
მღვდელი თეოდორე ფარნაშვილი:
„ხოლო სიტყვითა შენითა გარდაუტეოთ ბადე“ (ლუკა 5:1-11)
აბობოქრებულ მდინარეში ჩაგდებული, წუთისოფელმა არაერთხელ მიმახეთქა კლდეებს. ჩემით ვცდილობდი გადარჩენას და განსაცდელთაგან თავის დაღწევას, მაგრამ უფრო მეტად ვილეწებოდი კლდოვან ლოდებზე. რაც დრო გადიოდა, უფრო მასუსტებდა და მაუძლურებდა წუთისოფლის დაუნდობელი მორევი. ვფიქრობდი, რომ ახლა, სწორედ ახლა გადავდგამდი ისეთ ნაბიჯს, რომ ყველაფერი ძირეულად შეიცვლება, მაგრამ ყოველთვის იმედი მიცრუვდებოდა.
ერთხელაც, მორიგი განსაცდელის ჟამს, როდესაც არსაით გასაქანი აღარ მქონდა, წამოვიძახე:
„ჰე, უფალო! ჰე, უფალო!“ და უმალ სიხარული შემოვიდა გულში…
„ჰე, უფალო!“ და ყინულმა იწყო ლღობა…
„ჰე, უფალო!“ და მივხვდი, მარტო ვერ გავაგრძელებდი სიარულს…
ვინც კი შენი სიტყვით ნაბიჯი გადადგა, არ დაცემულა. შენი სიტყვით ხარობს ყველა, ვინც შენთან არის. მოციქულებმაც შენი სიტყვით ისროლეს ზღვაში ბადე და შენი სიტყვითვე გაივსო ის. მეც ველოდები, ჩემო უფალო, რომ გაივსება ჩემი სულის ბადე შენთან ყოფნის სურვილით და სიხარულით.
რა ბედნიერი ვარ, უფალო, რომ შენ არსებობ!
და მტკიცედ მწამს, რომ მაშინ, როდესაც ყველა დაგვტოვებს და დაგვივიწყებს, შენ ხარ ის ერთადერთი, ვინც ჩვენ გვერდით იქნება მუდამ…”
წყარო: საპატრიარქოს უწყებანი
