მთავარისაზოგადოება"ქართული ინოვაციები და გამოგონებები ბიზნესისთვის" - გამოფენა "ექსპო ჯორჯიაში“

“ქართული ინოვაციები და გამოგონებები ბიზნესისთვის” – გამოფენა “ექსპო ჯორჯიაში“

“ქართული ინოვაციები და გამოგონებები ბიზნესისთვის” ამ სახელწოდების გამოფენა გაიხსნა 10 ივლისს, საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიას” მე-6 პავილიონში.

გამოფენის ფარგლებში ქართველ მეცნიერებს, გამოგონებლებს და ინოვატორებს საშუალება აქვთ ბიზნესის წარმომადგენლებს გამოფენა გამოგონებები და ინოვაციები და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით დაინტერესებულ საზოგადოებას საკუთარი ინოვაცია თუ გამოგონების ეფექტური მოდელი გააცნონ.

გამოფენა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა. მისი თქმით, ჩვენ უდიდესი პოტენციალი გვაქვს, რომელსაც მხარდაჭერა და განვითარება სჭირდება.

„ჩვენ გადავხედეთ იმ მონაწილეთა სიას, რომელიც არის საკმაოდ დიდი და ის გამოგონენები და სიახლეები, რომელსაც ეს გამოფენა სთავაზობს ჩვენს მომხმარებელს მართლაც შთამბეჭდავია. … ეკონომიკის სამინისტროში ორიოდე თვის წინ შეიქმნა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო. მისი ამოცანაა, მოხდეს გამოგონებების კომერციალიზაცია და ის სიკეთე, რომელსაც ჩვენი მეცნიერები ქმნიან დაუკავშირდეს ბიზნესს”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

განათლების მინისტრის მოადგილემ, გიორგი შარვაშიძემ მადლობა გადაუხადა გამოფენის ორგანიზატორებს, ეკონომიკის სამინისტროს, ახალ ინოვაციების ცენტრს და დასძინა, რომ გამოფენა ძალიან საინტერესოა. თსუ-ს რექტორის ლადო პაპავას განცხადებით კი, დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ საქართველოში ჩამოყალიბდეს ინოვაციური ეკონომიკა. გამოფენა გამოგონებები და ინოვაციები საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელის ირაკლი ქაშიბაძის განმარტებით, ჩვენ რეალურად გაგვაჩნია იმის პოტენციალი, რომ არა მხოლოდ ქართულ ბაზარზე ვიყოთ წარმატებულები. „სააგენტო ხელს შეგიწყობთ, რომ იდეიდან პროდუქტამდე და შემდეგ ბაზარზე გასვლაში ხელი შეგიწყოთ მაქსიმალურად”, – აღნიშნა ირაკლი ქაშიბაძემ.

გამოფენაზე წარმოდგენილი გახლდათ 150-ზე მეტი ინოვაციური პროექტი და გამოგონება. „ამბიონი“ გამოფენის რამდენიმე მონაწილეს გაესაუბრა.

ხატია ბლუაშვილი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კომპოზიციური მასალებისა და ნაკეთობების ტექნოლოგიის მიმართულების დოქტორანტი): “ჩვენი ჯგუფი რომელიც შედგება კერამიკოსების, ფიზიკოსების, ონკოლოგებისა და იმუნოლოგებისაგან რამდენიმე წელია ვმუშაობთ ერთობლივად და პირველად საქართველოში შევისწავლით მართვად ლოკალურ ჰიპერთერმიას და მაგნეტიტის, ჰემატიტის და სხვა კერამიკული ნანო და მიკრონაწილაკებით გამოწვეული ჰიპერთერმიის სიმსივნის საწინაარმდეგო ეფექტს. მაგნიტური ჰიპერთერმია წარმოადგენს მეთოდს, რომელიც გულისხმობს სიმსივნურ უჯრედებზე ციტოსტატიკურ ზემოქმედებას უჯრედში ტემპერატურის გაზრდით – მაგნიტური ველით გამოწვეული მაგნიტური ნაწილაკების სითბური გაბნევით. პროექტის საბოლოო მიზანია ორი მეთოდის გამოყენება: 1. კერამიკული ნანო- და მიკრო ნაწილაკების გამოყენებით მართვადი ლოკალური მაგნიტური ჰიპერთერმიის მეთოდით და 2. სითბოს გამოყენებით მართვადი ლოკალური ჰიპერთერმიული მეთოდით. თეონა ნოზაძე,ხატია ბლუაშვილი ამისთვის შეიქმნა ნანონაწილაკების მისაღები ძეტა-პოტენციალის ხელსაწყო. ამ საკითხზე ”საქპატენტში” მიღებულია პატენტი P 5721 გამოგონება დასახელებით: ”ბიონანოკერამიკული სუპერპარამაგნეტიკების მიღების ხერხი”, პატენტმფლობელი: საქართველოს ტექნიკური უნივეერსიტეტი. ძალაში შესვლის თარიღი: 2010-03-15. გადაცემის თარიღი: 2013-01-28. ავტორი გახლავთ ზვიად კოვზირიძე. ცენტრში ასევე შექმნილია ხელსაწყო ”ლეზი” სითბოს გამოყენებით მართვადი ლოკალური ჰიპერთერმიისათვის. შედეგები დეპონირებულია ”საქპატენტში”, როგორც სამეცნიერო ნაშრომი ”მართვადი ლოკალური ჰიპერთერმია კიბოს დაავადებების სამკურნალოდ ”#5054, 2012 წელი. მნიშვნელოვანია, რომ ექსპერიმენტებმა ცხოველებზე წარმატებით ჩაიარა. ამჟამად პროქტოლოგიური კლინიკური ხელსაწყოს შექმნაზე მიმდინარეობს მუშაობა.“

ოთარ ლაბაძე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, პროფესორი): „გამოფენაზე წარმოდგენილი გვაქვს რამდენიმე გამოგონება. მათ შორისაა – ორპოზიციური დინამიური ობიექტის უკონტაქტო ადაპტური მართვის მიკროპროცესული სისტემა. ორპოზიციური ინდიკატორი გამოიყენება სარეკლამო ინდუსტრიაში და მართვადი საგზაო ნიშნების ასაგებად. ოთარ ლაბაძე ისინი უზრუნველყოფენ არა მარტო უსაფრთხო მოძრაობას საავტომობილო მაგისტრალებზე ბუნებრივი პირობების შეცვლის დროს სიჩქარეზე შეზღუდვების დაწესებით, არამედ პიკის საათებში, რიგების რაოდენობის პერიოდული ცვლილებებით. მოქნილი დინამიური სისტემის შექმნა იძლევა საშუალებას, მომავალში დამუშავდეს საგზაო ნაკადების მართვის დინამიური ალგორითმები, რაც საშუალებას მოგვცემს მაქსიმალურად გამოვიყენოთ ხელთარსებული ტექნიკური რესურსები, რაც თავიდან აგვაცილებს გარემოს დაბინძურებას გამონაბოლქვის სახით.“

გიორგი კაკაურიძე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ინსტიტუტი, ინფორმაციის ჰოლოგრაფიული ჩაწერისა და დამუშავების ლაბორატორია, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი): „ჩვენ მიერ გამოფენაზე წარმოდგენილ გამოგონებებს შორის გახლავთ – ავტომატური პორტატიული პოლარიზაციულ-ჰოლოგრაფიული შაქარმზომი. იგი შემუშავებულია შაქრიანობის კონცენტრაციის მყისიერი განსაზღვრისთვის ოპტიკურად აქტიურ სუბსტანციებში მაღალი სიზუსტით და რეალურ დროში. გამოიყენება მხოლოდ ერთი უმოძრაო ოპტიკური ელემენტი -პოლარიზაციულ-ჰოლოგრაფიული ელემენტი და ფოტოდეტეკტორი ელემენტზე დიფრაგირებული კონების ინტენსიობების გაზომვისთვის. გამოიყენება არაალკოჰოლური და ალკოჰოლური სასმელების, წვენების წარმოების პროცესში; სამედიცინო პროდუქტებისა და ვიტამინების წარმოებაში, სამეცნიერო კვლევებში ოპტიკის, ქიმიის, კრისტალოგრაფიის, მიკრობიოლოგიის დარგებში, ასევე ეკოლოგიაში.“

შეგახსენებთ, გამოფენა საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ “საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს” ორგანიზებით მოეწყო და 12 ივლისს დაიხურება.

მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები და სემინარები, სადაც განხილული იქნება ინოვაციების კომერციალიზაციის თანამედროვე ბიზნეს მოდელები, ტექნოლოგიების ტრანსფერის სტრატეგიული საკითხები, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და სხვა. ღონისძიებას დაესწრებიან უცხოელი ექსპერტები, რომლებიც ისაუბრებენ ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაციასა და მის გავლენაზე მეწარმეობასა და ინდუსტრიაზე.

გამოფენის შემდგომ, სააგენტო უზრუნველყოფს იდენტიფიცირებული ინოვაციების და გამოგონებების მხარდაჭერას.

თეონა ნოზაძე
ფოტო: ნესტან ბლუაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები