მთავარი » კულტურა

ქართული მუსიკის ისტორია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.05.2015 | 13,724 ნახვა

წყარო: www.culture.gov.ge

საქართველო უძველესი მუსიკალური კულტურის ქვეყანაა. ქართველმა ხალხმა თავისი მრავალსაუკუნოვანი განვითარების გზაზე შექმნა საერო და სასულიერო მუსიკის მაღალმხატვრული ნიმუშები. ქართული ხალხური მუსიკა აღიარებულია უნიკალურ მოვლენად. ნოტებიმასში გაცხადდა ქართველი ხალხის შემოქმედებითი ენერგია და გამომგონებლობა, მისი მუსიკალური გენია.

1977 წელს ამერიკული კოსმოსური ხომალდით “ვოიაჯერი” კოსმოსში გაიგზავნა ქართული ხალხური მრავალხმიანობის უბადლო ნიმუში – “ჩაკრულო”. კომპოზიტორ იგორ სტრავინსკის აზრით: “საქართველოში მიკვლეულ ცოცხალ საშემსრულებლო ტრადიციას უდიდესი წვლილი შეაქვს მუსიკალურ მეცნიერებაში. ეს წვლილი ახალი მუსიკის ყველა აღმოჩენაზე უფრო მნიშვნელოვანია. უბადლოა იოდლი, რომელსაც საქართველოში კრიმანჭულს ეძახიან. უკეთესი არაფერი მსმენია…”

2001 წელს იუნესკომ ქართული ხალხური მუსიკალური კულტურა აღიარა “მსოფლიოს არამატერიალური, სულიერი საგანძურის შედევრად”. ქართული ხალხური სასიმღერო შემოქმედება სათავეს იღებს უხსოვარი დროიდან. ძველი წელთაღრიცხვის VIII-IV საუკუნეების ისტორიული წყაროები გვაწვდის ცნობებს ქართველთა საფერხულო, შრომისა და სამგზავრო სიმღერების შესახებ. იმ შორეულ ეპოქაში იშვა სხვა ჟანრებიც, რაზეც მიგვანიშნებს ჩვენამდე მოღწეული მრავალი სიმღერის არქაული წყობა და წარმართული შინაარსი.

სიმღერა ქართველთა ყოფა-ცხოვრებისა და წეს-ჩვეულებების განუყოფელი ნაწილი იყო. მან იმთავითვე ჰპოვა მრავალფუნქციონალური დატვირთვა, რამაც განუზომლად გააფართოვა სასიმღერო ჟანრებისა და ფორმების წრე.

ქართული ხალხური სიმღერა სოფლად იშვა და განვითარდა. ამ უმდიდრესი კულტურის მატარებლები იყვნენ იმპროვიზაციის ნიჭით დაჯილდოებული მომღერალი გლეხები, რომლებიც გატაცებით ერთვებოდნენ კოლექტიური მუსიცირების პროცესში და ერთობლივი ძალებით ავითარებდნენ შემოქმედებითსა და საშემსრულებლო ტრადიციებს. ისინი ხალხური მუსიკის ნიმუშებს ზეპირი ტრადიციის სახით გადასცემდნენ თაობიდან თაობებს. სასიმღერო საგანძურმა ხალხური პროფესიონალიზმის საშუალებით მოაღწია ჩვენამდე.

ქართული ხალხური სასიმღერო შემოქმედება წარმოადგენს ეროვნული თვითმყოფადობით აღბეჭდილ მონოლითურ კულტურას. მასში გაერთიანებულია საქართველოს სხვადასხვა კუთხის (მთისა და ბარის) მუსიკალური დიალექტები, რომლებსაც, შინაგანი ნათესაობის მიუხედავად, აქვთ თავისი განუმეორებელი კოლორიტი და გამორჩეული ხასიათი.

ქართული ხალხური სასიმღერო შემოქმედების მთავარ ღირსებას წარმოადგენს მრავალხმიანობა, რომელიც აღმოცენდა ერთხმიანი სასიმღერო კულტურების გარემოცვაში. საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ვერ შეხვდებით მრავალხმიანობის ნიმუშებს.

საქართველოში ძირითადად სამხმიანობაა განვითარებული. მოგვეპოვება როგორც ცალფა, ისე ორხმიანი და ოთხხმიანი სიმღერების ნიმუშებიც. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ჩამოყალიბდა მრავალხმიანობის განსხვავებული ტიპები, რომლებშიც მაღალ დონეს მიაღწია ეროვნული მუსიკალური აზროვნების განვითარებამ. ქართული ხალხური სასიმღერო შემოქმედება გამოირჩევა კილოური, რიტმულ-ინტონაციური სტრუქტურების, პოლიფონიური ფორმების, გამომსახველობითი საშუალებებისა და საშემსრულებლო ტრადიციების სიმდიდრითა და მრავალფეროვნებით.

მრავალხმიანი მღერის ტრადიცია დღესაც ცოცხლობს, როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ისე თბილისში მოქმედი ფოლკლორული ანსამბლების შემოქმედებაში. ქართული ხალხური მრავალხმიანი მღერის ტრადიციას აქტიური მიმდევრები გამოუჩდნენ იაპონიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში.

ქართული ხალხური მუსიკის შემადგენელი ნაწილია ქალაქური ფოლკლორი, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება გლეხური სასიმღერო შემოქმედებისაგან. ეს უაღრესად ორიგინალური კულტურა სათავეს იღებს XII საუკუნეში. ქალაქური მუსიკის სამშობლოა საქართველოს უძველესი დედაქალაქი თბილისი, რომელიც დიდი სავაჭრო გზების ჯვარედინზე მდებარეობდა. ქალაქური მუსიკის ჩამოყალიბებაზე ზემოქმედებას ახდენდა თბილისის ყოფა-ცხოვრებაში მიმდინარე პროცესები, მისი ინტერნაციონალური სულისკვეთება და გეოპოლიტიკური ორიენტირები. თბილისში თავს იყრიდა როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ისე აზიიდან და ევროპიდან შემოჭრილი ინტონაციური ნაკადები, რომლებმაც ეროვნულ ნიადაგზე მნიშვნელოვანი მოდიფიცირება განიცადეს და წარმოშვეს ქართული ქალაქური მუსიკალური ფოლკლორის ორი შტო – აღმოსავლური და დასავლური.

ქალაქური მუსიკის აღმოსავლურმა შტომ, შეიწოვა რა მეზობელი ქვეყნების (ირანი, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი) მუსიკალურ კულტურათა თავისებურებები, სათავე დაუდო ისეთ კოლორიტულ პლასტს, როგორიცაა ძველი თბილისის სასიმღერო შემოქმედება, რომელიც წარმოადგენს ქართული ქალაქური სიმღერისა და აღმოსავლეთ-აშუღური ელემენტების ნაერთს. ძველი თბილისის სიმღერებისათვის დამახასიათებელია ორნამენტული წყობის ერთხმიანი მელოდიკა, ლირიკული გზნება და რომანტიკული ვნებათაღელვა. ეს სიმღერები აღმოსავლურ საკრავთა თანხლებით სრულდებოდა.

XIX საუკუნის დასაწყისიდან თბილისი კავკასიის ადმინისტრაციული და კულტურული ცენტრი ხდება. მკვეთრად იცვლება მისი ცხოვრების წესი. თანდათან იკიდებს ფეხს ევროპული კულტურა, იზრდება ინტერესი ევროპული მუსიკისადმი, რომლის ნიმუშები მკვიდრდება მუსიკალურ-ლიტერატურულ სალონებში, სადაც ჟღერს ევროპული ინსტრუმენტები: ფორტეპიანო, სიმებიანი საკრავები, გიტარა, მანდოლინა და სხვ. ამავდროულად ყალიბდება კერძო სამუსიკო კლასები, სპექტაკლებს დგამენ მოხეტიალე იტალიური საოპერო დასები, ვრცელდება ნეაპოლური სიმღერები და ბოშური რომანსები, ყოველივე ეს ზემოქმედებას ახდენს ქართულ ქალაქურ სასიმღერო შემოქმედებაზე, რომლის წიაღში იბადება ევროპული ყაიდის თბილისური და ქუთაისური სიმღერები, შესრულებული გიტარის თანხლებით ერთ, ორ და განსაკუთრებით, სამ ხმაში. ამ ტიპის ქალაქურ სიმღერებს ახასიათებს ფართოდ გაშლილი მელოდიურობა, მხურვალე ემოციურობა თუ ინტიმური გულითადობა, ეროვნული კოლორიტი და თემატური მრავალფეროვნება.

თბილისი დღესაც ფართოდ უღებს კარს გარედან შემოჭრილ რიტმულ- ინტონაციურ ნაკადებს, თანამედროვე პოპ-მუსიკის მრავალფეროვან მიმდინარეობებს, რომელთა თავისებურებები მეტნაკლები წარმატებით ეთვისება ქართული ქალაქური მუსიკის ტრადიციებს. საქართველოში ქრისტიანული რელიგიის გავრცელებისთანავე (IV საუკუნე) საფუძველი ჩაეყარა სასულიერო გალობას, რომელმაც სათავე დაუდო ქართული პროფესიული მუსიკის განვითარებას, საგანმანათლებლო კერებისა და მუსიკალური დამწერლობის ჩამოყალიბებას.

სასულიერო სემინარიებსა და აკადემიებში, რომლებიც მოღვაწეობდნენ როგორც საქართველოში (გელათი, იყალთო), ისე საზღვარგარეთის ქართულ ცენტრებში (იერუსალიმი, სინას მთა, ათონი, შავი მთა სირიაში, პეტრიწონის მონასტერი ბულგარეთში), იზრდებოდნენ მგალობლები, კომპოზიტორები, ჰიმნოგრაფები, ლოტბარები, თეორეტიკოსები, მოღვაწეობდნენ საგუნდო კოლექტივები, იქმნებოდა საგალობელთა კრებულები. განსაკუთრებით აღსანიშნავია, მიქაელ მოდრეკილის მიერ შედგენილი დიდტანიანი კრებული “იადგარი” (978-988), რომელშიც შესულია IX-X საუკუნეების ძველი ქართული ლიტურგიკული ლიტერატურისა და ქართული ჰიმნოგრაფიის უნიკალური ნიმუშები. ქართული სასულიერო მუსიკა უგულვებელყოფილი იყო კომუნისტურ- ათეისტური იდეილოგიის ბატონობის ჟამს. ამ უძვირფასესი საგანძურის აღორძინება დაიწყო ახალ, დამოუკიდებელ საქართველოში.

დღეს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში შექმნილი სამხმიანი გალობის უძველესი ნიმუშები ცხოვრებას განაგრძობენ ტაძრებსა და საკონცერტო ესტრადაზე. მსმენელზე დიდ ზემოქმედებას ახდენს საგალობელთა ამაღლებული ჰიმნური ხასიათი, დახვეწილი ქორალური წყობა, ღრმა და ნატიფი მუსიკალური აზროვნება.

ქართული პროფესიული მუსიკის ახალ აღმავლობას ბიძგი მისცა ევროპულ მუსიკალურ კულტურასთან ინტეგრაციის პროცესმა, რომელიც სათავეს იღებს XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან. ამ პროცესის ინტენსიურ განვითარებას ხელი შეუწყო თბილისში მუდმივმოქმედი საოპერო თეატრის დაარსებამ (1851). ამიერიდან ჩვენს დედაქალაქში სისტემატურად იდგმებოდა იტალიური, გერმანული, ფრანგული და რუსული ოპერები, ბალეტები და ოპერეტები, იმართებოდა სიმფონიური მუსიკის კონცერტებიც. თანდათან იკრეფდა ძალებს მუსიკალურ- საგანმანათლებლო მოძრაობა, რომელმაც განაპირობა ჯერ თბილისის მუსიკალური სასწავლებლისა (1886) და ქართული ფილარმონიული საზოგადოების (1905), შემდეგ კი თბილისის კონსერვატორიის (1917) დაარსება. შემოქმედებით ასპარეზზე გამოჩნდნენ ეროვნული პროფესიული ძალები – პირველი თაობის ქართველი კომპოზიტორები და შემსრულებლები, დაიბადა პროფესიული მუსიკის პირველი ნიმუშებიც – რომანსები, ოპერები და გუნდები. ამ ნაწარმოებთა ავტორები იყვნენ მ.ბალანჩივაძე, ზ.ფალიაშვილი, ნ.სულხანიშვილი, დ.არაყიშვილი, ვ.დოლიძე, რომლებიც ქართული მუსიკის ისტორიაში შევიდნენ კომპოზიტორ-კლასიკოსების სახელით. მათ შემოქმედებაში დასაბამი მიეცა ქართული ხალხური (გლეხური და ქალაქური) და ევროპული კლასიკური მუსიკის ტრადიციათა სინთეზს, რომელმაც მაღალმხატვრულ გამოხატულებას მიაღწია ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ზაქარია ფალიაშვილის (1872-1933) ოპერებში: “აბესალომ და ეთერი” (1919) და “დაისი” (1923).

ახალი ქართული პროფესიული მუსიკის ოფიციალური დაბადება აღინიშნა 1919 წელს, როცა თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე, ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით, ზედიზედ დაიდგა სხვადასხვა ჟანრის სამი ქართული ოპერა: დ.არაყიშვილის კამერულ-ლირიკული ოპერა “თქმულება შოთა რუსთაველზე”, ზ.ფალიაშვილის მონუმენტური ოპერა- ტრაგედია “აბესალომ და ეთერი” და ვ.დოლიძის კომიკური ოპერა “ქეთო და კოტე”. “საქართველოს ბულბულად” წოდებული დიდი მომღერლის, ვანო სარაჯიშვილის თაოსნობით თბილისის საოპერო სცენაზე გამოვიდა ქართველ მომღერალთა ბრწყინვალე პლეადა.

არსებითად, აქედან იწყება ეროვნული საკომპოზიტორო და საშემსრულებლო ხელოვნების აღმავლობა, მრავალი ღირსშესანიშნავი ფურცელი რომ ჩაწერა ქართული მუსიკალური კულტურის ისტორიაში. კლასიკოსების მიერ გაკვალული გზა გააგრძელეს მომდევნო თაობების გამოჩენილმა კომპოზიტოერებმა, რომლებმაც პირველი ქართული სიმფონიის, ბალეტისა და საფორტეპიანო კონცერტის ავტორი, ანდრია ბალანჩივაძის, თაოსნობით საგრძნობლად გააფართოვეს ქართული მუსიკის ჟანრებისა და ფორმების წრე, მისი თემატური საზღვრები. XX საუკუნის 30-50-იან წლებში დაწინაურებულმა კომპოზიტორებმა შექმნეს ქართული სიმფონიური, ინსტრუმენტული, კანტატა-ორატორიული, საოპერო და საბალეტო, კამერული, საგუნდო, საესტრადო, კინო და თეატრალური მუსიკის მნიშვნელოვანი ნიმუშები.

60-იანი წლებიდან საფუძვლიანი ძვრები მოხდა ქართველ კომპოზიტორთა შემოქმედებით აზროვნებაში. დღის წესრიგში დადგა თანამედროვე დასავლურ მუსიკალურ კულტურასთან ინტეგრირების ამოცანა, რომელმაც დაუდო რა სათავე ტექნიკურ-ტექნოლოგიური რესურსების განახლების პროცესს, სერიოზული კორექტივები შეიტანა ეროვნულ- ევროპული ტრადიციების ურთიერთმიმართების კონტექსტში, ძირფესვიანად გადაახალისა მხატვრული აზროვნების ფორმები და ესთეტიკური კატეგორიები. თვალსაჩინო ნოვაციებითაა აღბეჭდილი გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებითი ძიებები. 60-იანელთა ნოვატორულმა პარტიტურებმა განვითარების მაღალ ფაზაში გადაიყვანა ქართული მუსიკის წამყვანი ჟანრები და ჰპოვა საერთაშორისო რეზონანსიც.

საერთაშორისო აღიარებას მიაღწია ქართულმა საშემსრულებლო ხელოვნებამაც, რომელიც შეუნელებელი წარმატებით ვითარდება XIX საუკუნის მიწურულიდან დღევანდლამდე. ამ ვრცელსა და საინტერესო გზას, ღვაწლმოსილ პედაგოგებთან ერთად, ავითარებენ სხვადასხვა თაობის გამოჩენილი ქართველი დირიჟორები, მომღერლები, ინსტრუმენტალისტები. საშემსრულებლო ხელოვნებაში მთელი სისავსით გაცხადდა ქართველი მუსიკოსების შემოქმედებითი ენერგია და ოსტატობა, მასშტაბური ტალანტი.

გამოჩენილ ქართველ ვოკალისტებს, პიანისტებს, მევიოლინეებს ფართოდ უღებენ კარს მსოფლიოს მუსიკალურ ცენტრებში. ისინი ბრწყინავენ საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებზე, ამშვენებენ სახელგანთქმულ საოპერო სცენებსა და საკონცერტო ესტრადებს.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • მოგესალმებით!ძალიან კარგი ინფორმაციაა.საინტერესო და რაც მთავარია თემას ეხმიანება.დღეს ყველაზე მეტად ქართული სიმღერების შესახებ გვჭირდება ინფორმაციის მიღება.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი