13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარისხვადასხვაქორწინება კავკასიაში

ქორწინება კავკასიაში

კავკასიაში, ამ ისტორიულ რეგიონში, მრავალი კულტურა ჩამოყალიბდა და განვითარდა. აქ მკვიდრ ორმოცდაათამდე ეთნოსში განსხვავებულია ენა, ყოფა, რელიგია, ტრადიციები. განსხვავდება საქორწინო წეს-ჩვეულებებიც, რასაც საზოგადოებაში გარკვეული სოციალური ფუნქცია აკისრია. განვიხილოთ კავკასიაში მცხოვრები ხალხის საქორწინო ტრადიციები.

საქართველოში ქორწინებას წინაპირობებიც აკისრია. მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესია ნათესაობის გამორიცხვა. გენეტიკის მკვლევართა აზრით, სისხლით ნათესავთა ქორწინება შთამომავლობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. საქორწილო ბეჭდები არ შეიძლება გვარშიგა ქორწინება (თუ მათ შორის ნათესაური კავშირია), ეს “გვარის გატეხვას” ნიშნავს. საქორწინო კავშირის დამყარება გამორიცხულია ნათელმირონობით ნათესავებს შორის, რადგან ეკლესიურად სისხლით ნათესაობაზე მტკიცეა. ქართველი კაცი ნათლიდედასა და ნათლიმამას სულიერ მშობლებად მიიჩნევს. ქორწინება აკრძალულია არასისხლიერ ნათესავთა გარკვეულ შემთხვევებშიც: შვილად აყვანა, დაძმობილება და ა.შ. მთაში მიუღებელი იყო თანასოფლელ ქალ-ვაჟთა ქორწინებაც. დროთა განმავლობაში ზოგიერთი აკრძალვა შესუსტდა.

საქართველოში იცოდნენ წყვილზე ინფორმაციის წინასწარ შეკრება. ამოწმებდნენ არა მხოლოდ ქალის უნარს, ასევე ვაჟის შესაძლებლობებსაც. ქალ-ვაჟის გაცნობა ძირითადად რელიგიურ დღესასწაულებზე ხდებოდა. საქორწილო ურთიერთობაში მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა შუამავალს. ხშირად ამ ფუნქციას ოჯახის ახლობელი ასრულებდა, მთაში – კაცი, ბარში-ქალი.

საქართველოში სრულდებოდა დაწინდვა, მცირე ნიშნობა. ვაჟის მშობლები წავიდოდნენ ქალის ოჯახში და წინდს, ანუ რაიმე ნივთს წაიღებდნენ. შემდეგ იშლებოდა სუფრა, მშობლები ქორწილზე შეთანხმდებოდნენ და შინ ბრუნდებოდნენ. თანდათანობით ეს ფორმა დიდ ნიშნობაში გადაიზარდა. ნიშნობიდან ქორწილამდე შესაძლოა დიდი დრო გასულიყო.

დიდი ყურადღება ექცეოდა ქალის მზითევს. ქალს თუ კარგი მზითევი ჰქონდა, უფრო მალე თხოვდებოდა. იყო შემთხვევები, როცა ქალი მდიდარი მზითვის გამო უთხოვიათ. ლხინის გადახდა შემოდგომაზე, ან ზამთარში იყო მიღებული. ნათესავები და მეზობლები ქორწილში ხელდამშვენებულნი მიდიოდნენ. პატარძლის მოყვანა მაყრიონის თანხლებით უნდა მომხდარიყო. ეს ძველი ტრადიცია ზოგიერთ კუთხეში დღემდე მყარადაა შემორჩენილი. საქორწილო ლხინის დროს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა სუფრისა და სეფის გაწყობას. სუფრა განსხვავებული იყო კუთხეების მიხედვით. წინასწარ შერჩეული თამადა სუფრას ტრადიციული სადღეგრძელოებით ხელმძღვანელობდა. ლხინი დილამდე გრძელდებოდა. გლეხების ქორწილი ორ დღეს არ აღემატებოდა, თავად-აზნაურობის კი ზოგჯერ მთელი კვირაც გრძელდებოდა.

ჩაჩნების თვითსახელწოდებაა “ნოხჩო”, “ნოხჩი”. სხვა ხალხები მათ სხვადასხვა ეთნონიმებით იცნობენ. საერთოდ, ჩაჩნები მთიელებად მიაჩნიათ, მაგრამ ისინი, გარდა მთისა, ბარშიც ოდითგანვე მკვიდრობდნენ. ოჯახის სრულუფლებიანი უფროსი მამაკაცი იყო. ის ხშირად თავისი შეხედულებისამებრ აქორწინებდა შვილს, მაგრამ ქალიშვილის გათხოვებისას გადამწყვეტი სიტყვა დედას ეკუთვნოდა. ცოლ-ქმრის გაყრის შემთხვევაში ბავშვები მამასთან რჩებოდნენ. ჩაჩანი ქალი არასდროს ჭამდა ქმართან ერთად. სხვების თანდასწრებით ისინი ერთმანეთს სახელებით არ მიმართავდნენ.
ქორწინება ნათესავებს შორის სამი თაობის ფარგლებში იკრძალებოდა. ხშირად მცირეწლოვან ბავშვებსაც ნიშნავდნენ. საქორწინო ასაკი ვაჟებისთვის 18-20 წელი იყო, გოგონებისთვის – 17-18 წელი. თუ ქალი თავის ცუდ ხასიათს გამოამჟღავნებდა, ქმარს თავისუფლად შეეძლო გაყროდა. მას მხოლოდ სამჯერ უნდა გაემეორებინა: “შენ უკვე ჩემი ცოლი არა ხარ.” ფართოდ იყო გავრცელებული პატარძლის უმძრახობა.
ქორწილი ნეფის სახლში რამდენიმე დღე გრძელდებოდა, მაგრამ ქორწილს ნეფე-პატარძალი არ ესწრებოდა. ნეფე მეგობრის, ან ნათესავის სახლში იმალებოდა. ზოგჯერ ტყეში მიდიოდა. ქორწინების შემდეგ, პირველ ხანებში, ცოლს ყველასგან დამალულად, მხოლოდ ღამით ხვდებოდა.

ჩაჩნების მონათესავენი არიან ინგუშები. მათი თვითსახელწოდებაა ღალღაი. ცხოვრობენ ტუსეთის ფედერაციაში. სოფლები მთის ციცაბო ფერდობზე იყო განლაგებული და ერთმანეთს ვიწრო ბილიკებით უკავშირდებოდნენ. საცხოვრებლის გავრცელებული ტიპი ქვის ორსართულიანი სახლი გახლდათ. ქვედა სადგომი საქონლის სადგომი იყო, საცხოვრებლად ზედა სართულს იყენებდნენ.

ქორწინება დღემდე ეგზოგამიურია. ნათესავებს შორის ქორწინება XII საუკუნემდე იკრძალებოდა, მიუხედავად იმისა, სისხლიერი ნათესაობა იყო თუ არასისხლიერი. მოგვარეზე ქორწინებასთან ერთად იკრძალებოდა დედის, ან ბებიის მოგვარე გოგონაზე დაქორწინებაც. ხშირი იყო მცირეწლოვანთა დანიშვნის შემთხვევებიც. XIX საუკუნეში ინგუშების ცხოვრებაში საინტერესო წეს-ჩვეულებები დაუფიქსირებიათ. თუ ინგუშს ვაჟი გარდაეცვლებოდა, მასთან მიდიოდა იმავე წელს გარდაცვლილი გოგონას მამა, რომელიც ვაჟის მამას ეუბნებოდა, რომ მის შვილს იმქვეყნადაც სჭირდებოდა ცოლი და თავისი ქალიშვილის ხელს სთავაზობდა. ტრადიციით არ შეიძლებოდა გარდაცვლილი ქალიშვილის მამისთვის უარის თქმა. ამ შემთხვევაშიც გარდაცვლილი ვაჟის მამა, ჩვეულებრივ, ურვადს იხდიდა.

თათები ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები პატარა ხალხია. მათში ოჯახის ძირითადი ფორმა პატარა ოჯახი იყო. ძალიან დიდი გახლდათ ოჯახის უფროსის ავტორიტეტი. იცოდნენ ქალის მოტაცება, გარიგება, გაცვლა-გამოცვლითი ქორწინება, აკვანში დანიშვნა, მცირეწლოვნების დანიშვნა. საქმრო პატარძლის მშობლებს ურვადს ნივთებითა და ფულით უხდიდა. საქმრო პატარძლის დედას “რძის ფულსაც” აძლევდა. თათები ქორწინდებოდნენ ბიძაშვილზე, დეიდაშვილზე, მამიდაშვილზე. როგორც პატარძალი, ისე ნეფე უმძრახობის წესს იცავდა. ნათესავებს შორის ქორწინება დღეს შედარებით იშვიათია. იცოდნენ სისხლის აღება.

აზერბაიჯანელი ხალხი კავკასიის ხალხებს შორის შედარებით ახალგაზრდაა. ამ ეთნოსის ჩამოყალიბება XI-XIII სს-ში დაიწყო და XIXს-ში დასრულდა. მათ, საზოგადოებრივ, ახასიათებდა ძლიერი პატრიარქალური ტრადიციები.

ურვადის მაღალი გადასახადის გამო მრავალცოლიანობა ფართოდ გავრცელებული არ იყო. უპირატესობას ანიჭებდნენ ბიძაშვილებსა და დეიდაშვილებს შორის ქორწინებას. ახალგაზრდების ბედს მხოლოდ უფროსები წყვეტდნენ. მომავალი მეუღლეები მხოლოდ უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ მათ გადაწყვეტილებას. დანიშვნის შემდეგ საქმროსა და მის მამაკაც ნათესავებს კატეგორიულად ეკრძალებოდათ საპატარძლოს ნახვა. ქორწილის ორი დღის განმავლობაში ნეფე-პატარძალი ცერემონიალში არავითარ მონაწილეობას არ იღებდა. ამ დროს ისინი რომელიმე ნათესავის სახლში იმყოფებოდნენ. პატარძლის საქმროს სახლში გადაყვანა რიტუალური ხასიათის იყო. პატარძალს მიაცილებდა მისი ნათესავების ცხენოსანთა რაზმი, მუსიკოსები. გზაში მრავალ წინაღობას უწყობდნენ, რომლისთვისაც თავი უნდა დაეღწიათ. სადედამთილო მას აყრიდა მარცვლეულს, მონეტებს, ტკბილეულს. ახალ სახლში შესვლისთანავე პატარძალი აუცილებლად რკინის საგანზე უნდა დამდგარიყო, რადგან მათი წარმოდგენით რკინა ყოველგვარი სიავისაგან იფარავდა. გადმოყვანის შემდეგ პატარძალს ყოველი მხრიდან ფარდებით დაფარულ ოთახში მალავდნენ. ქმარი მასთან ფარულად შედიოდა და ასევე დილაუთენია ფარულად ტოვებდა. მხოლოდ რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ შეეძლოთ ახალგაზრდებს, სხვებს ჩვენებოდნენ. ქალს პირველი შვილის დაბადებამდე საბურველი უნდა ეტარებინა და ქმრის მამაკაც ნათესავებს მორიდებოდა.

სომხები არა მარტო კავკასიის, არამედ, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ხალხია. ისინი ქრისტიანები არიან. სომხური სამოციქულო ეკლესია ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ეკლესიაა. როგორც სამეცნიერო ლიტერატურაშია აღნიშნული, სომხებში გვარი არ არსებობდა. მან ჩამოყალიბება მხოლოდ XIX ს-ის მეორე ნახევარში დაიწყო.

სომხებში ეგზოგამიას მხოლოდ ოთხი თაობის განმავლობაში იცავდნენ. მეხუთე თაობიდან ნათესავები ერთმანეთზე ქორწინდებოდნენ. აკრძალული იყო ქორწინება მოყვრებს შორისაც. არ შეიძლებოდა ორი დის ორ ძმაზე დაქორწინება. ქორწინების შემზღუდველი ფაქტორი იყო რელიგიური ფაქტორიც. მონოფიზიტი სომხები კათოლიკე სომხებზე არ ქორწინდებოდნენ. არ ქორწინდებოდნენ მაჰმადიანებზე, რომლებიც მრავლად ცხოვრობდნენ სომხეთში. XIX ს-ის ავტორი ს. მაჩაბელი წერდა, რომ თბილისელი სომხები ხალისით ათხოვებენ თავიანთ ქალიშვილებს ქართველ მამაკაცებზეო. ასეთ შემთხვევაში ან ერთს, ან მეორეს რჯული უნდა შეეცვალა. ცდილობდნენ პატარძალი სოფელში, ანდა მეზობელ სოფელში შეერჩიათ. სომხებმა ურვადი არ იცოდნენ, მაგრამ პატარძლის დედისათვის მიჰქონდათ საჩუქარი, რომელსაც “რძის ფასი” ეწოდებოდა.

აფხაზები საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მცხოვრები მცირერიცხოვანი ხალხია. მათი თვითსახელწოდებაა აფსუა. ისინი ძირითადად პატარა ოჯახებად ცხოვრობდნენ. მაგრამ არც თუ ცოტა იყო დიდი ოჯახიც. ერთი წინაპრის შთამომავალნი, ანუ ერთი გვარის წევრები ერთმანეთზე არ ქორწინდებოდნენ. აკრძალული იყო ქორწინება ორ სხვადასხვა გვარს შორის, რომლებსაც ჰქონდათ გადმოცემა საერთო წარმომავლობის შესახებ. აკრძალვა ვრცელდებოდა აგრეთვე დედის, ბებიის გვარზეც. სისხლის ამღვრევი მკაცრად ისჯებოდა (გვარის ტარების უფლების ჩამორთმევა და სხვ.). საქმროს გვარს აუცილებლად გამოსასყიდი უნდა გადაეხადა საცოლის გვარისათვის. გამოსასყიდს ძირითადად საქონლით იხდიდნენ. ერთადერთი ქალიშვილის ყოლის შემთხვევაში იცოდნენ ზესიძეობაც. ასეთ დროს ქონება ქალიშვილსა და მის ოჯახს გადაეცემოდა.

მოამზადა სოფიკო აბულაძემ

მსგავსი სტატიები

1 COMMENT

  1. პირველ რიგში მოგესალმებით,მაქვს ასეთი სეკითხვა,დღევანდელ დროში მსგავი სემთხვევები აღარ ხდება მაგრამ მაიცნ არის ხოლმე ზოგჯერ,ძალიან რა მიყვარს როდესაც ჩემს პირად ცხოვრებაში ერევიან რადგან ვიცი რომ ამაში არჩევანის უფლებას ღმერთიც კი ჩვენი ნებით ჩვენი არჩევით გვაძლევს ამის უფლებას მაგრამ არის ხოლმე შემთხვევა ცოტა ასაკოვანი ხალხისგან გარიგებაზე თუ ვინმეს გაცნობაზე,უბრალოდ ამ გაცნობის მიზანშიც კი ხომ იგივე აზრი დევს რატომაც სურთ გაგაცნონ კონკრეტული ადამიანი,მინდა ვიცოდე ეს რამდენად დიდი ცოდვაა და როცა მექნება მსგავსი შემთხვევა და ასეთ რაგაცას ვინმე მეტყვის კიდევ,უხეშადაც არ მომივიდეს პასუხის გაცემა რომ მოვთოკო თავი და ზედმეტი არ ვაკადრო და ისიც მინდა ვიცოდე რომ რამდენად სწორედ ვიცი ის რომ გარიგება ან ადმაიანის ისევ და ისევ მაგ მიზნით განციბა ვინმეს მიმართ რომ ეს მართლა დიდი ცოდვაა თუ არა,ბოდიშით და წინასწარ დიდი მადლობა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები