნახვა

ჩვეულებრივ, საქმრო და საცოლე, სანამ ჯვარს დაიწერდნენ ტაძარში, სამოქალაქო ქორწინების რეგისტრაციას ახდენენ ქორწინების სახლში, ან სხვა შესაბამის სახელმწიფო ორგანოში. მართლმადიდებელი ეკლესია სამოქალაქო ქორწინებას, რა თქმა უნდა, საღვთო მადლთან და კურთხევასთან არანაირად არ აკავშირებს, მაგრამ აღიარებს მას როგორც ფაქტს და არ თვლის ურჯულო, არაკანონიერ საქმედ, ანუ სიძვა-მრუშებით თანაცხოვრებად. მიუხედავად ამისა, დაქორწინების პირობები სამოქალაქო კანონომდებლობითა და საეკლესიო წესდებულებით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ამიტომ, ყველა სამოქალაქო ქორწინება როდი შეიძლება იკურთხოს ეკლესიაში ქორწინების საიდუმლოს აღსრულებით. ეკლესია არ დაუშვებს დაქორწინებას სამზე მეტად. სამოქალაქო კანონებით კი დაქორწინებათა რაოდენობა ადამიანისათვის შეზღუდული არ არის. ეკლესია არ სცნობს ასეთ ქორწინებას (მეოთხედ, მეხუთედ!…).

ასაკი. რადგანაც ქორწინებაში შესვლის საეკლესიო ასაკობრივი ნორმები შეესატყვისება სამოქალაქო კანონის ნორმებს, ამიტომ მსგავსი საკითხების გადაწყვეტის პრეროგატივა საერო სახელმწიფო ორგანოების კომპეტენციას გადაეცემა. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუკი სამოქალაქო ქორწინების გაფორმება განსაკუთრებულ პირობებში ხდება, რომლებიც დამატებით შეთანხმებას საჭიროებენ (როცა სარძლოს ან საქმროს ასაკი ჯერ არ არის მიღწეული იმ ზღვარს, როცა ქორწინება ნებადართულია, ანდა როცა დასაქორწინებელთა სხვაობა ასაკში ძალზე დიდია, მაგალითად – 30 წელზე მეტი), – მაშინ ქორწინების საიდუმლოს აღსასრულებლად საჭიროა მმართველი მღვდელმთავრის საგანგებო ნებართვა.

ნათესაობა. საეკლესიო კანონებით, განირჩევა ხუთი სახის ნათესაობა: პირველი – სისხლითი, მეორე – მძახლობითი (მოყვრული), მესამე – სამნათესაობითი (იგივე მძახლობითი, მაგრამ იქმნება სამი ნათესავისაგან), მეოთხე – წმ. ნათლისღებითი და მეხუთე – შვილად აყვანის და გერობითი.

1) სისხლით ნათესაობა თავის მხრივ, იყოფა: აღმავალად, შთამომავალად და გვერდგანმავალად. აღმავალი ნათესაობა გულისხმობს მამას, დედას, ბაბუას, ბებიას, ბაბუის მამას, ბებიის დედას და ა.შ. შთამომავალი ნათესაობა მყარდება იმ ადამიანებს შორის, რომელთაც ერთი შთამომავალი ჰყავთ (შვილი, შვილიშვილი, შვილთაშვილი…), ხოლო გვერდგანმავალი ნათესაობა კი მყარდება იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ერთმანეთისგან არ შობილან, მაგრამ არიან ნათესავნი, ანუ და-ძმას შორის ან ბიძაშვილებსა და მამიდაშვილებს შორის და ა.შ.;

2) მძახლობითი ნათესაობა მყარდება იმ ადამიანთა შორის, რომელნიც ქორწინების მეშვეობით არიან დამოყვრებულნი, დანათესავებულნი (მაგ. როცა მყარდება ერთი ქორწინებითი კავშირის მეშვეობით: ქმრის ნათესავებსა და ცოლის ნათესავებს შორის);

3) სამნათესაობითი ნათესაობა მყარდება ორი მეუღლეობრივი კავშირის მეშვეობით: ერთი ძმის ცოლის ნათესავებსა და მეორე ძმის ცოლის ნათესავებს შორის;

4) ნათლისღებითი ნათესაობა მყარდება ნათლიასა და ნათლულს შორის;

5) შვილად აყვანის ნათესაობა მყარდება მშვილებელსა და შვილებულს შორის და გერობითი ნათესაობა კი, მაშინ, როცა ქვრივი, რომელსაც ჰყავს შვილი მეორედ ქორწინდება.

აღმავალ და შთამომავალ სისხლით ნათესავებს შორის ჯვრისწერა დაყენებულია (აკრძალულია) ყველა ხარისხში, ხოლო გვერდგანმავალში აკრძალულია ნათესაობის მეშვიდე საფეხურამდე (ჩათვლით); მძახლობით ნათესაობაში ქორწინება აკრძალულია მეხუთე საფეხურამდე (ხარისხამდე – ჩათვლით); სამნათესაობით დამყარებულ ნათესაობაში ქორწინება შეიძლება მეოთხე ხარისხში; ნათლისღებით და შვილად აყვანის ნათესაობაში აღმავალი და დაღმავალი (შთამომავალი) ხაზებით ქორწინება აკრძალულია მეშვიდე ხარისხამდე, ხოლო გვერდგანმავალთათვის დაუბრკოლებელია ქორწინება, და ბოლოს, გერობით ნათესაობაში ქორწინება აკრძალულია მეოთხე ხარისხამდე. ნათესაობის ხარისხის გამოთვლის წესები ძალზე რთულია, რათა მთლიანად მოვიყვანოთ ისინი აქ, ამიტომ საეჭვო შემთხვევებში უნდა მიმართონ მღვდელს ანდა საეპარქიო მღვდელმთავარს ყველა ამ საკითხის ნათელსაყოფად.

არ შეიძლება იმ ადამიანის დაქორწინება, ვისაც მანამდე მონაზვნობის აღთქმა აქვს დადებული, ანდა თუკი სამღვდელო წოდებაშია კურთხეული, რომელიც საღვთო წერილის სწავლებით, ქორწინებითს ცხოვრებაზე აღმატებულია და არის ერთ-ერთი უდიდესი ღვაწლი ადამიანისა ღმერთის წინაშე (შდრ. მათ. 19, 11-12; 1 კორ. 7, 8, 32, 34, 38).

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი