25 ივლისი 2024, ხუთშაბათი
მთავარიკულტურაქართული კინემატოგრაფია

ქართული კინემატოგრაფია

წყარო: www.culture.gov.ge

მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კინოხელოვნებებს შორის ქართული კინემატოგრაფია განსაკუთრებულია, როგორც ესთეტიკური ფენომენით, ისე ისტორიით. ფირი მსოფლიოს ბევრი მოწინავე ქვეყანა მსგავსს ისტორიულ წარსულს არ ფლობს. საქართველოში კინო დაბადებიდან სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, 1896 წელს, მკვიდრდება და საზოგადოების ინტერესის ცენტრში ექცევა.

1908 წელს პირველი კინოოპერატორები, ვასილ ამაშუკელი და ალექსანდრე დიღმელოვი აკეთებენ თავიანთ პირველ ფილმ–ჩანახატებს. ამას მოჰყვა 1912 წელს ვასილ ამაშუკელის დოკუმენტური ფილმი “აკაკის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში”, რომელიც მსოფლიოში პირველ სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმად ითვლება და რომელმაც გარდა იმისა, რომ შემოუნახა სამშობლოს უდიდესი მგოსნისა და მწერლის სახე, ასევე ასახა ხალხის განსაკუთრებული სადღესასწაულო განწყობა პოეტის მიმართ. ეს მეტად ძვირფასი დეტალი გახლავთ, რადგან ამ დროს მსოფლიო კინემატოგრაფში ოპერატორები აღბეჭდავდნენ ხელისუფალს ან ტახტის მემკვიდრეს ან წარჩინებულ სახელმწიფო მოღვაწეს და არსად – პოეტსა და ხელოვანს, საზოგადო მოღვაწეს. ამდენად, დემოკრატიული სულისკვეთება, როგორც ჩანს, ქართულ კინოს დაბადებისთანავე დაებედა. ე.წ. რევოლუციამდელ საქართველოში, 1916 წელს, შეიქმნა პირველი ქართული მხატვრული ფილმიც “ქრისტინე”, ეგნატე ნინოშვილის მოთხრობის მიხედვით.

XX საუკუნის 20–იანი წლების დასაწყისში საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა რადიკალურად იცვლება. ბოლშევიკური რუსეთის მიერ 1921 წელს ანექსირებული საქართველო “დიდი რუსეთის” კულტურული ცხოვრების ყველა დირექტივას იზიარებს, მათ შორის, კინოხელოვნების დარგში. ამ ნიშნის დასტურია ისიც, რომ კინოფაბრიკას 1923 წელს, “სახკინმრეწვი” ეწოდა, რაც სახელმწიფო კინომრეწველობას ნიშნავდა, ანუ სახელმწიფო კონტროლის მანქანის ამოქმედებას კინომრეწველობაზე. მიუხედავად კონტროლისა, თეატრისა და კინოს ცნობილი რეჟისორები, ალექსანდრე წუწუნავა და კოტე მარჯანიშვილი, ქართული კინოს ბრწყინვალე ნიმუშებს ქმნიან. 1928 წლიდან იწყება ქართული კინოს აღმავლობის ხანა. ოთხი წლის განმავლობაში იქმნება გახმაურებული ფილმები: ნიკოლოზ შენგელაიას “ელისო” (1928 წელი), კოტე მიქაბერიძის “ჩემი ბებია” (1929 წელი), მიხეილ კალატოზოვის “ჯიმ შვანთე!” (1930 წელი) და მიხეილ ჭიაურელის “ხაბარდა” (1931 წელი). სწორედ ამ რეჟისორებმა გამოკვეთეს და იმ დროისათვის ჩამოაყალიბეს ახლებური, თვითმყოფადი კინემატოგრაფიული ფორმა.

რეზო ჩხეიძისა და თენგიზ აბულაძის ფილმით “მაგდანას ლურჯა”, რომელიც 1956 წელს კანის კინოფესტივალის უმაღლესი პრემიით დაჯილდოვდა, იწყება ქართული კინოს ახალი, “გარდატეხის” ეტაპი. 1960-ანი წლების ახალი თაობა ქართულ კინოში სრულიად განსხვავებულ, ახლებურ კინოენას ამკვიდრებს. მისი წარმომადგენლები არც ერთმანეთს ჰგვანან და არც თავიანთ წინამორბედებს. ესენი არიან: ელდარ შენგელაია, გიორგი შენგელაია, ოთარ იოსელიანი, მერაბ კოკოჩაშვილი, სერგო ფარაჯანოვი. ამ რეჟისორებმა ქართულ კინოში ახალი ტიპის გმირი შემოიყვანეს, რომელიც გარემოში დამკვიდრებულ წესებს, კანონებს, სტერეოტიპებს ებრძვის. 1960-70-იანი წლების საბჭოთა საქართველოს პირობებში შექმნილი კინოხელოვნება დისიდენტურ კინოდ ცხადდება, რომელიც ხშირ შემთხვევაში იგავურ ჟანრში, მრავალრიცხოვანი მეტაფორებისა და სიმბოლოების მეშვეობით, არსებული სისტემის წინააღმდეგ იბრძვის. ოთარ იოსელიანის “გიორგობისთვე”, გიორგი შენგელაიას “ალავერდობა”, ელდარ შენგელაიას “არაჩვეულებრივი გამოფენა” და მერაბ კოკოჩაშვილის “დიდი მწვანე ველი” – დღევანდელი გამოკითხვების მიხედვით, ქართული კინოს საუკეთესო ათეულში ისევ წამყვან ადგილს იკავებენ. 1940-იანი წლების მცირეფილმიანობის პერიოდის შემდეგ, 1960-იანი წლები ქართული კინოს აღორძინების ეტაპად არის მიჩნეული.

ამ ფონზე სრულიად ორიგინალური მოვლენაა მიხეილ კობახიძე თავისი მოკლემეტრაჟიანი ფილმებით – “ქორწილი”, “ქოლგა” და “მუსიკოსები”. 1960-70-იანი წლების მიჯნაზე ჩნდება ახალი ტალღა, ახალდაარსებულ სატელევიზიო ფილმების სტუდიაში მოდიან ე.წ. “ვგიკელები” – სოსო ჩხაიძე, ირაკლი კვირიკაძე, ლერი სიხარულიძე, ლიანა ელიავა, გელა კანდელაკი… 1970-იანი წლების დასაწყისიდან სრულიად ორიგინალურ კინოს ქმნის ალექსანდრე რეხვიაშვილი. არაერთი მსოფლიო კინოფესტივალის ლაურეატი ხდება “ნუცა”, “XIX საუკუნის ქართული ქრონიკა”, “გზა შინისაკენ”. დიდ ქართულ კინოში კი აგრძელებენ მოღვაწეობას ნანა მჭედლიძე, რეზო ესაძე, ნოდარ მანაგაძე – ორიგინალური ხელოვნებისა და ეროვნული პათოსის მქონე ხელოვანები.

მომდევნო თაობა უკვე 1980-იან წლებში გამოდის კინოს ასპარეზზე – დიტო ცინცაძე, ტატო კოტეტიშვილი, ლევან ზაქარეიშვილი, გოგიტა ჭყონია და ა.შ. სამწუხაროდ, ეს თაობა, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში მხოლოდ რამდენიმე ფილმის შექმნას ახერხებს. 1980-იანი წლების ბოლოდან 2000 წლის პირველ წლებამდე, ქართულ კინოში სტაგნაციის ხანაა, როდესაც შექმნილი ფილმების რაოდენობა ძალიან მცირეა და ის, რაც იქმნება, ვერ აღწევს საქართველოს ფარგლებს გარეთ.

1973 წელი ქართული კინოსკოლის “არალეგალური” გახსნის წელია. სახკინოკომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი დვალიშვილისა და თეატრალური ინსტიტიტის რექტორის, ეთერ გუგუშვილის ინიციატივით, გაიხსნა კინომცოდნეთა პირველი ჯგუფი (ფაკულტეტის პირველი დეკანი კინომცოდნე ოლღა თაბუკაშვილი გახლდათ); შემდეგ კი თენგიზ აბულაძემ (ირაკლი კვირიკაძესთან ერთად) და ლანა ღოღობერიძემ (ომარ გვასალიასთან ერთად) აიყვანეს ორი სარეჟისორო ჯგუფი, რომლის კურსდამთავრებულები თემურ ბაბლუანი, ნანა ჯანელიძე, ნანა ჯორჯაძე, ზურაბ ინაშვილი დღეს ქართული კინოს აქტიურ შემოქმედებით ბირთვს წარმოადგენენ. მათ მოგვიანებით შეემატებიან ლევან თუთბერიძე, ალეკო ცაბაძე (სოსო ჩხაიძის და ბუბა ხოტივარის სახელოსნო) და სხვები.

უკანასკნელი წლების მანძილზე ქართული კინო თავიდან იწყებს დაბადებას და გაცოცხლებას. მოვიდა კიდევ ერთი თაობა და დაბრუნდნენ ის რეჟისორები, რომლებმაც 1990-იან წლებში შეწყვიტეს მუშაობა. საქართველოში დაიწყო კინოინდუსტრიის ფინანსური მხარდაჭერა, როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო კინოსტუდიების მხრიდან. ქართული კინო ისევ საერთაშორისო ასპარეზზე გავიდა და ისევ ინტერესით სარგებლობს საერთაშორისო კინობაზარზე. საბჭოთა საქართველოსგან განსხვავებით, დამოუკიდებელ საქართველოს გაცილებით დიდი შესაძლებლობები აქვს საკუთარი თავი საერთაშორისო კინოარენაზე წარადგინოს. ქართველმა კინორეჟისორებმა კი მოძებნეს ახალი კინოენა, კინოფორმა, რომელიც ინარჩუნებს თვითმყოფადობას, არ არის ლოკალური და ადექვატურია თანამედროვე სამყაროსთან მიმართებაში.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები