ნიადაგის დამუშავება

ნიადაგის დამუშავება იწყება შემოდგომაზე ან ზამთრის პირას, ნაკვეთიდან წინამორბედი კულტურის აღებისა და ნარჩენების გაწმენდის შემდეგ ნაკვეთის აოშვით. აოშვა ტარდება 4-6 სმ სიღრმეზე, თუ ნაკვეთზე მრავალწლოვანი სარეველები იყო გავრცელებული, მაშინ – 10-12 სმ-ზე. მზრალად მოხვნა აღმოსავლეთ საქართველოში უნდა ჩატარდეს 25-30 სმ-ის სიღრმეზე, დასავლეთ საქართველოში – 20 სმ-ზე.
საადრეო ჩითილის გამოზრდა
პომიდვრის საადრეო მოსავლის მისაღებად, ჩითილი გამოჰყავთ კვალსათბურებში ან სათბურებში. დაბლობ ზონაში, კვალსათბურებში თესლი უნდა დაითესოს თებერვლის პირველ ნახევარში, საშუალო საგვიანოსათვის – მარტში, ხოლო საგვიანოსათვის – აპრილში; მებოსტნეობის სხვა ზონებში, ორ-ორი კვირით უფრო გვიან. უფრო ადრე დათესვა არ არის მიზანშეწონილი, რადგან გადაზრდილი ჩითილი ცუდად ხარობს და მცენარე მალე ამთავრებს მსხმოიარობას. მუდმივ ადგილზე დარგვის მომენტისათვის, ჩითილს უნდა ჰქონდეს განვითარებული 7-9 ფოთოლი და პირველი საყვავილე მტევანი.
ჩითილის სათბურში გამოზრდა ღია გრუნტისათვის
პომიდვრის ჩითილის გამოსაყვანად, სათბურის 1 მ2 ფართობზე ითესება 2-3 გრამი თესლი. მწკრივში თესლი უნდა ჩაითესოს ისეთ მანძილზე, რომ 1 მ2 ფართობმა უზრუნველყოს 250-დან 300 ცალი ჩითილის გამოზრდა. დარგვისას იყენებენ ყველა მიღებულ ხერხს: კვადრატულს, კვადრატულ-ბუდობრივს და ზოლებრივს. კვადრატულის დროს, ძლიერი ზრდის ჯიშები შეიძლება დაირგოს 70×70 სმ-ზე. ასეთივე კვების არით შეიძლება დაირგოს დეტერმინანტული ჯიშებიც; ზოლებრივად დარგვისას, დეტერმინანტული ჯიშები შეიძლება დაირგოს
(90+50)/2X30 სმ-ზე, შედარებით ძლიერი ზრდის ჯიშები (120+50)/2X35 სმ-ზე (ორმწკრივიანი ზოლები).
მოვლა
პომიდვრის მოვლის ძირითად სამუშაოებს შეადგენს: ნიადაგის გაფხვიერება, მიწის შემოყრა, სარეველა ბალახების მოსპობა, გამოკვება, მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა.
წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA
