მთავარისაზოგადოებაქართული სოფლის გასაჭირი

ქართული სოფლის გასაჭირი

ქართულ სოფელში ქართულმა სახელმწიფოებრიობამ ჰპოვა გამოხატულება. სოფელმა განსაზღვრა ქართული ცხოვრების წესი, უძველესი კულტურა და მდიდარი ტრადიციები, ყოფაქცევის ნორმები, ადათები, რიტუალები, რაც თაობიდან თაობას გადაეცემოდა, მდიდრდებოდა და საბოლოოდ ქართველი ხალხის ფსიქიკურ წყობასა და ერთობაში იჩინა თავი.

ქართული სოფელი ოდითგანვე არსებობს და გარემო პირობების გათვალისწინებით იმ უხსოვარი დროიდან ხდება ქართული ცხოვრების წესის ჩასახვა და განვითარება, დაკვირვების, გამოცდილების საფუძველზე ადათების, ქცევის ნორმების, ტრადიციების თანდათანობითი ფორმირება. ქართული სოფელი მათ განვითარების უაღრესად რთული და ხანგრძლივი გზა გაიარეს და ჩვენამდე მოაღწიეს დახვეწილი სახით. ქართულმა სოფელმა უაღრესად სრულყოფილი ტრადიცები შექმნა, რომლებმაც ასახვა ჰპოვა ქართველი კაცის ხასიათში, მის ქცევებში, მშობლებისა და ქალისადმი დამოკიდებულებაში, შრომაში, სამშობლოსადმი თავდადებაში, ნათესაობისადმი პატივისცემაში, ჭირისა და ლხინის გაზიარებაში, ძმობასა და მეგობრობაში, სიყვარულში, ოჯახის სიწმინდის დაცვაში, სტუმარ-მასპინძლობაში, გარდაცვლილთა პატივისცემასა და ადამიანის ცხოვრების სხვა სფეროებში.

ტრადიციები, რომლებიც სოფლად იქმნებოდა და იხვეწებოდა, მთელი ხალხის კუთვნილება ხდებოდა. ჩვენი ეროვნულობა ქართველი გლეხის შრომისმოყვარეობას, სულიერი ცხოვრების განუმეორებლობას, ორიგინალობასა და ინდივიდუალობას ეფუძნება.

უძველესი პერიოდიდან მე-19 საუკუნემდე ქვეყნის მთელ მოსახლეობას ძირითადად სოფლის მაცხოვრებლები შეადგენდნენ. რა თქმა უნდა, საქართველოში არაერთი ქალაქი არსებობდა, მაგრამ იქ მოსახლეობა რაოდენობრივად მცირე იყო.

საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა უკანასკნელად 2002 წელს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩატარდა. ჩვენს სამშობლოში 3 668 სოფელი აღირიცხა. 3 050 სოფელში ეროვნებით ქართველი მოსახლეობა ჭარბობდა, 171 სოფელში-აზერბაიჯანელი მოსახლეობა, 139-ში-სომეხი, 103-ში -ოსი, 260-ში-ბერძენი, 8-ში-ქისტი, 3-ში-რუსი, 4-ში-ავარელი და ა.შ.

ამჟამად საქართველოში ბევრი სოფელი გაუკაცრიელდა, გაცივდა უკანასკნელი კერა. 2002 წლის აღწერის მიხედვით, 162 სოფელში უკვე მოსახლეობა აღარ ცხოვრობს. 10 კაცი და ნაკლები მოსახლეობაა 152 სოფელში, ხოლო 905 სოფელში, ანუ ქვეყანაში არსებული სოფლების 25 პროცენტში 100 კაცამდე ცხოვრობს. განსაკუთრებით შემცირდა მოსახლეობა საქართველოს ისტორიულ კუთხეებში: რაჭაში, ლეჩხუმში, სვანეთსა და თუშ-ფშავ-ხევსურეთში.

უახლოეს პერსპექტივაში მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის ცვლილებების შედეგად საქართველოს სოფლის მოსახლეობის დემოგრაფიული მაჩვენებლები საგრძნობლად გაუარესდება, ამჟამად სოფლად გაცილებით ნაკლები ბავშვი იბადება, ვიდრე ქალაქად, მაშინ, როდესაც ადრე პირუკუ მოვლენას ჰქონდა ადგილი.

შობადობის შემცირებისა და სიკვდილიანობის ზრდის შედეგად უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა მოსახლეობის ბუნებრივი მატება, მით უმეტეს – სოფლად. სოფლებში გაცილებით მეტია გარდაცვალების შემთხვევები, ვიდრე დაბადების. განსაკუთრებით ქართველებით დასახლებულ რეგიონებში. მხოლოდ აჭარაში გვაქვს მთლიანად და, მათ შორის, სოფლად მოსახლეობის მაღალი ბუნებრივი მატება. აღსანიშნავია, რომ თუ ასე გაგრძელდა, რაჭა-ლეჩხუმი ხალხისაგან სულ დაიცლება.

რაჭა-ლეჩხუმში აღნიშნულ მძიმე დემოგრაფიულ ვითარებას ძირითადად განაპირობებს სოფლის მოსახლეობაში მიმდინარე მეტად არახელსაყრელი დემოგრაფიული პროცესები.

ამჟამად ქვეყნის საბიუჯეტო სახსრების დიდი ნაწილი მიმართულია ტურიზმის განვითარებისათვის. მთავრობას მიაჩნია, რომ სვანეთი უახლოეს წლებში მიიღებს 500 ათას ტურისტს, აჭარა – 5 მილიონს და ა.შ. ასეთი სასურველობა მოკლებულია რეალურ საფუძველს. აჭარა მეტად უხვნალექიანი რეგიონია, განსაკუთრებით ზამთრის თვეებში, ხოლო სვანეთში მგზავრობა ამინდის ცვალებადობის გამო ხშირად შეუძლებელია. რაც არ უნდა მოვინდომოთ, წელიწადში 8 თვეზე მეტს ვერც აჭარა და ვერც სვანეთი ტურისტებს ვერ მიიღებს. თავი რომ დავანებოთ ამ რაოდენობით ტურისტების მისაღებად საჭირო სატრანსპორტო საშუალებების უქონლობას, სოფლის მეურნეობის დარგის მოშლის პირობებში მათი საკვები პროდუქტებით მომარაგებაში არსებული სიძნელეების გადასალახად არც ტურისტების მომსახურე პერსონალის რაოდენობა არის საკმარისი, რაც ტურიზმის განვითარების მთავარი პირობაა.

სვანეთში სოფლები მცირერიცხოვანია, სადაც მოსახლეობა დემოგრაფიულად დაბერებულია.

თუ მთელი ქვეყანა ტურიზმის რელსებზე გადავა, მძიმე დემოგრაფიული ვითარების პირობებში, ყველგან მეტად მწვავედ დადგება მომსახურე პერსონალის პრობლემა. ტურიზმის ასეთი მასშტაბით განვითარება უფრო ამოჩემებულ სურვილს ჰგავს შესაბამისი რესურსების გაუთვალისწინებლობის გარეშე, რასაც საბოლოოდ გაცილებით მეტი უარყოფითი შედეგი მოჰყვება ქვეყნისათვის, ვიდრე დადებითი. გადაჭარბებულად არ უნდა შევაფასოთ ჩვენი შესაძლებლობები და მსოფლიოს წინაშე მდგარი ეკონომიკური, ეკოლოგიური, ენერგეტიკული და დემოგრაფიული პრობლემებიც უნდა გავითვალისწინოთ.

ზემოთ აღნიშნული მოსაზრებები თანაბრად შეეხება აჭარასაც, კახეთსაც, იმერეთსაც, თუშ-ფშავ-ხევსურეთსაც და ჩვენი ქვეყნის სხვა კუთხეებსაც. რა თქმა უნდა, ჩვენ ამით იმის თქმას არ ვაპირებთ, რომ ტურიზმი ჩვენს ქვეყანაში არ უნდა განვითარდს, მაგრამ ყველაფერში უნდა დავიცვათ ზომა და წონა. როდესაც მოსახლეობის დიდი უმრავლესობა გაღატაკებულია, როდესაც თითქმის ერთ მილიონ პენსიონერს ერთი კვირის საარსებო პენსიასაც ვერ ვაძლევთ, როდესაც საშუალო ხელფასი გადასახადების გადახდასაც ვერ აუდის, როდესაც თბილისსა და სხვა ქალაქებში არ არსებობს არც ერთი სანაგვე კონტეინერი, რომ შიგ საჭმლის ნარჩენების საძებნელად ქართველი კაცი არ იქექებოდეს, როდესაც ათი ათასობით მოქალაქე ქუჩებსა და სახლებში მათხოვრობს, ამ დროს საგარეო ვალებით გზების მშენებლობა, ძველი სახლებისათვის პირვანდელი იერსახის აღდგენა, შენობების შეღებვა და ფაქტობრივად, პოტიომკინის სოფლების მშენებლობა უცხოელების დასანახად და თანამოქალაქეებისათვის თვალში ნაცრის შესაყრელად, გამუდმებით უაღრესად ძვირადღირებული კონცერტების გამართვა ბათუმიდან თბილისამდე და ამჟამად კახეთამდეც კი, მხოლოდდამხოლოდ ტურიზმის განვითარებისათვის, დიდი დანაშაულია. მთავარია ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეში არსებული ბუნებრივი რესურსების ათვისება, მისი მიწისა და ჰავის შესაფერისი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანა. სამარცხვინოა, რომ ჩვენი მოსახლეობა თითქმის მთლიანად მეზობელი ქვეყნებიდან შემოტანილი პროდუქტებით იკვებება. ჩვენ კი საექსპორტოდ თითქმის არაფერი გაგვაქვს.

ერის სულიერ ცხოვრებაში სოფლის როლი სულ უფრო ქვეითდება, ხოლო ეკონომიკურ ცხოვრებაში – მნიშვნელოვნად მცირდება. სოფელი ყოველთვის კვებავდა ქალაქს ინტელექტუალური ძალებით. მე-19 სუკუნეში და, შეიძლება ითქვას, მე-20 საუკუნეშიც თითქმის ყველა ჩვენი გამოჩენილი მეცნიერი, მწერალი, პოეტი, ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწე წარმოშობით სოფლიდან იყო.

ფერმერული მეურნეობისა და გლობალიზაციის პირობებში პერსპექტივაში სოფლის მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდება, მარამ ეს არც ისე ახლო მომავალში მოხდება. თუ მთავარ ფაქტორს გავითვალისწინებთ, მაშინ საჭიროა ითქვას, რომ მთელ მოსახლეობაში სოფელში მაცხოვრებლების წილი ჯერ კიდევ შესამჩნევად მაღალია, რადგან თბილისში მთელი მოსახლეობის 25 %-ია. საბოლოოდ, სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი განწირულია ემიგრაციისათვის. საარსებო გარემოს მოწყვეტილი ადამიანი საჭიროა დასაქმდეს ქალაქებში. ისიც ცხადია, რომ მცირემიწიანობის პირობებში, როდესაც გლეხს აქვს ერთი, ან თუნდაც ორო-სამი ჰექტარი მიწა, ის თავისი ოჯახის მოთხოვნების დაკმაყოფილებასაც ვერ ახერეხებს. სულ უფრო იზრდება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, ენერგორესურსების, სასუქის, შხამქიმიკატების ფასი. სოფლის მეურნეობის პროდუქტების რენტაბელური წარმოება შესაძლებელი ხდება მხოლოდ ფერმერული მეურნეობის პირობებში. ამასთან, უნდა შეისწავლონ სოფლის ეკონომიკური პოტენციალი, განსაკუთრებით საქართველოს მთიანეთში და უაღრესად მცირერიცხოვანი სოფლების ნაცვლად უნდა შეიქმნას შედარებით გამსხვილებული ახალი ტიპის დასახლებები თავისი ინფრასტრუქტურით, რომელთაც შეეძლებათ დიდი ფართობების მოვლა-პატრონობა. ამ შემთხვევაში მომავალში ოპტიმალური რაოდენობით შენარჩუნდება სოფლის მოსახლეობა, ასევე, ქართული სოფელი – ყველა იმ სიკეთით, რასაც იგი ასრულებს ქვეყნის ცხოვრებაში და რაც ასე იდეალიზებულია ქართველ ხალხში.

ანზორ თოთაძე

საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი
(სამეცნიერო-საზოგადოებრივი ჟურნალი – “სამი საუნჯე”, 2011 წლის დეკემბერი)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები