მთავარი » ჯანმრთელობა

რა არის ადამიანის პაპილომა ვირუსი (აპვ)?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.06.2023 | 653 ნახვა

რა არის ადამიანის პაპილომა ვირუსი (აპვ)?

● ადამიანის პაპილომავირუსი (აპვ) არის ვირუსთა ჯგუფი, რომელიც იწვევს კანის, ან ლორწოვანი გარსების (როგორიცაა მ.შ. პირის ღრუ, ან საშვილოსნოს ყელი) დაინფიცირებას როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. აპვ ძალიან გავრცელებულია: სქესობრივად აქტიურ ადამიანთა დაახლოებით 80% ცხოვრების რომელიმე ეტაპზე, აუცილებლად ინფიცირდება აპვ-ის ერთი ან მეტი სახეობით.

● პაპილომა ვირუსის 200-ზე მეტი გენოტიპია ცნობილი. მათ ორ დიდ ჯგუფად ყოფენ: დაბალი რისკისა და მაღალი რისკის გენოტიპებად. დაბალი რისკის (HPV 6, 11, 42, 43, 44 და სხვა არაონკოგენური) გენოტიპები მახვილწვერა კონდილომას იწვევენ, მაგრამ ნაკლებად ასოცირდებია სასქესო ორგანოების კიბოს წინარე დაავადებებსა და კიბოსთან. მაღალი რისკის გენოტიპებია (ასეთია 13 ტიპი): HPV 16, 18, 31, 33, 35, 39, 45, 51, 52, 56, 58, 59, 66, 68). ონკოგენურ ტიპებს შორის ყველაზე ხშირია მე-16 და მე-18 ტიპები. მე-16 ტიპზე მოდის საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა დაახლოებით ნახევარი, ხოლო მე-18 ტიპზე – 10-12%. პაპილომა ვირუსების სხვა ონკოგენური ტიპებია 31, 33, 45, 52, 58, რომელთაგან თითოეული ასოცირებულია გენიტალური სიმსივნეების 2-4%-თან. რაც შეეხება მე-6 და მე-11 ტიპებს, რომლებიც პაპილომა ვირუსების ძალიან ხშირი და გავრცელებული ტიპებია, ისინი არ იწვევს სიმსივნეებს და ასოცირებულა გენიტალური მეჭეჭების განვითარებასთან.

● ადამიანის პაპილომავირუსული ინფექციების უმრავლესობა უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუმცა, ვირუსის სპეციფიური ონკოგენური ტიპით (უმეტესწილად აპვ 16 და აპვ 18) გამოწვეული ქრონიკული ინფექცია, ხშირად საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების მიზეზი ხდება.საშვილოსნოს ყელის კიბოს 70% ადამიანის პაპილომავირუსის ორი ტიპითაა გამოწვეული.

●როგორ ინფიცირდება ადამიანი აპვ-ით?
აპვ ჩვეულებრივ პირდაპირ, კანიდან კანზე, დაინფიცირებულ არესთან კონტაქტისას ვრცელდება. აპვ-ის დაახლოებით 30 შტამი გადაეცემა სქესობრივი გზით (სულ, 200-ზე მეტი შტამია). ის შეიძლება ნებისმიერი ინტიმური კავშირის დროს გავრცელდეს, იქნება ეს სქესობრივი აქტი, თუ გენიტალიებზე შეხება.

იშვიათად, ვირუსი შეიძლება გადავიდეს დედიდან ბავშვზე მშობიარობის დროს. ასეთ დროს შესაძლოა განვითარდეს ახალშობილთა იშვიათი, მაგრამ სერიოზული დაავადება, რომელსაც რეკურენტული (მორეციდივე) რესპირატორული პაპილომატოზი (RRP) ეწოდება. ეს დაავადება, სასუნთქი გზების ობსტრუქციის გამო, მაღალი ლეტალობით ხასიათდება.

აპვ არ არის მემკვიდრეობითი: აპვ ვირუსით დაინფიცირების, ან აპვ-ასოცირებული დაავადებების განვითარების რისკზე, გავლენას არ ახდენს ადამიანის გენეტიკა, ან დაავადების ოჯახური ისტორია.

როგორია ადამიანის პაპილომავირუსით (აპვ) დაავადების სიმპტომები?

● ადამიანის პაპილომავირუსის ინფექციას ჩვეულებრივ სიმპტომები არ ახასიათებს, შესაბამისად, ვირუსით დაინფიცირებული ადამიანების უმეტესობამ არ იცის ინფექციის შესახებ, ვიდრე დაავადება არ მიაღწევს ისეთ სტადიას, როდესაც მკურნალობა რთული ხდება.

როგორია აპვ-ს საწინააღმდეგო მკურნალობა? როგორია შედეგი, თუ მკურნალობა არ ჩატარდა?

● აპვ-ის ინფექციით დაავადებული ადამიანების უმეტესობას მკურნალობა არ ესაჭიროება – ორგანიზმი ინფექციას ბუნებრივად დაძლევს.
● თუმცა, ადამიანის პაპილომავირუსის მაღალი რისკის მქონე ტიპები ბუნებრივად არ ქრება ორგანიზმიდან. დროთა განმავლობაში ისინი იწვევენ ცვლილებებს საშვილოსნოს ყელში, რასაც შესაძლოა კიბოს განვითარება მოჰყვეს.
● საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბო კიბოსთან ასოცირებული სიკვდილობის მესამე მიზეზს წარმოადგენს. აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინაციამ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის უფასო პროგრამასთან ერთად ( საქართველოში ტარდება 25-დან 50 წლამდე ასაკში) შესაძლოა ხელი შეუწყოს საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციას საქართველოში.
● პაპილომავირუსით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობა საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, ქიმიოთერაპიას ან/და სხივურ თერაპიას. ეს კი, თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის მომავალ ორსულობას ან იწვევს უშვილობას

როგორ შეიძლება საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია?

● საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია ორ ეტაპს მოიცავს:
○ პირველი, ადამიანის პაპილომავირუსის ინფექციის პრევენციის ყველაზე ეფექტური გზა აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინაციაა.
○ რაც შეეხება კონდომებისა და სხვა ბარიერული კონტრაცეპტივების გამოყენებას, მან შესაძლოა აპვ-ს გადაცემის რისკი შეამციროს. თუმცა, ეს მეთოდი მხოლოდ ნაწილობრივ არის ეფექტური, რადგან ბარიერული კონტრაცეპტივებით (მაგ: კონდომი), მხოლოდ კანის გარკვეული ნაწილის დაფარვაა შესაძლებელი.
○ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი: ვაქცინაცია არ იცავს ქალს საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი ყველა მიზეზისგან, ამდენად, უკიდურესად მნიშვნელოვანია შემდგომში სკრინინგის ჩატარება, რომელიც ასევე უფასო და ხელმისაწვდომია ქვეყნის მასშტაბით. იხილეთ პროვაიდერი პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ჩამონათალი აქ www.ncdc.ge

შესაძლებელია აპვ-სა და საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოსტიკა?

დიახ, რეგულარული ტესტირება შესაძლებელი და ძალიან მნიშვნელოვანია.

არსებობს აპვ-ის და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის სამი სხვადასხვა მეთოდი:
• უშუალოდ ვირუსის გამოვლენა, კერძოდ აპვ-დნმ სინჯის მეშვეობით შესაძლებელია ვირუსის მაღალი რისკის ქვეტიპების არსებობის დადგენა . აღნიშნული სინჯით სკრინინგის შედეგად საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების მაღალი რისკის მქონე ქალებს გამოავლენენ ადრეულ სტადიაში , ვიდრე ვირუსი საშვილოსნოს ყელის უჯრედებს დააზიანებს . აღნიშნული სინჯით შესაძლებელია დაავადების პირველი ნიშნების ადრეულ ეტაპზე ამოცნობა და ეფექტური მკურნალობა .
• PAP-ტესტი საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის ციტოლოგიური გამოკვლევაა. ის რეკომენდებულია ყველა ქალისთვის, ვინც სქესობრივ ცხოვრებას ეწევა. ტესტი გამოავლენს ინტრაეპითელურ დაზიანებას, ავთვისებიან პროცესს ან მიკროორგანიზმებით (ბაქტერიებით, ვირუსებით, პარაზიტებით) გამოწვეულ უჯრედულ ცვლილებებს. თუ ნაცხში პათოლოგიური უჯრედები აღმოჩნდა, უნდა მოხდეს მათი შეფასება-განსაზღვრა პათოლოგიის სიმძიმის მიხედვით.

• საშვილოსნოს ყელის ვიზუალური დათვალიერებ, ასევე შესაძლოა გამოყენებულ იქნას თვალით ხილული დაზიანების დიაგნოსტირებისთვის.

სკრინინგული ტესტირება კიბოსწინარე უჯრედების ადრეული გამოვლენისა და ეფექტურ მკურნალობის საშუალებას იძლევა, რამაც ბევრი ქალი შეიძლება საშვილოსნოს ყელის კიბოსგან გამოწვეული პოტენციური სიკვდილობისგან დაიცვას.

სამწუხაროდ, სკრინინგულ პროგრამებს არ შეუძლიათ საშვილოსნოს ყელის კიბოს ყველა შემთხვევის დიაგნოსტირება და პრევენცია. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ხელმისაწვდომია და მუშაობს საშვილოსნოს ყელის კიბოს ეფექტური სკრინინგის პროგრამები, მართალია მნიშვნელოვნად შემცირებულია საშვილოსნოს ყელის კიბოთი გამოწვეული სიკვდილობის რიცხვი, მაგრამ სრულყოფილი პრევენცია მაინც ვერ ხორციელდება.

სწორედ ამიტომ ვაქცინაციის კომბინაცია რეგულარულ სკრინინგთან ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტურ გზად არის მიჩნეული.

რა ნიშნები და სიმპტომები ახასიათებს საშვილოსნოს ყელის კიბოს?

HPV-ით ინფიცირება ხშირად არ იწვევს რაიმე სიმპტომს ან დაავადებას და სპონტანურად გაივლის. თუმცა პაპილომა ვირუსის ცალკეულ გენოტიპებს (განსაკუთრებით მე- 16 და მე-18) შეუძლიათ გამოიწვიონ კიბოსწინარე დაავადებები, წყლულები. ასეთი არანამკურნალები წყლულების კიბოდ გარდაქმნის რისკი დიდია.

საშვილოსნოს ყელის კიბოს სიმპტომებს გვიანი გამოვლენა ახასიათებთ, როცა კიბო უკვე შორსწასულია და ვლინდება შემდეგი სახით:

• არარეგულარული, ინტერმენსტრუალური სისხლდენა ან სისხლდენა სქესობრივი აქტის დროს.

• ტკივილი ზურგის, ფეხის ან მენჯის არეში.

• გადაღლა, წონის ან მადის დაკარგვა.

• ვაგინალური დისკომფორტი ან სუნიანი გამონადენი.

დაავადების შემდგომ ფაზაში შეიძლება გამოვლინდეს უფრო მძიმე სიმპტომები.

როგორ მივყავართ ადამიანის პაპილომა ვირუსით ინფიცირებას საშვილოსნოს ყელის კიბომდე?

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის პაპილომა ვირუსით ინფიცირება ჩვეულებრივ თავისით გაივლის და უხშირესად პრეკანცერული წყლულები სპონტანურად ალაგდება ხოლმე, თუმცა ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი, რომ პაპილომა ვირუსული ინფექცია გარდაიქმნება ქრონიკულ, კიბოსწინარე წყლულად და გადაგვარდება აგრესიულ დააავდებად – საშვილოსნოს ყელის კიბოდ. ნორმალური იმუნური სისტემის მქონე ქალებში ეს პროცესი შეიძლება 15-20 წელი გაგრძელდეს, ხოლო დაზიანებული იმუნური სისტემის შემთხვევაში ეს პერიოდი უფრო მოკლეა – 5-10 წელი.

წყარო: www.ncdc.ge


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი