ეკლესიის დაარსებისა და ადამიანის ცხოვრებაში მისი როლის შესახებ გვესაუბრება დმანისის სიონის ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე გვიმრაძე:
“ეკლესიაზე როდესაც ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ არა მხოლოდ ნაგებობას, არამედ მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიას მთელი თავისი სისავსით. ვინ, როდის ან რისთვის დააარსა ეკლესია? ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას თავად სიტყვა “ეკლესიაც” დაგვეხმარება.
“ეკლესია” ბერძნული სიტყვაა და “კრებულს” ნიშნავს (ვკრებ, ვიწვევ). მისი არსიც ეს არის – მოუხმოს ხალხს და შეკრიბოს ისინი თავის წიაღში. მაგრამ ვინ უხმობს მისი წიაღისკენ, ან რას დაახვედრებს ხალხს წმიდა ეკლესია? აი, ეს არის ჩვენთვის მთავარი, რადგან თავად უფალი ჩვენი იესო ქრისტე უხმობს, იგია შემხვედრი, მასპინძელი და სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული ეკლესიის დაარსება.
გავიხსენოთ ქრისტეს გამომხსნელი მისია. მართალია, მან ჯვარცმით, აღდგომითა და შემდეგ ამაღლებით კი გამოიხსნა ადამიანური ბუნება, მაგრამ ჩვენთვის, ადამიანთათვის, ეს საკმარისი არ იყო, რადგან ჩვენი ძალებით შეუძლებელი იქნებოდა ღვთის მსგავსების აღდგენა. მით უმეტეს, იესო ქრისტე – ღმერთი ამაღლდა და მასთან ხილული ურთიერთობაც ამით დამთავრდა. საჭირო იყო ღვთაებრივი ენერგია და შეწევნა ადამიანთათვის, რის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა იესო ქრისტეს სწავლების შენარჩუნება, ქადაგება, ან უბრალოდ, ქრისტიანული ცხოვრების წარმართვაც კი. ყველაფერს ამას ისიც დავუმატოთ, რომ ქრისტეს მიმდევრები სასტიკად იდევნებოდნენ, მაგრამ როგორ გგონიათ, ნუთუ იესო ქრისტე იმისათვის ეწამა ჯვარზე და ამაღლდა ზეცად, რომ სამუდამოდ მიეტოვებინა კაცობრიობა? რასაკვირველია, არა. ღვთაებრივი განგებულება სულ სხვა წესრიგითა და ლოგიკით მოქმედებდა და მოქმედებს. იესო ქრისტე ამბობს: “ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუნახივარ და სწამთ” (იოან.20:29)! ამით მას უნდა ის უპირატესობა გვიჩვენოს, რომელშიც აღმოვჩნდით მის შემდგომ მცხოვრები ადამიანები, მათ შორის, რასაკვირველია, ჩვენ და ჩვენი თანამედროვენი. ვუყურებდეთ ხილულ ღმერთკაცს, გვჯეროდეს და გვწამდეს მისი – ეს ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე უხილავის რწმენა. მაგრამ მათ, ვისაც არ უხილავთ იესო ქრისტე, უფალს უნუგეშოდ არც ისინი დაუტოვებია. უფალი გვაუწყებს: “სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქა ვარ მათ შორის” (მათ.18:20).
მართალია, უფალი ზეცად ამაღლდა, მაგრამ იგი ჩვენ შორის რჩება: “აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველდღე წუთისოფლის აღსასრულამდე” (მათ.28:20). მაგრამ რა სახით რჩება იგი ჩვენთან, ან როგორ მოვახერხებთ ჩვენ მასთან შეხვედრას?
მაცხოვარმა ამაზეც იზრუნა თავისი საღმრთო განგებულებით, ამაღლებიდან ათი დღის შემდეგ, ანუ აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს, დაპირებისამებრ, სულიწმიდა მოავლინა.: “ხოლო ნუგეშინისმცემელი კი, სულიწმიდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლენს მამა, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც თქვენთვის მითქვამს” (ინ.14:26). აი, ამ მოვლენას ჩვენ დღესაც აღვნიშნავთ, დღესასწაულს კი სულთმოფენობა ეწოდება.
სწორედ ეს დღე იწოდება ეკლესიის დაარსების დღედ. სულიწმიდა ცეცხლის სახით გარდამოვიდა მოციქულებზე, რომლებიც ერთად იყვნენ შეკრებილი სახლში. ამის შედეგად მათ მიენიჭათ სხვადასხვაგვარი ნიჭი: წინასწარმეტყველების, სასწაულმოქმედების, უცხო ენებზე საუბრისა და ქადაგებისა. გარდა ამ უნარებისა, სულიწმიდამ მოციქულებს სიმტკიცისა და სითამამის ძალა შესძინა, რაც ასე აკლდათ იესო ქრისტესთან დაშორების შემდეგ. მადლითა და ნიჭით აღვსებული და განათლებული მოციქულები იერუსალიმის ტაძარში წავიდნენ, სადაც სასწაულმოქმედებებითა და ქადაგებით სამი ათასი კაცი მოაქციეს ქრისტეს სარწმუნოებაზე. იმ დღიდან მოყოლებული არ შეწყვეტილა ქადაგება. რაც მთავარია, მემკვიდრეობით, უწყვეტად ხდება სულიწმიდის მადლის გადაცემა მოციქულებიდან ეპისკოპოსებზე. დღევანდელი ეპისკოპოსებიც იგივე ძალაუფლების, ანუ მადლის მატარებლები არიან. სწორედ ამ უწყვეტი მემკვიდრეობის გამო ჩვენი ეკლესიები სულიწმიდის მადლითაა აღვსებული. სულიწმიდა კი, მოგეხსენებათ, წმიდა სამების ერთ-ერთი პირია. ხოლო იქ, სადაც სამების ერთ-ერთი პირთაგანია, იქვეა ორი პირიც. ამიტომ როდესაც ადამიანი ეკლესიაში გრძნობს სულიერ სიმშვიდეს, სიხარულსა და ნუგეშს, ეს ყველაფერი სულიწმიდის მადლისეული მოქმედებაა მამისა და ძის თანამონაწილეობით.
ამ გზით ხდება ადამიანების იესო ქრისტესთან, ღვთაებასთან კვლავაც შეხვედრა. მართალია, ამ შეხვედრას ხილული სახე არ გააჩნია, მაგრამ უხილავი ღმერთის ნახვაზე მგონი უარს არავინ უნდა ამბობდეს. შეხვედრის ადგილი კი წმიდა ეკლესიაა.
წმიდა ეკლესიის წინამძღოლი, ანუ თავი იესო ქრისტეა. თავად ეკლესია კი იესო ქრისტეს სხეულს წარმოადგენს, როგორც თავზე, უმაღლეს გონზე დამორჩილებული. ჩვენ კი, ქრისტიანები, ეკლესიის წევრები, ამ სხეულის ნაწილებად ვითვლებით. თითოეულ წევრს კი თავისი ფუნქცია და ადგილი გააჩნია ეკლესიაში ისევე, როგორც სხეულში მის ნაწილებს. რაც მეტი და ჯანსაღი წევრი ჰყავს ეკლესიას, მით მეტად ძლიერია იგი, როგორც ცოცხალი სხეული. თუმცა არ უნდა გვეგონოს, რომ რადგან ეკლესიის წევრები ცოდვილი ადამიანებიც არიან, ამით ეკლესიის სიწმიდე შებღალულია. ვინაიდან ეკლესია წმიდაა მისი თავის – იესო ქრისტეს წყალობით, მასში სულიწმიდისა და მისი მადლმოსილი მრავალი ნიჭის არსებობით. მას წმიდა მამები ასე აღწერენ: “ეკლესია უცვალებელია და დაარსებიდან იგივეა, როგორც საღვთო სწავლება”. ე.ი. ეკლესია, როგორც ქრისტეს სხეული, წმიდაა და უცვალებელი თავისი ბუნებით. ცოდვილი ადამიანები კი, როგორც ქრისტეს სხეულის ნაწილები, კი არ აბინძურებენ ამ სხეულს, არამედ მოწოდებულნი არიან განწმენდისათვის. ეს ცოდვები კი უცხო რჩება ქრისტეს სხეულისათვის და მოგვაგონებს სარეველას, რომელიც განწირულია სიკვდილისათვის, ან ისე, როგორც ცოტაოდენი წყალი მალე დაშრება, თუ მას ჩაუქრობელ და მგზნებარე ცეცხლს შევუნთებთ.
ამრიგად, ეკლესია ჩაუქრობელ და მარადიულ სიწმიდეს ინარჩუნებს, რადგან ღვთის სამკვიდრებელია, ანუ ღვთის სახლია. ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთის სახლში შესვლისას თავად ღმერთია ჩვენი მასპინძელი. ოღონდაც ეკლესია აუცილებლად უნდა იკურთხოს ეპისკოპოსის მიერ, რათა მასში დამკვიდრდეს ეს საღმრთო მადლი. და ჩვენ პირისპირ წავრდგებით ღვთაების წინაშე და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, რას მივიღებთ ღვთისაგან, რადგან ღმერთი ყველა მსურველს აღავსებს თავისი მადლით. მადლს კი განწმენდისა და განკურნების ძალა გააჩნია. ამ ძალით აღჭურვილი ადამიანი დაცულია ამქვეყნიური საცდურისაგან, თანაც განიცდის უდიდეს სულიერ აღმაფრენას, რადგან მასთან თავად სიხარულის მიზეზი, ღმერთი იმყოფება.
წმიდა ეკლესია კაცობრიობას მარტო ამქვეყნიურ ცხოვრებაში კი არ კვებავს თავისი სიკეთით, არამედ უმთავრესი მიზანი მისი დაარსებისა, სწორედ იმქვეყნიური მარადიული ცხოვრებისათვის ადამიანთა მომზადებაა. ამისთვის კი, ეკლესიაში ისეთი საიდუმლოებები აღესრულება, როგორიცაა: ნათლობა, აღსარება, ზიარება და სხვ. მაგალითად, ნათლობისას თავად იესო ქრისტეს შევიმოსავთ, მისი ბეჭდით აღვიჭურვებით; აღსარებისას – ცოდვები მოგვეტევება, ზიარებისას კი – ღმერთი სახლდება ჩვენს სულებში. ამით ღმერთი თავის სახეს გვაჩვენებს, გვახსენებს და გვაჩვევს მასთან მყოფობას, რადგან იმქვეყნიური, გარდაცვლილი მდგომარეობისას იგი ჩვენთვის უცხო და მიუღებელი არ აღმოჩნდეს. ვინაიდან თუ ღმერთი აქ იქნება უცხო ჩვენთვის, ჩვენი სულისთვის, იგივე იქნება საიქიოშიც. ხოლო ღმერთთან უცხოობა კი სიყვარულზე, სიკეთეზე, სიხარულზე უარის თქმას ნიშნავს. ხოლო იქ, სადაც ეს გრძნობები არ არის, შესაბამისად, შური, ბოროტება და მწუხარებაა. ამრიგად, ეკლესია მოციქულებიდან დაწყებული დღემდე, თავისი მსახურების მეშვეობით, მოგვიწოდებს და გვიხმობს თითოეულ ჩვენგანს. უცნაურია, თავად იგი ჩვენგან არაფერს ითხოვს, გარდა იმისა, რომ მისი უხვი წყალობა მივიღოთ და შევინარჩუნოთ.
როგორც განვმარტეთ, ეკლესია ხალხთა შემოკრებას ნიშნავს. ეს ხალხი მრევლად, ან ეკლესიურ ადამიანებად იწოდება. ისინი ეკლესიაში, ღვთის სახლში, საღმრთო მსახურებაზე შემოკრებილნი ერთ სულად, ერთ ორგანიზმად, ქრისტეს სხეულად იქცევიან, რის გამოც მათ შორის უდიდესი სიყვარული იმკვიდრებს. სიყვარულით აღვსებული ადამიანები კი მარადის უდიდეს მეგობრებად რჩებიან. აქედან გამომდინარე, ეკლესია არა მარტო ღვთაებრივთან გვაკავშირებს და გვაახლოებს, არამედ ადამიანთა სიყვარულსაც გვასწავლის. მოყვასის სიყვარულის უქონლობა კი ჩვენი დროების კაცობრიობის უმეტესი ნაწილისათვის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა. გავიხსენოთ რას ამბობს სიყვარულის მოციქული იოანე: “თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო, თავისი ძმა კი ეჯავრება, იგი ცრუა, ვინაიდან ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, როგორღა ეყვარება ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს?”(1იოან.4:20).”
თეონა ნოზაძე
