მთავარი » საზოგადოება

ქრისტიანობა და საერო ლიტერატურა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.09.2010 | 5,129 ნახვა

წიგნებიწიგნი ეს ის განძია, რომელიც კაცობრიობამ უძველესი დროიდან შექმნა და რომელიც თავის ღირებულებას სამყაროს ბოლომდე მარად შეინარჩუნებს კითხვა საზოგადოების ინტელექტს ამაღლებს. ყოველი ადამიანის მოვალეობაა შეიძინოს ცოდნა, ეზიაროს მსოფლიო ლიტერატურას, მაგრამ ქრისტიანმა ადამიანმა უნდა გამიჯნოს ერთმანეთისაგან, რა არის მისთვის მისაღები და რა – არა. სწორედ ამის შესახებ გვესაუბრება ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი.

მამაო თეიმურაზ, რა თემატიკის საერო ლიტერატურა უნდა იკითხოს მართლმადიდებელმა ქრისტიანმა?

კითხვა აუცილებელია. ამას წმინდა მამები უძველესი დროიდან უდიდეს ყურადღებას აქცევდნენ. ინტელექტი, ზოგადად განათლება, აუცილებელი კომპონენტია რწმენასთან ერთად ქრისტიანის სულიერ ცხოვრებაში. თუმცა, რა თქმა უნდა, მართლმადიდებელი ქრისტიანი მკაცრად უნდა მიჯნავდეს ერთმანეთისაგან ლიტერატურას, რომელიც მისი სულისთვის სასარგებლო და მაცხონებელია და ლიტერატურას, რომელიც მის სულს მხოლოდ დააბინძურებს და ვერც სულიერად და ვერც საერო კუთხით რაიმე ღირებულს ვერ შესძენს. უპირველეს ყოვლისა, ყოველი მორწმუნე ყურადღებას აქცევს მორჩილების ფენომენსა და კურთხევის ძლიერებას, ანუ სულიერი მოძღვრისგან იღებს რჩევა-დარიგებას, რა შეიძლება წაიკითხოს და რა – არა. მართალია, ხშირად კურთხევას ვიღებთ მხოლოდ სასულიერო ლიტერატურის წაკითხვაზე, ესენია: წმინდა წერილები, წმინდა მამათა მოღვაწეობის ამსახველი და სხვადასხვა რელიგიური ლიტერატურა, მაგრამ ეს საერო ლიტერატურასაც ეხება. აქ კი ხშირად გარკვეულ პრობლემებს ვაწყდებით.

მამაო რა პრობლემებია ეს?

იბადება კითხვა, რამდენად შეუძლია დღეს საქართველოს ეკლესიაში მოქმედ ყველა მღვდელმსახურს თავისი ინტელექტუალური სამყაროდან გამომდინარე, მისცეს სწორი რჩევა თავის სულიერ შვილს. მე ვგულისხმობ, ჩვენ რასაც ვურჩევთ, ან არ ვურჩევთ ჩვენს მრევლს ჯერ ჩვენ უნდა გვქონდეს წაკითხული. უფრო ლაკონურად რომ ვთქვათ, კრიტიკოსი მცოდნე უნდა იყოს იმისა, რასაც აკრიტიკებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ფანატიზმამდე მივიდეთ და თითოეული საგაზეთო პუბლიკაციის წაკითხვის წინ კურთხევა მივიღოთ. ქრისტიანი თავისი თავისუფალი ნებით შეზღუდული არ უნდა იყოს და როდესაც გაიწაფება, თვითონვე მიხვდება, რა შეიძლება იკითხოს და რა – არა. ასე რომ, ბუნებრივია სულიერება, მადლიანობა, ეკლესიურობა ადამიანს მიიყვანს იმ ცნობიერებამდე, რომ გარკვეული სახის ლიტერატურა მისთვის არის აბსოლუტურად ფუჭი.

კერძოდ რას გულისხმობთ?

ეს ეხება ბევრ რამეს. მაგალითად, პრესას. სამწუხაროდ, უამრავი ისეთი რამ იბეჭდება, რაც არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს ჩვენთვის. მე რატომ უნდა მაინტერესებდეს, რომელიღაც პიროვნებამ ზაფხულში სად დაისვენა, სად რა გააკეთა და ასეთი სახის სტატიები, რასაც ბანალური ელფერი აქვს. ჟურნალისტები კი აქვეყნებენ და შეფარვის მიზნით ერთ რუბრიკას რელიგიაზეც გვთავაზობენ, რომ არც მწვადი დაწვან და არც შამფური. დღეს უამრავი მსოფლიო კლასიკური ლიტერატურა არსებობს. სამწუხაროდ, თანამედროვე საზოგადოება არ იცნობს თანამედროვე მწერლებს, თანამედროვე მიღწევებს, აღარაფერს ვამბობ ძველი დროის მწერლობაზე, იგივე რელიგიური, ფილოსოფიური თუ შემეცნებითი კუთხით. დავიწყოთ თუნდაც, წიგნის ბაზრის ათვისებით. Aადამიანი, რომელიც წიგნის მაღაზიაში შევა, მაშინვე მიხვდება, მივა მისი ცნობიერება, გემოვნება, შინაგანი სულიერი სამყარო, თუ რა უნდა იყიდოს, რაზე გააკეთოს აქცენტი, რითი გაამდიდროს საკუთარი კერძო კოლექცია. რა თქმა უნდა, ამაში მოძღვარიც უნდა დაეხმაროს.

აუცილებელია თუ არა, მართლმადიდებელმა ქრისტიანმა იკითხოს ისტორიულ თემატიკაზე შექმნილი ლიტერატურა?

რა თქმა უნდა, ისტორიული ხასიათის წიგნები ყველა ადამიანმა უნდა წაიკითხოს. როგორც წმინდა რელიგიური გამოკვლევების ისტორია, ასევე მხატვრული ლიტერატურა. ეს ყველაფერი ბევრ რამეში გვეხმარება. მაგალითად: თანამედროვეობასთან პარალელების გავლებაში. დავინახოთ, რას როგორ აკეთებდნენ ჩვენი წინაპრები, წინა საუკუნეების ადამიანები და გავიმდიდროთ ჩვენი ცოდნის დიაპაზონი. საერთოდ, სფეროების მიხედვით შეზღუდვა არ არის დაშვებული ეკლესიურად. ზოგმა შეიძლება ისტორიული სახის წიგნები იკითხოს, ზოგმა კი მოგზაურთა ჩანაწერები, გეოგრაფიული წიგნები, პოპულარული მოგონებები ცნობილი მეცნიერების და ა.შ. როგორც მოგეხსენებათ, არსებობს წმინდა წყლის ბიოლოგიური ან ფიზიკური ლიტერატურე სპეციალისტებისათვის და არსებობს ყველასათვის მისაღები და გასაგები წიგნები თუნდაც, იგივე ფიზიკასა თუ ბიოლოგიაში. მაგალითად, ჰაიდენბერგის გამოკვლევებს კვანტურ მექანიკაში ჩვენ, არასპეციალისტები ვერ წავიკითხავთ, მაგრამ მისი ფილოსოფიური ხასიათის მქონე წიგნი ხომ ყველა ადამიანს შეუძლია წაიკითხოს, რადგანაც აქ ნაჩვენებია არა რელიგიისა და ფილოსოფიის ურთიერთმიმართება, არამედ მეცნიერის სულიერი სამყაროც და ბევრი სხვა რამ. ასე რომ, ჩვენ შეზღუდვებს არ ვაწესებთ. მართლმადიდებლობა იმას არ ქადაგებს, რომ ეს არ შეიძლება იკითხო და რომ ის დასაწვავი და გადასაგდებია. თუმცა, ბევრი რამ არ უნდა წაიკითხოს ქრისტიანმა, მდარე პორნოგრაფიული ლიტერატურა და უამრავი მართლა მაკულატურის რანგში განსახილველი წიგნები. მაგრამ აუტდაფეს, ანუ წიგნის დაწვის პროპაგანდის მომხრეები ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ.

ანუ გამოდის, რომ შემეცნებითი ხასიათის წიგნის კითხვა ყველასათვის აუცილებელია?

მართლმადიდებელი არ უნდა იფარგლებოდეს მხოლოდ რელიგიური წიგნების კითხვით. არავითარ შემთხვევაში. მან ძალიან ბევრი რამ უნდა იცოდეს რელიგიის მიღმაც. წარმოიდგინეთ სტუდენტი, ახალგაზრდა, რომელიც ახლა იწყებს ცხოვრებას და ჩვენ მას მოვთხოვოთ მარტო წმინდა წერილების კითხვა. ის ხომ თავისთავში ჩაიკეტება დ იმ წმინდა წერილსაც არასწორად, დამახინჯებულად გაიგებს. ასე რომ, შეზღუდვა არ შეიძლება, კითხვა აუცილებელია ყოველი ქრისტიანისათვის. წიგნს ვერასოდეს ვერავითარი ტექნოლოგიური საშუალება ვერ შეცვლის. წიგნი ეს ის განძია, რომელიც კაცობრიობამ უძველესი დროიდან შექმნა და რომელიც თავის ღირებულებას სამყაროს ბოლომდე მარად შეინარჩუნებს.

ვერიკო ბაჯელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • ვლადიმერ ჩხიკვაძე says:

    დიახ, რელიგიურის გარდა მართლაც ათასი სხვა წიგნია წასაკითხი, თანაც, სხვადასხვა ჟანრის…, მაგრამ ერთი რამ ცხადია (პირადად ჩემთვის, მრავალი ადამიანის მაგალითიდან): როდესაც სერიოზულად იწყებ რელიგიური წიგნების კითხვას, როდესაც უკვე იგრძნობ, რომ ამით სული საზრდოობს და აშკარად ავლენს ცოცხალი სუბსტანციის თვისებებს, და თანდათან საკვების ხარისხზეც გიცხადებს პრეტენზიებს, _ იქიდან მოყოლებული, უკვე, მხატვრულ ლიტერატურას ვეღარ წაიკითხავ, გულს ვერ დაუდებ, _ რაც მანამდე მოასწარი, ეგ არის. ჯერ ერთი, ლოგიკურადაც აზრს კარგავს (რატომ უნდა დავუთმო კითხვისთვის გამოყოფილი დრო ადამიანის ვნებებით გამოწვეული ნააზრევის, ოცნებებისა თუ ფანტაზიების ნაყოფს, როცა შემიძლია წმინდა მამების სულიერ ბრძოლაში მიღებული გამოცდილებების ნაყოფი ვიგემო და ამით სულს ვარგო მაცხონებელი შეგონებებით)? მეორეც _ ინტერესი ქრება ასეთი ლიტერატურის მიმართ (რამეთუ, ინტერესს უკვე ~მკვდრეთით აღმდგარი~ და მიზანდასახული სული განსაზღვრავს თავისი განვითარების ყოველი ეტაპის შესაბამისად, და არა სამშვინველის ინტელექტი,_ თუნდაც მას უკვე გამოვლილი ჰქონდეს ის უგუნური პერიოდი, როდესაც კითხულობენ დროის ~მოსაკლავად~. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რას კითხულობდი მანამდე, რა მარაგით მიადექი სასულიერო წიგნებს, როგორი განმზადებული გულით (ღვთის სიტყვის სათესი ნიადაგით) ხვდები მთესვარს წიგნის ფურცლებზე. მხატვრული ლიტერატურის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება, ისევე, როგორც ზოგადად, კულტურის, ვფიქრობ, ზნეობრივად სწორი, ანუ ქრისტიანული აზრისა და მსოფლმხედველობის პოპულარიზაცია უნდა იყოს; მკითხველს უბიძგებდეს მორალური დასკვნების გამოსატანად, და დიდი ანგარიშით, საღვთო ჭეშმარიტებათა გადმოცემის ერთ-ერთი ფორმად უნდა აღიქმებოდეს, _ კერძოდ, ისეთ ფორმად, რომელიც თავისუფალია ჟანრის არჩევანში; რა სიუჟეტით და რომელი პერსონაჟების მეშვეობით მიიტანს სათქმელს მკითხველამდე, რითი დააინტერესებს, როგორ გახდის მკითხველს ჭეშმარიტების თანაზიარს, სამართლიანობის მოყვარულს, კეთილად მოაზროვნესა და კეთილად მოქმედს _ ეს მწერლის პირად ოსტატობაზეა დამოკიდებული, რომელშიც ის ღვთისგან ბოძებული ნიჭითა და საღვთო მადლით იწაფება, მაგრამ თვით იდეა, თვით მისი შემოქმედების მიზანი, უნდა იყოს ღმერთის (და არა თავისი) სათქმელის მიტანა მკითხველის ყურამდე, გონებამდე, გულამდე _ ღმერთთან თანაშემოქმედებითი პროცესით (სინერგიით); მხოლოდ ამგვარი აზრით აღძრული და ღვთაებრივი ჭეშმარიტებით განათლებული მწერალი შეძლებს მხატვრულად გადმოსცეს, ანუ მარგალიტებივით მიმოაბნიოს თავისი ნაწარმოების ფურცლებზე ქრისტიანული ჭეშმარიტებების მარცვლები: ლამაზად, მიმზიდველად და, ამასთანავე, სათუთი რუდუნებითა და უდიდესი კრძალვით, ღვთისადმი დიდი მადლიერებით (რომ ღირსიქმნა, მთელი შეგნებით ეღვაწა საღმრთო სამკალში) მიაწოდოს მკითხველს განმანათლებელი და განმასულიერებელი სიტყვა ღვთისა, ჰყოს იგი ჭეშმარიტების თანაზიარი, რაც გულისხმობს მკითხველში, სულ ცოტა, სათნოებისადმი კეთილგანწყობის აღძვრას და ცოდვის დაგმობას; მკითხველმა წიგნებიდან უნდა მიიღოს პასუხი _ რაში მდგომარეობს უზენაესი სამართალი, სიყვარული, ღმერთის ყოვლადძლიერება… და რატომაა მის ირგვლივ ხილული გარემო უსამართლო, რატომ ზეობს ბოროტება; წიგნმა უნდა დაამშვიდოს ადამიანის ბუნებითად სამართლიანობისაკენ მიდრეკილი სული, რათა ის მეამბოხე ეშმაკის თანამებრძოლი არ გახდეს, და აუხსნას ყოვლადძლიერი და ყოვლადსამართლიანი ღმერთის ~უმოქმედობის~ მიზეზი ქვეყნად არსებული უსამართლობის, განუკითხაობის, ურთიერთჩაგვრის პირობებში. წიგნში გადმოცემული სამართლიანობა, ბედნიერი ცხოვრება და პატიოსნების ზეობა, მკითხველს ზღაპრად კი არ უნდა მოეჩვენოს იმ უბრალო მიზეზით, რომ ირგვლივ პირიქით ხდება, არამედ შემოქმედი ღმერთის მიერ გაცხადებულ ნორმად და ადამიანის ცხოვრების ჩვეულებრივ წესად, ხოლო ამ წესიდან გარდახდომილი ჩვეული ყოფა-ცხოვრება _ ადამიანთა სულიერი ამბოხითა და თვითნებურობის მიზეზით გამოწვეულ ანომალიად. რა თქმა უნდა, ზედმეტი იქნება დოგმატური ან ლიტურგიკული ჭეშმარიტებების სიღრმეთა და საფუძველთა მხატვრული ფორმით გადმოცემა მოვთხოვოთ საერო მწერალს და ამ საკითხებში მკითხველის განათლებას ამ გზით ველოდოთ, მაგრამ წიგნი რომ მის წამკითხველში ღვთისსათნო ცნობიერებას უნდა აყალიბებდეს და მას გონებისათვის მიუწვდომელი საღვთო განგებულებისა და განჩინებების უდრტვინველად მიღებისათვის განაწყობდეს, _ ეს უდავოა. უდავოა ისიც, რომ ღვთისსათნო იქნება ის ლიტერატურული ნაწარმოები, რომელიც შეიძლება თვითონ ვერ აწოდებდეს ჭეშმარიტების საფუძვლიან ცოდნას, მაგრამ აღძრავდეს მკითხველში ამ ცოდნის მიღების სურვილს, აღძრავდეს მის საძიებლად, ახალ-ახალი წიგნების წასაკითხავად და, ზოგადად, აყვარებდეს კითხვას; ასწავლიდეს ფიქრს, წვრთნიდეს გონებრივ მსჯელობაში, მოქმედებაში მოჰყავდეს გონის ანალიტიკური უნარი; წაკითხულის საფუძვლიანად გასაანალიზებლად განაწყობდეს მას განმარტოებისა და სიმყუდროვისაკენ და ამით აჩვევდეს ამაო საზრუნავისაგან გათავისუფლებული გონების აზრის წარმართვას საღვთო აზრთან შესახვედრად, და ასეთნაირად შეჰქონდეს წვლილი მკითხველის გულის ღვთის სიტყვის მისაღებად განმზადებაში, სულიერი ცხოვრების გზაზე გაყვანაში, უხილავ მტრებთან წარმოებულ უხილავ ბრძოლაში წარმატების მიღწევაში… წარმავალსა და დროებითში მხოლოდ ის არის ღირებული და ფასეული, რაც მარადიულობას ემსახურება, ხელს უწყობს სულის აღმშენებლობას და ადამიანს ღმერთთან ერთობის მიღწევაში ეხმარება; ის მწერალია ჭეშმარიტად მწერალი, და ხატოვნად რომ გამოვთქვათ, ადამიანის სულის ერთგვარი ინჟინერი, რომელიც თავის შემოქმედებით უნარს ყოველთა შემოქმედის სადიდებლად იყენებს და მისგან ბოძებულ ნიჭს მისივე განგებულებას _ კაცობრიობის გამოხსნის საქმეს _ ახმარს უშურველად და მადლიერებით. საერო მწერალი, რომელმაც იცის, რატომ წერს, თავისი მწერლობით, ერთგვარად, ძიძის მოვალეობას ასრულებს: ის მკითხველს ასწავლის წიგნთან ჯდომას, სიბეჯითეს, წაკითხულის გააზრებას, გამოუთქმელის წვდომას, ავისა და კარგის გარჩევას; უყალიბებს მოყვასურ დამოკიდებულებას სხვა ადამიანთა მიმართ, _ ჰყოფს რა მათი განცდებისა და განსაცდელების თანაზიარად და თანამგრძნობად: ის ახერხებს აატიროს მკითხველი სხვისი უბედურების აღწერით, განაცდევინოს მის მიერ განცდილი ჭირი და მწუხარება, აღუძრას მისდამი სიბრალული… და პირიქით, გაახაროს სხვისი (ამ შემთხვევაში,თავისი პერსონაჟების) სიხარულით, მათი ბედნიერების განცდით… მოკლედ, აღზარდოს მკითხველში სწორი ემოციები, მოაწონოს და შეაყვაროს კეთილზნეობა, კდემა, თავმდაბლობა, პატიოსნება… დააგმობინოს უზნეობა, უზრდელობა, თავნებობა, თავხედობა… მიდრიკოს აზრით ზეცისკენ, აუხსნას ნაკლულევანებებისა და ცხოვრებისეული სიდუხჭირის დათმენის უპირატესობა უპატიოსნო გზით მიღწეულ განცხრომასთან მიმართებით, და მარადიული ცხოვრების ნეტარების შეუდარებლად აღმატებულება მიწიერ სიკეთეებზე; დაანახოს ღვთის ნებისადმი დაუმორჩილებლობის მთელი უგუნურება _ ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, ღვთის წინაშე თავმდაბლობით სიარულისა და მსახურების პატივი და ღირსება; და ამგვარად, _ პოხიერი გულით, მოაზროვნე და მტყუან-მართალში სწორად ორიენტირებული გონებით, წიგნის ბეჯითად კითხვაში გამოწრთობილი ნებისყოფით აღჭურვილი მკითხველი, ღმერთისა და ღვთისსათნომყოფელთა თვისებებს შენატრებული, სიკეთის არჩევანში გამყარებული, ღვთის მოშურნეობით აღვსილი, _ ხელს უშვებს ძიძას კალთაზე (მის მეგობარსა და მასაზრდოებელ მხატვრულ ლიტერატურას), _ მიჰყვება რა სულის დაუოკებელ წადილსა და ღმერთისკენ ლტოლვას, _ და გადადის სასულიერო ლიტერატურის მკითხველთა რიგში სულიერი სიმაღლეებისა და სიღრმეებში წვდომის დაუცხრომელი სურვილით, რაც პრაქტიკულად ახალ-ახალი სულის განმაბრძნობელი წიგნების ძიებასა და თავაუღებელ კითხვაში გამოიხატება; რაც მეტ ცოდნას ეზიარება სული, მით მეტ ახალ შეკითხვას სვამს, და ყველა მათგანი სასიცოხლო მნიშვნელობისაა, რამეთუ ეს შეკითხვები ჩნდება ადამიანის ცხონების მტერთან და მის ძალებთან უხილავ ბრძოლაში (ცოდვების უარყოფისა და სათნოებების მოხვეჭის მცდელობისას), რომლის შედეგზეც დამოკიდებულია მისი სამარადისო ხვედრი. ამიტომ ეძებს და კითხულობს მორწმუნე ადამიანი ასე გამალებით ბრძოლაგამოვლილ და ამ ბრძოლაში გამარჯვებულ წმინდა მამებს და ეცნობა მათ მიერ მომუშაკებულ გამოცდილებას, ცოდვებთან ბრძოლის მეთოდებსა და გზებს, დაცემებისგან მიღებული წყლულებების განკურნების საშუალებებს… აბა, ახლა ის მხატვრულ ლიტერატურას დაუბრუნდება, ან სულისთვის არაფრის მომცემი უქმი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის ველს მიატოვებს და სტატისტიკის დონის საინფორმაციო ხასიათის წიგნს ჩაუჯდება?… პირიქით, როდესაც ის უკვე განმაცხოველებელ რწმენაშია მოსული და სასულიერო წიგნში ამოკითხული აზრი, ღვთის სიტყვის მადლმოსილი ძალით, მის რწმენას სიმტკიცეს სძენს, აზრებს კი _ სიჯანსაღეს, და მიუწვდომელი საღმრთო განგებულების წვდომის უნარს კვლავ და კვლავ უძლიერებს თანდათანობით, სულიერი ჭურჭლის სიწმინდის ხარისხისა და მოცულობის გათვალისწინებით, მაშინ ის, ეცნობა რა კიდევ რაღაც ახალს, კაცობრიობის გამოხსნისათვის ღვთის უსაზღვრო სიყვარულისა და გულმოწყალების მიზეზით ჩაფიქრებულსა და წინასწარგანსაზღვრულს, მიჰყვება მოყვასის სიყვარულში თანდათან გაძლიერებული გულის ზრახვას _ გაახაროს სხვებიც და, თავიანთი მხრიდან, ისინიც საპასუხო სიყვარულისთვის აღძრას. ცოცხალი რწმენა ადამიანში უმოქმედობას ვერ იტანს: ის მოითხოვს შეცნობილი ჭეშმარიტების გავრცელებას, სხვათათვის გადაცემას და ურთიერთგაზიარებას. ამიტომ, ვინც სასულიერო წიგნების კითხვით და მათი ხელმძღვანელობით რაღაც გარკვეულ, მისთვის შესამჩნევ წარმატებას მიაღწია სულიერი ცხოვრების გზაზე, ის ყველანაირად ეცდება სხვებიც მიიყვანოს ამ განათლების კერასთან, რადგან მასში ცხოველი რწმენის თანმდევი დაუოკებელი სურვილი ჩნდება: რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაუზიაროს უფლის რწმენაში საფუძვლიანად განმტკიცების შედეგად მიღებული სიხარული, ერთი მხრივ, და შეცდომილთა სიბრალული, მეორე მხრივ, რათა ისინიც სარწმუნოების მისაღებად განაწყოს; გაუზიაროს, აგრეთვე, ის საოცარი გულდამშვიდებულობის განცდა, რომელსაც იწვევს გაცნობიერება იმისა, რომ უკვე ეკლესიის ზღუდეში იმყოფება, და რომ წმინდა მამებისეული სულიერი მემკვიდრეობა არ დაუშვებს შენს ცდომილებებში შეყვანას, _ რაც უნდა იყეფონ ზღუდეს გარედან ცრუსწავლების მქადაგებლებმა (~იცნის უფალმან, რომელნი-იგი არიან მისნი~ _ ეს ნიშნავს, რომ რომლებიც ჭეშმარიტად ღმერთს ეკუთვნიან, იცის ღმერთმა და მათი რწმენა არ შეირყევა, რამეთუ ღმრთის მადლმა იმდენად გარდაქმნა მთელი მათი შინაგანი სამყარო, რომ ისინი ჭეშმარიტებაში ძლიერ განმტკიცდნენ და არანაირი მწვალებლური შფითისა და მანქანების აღარ ეშინიათ. _ მთავარეპისკოპოსი ამბერკი ტაუშევი ~სახემძღვანელო წმინდა წერილის შესასწავლად~). ამ მხრივ ის, თავისი დაცულობის შეგრძნებით, იმ პატარა შხუნის ეკიპაჟს ემსგავსება, რომელმაც ბობოქარ ზღვაზე უამრავი ქარტეხილი გამოიარა და ახლა მშვიდად და უშფოთველად განისვენებს თავისი მშობლიური ნავთსაყუდელის წყნარ, მყუდრო და სასიამოვნოდ თბილ გარემოში.
    სახარების შინაარსში წვდომა და მისი ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის სიდიადეზე ფიქრი,კაცის მიერ მოფიქრებულ ~მხატვრულობას~ არანაირ ადგილს აღარ უტოვებს, რადგან მხატვრულობა, თავისი არსით, გულისხმობს სათქმელის ანუ სასწავლო საგნის შეფარული ფორმით (იგავურად) გადმოცემას, სხვა სიტყვებით, მთავარზე საუბარს არაპირდაპირი (შემოვლითი) გზით, რათა პირველქმნილი ცოდვისგან გაუწმენდავი გონებისა და გულისთვის გადასაცემი აზრი ადვილად აღსაქმელი გახადოს. მაგრამ ხშირად ბევრი მწერალი ამ ჩანაფიქრის შესრულებისას იმდენად შორდება მთავარს მასთან შემოვლითი გზით სიარულში, რომ ნაწარმოების ბოლომდეც ამ გზაზე რჩება თავის მკითხველთან ერთად, თანაც, ხშირად, გეზდაკარგული… ამდენად, რაკი ქრისტიანული გონიერების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი არის მიზანდასახული ქმედება, და ყველა თავის საქმიანობაში ღვთაებრივი _ მაცხონებელი _ აზრის გატარება, ამიტომ ნებისმიერ ჩანაფიქრსა და საქმეს, და მით უფრო წიგნის კითხვას, გარკვეული მიზანი უნდა ჰქონდეს: რატომ ვკითხულობ, რას ველოდები მისგან, და რა შეიძლება მივიღო. არაფერმა ისე არ შეიძლება არგოს ან ავნოს მორწმუნე ადამიანს, როგორც ~სიტყვამ~ _ დაწერილის წაკითხვამ. ქრისტიანებმა ვიცით, რომ ~ძე წარსაწყმედელისა~ ძე ღვთისას ყველაფერში სარკისებური საპირისპირო ქმედებებით ბაძავს და ასეთნაირად ებრძვის სათნოებას _ ცოდვით, სულის აღმშენებლობას _ სულის მოოხრებით, ადამიანის ცხონებას _ ადამიანის წარწყმედით. სიტყვა-ღმერთი განმაცხოველებელი სიტყვით მოვიდა და ეს სიტყვა წმინდა წერილის სახით გადმოგვეცა – ეს არის ჩვენთვის ყველაზე ძლიერი და უტყუარი სახელმძღვანელო ცხონების გზაზე. ყველა გაგებით, ეჭვგარეშეა, კაცთა მოდგმის მტერიც ასევე ~სიტყვას~ იყენებს თავის უმთავრეს იარაღად ადამიანის საცთუნებლად, და წმინდა წერილის საპირისპირო უწმინდური წერილებით (წიგნებით, ლექსებით, სტატიებით…)ცხონების გზის საპირისპირო წარსაწყმედელის გზაზე გაჰყავს მისი სიტყვით გატაცებულნი და შეცდომილნი. ამიტომ, შეუძლებელია, არსებობდეს ნეიტრალური, არაფრის მთქმელი სიტყვები ან წერილები: ყველა მათგანი არის ან სიტყვა-ღმერთის წარმომავლობის, აღებულია ღვთაებრივი საუნჯიდან და ადამიანის მაცხონებელ შეგონებას წარმოადგენს, ან კიდევ არის ჭეშმარიტი სიტყვის შერყვნილი ვარიანტი, მზაკვარი მტრის საბრძოლო არსენალიდან აღებული და ადამიანის წარსაწყმედელი ცთუნებისათვის გამიზნული. ცხადზე უცხადესია, რომ რაკი საღმრთო განგებულება არსებობს მთელ კაცობრიობასთან მიმართებით, და ამ განგებულების განხორციელებას სატანა და მისი დამქაშები ეწინააღმდეგებიან, შეუძლებელია რაიმე, სულ მცირე წვრილმანიც კი, რაც ხდება კაცობრიობის ისტორიაში ზოგადად, და თითოეული ადამიანის ცხოვრებაში კერძოდ, არ ემსახურებოდეს თავისი შედეგით ან ღვთებრივი განგებულების მიზნებს და ამდენად, პოზიტიური იყოს, ან პირიქით,ძირგამომთხრელი იყოს და ეშმაკის წისქვილზე ასხამდეს წყალს.
    ~არ არსებობს საშუალო ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის~ _ წმინდა მარკოზ ეფესოელი

  • გვანცა says:

    უუუტკბესი და უუუკარგესი მამა თეიმურაზი <3 <3 <3

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი