21 ივლისი 2024, კვირა
მთავარიკულტურაქართული კულტურის ცენტრი სტამბულში

ქართული კულტურის ცენტრი სტამბულში

რამდენიმე საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მოსწყდა ოდითგანვე ქართველებით დასახლებული ძირძველი ქართული მიწა: ლაზეთ-ჭანეთი, კოლა-არტაანი, შავშეთი, ტაო-კლარჯეთი. ომის, მუჰაჯირობისა და ბედის უკუღმართობის გამო უამრავი ქართველი იძულებული იყო, სამშობლო სამუდამოდ დაეტოვებინა და თან წაეღო საქართველოს უსაზღვრო სიყვარული, სევდა და ტკივილი, რაც თაობიდან თაობას დღემდე გადაეცემა.

ისტორიული საქართველოს სამხრეთი ნაწილი დღეს თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაშია.

ქართული კულტურის ცენტრი სტამბულში რამდენიმე ასეულმა წელმა ჩაიარა, მაგრამ დედასამშობლოს მოწყვეტილმა ქართველებმა დღემდე არ დაივიწყეს წინაპართა ენა, უფრო მეტად შემოინახეს ნამდვილი ქართული სული, ქართული ზნე და ხასიათი, ვიდრე აქ დარჩენილებმა.

ოსმალთა იმპერიიდან მოყოლებული დღემდე თურქეთის რესპუბლიკაში ისტორიულ სამშობლოს იძულებით ჩამოშორებული ქართველები და მათი შთამომავლები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ამ ქვეყნის როგორც პოლიტიკურ, ასევე საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში. დღესაც თურქეთის რესპუბლიკის უმაღლეს სახელისუფლებო თანამდებობის პირებს ეთნიკური ქართველები შეადგენენ.

თურქეთში დაახლოებით 7 მილიონამდე ჩვენებური “გურჯი” ცხოვრობს. ბოლო წლების განმავლობაში თურქეთში გატარებული დემოკრატიული რეფორმების წყალობით დღეს ამ ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეში, სადაც კი ეთნიკური ქართველები ცხოვრობენ, ჩვენებურებმა დააარსეს ქართული ორგანიზაციები, სადაც ისწავლება ქართული ენა, წერა-კითხვა, ქართული ცეკვა და სიმღერა. ასეთი ორგანიზაციები განსაკუთრებით მომრავლდა სტამბულში, რადგან დღეს უკვე ბუნებრივი პროცესი გახდა ეთნიკური ქართველების ასიმილაცია თურქებთან და იქმნება საშიშროება ქართული ენისა და ეთნიკური იდენტობის დაკარგვის. ეს ორგანიზაციებიც სწორედ ამ მიზნით არსდება ჩვენებურების მიერ, რათა საუკუნეების განმავლობაში სათუთად შენახული ქართველობა შეინარჩუნონ.

“ამბიონი” სტამბულში არსებული “ქართული კულტურის ცენტრის” თავმჯდომარის მოადგილეს, ბ-ნ. გალიფ აიდინს (გიორგი ქარცივაძე) ესაუბრა:

“2009 წლის მაისში 24 ადამიანმა დააარსა “ქართული კულტურის ცენტრი”, ამ ორგანიზაციის მთავარი მიზანია, თურქეთში მცხოვრებმა ქართველებმა არ დაივიწყონ ქართული კულტურა და დედა ენა, მისთვინ ვცდილობთ. გავაკეთეთ უფასო დედა ენის კურსები. ერთ კლასში 15 მოსწავლეა, მეორეში -13. გალიფ-აიდინი-გიორგი-ქარცივაძე იმედია, რომ გამრავლდებიან ქართული ენის სწავლის მსურველები და გვსურს, რომ ასზე მეტი ადამიანი მოვამზადოთ ქართული კულტურის შენახულობისთვინ. ენის კურსების გარდა აქ ვაჩვენებთ ქართულ ფილმებს, ვასწავლით ქართული სუფრის ტრადიციებს, რომელიც უკვე დავიწყნულია ჩვენთან: თამადობა, სადღეგრძელოები. ეწყობა პოეზიის საღამოები. ყოველთვე ვამზადებთ ქართულ სუფრას და რომელიმე ჩვენებური პოეტის დღეს.

თურქეთში მცხოვრებ ყოველ ქართველს აქვს დიდი სურვილი და იმედი, რომ 130 წლის მანძილზე არ დაგვიკარგავს ჩვენი ენა და მომავალშიც შევინარჩუნებთ, მის გულიზე მრავლდება ასეთი ორგანიზაციები. საქართველოში ხალხს ჰგონია, რომ აქ ხელფასზე ვმუშაობთ, ჩვენ ამ საქმეში ფულს არ ვიღებთ, გულით და სულით ვაკეთებთ, ჩვენი ხარჯებით ვაფინანსებთ ამ ორგანიზაციას. “ქართული კულტურის ცენტრში” საღამოობით და შაბათ-კვირას ვმუშაობთ. ჩემი ძირითადი სამსახურია ელექტროტექნიკის ფაბრიკა, სადაც დაგეგმარებისა და ლოჯისტიკის მენეჯერი ვარ.

მე ვარ იმერხევის სოფელ ხევსრულში დაბადებული ქართველი, გვარად ქარცივაძე. ჩვენი წინაპრებიც, მაგალითად, სოფელ ხევსრულიდამ არიან, დედაჩემი ბალაძეა სოფელ ზიოსიდამ. მე დაბადებიდან ყოველთვე მესმოდა დედა ენა, სკოლაში წასვლამდე თურქული არ ვიცოდი. ახლა, როცა სტამბულიდან ჩავდივარ ჩემს მშობლიურ სოფელში, იქ უფროს ხალხთან ქართულად ვსაუბრობ.

ჩემს ოჯახშიც, რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ ქართულად, მეუღლეც ქართველი მყავს-კურდიკიძე. გვყავს ორი შვილი -12 წლის გოგო და 7 წლის ბიჭი. ორივეს ესმის დედა ენა, მაგრამ უწუხდებიან ცოტა ლაპარაკი. ორივე სწავლობს ქართულ ანბანს.

ძალიან მიყვარს საქართველო და მადლობა ღმერთს, რომ ქართველი ვარ. რა თქმა უნდა, ჩემი გულის ნახევარი დავტოვე საქართველოში. თუ საქართველოში კარგი ამბები ხდება, გვიხარია გულით და სულით. ყოველთვე მინდა, რომ ვიყო საქართველოში და საქართველოს გამრავლებაში მეც დავუდგე გვერდზე. მაგრამ ჩვენ სტამბულში ვატარებთ სიცოცხლეს და აქ ვმსახურობთ. იმედია, რომ ქართველობას არ დავკარგავთ და სტამბულის ყველა რაიონში გავხსნით ქართული კულტურის ცენტრებს.”

ნესტან ბლუაშვილი

მსგავსი სტატიები

6 COMMENTS

  1. ბატონო გიორგი!(გალიფ!) მე ქართველი ვარ, თბილისში ვცხოვრობ. სულ 2 თვეა, დავიწყე თურქული ენის შესწავლა. ძალიან მინდა, საფუძვლიანად ვისწავლო იგი. თუ არსებობს სტამბულში თქვენს მიერ შექმნილ კულტურის ცენტრში თურქული ენის შემსწავლელი უფასო კურსები? დამთავრებული მაქვს თბილისის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი და შემიძლია მანდ მოგეხმაროთ ქართული ენის შესწავლაში მსურველებს. და საერთოდ, ძალიან მაინტერესებს, თქვენი ცენტის პროგრამების ,სწავლების შესახებ. თუ გექნებათ სურვილი, შემეხმიანეთ. ენის სწავლა ყველგან შეიძლება, მაგრამ სულ სხვაა, როცა ტრიალებ იმ ენაზე მოლაპარაკე ხალხში.მე ვარ მარინე ჭინჭარაული.დავიბადე და გავიზარდე თბილისში.
    ძალიან კარგია, რომ ასეთი ცენტრები იხსნება, ადამიანმა თავისი ფესვები არ უნდა დაკარგოს,ეს ძალზე კარგი საქმეა და მივესალმები.

  2. ქარტულ კულტურის ცენტრში არა ტურკულ ენის კურსი,

  3. gamarjoba
    me var leila kochadze
    mainteresebs tu arsebobs stambulshi qartuli skola?
    dzalian gamixrdeba tu mipasuxebt…gmadlobt winaswar…
    ketili survilebit leila

  4. gamarjoba ıqneb gvıtxrat stambulshı tu arsebobs qartulı skola var stambulshı kerzod sarıelshı gvkavs eqvsı clıs gogon da zalıan gvında mogveces sashvaleba aq mııgos ganatleba tu shegızlıat dagvakvalıanot

  5. vcxovrob stambulshi ojaxtan ertad.dalian minda chemi shvili vataro skolashi.gtxovt mitxrat stambulshi nsad mdebareobs qatrtuli skolebi,madloba winaswar.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები