მთავარი » ქრისტიანობა

ქორწინება ღვთის სიყვარულის გამოვლინებაა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.09.2012 | 10,143 ნახვა

ქორწინება უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ოჯახის შექმნაა

ქრისტიანული ოჯახის, ქორწინებისა და ჯვრისწერის საიდუმლოს მნიშვნელობის შესახებ გთავაზობთ ამონარიდებს სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ის ეპისტოლეებიდან (1979-2012წწ.).

ჯვრისწერა ქრისტიანული ოჯახი – არის მცირე ეკლესია, რომელიც დაფუძნებული უნდა იყოს, პირველ რიგში, ღვთისადმი და შემდეგ ერთმანეთისადმი გამოვლენილ ჭეშმარიტ სიყვარულსა და პატივისცემაზე.

ქორწინება ქალსა და კაცს შორის სიყვარულით განმტკიცებული კავშირია. ეს ურთიერთობა მათი თავისუფალი ნებით ხორციელდება, ერთმანეთისადმი ერთგულების პირობას გულისხმობს და ეკლესიისა და ქრისტეს ერთობის სახით იკურთხება. ამ საიდუმლოთი ღმერთი აკურთხებს ოჯახურ ცხოვრებას, ბავშვების ყოლასა და მათ აღზრდას.

ოჯახზე რომ ღვთის ლოცვა-კურთხევა იყოს, ცოლ-ქმარს, აუცილებლად, ტაძარში უნდა ჰქონდეს ჯვარი დაწერილი, ხოლო თუ ისინი ჯვარდაუწერელნი არიან, მათი ურთიერთობაც და შვილებიც უკანონო და ღვთის კურთხევის მადლს მოკლებულია.

ქორწინება უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ოჯახის შექმნაა. ეს, უპირველესად ყოვლისა, ღვთის სიყვარულის გამოვლინებაა. ქორწინება ქრისტიანულ ეკლესიაში მარტო კაცის და ქალის შეერთება კი არ არის, იგია ღვთიური საიდუმლო, რომელიც ამ კავშირს ახალ შინაარსს ანიჭებს.

ჯვრისწერის დროს მეუღლეებს თავზე გვირგვინებს ადგამენ. ამას აქვს ღრმა რელიგიური მნიშვნელობა. ეს გვირგვინია დიდებისა, მეუფებისა, ხელმწიფებისა, გვირგვინია სიხარულისა და ბედნიერებისა – ყოველივე იმისა, რაც ღვთის წყალობით ენიჭება ადამიანს. მაგრამ, ამასთანავე, ეს გვირგვინია განსაცდელისა. გვირგვინები მოუხმობენ ჯვარდაწერილთ, მისდიონ ქრისტეს გზას, რომელიც “იწრო არს” და ეკლიანი, მაგრამ წმიდაა და მადლიანი, და გოლგოთის გავლით მიემართება აღდგომისა და ამღლებისაკენ. თავს საქორწინო გვირგვინის დადგმამ მეფე-დედოფალს კიდევ ერთხელ უნდა აუწყოს, რომ ქორწინება თავგანწირვაა, თავდავიწყებაა, სხვაში დაკარგვაა, რომ ქორწინება ბრძოლაა, ურთიერთჭიდილია; და ბოლოს ეს გვირგვინებია საუკუნო ზეციური მეუფებისა, უსასრულო, მაგრამ რეალური მეუფებისა, რომლის მემკვიდრენიც ჩვენ შევიქმნებით ჩვენის რწმენით, ჩვენის ცხოვრებით მამის, ძისა და სული წმიდის ძალით.

ჯვრისწერის დროს მეფე-დედოფალი ერთი სასმისიდან სვამენ ღვინოს. ეს სიმბოლოა არა მარტო მათი ერთად ყოფნისა, არამედ იესო ქრისტესთან, ეკლესიასთან მათი ერთობისა.

ახალდაქორწინებულთა ცხოვრება უნდა იქცეს „ლიტურღიად“, მსახურებად ღვთისა და ქვეყნისათვის. მხოლოდ ამ შეგრძნებით, ამ რწმენით უნდა ეზიარონ ისინი ქორწინების საიდუმლოს. თასი ბოლომდე მხოლოდ ასეთი ცხოვრებით შეისმება.

ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში წმიდა მოციქული პავლე გვამცნობს ქრისტიანული ქორწინების ჭეშმარიტ არსს:

1. “დაემორჩილენით ურთიერთას შიშითა ქრისტესითა.
ცოლნი თვისთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალსა. რამეთუ ქმარი არს თავ ცოლისა, ვითარცა ქრისტე თავ არს ეკლესიისა, და იგი თავადი არს მაცხოვარი გუამისაჲ.
2. არამედ ვითარცა ეკლესიაჲ დამორჩილებულ არს ქრისტესა, ეგრეთცა ცოლნი – თვისთა ქმართა ყოვლითა.
3. ქმართა გიყუარდედ ცოლნი თვისნი, ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაჲ და თავი თვისი მისცა მისთჳს.
4. ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც.
საიდუმლო ესე დიდ არს” (ეფ. 5,21-25, 31-32).

ურთიერთკავშირი, ურთიერთსიყვარული, ურთიერთშერწყმა – აი, რა არის ქრისტიანული ქორწინების საფუძველი.

ქორწინების შემდეგ ადამიანი სრულებით იცვლება, უფრო მეტად ვითარდება მისი პიროვნება, ახლებურად შეიცნობს ცხოვრებას. თითქოსდა ხელახლა დაიბადა მშვენიერ სამყაროში.

ცოლქმრული სიყვარული მშვენიერია სიჭაბუკის წლებში, მაგრამ არანაკლებ მშვენიერია და საინტერესო ხანდაზმულობაში. ასეთ სიყვარულს ახასიათებს თავგანწირვა. შეიძლება მოვიტანოთ უამრავი მაგალითი, როდესაც ადამიანები დღეებსა და ღამეებს ატარებენ ავადმყოფი ქმრების, ცოლების თუ შვილების სარეცელთან, როცა ისინი ოფლს ღვრიან საყვარელი ადამიანების ბედნიერებისა და კეთილდღეობისათვის. ამის საუკეთესო მაგალითი ჩვენი მშობლებია.

ჩვენი ბედნიერება რომ იყოს სრული, უნდა გავუფრთხილდეთ ოჯახს, მეგობრობას. ოჯახი ბედნიერებასთან ერთად მოვალეობაცაა. მეუღლენი, უპირველეს ყოვლისა, მეგობრები უნდა იყვნენ… რომ იყო ჭეშმარიტი მეგობარი, აუცილებელია გქონდეს ამაღლებული, მოსიყვარულე და მტკიცე სული. უნდა შეგეძლოს ბევრი რამის პატიება, ბევრის დავიწყება, ბევრის მოთმენა… გულისტკივილით უნდა აღვნიშნოთ, რომ ახალგაზრდები, რომელნიც ამთავრებენ საშუალო სკოლას, თუნდაც უმაღლეს სასწავლებელს, საერთოდ არ არიან მომზადებულნი იმ ფრიად საპასუხისმგებლო საიდუმლოსათვის, რომელსაც ქორწინება ჰქვია. ახალგაზრდამ არაფერი იცის ოჯახზე, არ იცის, როგორ შექმნას იგი და როგორ მოუფრთხილდეს მას. ბიბლიიდან ვიცით, რომ ქორწინება ღვთივდადგენილია. ქორწინებით, ჯერ ერთი, ხდება გამრავლება და გადარჩენა კაცთა მოდგმისა (შესქ. 1,27-28) და მეორეც, მეუღლეები სიყვარულის საფუძველზე ეწევიან ერთმანეთს მიწიერი ცხოვრების სიძნელეთა დაძლევაში (შესქ, 2,18).

მართლმადიდებელი ეკლესიის კატეხიზმოში ვკითხულობთ: “ქორწინება არის საიდუმლო, რომლითაც ეკლესია აკურთხებს სასიძოსა და სასძლოს კავშირს ეკლესიასთან ქრისტეს სულიერი კავშირის მსგავსად და ითხოვს მათთვის მადლს ერთსულოვნებისას შვილთა შობისა და ქრისტიანულად აღზრდისათვის”.

ზოგიერთები ქორწინებაში ხედავენ რაღაც არაწმიდას, ცოდვისმიერს, რაც არასწორია. რა თქმა უნდა, ოჯახურ ცხოვრებაშიც შეიძლება იყოს დიდი ცოდვები, მაგრამ თუ ქორწინება კანონიერია, ღვთივკურთხეულია და შეესაბამება ქრისტიანულ ნორმებს, იგი წმიდაა და შეუბილწავი. უფალი იესო ქრისტე თვითონ დაესწრო ქორწილს კანას გალილეაში, აკურთხა იგი და მოახდინა პირველი სასწაული – წყალი ღვინოდ შეცვალა.

აი, რას ბრძანებს მაცხოვარი მეუღლეთა შესახებ: “ვინც გაეყრება თავის ცოლს სიძვის მიზეზის გარეშე და სხვას შეირთავს, მრუშობს” (მათე, 19,9). ამიტომაც ადამიანებს სერიოზული დაფიქრება მართებთ ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას. სოლომონ ბრძენი გვასწავლის: “სახლი და დოვლათი მამის დანატოვარია, გონიერი დედაკაცი კი უფლისაგან არის” (იგავნი 19,14).

ახალგაზრდებმა, რომლებიც ოჯახს ქმნიან, უნდა იცოდნენ, რომ მათი ცხოვრების გზა ყოველთვის ია-ვარდით მოფენილი არ იქნება, რომ წინააღმდეგობები ბევრი შეხვდებათ და მზად უნდა იყვნენ მათ დასაძლევად. მთავარია, ურთიერთსიყვარული და თანადგომა ჰქონდეთ და არ დაკარგონ იმედი და აქედან გამომდინარე რწმენა მომავლისა. ხშირად მეუღლენი ჩივიან ერთმანეთის მძიმე ხასიათის გამო და ამ მიზეზით არღვევენ ოჯახს. თუ ერთ-ერთ მათგანს აქვს კეთილი თვისებები და რწმენა და სიყვარული ამოძრავებს, იგი შეძლებს მთლიანად შეცვალოს თანამეცხედრის შინაგანი სამყარო.

ცოლ-ქმარმა რომ საიქიო ნეტარება მოიპოვოს, მათი ოჯახი უნდა იყოს ზნეობრივი, რაც გულისხმობს ურთიერთშორის სიყვარულითა და ერთგულებით, ნდობითა და პატივისცემით სავსე სულიერ დამოკიდებულებას, მოვალეობის გრძნობას საკუთარი თავის, მეუღლი, შვილების, ერისა და ღვთის წინაშე.

ამიტომაც ახალგაზრდებს მეტი დაკვირვება მართებთ ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას. სიყვარული, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ სხვა გარემოებებსაც უნდა მიექცეს ყურადღება: გასათვალისწინებელია ინდივიდთა შესატყვისობა ხასიათით, კულტურით, განათლებით, ასაკით… რათა არ დაირღვეს წონასწორობა მათ შორის მსხვერპლის გაცემასა და მის მიღებაში. მეორე პირობა კი არის მათი უნარი, მთლიანად ეკუთვნოდნენ ერთმანეთს, ხელი შეუწყონ ურთიერთს ნაკლოვანებათა დაძლევასა და განწმენდაში, რათა ერთმანეთის საშუალებით და ამავე დროს ერთად მოიპოვონ სასუფეველი ღვთისა. ამ შემთხვევაში იქნება ქორწინება ზნეობრივი და ღვთივკურთხეული.

მოამზადა თეონა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი