მთავარი » საზოგადოება

პოზიციები ლგბტ აქტივისტების აქციასთან დაკავშირებით

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.05.2013 | 3,365 ნახვა

საქართველოში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის პრობლემაზე ყურადღების გამახვილების მიზნით, ლგბტ (განსხვავებული, არამეინსტრიმული სექსუალური იდენტობის მქონე ადამიანების კრებითი სახელი) აქტივისტები, ადამიანების უფლებადამცველი ორგანიზაცია “იდენტობა” და ადამიანის უფლებადამცველი სხვა ორგანიზაციები 2013 წლის 17 მაისს, 13:00 საათზე გეგმავენ აქცია-ფლეშმობს საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობასთან. 13:30 წუთამდე ცისარტყელის ფერის მაისურებში ჩაცმული ლგბტ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები მდუმარედ გამოხატავენ მათ წინააღმდეგობას დისკრიმინაციისა და ლგბტ ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტების მიმართ. მდუმარე აქცია მხოლოდ 30 წუთი გაგრძელდება.

საზოგადოების ზოგიერთი წევრი რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას აპროტესტებს და ფიქრობს, რომ ლგბტ აქტივისტები გარყვნილებას პროპაგანდას უწევენ.

ორგანიზაცია ”იდენტობის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი შორენა გაბუნია რადიო “თავისუფლებასთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ძალიან ბევრ ადამიანს შარშან მათ მიერ მოწყობილი აქცია ერევა გეიაღლუმში და რომ საქართველოში ლგბტ ადამიანები ითხოვენ ელემენტარულ თანასწორუფლებიანობას, დისკრიმინაციის შეჩერებას, აღკვეთას.

„ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ორგანიზაცია „იდენტობისთვის“ არ არის საზეიმო, რადგან მსოფლიოში ასობით ადამიანი ეწირება იმ საშინელ სენს, რასაც ჰქვია ჰომოფობია და ტრანსფობია…

ადამიანს, რომელსაც არასდროს ჰქონია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნად დისკრიმინაციასთან საქმე, შეიძლება მოეჩვენოს, რომ არაფერია საგანგაშო და თუ იქნები სახლში შეკეტილი, არავინ შემოგივარდება, არავინ მოგკლავს და თუ გარეთ გამოხვალ და ვიღაცას გარყვნი, გააღიზიანებ, კეთილი ინებე და პასუხი აგე ამაზე.

ადამიანები არასდროს ფიქრობენ იმაზე, რომ ის პრივილეგიები, რაც ლგბტ ადამიანებისთვის სანატრელია, მათთვის არის, როგორც წესი… ლგბტ საზოგადოების წევრები ითხოვენ, საჯარო სივრცეში სამსახურიდან არ გამოაგდონ იმის გამო, რომ ისინი ლესბოსელები არიან… ადამიანი სახლში როგორ ჩაიკეტოს, როდესაც სოციუმის ნაწილია და უხდება გარეთ გამოსვლა,“- ამბობს შორენა გაბუნია და თხოვს საზოგადოებას, გაიაზრონ თავიანთი ბრალდებისა და მოთხოვნის სიმძიმე.

ფსიქოლოგ თინათინ აფხაიძის თქმით, ადამიანები, რომლებიც საკუთარ გადახრილ ორიენტაციას აფიშირებას უკეთებენ და საქვეყნოდ აღიარებენ, მოითხოვენ ურთიერთობების ლეგალიზაციას, რა თქმა უნდა, მიუღებელია და უგულისყუროდ არ უნდა იყოს დატოვებული.

თინათინ აფხაიძე (ფსიქოლოგი): „ამგვარი გადახრების მქონე ადამიანები ჯერ კიდევ ჩვ.წ/აღ-მდე არიან ნახსენები. ისინი ორგიებში მონაწილეობდნენ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იმ საზოგადოებაში, სადაც ეს ხდებოდა, ჯანსაღი ცხოვრების წესი იყო.

ლგბტ წევრი ადამიანები პიროვნულად შეიძლება ძალიან კარგ თვისებებს ფლობდნენ და დიდი ნიჭიც ჰქონდეთ რაიმე საქმიანობაში, მაგრამ სექსუალური ორიენტაციის დამახინჯებული ფორმის გამო ფსიქოლოგიურად ავადმყოფებად მიიჩნევიან.

ზოგადად ჰომოსექსუალიზმისა და ამგვარი გადახრების წარმოშობის მიზეზად ადრეულ ბავშვობაში ოჯახის არასასიკეთო გავლენა, ცოლ-ქმარს შორის ფსიქოლოგიური უთანასწორობა და უპირატესად, დედის უარყოფითი დამოკიდებულება სახელდება, რაც ხელს უწყობს შემდგომში საკუთარი სქესი შეიქმნან სიყვარულისა და ლტოლვის ობიექტად, ან თავს ფსიქოლოგიურად, შინაგანად თავისი ფიზიკური სქესის საპირისპირო წარმომადგენლად გრძნობდნენ. აქედან მოდის მათი, როგორც სხვის სხეულში ყოფნის შეგრძნება. მხოლოდ ძალიან იშვიათ შემთხვევაში ასეთებად იბადებიან.
მართალია, ყველას საკუთარი ცხოვრების წესი აქვს, მაგრამ სხვებისთვის უარყოფითი მაგალითის მიცემა საკუთარი თვითდამკვიდრებისა და თავის მართლების მიზნით არ უნდა მოხდეს.“

დავით პაიჭაძის გადაცემა “დიალოგში” (09.05.2013) საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ”იდენტობას” მიერ 17 მაისს დაგეგმილი აქციის შესახებ ისაუბრა.

თეა წულუკიანი: “არ შეიძლება ცივილიზებული ადამიანები ერთმანეთს უჭვრიტინებდნენ, ვის ვისთან სძინავს. ეს არის უპირველესი საფუძველი ცივილიზებული საზოგადოებისა.

ჩვენი თვალთახედვის არე უნდა მთავრდებოდეს გარკვეული ოთახის კარებთან. ამის იქით ჭვრიტინი არის უხამსობა და უმსგავსობა.

არ შეიძლება ვინმეს მოსწონდეს საქართველოში ის, რომ ხდება ასეთი რამ. ეს ვიღაცას გამოუცდია, როგორც ჩანს. ერთ მშვენიერ დღეს ახალგაზრდა ბიჭი იღვიძებს და ხვდება, რომ მას ქალი კი არა, კაცი მოსწონს. ასეთი რაღაცები არსებობს. ეს ამ ადამიანების გამოგონილი არ არის. როდესაც ადამიანი იღვიძებს ასეთი განცდით და იმის გათვითცნობიერებით, რომ მე ვარ უმცირესობა, არ შეიძლება ამის გამო მას ვინმე თავს დაესხას, გალახოს, რადგან ეს არის ბარბაროსობა. ეს არ არის ჩვენი ქართული საზოგადოების სახე, მე ამის მწამს.

პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოება დგას ორი რამის გაცნობიერების წინაშე, რასაც უმრავლესობა იზიარებს, რომ ძალადობა მეორე ადამიანზე არ არის მისაღები და ეს სირცხვილია.
შეკრების თავისუფლება აქვს ყველას, თუკი ისინი არ არღვევენ კანონს, არ მოუწოდებენ შუღლისა და ძალადობისკენ… მიუხედავად იმისა, თუ როგორი მრწამსისა და სექსუალური ორიენტაციის ადამიანები არიან, მათ აქვთ უფლება, შეიკრიბონ ქუჩაში და ამ შემთხვევაში არ მგონია, ისინი გამოხატავდნენ პროტესტს. მათ უნდათ თქვან: გამარჯობათ, ჩვენ ვარსებობთ. მშობლები ამ ადამიანებს-მოზარდებს სახლიდან აგდებენ, როდესაც ხვდებიან, რომ მათი შვილები „სექსუალურ უმცირესობას“ წარმოადგენენ და ისინი იძულებულნი არიან, პროსტიტუციით დაკავდნენ. მშობლების მხრიდან დღეს შეიმჩნევა ძალადობა და ეს პრობლემაა.

მე ადრე შევხვდი არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობის” წარმომადგენელს, ირაკლი ვაჭარაძეს და იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს დაძაბული კონტექსტი, ვფიქრობ, სახელმწიფომ, არასამთავრობო სექტორმა და საზოგადოების უფლებადამცველმა ნაწილმა დიდი კომუნიკაციური სამუშაო უნდა ჩაატაროს ორი მიმართულებით: ადამიანებმა საბოლოოდ უნდა გაითავისონ, რომ არსებობს აბსოლუტურად დაცული პირადი ცხოვრება და არსებობს უარი ძალადობაზე, თუ ჩვენ ვართ ცივილიზებული საზოგადოება და სახელმწიფო…

ვეთანხმები აზრს, რომ ამ დაძაბულ კონტექსტში ”სექსუალურმა უმცირესობებმა” მაქსიმალურად გონივრულად უნდა დაგეგმონ აქცია. თუ ჩვენ შევთანხმდებით იმ ორ ძირითად პრინციპზე: არა ძალადობას და პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება, მაშინ ყველამ უნდა იკისროს შესაბამისი ვალდებულებები. ამ დაძაბულ კონტექსტში, მიუხედავად იმისა, რომ მჯერა, პოლიცია შეასრულებს საკუთარ მოვალეობას, ეს არ შეიძლება იყოს გამომწვევი, რადგან საზოგადოების ნაწილი გაღიზიანებულია. მე მათ მოვუწოდებდი ზომიერებისკენ. შეკრების თავისუფლება არ უნდა დაირღვეს”, – დასძინა იუსტიციის მინისტრმა.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე სტუდენტებთან ერთ-ერთი შეხვედრისას აღნიშნავს, რომ არ შეიძლება უზნეობა, გარყვნილება, ცოლ-ქმრული ღალატი, ნარკომანია, ჰომოსექსუალიზმი, რადგან ეს ადამიანის სულისთვის დამღუპველია.

„ჰომოსექსუალიზმი ცოდვაა და ამას ბიბლია გვეუბნება. ქალისა და კაცის ანატომია ისეთია, რომ მათ კავშირი შეუძლიათ. ვერ ვხვდები, ქალებს შორის და კაცებს შორის რა კავშირი უნდა იყოს?! ანატომია არ იძლევა ამის საშუალებას. ნებისმიერი ცოდვა ავადმყოფობაა და ჰომოფობიაა ის, როდესაც ამ ავადმყოფობით დაავადებული ადამიანი დააფიქსირებს თავის მდგომარეობას და შეიძულებ, ხელს კრავ. ღმერთმა იცის ჩემი დამოკიდებულება მათ მიმართ და მიხარია, რომ მათ შორის ორი დაქორწინდა და შვილები ჰყავთ. დიდება უფალს ამისათვის…. საოცარია ის, რომ ბუნებრივად მიიჩნევენ იმას, რაც არაბუნებრივია,“ – აღნიშნავს ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე და დასძენს, რომ ღმერთი სიყვარულია. ადამიანის ცხოვრების მიზანი უნდა იყოს ღმერთი და ისუნთქოს ქრისტესთან ერთად.

ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაგეგმილი აქციის შესახებ „ამბიონი“ წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარს, დეკანოზ დავით დათუაშვილს ესაუბრა. როგორც მამა დავითმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, საზოგადოება დაგეგმილ აქციას მოთმინებით უნდა შეხვდეს, მაგრამ არა იმ კუთხით, რომ ეს დასაშვები და მოსაწონია, რომ მათ ტაში დავუკრათ და ჩვენც მივბაძოთ.

დეკანოზი დავით დათუაშვილი: „გვახსოვს, ამ საზოგადოების მიერ მოწყობილი აქციები სკოლების წინ ჩატარდა. მიზანმიმართულია, რომ მომავალ თაობაში იგი დაინერგოს, როგორც ჩვეულებრივი მოვლენა.

არატრადიციული სექსუალური ურთიერთობა ღმერთის შეურაცხყოფაა. ვისაც რწმენა აქვს და ვისთვისაც ღმერთი არის სიწმინდე, სარწმუნოება – სულის გადარჩენის მეცნიერება, მისთვის მიუღებელია ამგვარი საქციელი და როგორც სოდომ-გომორულ ცოდვას, ისე მიიჩნევს.

ამ საკითხს განვიხილავთ, როგორც ავადმყოფობას, ადამიანური ბუნებიდან გადახრას. ისინი გვეუბნებიან: მაშინ ღმერთმა რატომ დაუშვა ეს? უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ღმერთმა კი არა, მათმა მშობლებმა დაუშვეს სადღაც შეცდომა, ჩაიდინეს მძიმე ცოდვა და ამიტომ ეს იყო მათთვის სასჯელი. ამ გარემოებას ყურადღებას აღარ აქცევენ, რადგან ცოდვის განცდა არ გააჩნიათ. ამ ცოდვასთან შეგუება არ შეიძლება.

ლგბტ საზოგადოების წევრებმა თავიანთი საქმიანობა საზოგდოებას კი არ უნდა მოახვიონ, თავიანთი ფინანსები ამ ავადმყოფობის დასაძლევად უნდა მიმართონ. თუმცა მათ, ალბათ, შინაგანად არ უნდათ ამის გაკეთება და სურთ, მეტი წევრი შეიძინონ, პოპულარიზაცია მოახდინონ. ეკლესია ხმას ყოველთვის აღიმაღლებს. დაუშვებელია ამის ქმედება. მათ მივიღებთ ეკლესიაში, ვუმკურნალებთ, მაგრამ როდესაც დაიწყებენ რეკლამირებას, განსაკუთრებით სკოლებთან, ამას ვერ შევეგუებით…

უნდა მოიძებნოს გზა და საშუალება, რომ ეს ადამიანები განიკურნონ ეკლესიის, ფსიქოლოგთა დახმარების მეშვეობით… ეკლესიიდან ღვთის შვილს არავინ გარიყავს, მათ ვაძლევთ საშუალებას, მოინანიონ თავიანთი საქციელი და დაიწყონ ახალი ცხოვრება. როგორც უფალი გვასწავლის, ადამიანებს უნდა მივუტევებდეთ და სწორ გზას ვუჩვენებდეთ. საბოლოო ჯამში ასეთი ადამიანი გამოსწორდება. მრევლში მყავს ლგბტ-ი საზოგადოების წარმომადგენელი როგორც მამაკაცების, ასევე ქალების მხრიდან და დღესდღეობით სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობენ. დაოჯახდნენ, შვილები ჰყავთ და ბედნიერები არიან.“

დეკანოზი დავითის თქმით, ლგბტ-ი საზოგადოების წევრებმა აქციის ფორმა უნდა მოძებნონ და თუ ისინი თავიანთი პრობლემის შესახებ ისაუბრებენ, საზოგადოება მათ დასახმარებლად იზრუნებს.

საზოგადოების ნაწილი 17 მაისს დაგეგმილი აქციის პარალელურად საპროტესტო მსვლელობის მოწყობას გეგმავს.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • მარიამ–ხათუნა says:

    წულუკიანი თავიდან ამბობს ოთახებში “ჭვრიტინი” არ უნდა ხდებოდესო, მერე ამბობს “მიუხედავად იმისა, თუ როგორი მრწამსისა და სექსუალური ორიენტაციის ადამიანები არიან, მათ აქვთ უფლება, შეიკრიბონ ქუჩაში”
    ?????ეს როგორ ????? თან არ უნდა ვუჭვრიტინოთ და თან უნდა ვუყუროთ როგორ გამოდიან ქუჩაში და მათ სულში და ოთახებში რა ხდება ის დაგვანახონ??? ხომ არ “ვუჭვრიტინებთ” და თავს თუ არ შეგვახსენებენ აი ეს იქნება ცივილიზაცია!!! ვის რა დიპლომი აქვს არ ვიცი მაგრამ ეს რომ საქართველოა და ასეთი ლაპარაკი და ამათი დაცვა,რომ არავის გაუვა ეს ვიცი!!!

    • gio says:

      au, qalbatono xatuna, saqartvelo mxolod tqvenistana homofob fanatikosebs ar ekutvnit da nu saubrobt saqartvelos saxelit!!!
      vetanxmebi rom is xalxi janmrteli araa, mat tavianti tragediac yofnit da chvengan sizulvili da zizgi ar schirdebat.. es mati archevania, an bunebam gaachina asetebi.. xo da aravis aqvs ufleba vinme adamiani sheizulos imis gamo rom sxvanairia da uflebebi sheuzgudos amis gamo.

  • ზაზა 2 says:

    ჩემი აზრით სიტყვა “ფობია” საერთოდ არ ეკუთვნის იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, საკუთარი შვილები, ახლობლები და ელემენტარული ქრისტიანული ზნეობის მიმდევარი ადამიანები დაიცვან არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მიმდევრების ზეგავლენის და მათი ადვოკატებისაგან, რადგან ეს ტერმინი “ფობია” აღნიშნავს ადამიანს, რომელსაც გააჩნია რაღაცის მიმართ გაუმართლებელი პანიკური შიში. ამ ადამიანებს კი არანაირი პანიკური შიში არატრადიციონალისტების მიმართ არ გააჩნიათ.
    ბიბლიის თანახმად, ღმერთმა ადამიანები მამაკაცად და დედაკაცად შექმნა და შეცოდების შემდეგ მათ გააჩნდათ ჩვეულებრივი სექსუალური ლტოლვა ერთმანეთის მიმართ. ეს სრულიად ნორმალური სექსუალური ორიენტაცია იყო, რაც აუცილებელი იყო კაცობრიობის გასამრავლებლად. ელემენტარულია, რომ ამ ნორმიდან ნებისმიერი გადახრა თავისი არსით უკვე არის არანორმალური საქციელი. აქედან გამომდინარე, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მიმდევრები თავისთავად ნამდვილად არიან სექსუალურად არანორმალურები.
    მე არატრადიციონალისტების მიმართ ფიზიკურ ძალადობა არ მიმაჩნია პრობლემის მოგვარების საშუალებად, მაგრამ ვთვლი, რომ ნებისმიერი სექსუალურ–ფსიქოლოგიური გადახრა მიჩნეული უნდა იყოს ავადმყოფობად და შესაბამისად უნდა დაექვემდებაროს ნებით ან იძულებით მკურნალობას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – “გამოხატვის თავისუფლების” საშუალებით მის პროპაგანდას და ამით მასიურ გავრცელებას.
    არატრადიციონალისტების გამოხატვის თავისუფლება არ არის ისეთი უვნებო საქციელი, როგორადაც წარმოაჩენენ ამას მათი არამკითხე ადვოკატები, რადგან საჯაროდ, ქუჩაში გამოსული ნებისმიერი გამოხატვა თავის თავში ავტომატურად მოიცავს წახალისებას, ხოლო თუკი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონეები მსგავს აქციებს გამართავენ, ეს იქნება შეფარული მოწოდება საზოგადოებისადმი: „ნახე, მე ასეთი ვარ, მე ამას საჯაროდ ვაცხადებ და ამის გაკეთების მე საერთოდ არ მრცხვენია, ამიტომ ეს ცუდი კი არა, კარგია, თუ გინდა, მოდი შენც გამოსცადე და შენც გახდი ჩემისთანა“.
    მეცინება იმ ელემენტარულ უვიცობაზე (თუ მიზანდასახულ პროვოკაციაზე) როდესაც არატრადიციონალისტების დამცველები მიმართავენ ბიბლიას და ამტკიცებენ, რომ ღმერთი სიყვარულია და ამიტომ არატრადიციონალისტების მიმართ შემგუებლობა უნდა გამოვიჩინოთ –ო, ამაზე მინდა ვთქვა, რომ ღმერთი ნამდვილად არის სიყვარული, მაგრამ ღმერთი თავისი ბუნებით არის წ მ ი ნ დ ა, და მისი სიყვარულიც ასევე წმინდაა, ხოლო არატრადიციონალისტების სექსუალური ლტოლვა თავისი არსით არის უწმინდურება და მოდის არა ღმერთის, არამედ მისი სუპოსტასის – ეშმაკისაგან. მისი ადვოკატები კი უწმინდურების სიყვარულს ქადაგებენ და ამას თავიანთი ჭკუით ღმერთსა და წმიდა სახარებას მიაწერენ (ეს სექტანტების ხელწერაა) და სექტანტებივით არ სურთ იმის დანახვა, რომ ღმერთმა ცოდვებით დაცემული და გამოსწორების სურვილის არმქონე პირველი კაცობრიობა წარღვნით გაანადგურა, ნაყოფიერი ქალაქების სოდომის და გომორის თანამედროვე არატრადიციონალისტების სექსუალურ ლტოლვას აყოლილი და გამოსწორების სურვილის ასევე არმქონე მოსახლეობაკი მათ ქალაქებთან ერთად ფერფლად აქცია, ხოლო ახალ აღთქმაში გასაგებად წერია, რომ მეძავები და მამათმავლები ღვთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ, არამედ მათი ხვედრი მარადიული ჯოჯოხეთია, საიდანაც საერთოდ აღარ არსებობს გამოსავალი.
    აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კაცთმოყვარე ღმერთმა ადამიანს მისცა ყველაზე ძვირფასი საჩუქარი – თავისუფალი ნება და ხსნის გზა მისი მცნებების სახით. ასევე გონება. ღმერთს არ შეუქმნია ჯოჯოხეთი ადამიანების საწამებლად, არამედ ადამინი თავისი აღვირახსნილი საქციელით თავად განეშორება სიწმინდის, ნეტარების და სიყვარულის წყაროს – ღმერთს, ღვთისა და მისი მცნებების უარყოფით და ეშმაკის უკუმცნებების გულმოდგინე დაცვით (რაშიც არატრადიციონალისტების საქციელიც შედის), თავად ირჩევს ეშმაკისკენ და ჯოჯოხეთისკენ მიმავალ გზას.

  • ალექსანდრე ფარადაშვილი says:

    ჩემის აზრით,აქციებით ეს საკითხი ვერ მოგვარდება,არამედ კიდევ უფრო გამწვავდება და მუდმივი დაძაბულობა იქნება საზოგადოებაში.საჭიროა საკანონმდებლო დონეზე განიხილონ და გადაწყვიტონ.ამჟამად არსებული კანონები(ადამიანთა უფლებებზე)კი ძალზე ბუნდოვანია და მისი სხვადასხვანაირად გაგება შეიძლება.კარგი იქნება თუ აიკრძალება ნებისმიერი სახის სექსუალური მიდრეკილების ნიშნით აქციების ჩატარება,რადგან ეს ყველა მხარეს თანაბარ პირობებში ჩაყენებს,არ იქნება დისკრიმინაციული რომელიმეს მიმართ და დაძაბულობაც განიმუხტება.წინააღმდეგ შემთხვევაში,ალბათ შორს არაა ის დროც,როდესაც მსგავს აქციებს ვიხილავთ ოჯახის წევრების ან ახლო ნათესავების ორგანიზებით,შემდეგ პინგვინებთან ერთადაც გაივლიან ხელიხელჩაკიდებულები,ან სასაფლაოს მაგიერ შუა რუსთაველზე დაასვენებენ მიცვალებულებს და ა.შ.,ალბათ ამაზრზენია ამ სიის გაგრძელება..საკუთრი ლოგინი,დაე,ყველამ სახლში დატოვოს-ესაა ჩემი აზრი და ზემოაღნიშნული საკანონმდებლო შემოთავაზებაც ამან განაპირობა.

  • ჩვენი ყოველი ლოცვა მადლიერებით უნდა იყოს გამსჭვალული. თუ ჩვენი მცნება ახლობელთათვის ლოცვაა, არამარტო მართალთათვის, არამედ არამართალთათვისაც, მაშინ დაუფიქრდი, რა დიდი ბოროტებაა ძმათა წყევლა. რას ამბობ შენ? ის გიქადაგებს მტრებისთვის ილოცო და შენ ამ დროს ძმის წყევლას მოჰყვები? მას კი არ სწყევლი, არამედ საკუთარ თავს, რადგან შენ თავზე იტეხ ღვთის რისხვას ამ უჯერო სიტყვების წარმოთქმით: “მაშ უჩვენე მას, ასე მოექეცი, გაანადგურე ის, სამაგიერო მიუზღე”. ასეთებს უნდა ერიდონ ქრისტეს სათნო და მორჩილი მოწაფენი. მათი ბაგეებიდან, ვინც ასეთ საიდუმლოს მიეახლა, არ უნდა ამოვიდეს არაფერი მწარე, ენა, რომელიც ქრისტეს ეზიარა, არაფერ უსიამოვნოს არ წარმოთქვამს.. ის უნდა შევინახოთ სისპეტაკეში მისი მეშვეობით ნუ წარმოვთქვამთ წყევლას.

  • ადამიანთა საზოგადოება ქორწინების მნიშვნელობას ოქროპირის დროსაც და ახლაც არასწორად იგებს. IV საუკუნეში არსებობდა მარკიანესა და მანიქეის მწვალებლობები, რომლებიც გმობდნენ ქორწინებას, აცხადებდნენ მას არა ღვთისაგან დადგენილად, არამედ – ბოროტი ძალების მიერ დაწესებულ კანონად და ამის საფუძველზე ქადაგებდნენ ქალწულების დაცვის აუცილებლობას. ჩვენს დროში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცოლ-ქმრულ ურთიერთობას ცოდვად აცხადებენ და თავიანთ მიმდევრებს მოუწოდებენ ამ ურთიერთობისაგან თავის შეკავებისაკენ, რადგან, მათი თქმით, ქორწინებაში მყოფთათვის ცხონება შეუძლებელია. სწორედ ამგვარად მოაზროვნეთათვის დაწერა იოანე ოქროპირმა წიგნი ქორწინების შესახებ. იოანე ოქროპირი განმარტავს, რომ ქალწულება არ შეიძლება იყოს ღვთისაგან მოსაწონი, თუ ის ქორწინების გმობის საფუძველზე იქადაგება, რადგან ამ შემთხვევაში ქალწულებას იცავენ არა თავისუფალი ნებით, არამედ – იძულებით. ქორწინების გმობა არის არა ქრისტიანული, არამედ – ეშმაკის ჩაგონებით გამოწვეული, რომელიც იმავდროულად, სიწმინდის მტრადაც გვევლინება. “სად მიგიჩინოთ ადგილი? – ეკითხებოდა ოქროპირი ქალწულ ერეტიკოსებს, – იუდეველებთან? შეუძლებელია, რადგან ისინი პატივს სცემენ ქორწინებას. ჩვენთან? მაგრამ თქვენ ხომ არ გესმის ქრისტეს სიტყვები, რომელიც პავლე მოციქულის სიტყვებით გვამცნობებს: “პატიოსან არს ქორწილი ყოველითავე და საწოლი შეუგინებელ” (ებრ.13,4). “მათთვის, – განაგრძობს ოქროპირი, – განმზადებულია ცრემლი, მწუხარება, საუკუნო სატანჯველი, რადგანაც მათ ქალწულება ღვთის კანონის საწინააღმდეგოდ აირჩიეს. მწვალებლების უბიწოება შეურაცხყოფს ღვთის სიბრძნეს. აშკარაა მათ მოქმედებაში ეშმაკის ზეგავლენა. მათი ქადაგება, რომ ნამდვილად ბოროტი ძალებისადმი მორჩილებაა, ამას არა ჩემი, არამედ მოციქულის სიტყვები ადასტურებს: “ხოლო სული წმიდაი ცხადად იტყვის, რამეთუ უკანაისკნელთა ჟამთა გან-ვინმე-ჰსდგენ სარწმუნოებისაგან და ერჩდნენ იგინი სულთა მათ მაცთურთა და მოძღურებასა ეშმაკთასა… აყენებდნენ ქორწილსა და განაშორებდნენ საჭმელთა, რომელნი ღმერთმან დაჰბანა მისაღებელად მადლობით მორწმუნეთათვის და რომელთა იციან ჭეშმარიტებაი (I ტიმ. 4,1-3).

  • xatuna kvachantiradze says:

    ქრისტე აღსდგა!ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა!
    ზაზა 2 გაიხარე შენ და სრულიად საქართველომ!
    უფალი მეფობს!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი